Eugeorgia.info-ს ოფისში ქალ მეწარმეებსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა
ფინანსების მოძიება, ბიზნესის გაფართოება, პროდუქტის რეალიზაცია - ამ საკითხებთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ eugeorgia.info-ხ ხშირად უკავშირდებიან. სწორედ მეწარმეების ინტერესების გათვალისწინებით ჩვენმა ორგანიზაციამ მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ამჯერად საკუთარი პრობლემების ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის გაცნობის შესაძლებლობა ქალ მეწარმეებს ჰქონდათ. დუშეთში, ჩხოროწყუში, სამცხე-ჯავახეთსა და გორში სხვადასხვა ბიზნესით დაკავებულ ქალებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე და მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მეწარმეობის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ოთარ ანთია შეხვდნენ.
თეა დარსალიას ჩხოროწყუში ორგანიზაცია „კაქტუსი“ აქვს, სადაც 13 ქალია გაწევრიანებული. ქალები ადგილზე ლეღვის ჩირს, ჩურჩხელებსა და ხურმას აწარმოებენ, პროდუქტის ნაწილი ექსპორტზე სომხეთშიც გადის. ლეღვის ჩირი, ჩურჩხელები და ხურმა როგორც ადგილობრივ, ასევე სხვა ქვეყნების ბაზარზე ძალიან მოთხოვნადია, თუმცა თეა დარსალიას პრობლემები სხვა მიმართულებით აქვს. შენობა, სადაც პროდუქტს აწარმოებენ, მოუწესრიგებელია, ასევე არ აქვთ საჭირო დანადგარები. „შესაბამისი ინფრასტრუქტურა რომ მქონდეს, ჩხოროწყუში 50-მდე ადამიანს დავასაქმებდი“, - ამბობს თეა დარსალია.
შეხვედრაზე ოთარ ანთიამ და გიორგი მიშელაძემ თეა დარსალიას ის სახელმწიფო პროგრამები გააცნეს, რომლის ფარგლებშიც მას დანადგარებისთვის საჭირო თანხების მოძიება შეუძლია. ასევე, გიორგი მიშელაძემ ახალი ინიციატივის შესახებაც ილაპარაკა:
„მარტვილში ვგეგმავთ ხილის საშრობი ინფრასტრუქტურის მოწყობას, რომელსაც პირველი დონის მიერ შექმნილ მეორე დონის კოოპერატივებს გადავცემთ სარგებლობაში. თქვენ რომ ხურმას გააკეთებთ, იქ მიიტანთ, გააშრობთ თანამედროვე სტანდარტებით, შემდეგ თუ გინდათ, თქვენ გაყიდით, გნებავთ ისინი გაყიდიან. ჩვენ არ ვაკეთებთ სახელმწიფო საწარმოს, რომ თქვენგან შევიძინოთ ნედლეულის სახით და შემდეგ გავყიდოთ. ეს იქნება თქვენ მიერ შექმნილი - კოოპერატივის სარგებლობაში, იჯარის სახით გადმოგცემთ, შემდეგ უკვე გამოსყიდვის შესაძლებლობაც გექნებათ. ამის მაგალითი იყო უკვე დარჩელში. მეთხილეობის განვითარების პროგრამის ფარგლებში გავაკეთეთ საწარმო, სადაც ნაჭუჭიან თხილს აშრობენ, არის სასაწყობე მეურნეობა. იქ იყო პირობა, რომ კოოპერატივი, რომელიც ჩაერთვებოდა, უნდა ყოფილიყო მინიმუმ 500-კაციანი. იქვეა ლაბორატორია, ამოწმებენ თხილის ტენიანობას. ყველა ტომარა აღრიხულია, აწერია თქვენი სახელი და გვარი და დევს, თუ გნებავთ, კოოპერატივთან ერთად გაყიდით, თუ გინდათ, წამოიღებთ და გადაიხდით შესაბამის თანხას. ასევე შეგიძლიათ, ერთობლივად ნახოთ დიდი ექსპორტიორი და მას მიაწოდოთ თქვენი პროდუქტი“, -განაცხადა გიორგი მიშელაძემ.
შეხვედრაზე იმყოფებოდა ნანა დათაშვილი, რომელსაც ვაიოს ველებზე ყველის საწარმო აქვს. იმისთვის, რომ პარმაზანის ტიპის ყველი აწარმოოს, ნანა დათაშვილს დიდი ოდენობით რძე სჭირდება, უწევს ფერმერებისგან შესყიდვა, თუმცა მათთვის თანხის პირველივე ეტაპზე გადახდა არ შეუძლია. გიორგი მიშელაძემ ნანა დათაშვილს კოოპერატივის შექმნა შესთავაზა.
„ისინი გახდებიან თქვენი კოოპერატივის წევრები, გააფორმებენ ხელშეკრულებას, თავდაპირველად გადაუხდით გარკვეულ თანხას, დანარჩენი კი წავა მოგებაში, საბოლოო პროდუქტი რომ შეიქმნება და გაყიდით, მოგების სახით დივიდენდს მისცემთ მათ. თავდაპირველად არ გექნებათ სრული თანხა გადასახდელი, რადგან ის თქვენი კოოპერატივის წევრია. სხვა დეტალები კი უკვე თქვენი შესათანხმებელი იქნება“, - ამბობს გიორგი მიშელაძე.
ნანა დათაშვილის პრობლემის მოგვარების მეორე გზაც არსებობს, მას შეუძლია დამატებით ძროხები შეიძინოს და საჭირო რაოდენობის რძე თავად მოიყვანოს. ამ შემთხვევაში ოთარ ანთიამ მეწარმეს სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ან შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობა ურჩია.
შეხვედრაზე განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამამ, რომლის ფარგლებშიც განაცხადების მიღება 31 მარტს სრულდება. პროგრამის მეორე რაუნდი 15 თებერვალს დაიწყო და საქართველოს მასშტაბით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ, მოიპოვონ თანადაფინანსებაი დეის განსახორციელებლად (5,000 ლარამდე 1 მეწარმე, 10,000 ლარამდე 2 მეწარმე, 15,000 ლარამდე 3 მეწარმე). შეხვედრაზე იმყოფებოდა ნუნუ ხეთაგური დუშეთიდან, რომელსაც აღნიშნული პროგრამის პირველი რაუნდის ფარგლებში ღორების შესაძენად თანხის მიღება სურდა, თუმცა ბენეფიციარებს შორის ვერ მოხვდა.
„ღორები აღარ მყავს, ჭირმა გამიწყვიტა, ახლა ვითხოვ, 5000 ლარი მომცეთ, ხელახლა რომ შევიძინო, რატომ არის ეს ასეთი მიუღებელი?“ - ნუნუ ხეთაგურმა ოთარ ანთიასგან კონკრეტული რჩევები მიიღო.
„აქცენტი კეთდება ძირითად საშუალებებზე, საბრუნავი საშუალებების მონიტორინგი არის ძალიან რთული. ძროხა რომ იყიდოთ, დაკლათ და ხორცად გაყიდოთ, ამისთვის ფულს ვერ მოგცემთ. მაგრამ თქვენ თუ იტყვით, რომ 10 ძროხა გყავთ და მეთერთმეტე გჭირდებათ ფერმისთვის - კი, ბატონო.ოფიციალური წერილით მიმართეთ ადგილზე, უნდა მოგწერონ ის შენიშვნები, რაც ჰქონდათ თქვენს განაცხადთან მიმართებაში. 31 მარტამდე არის დრო და შეგიძლიათ, გაითვალისწინოთ ეს შენიშვნები ახალი განაცხადის შევსებისას“, - განაცხადა ოთარ ანთიამ.
ბიზნესის გაფართოება სურს ბელა წვერაძეს დუშეთიდან, რომელიც მეფუტკრეობას მისდევს. იმ შემთხვევაში, თუ 31 მარტამდე განაცხადს შეავსებს, ბელა წვერაძეს ექნება შესაძლებლობა, პროგრამის ფარგლებში თანხა მიიღოს და მომთაბარეობისთვის საჭირო მანქანა შეიძინოს.
„ბენეფიციარების შერჩევისას მოქმედებს გარკვეული პრიორიტეტები - პროექტი უნდა იყოს მოკლევადიან პერიოდში მოგებაზე ორიენტირებული, ეს არის დიდი უპირატესობა, პირველ 6 თვეში თუ მიიღებთ შემოსავალს, ეს ძალიან კარგია. მეორე - თუ სოფლად ხორციელდება, ესეც პრიორიტეტულია და სერვისზეა თუ არის ორიენტირებული, ამასაც ენიჭება უპირატესობა, ასევე, უნდა ითქვას, რომ ქალ მეწარმეებს აქვთ დიდი უპირატესობა“, - განაცხადა ოთარ ანთიამ შეხვედრაზე.
რუსუდან ბუჩუკურმა გორიდან, რომელსაც მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამაში მონაწილეობა სურდა, სწორედ შეხვედრაზე გაარკვია, რომ მისი ინიციატივა, შესაძლოა, ერთ-ერთი პრიორიტეტული პროექტების სიაში მოხვდეს, რადგან სერვისზეა ორიენტირებული. რუსუდანს გორში სალონი უკვე აქვს, თუმცა, ბიზნესის გაფართოება სურს, პროექტის ფარგლებში კი ინვენტარის შესაძენად საკმარისი თანხის მიღება შეეძლება.
Eugerogia. Info-ს მორიგი საინფორმაციო შეხვედრა მეწარმებიის ინტერესების გათვალისწინებით უახლოეს მომავალში გაიმართება.
ავტორი: ხატია შამანაური