“ლუგარის ცენტრი” საერთაშორისო რეფერალური სტატუსით ევროპაში პროდუქტების ექსპორტის დაჩქარებასაც შეძლებდა
ევროპაში სასურსათო პროდუქტების ექსპორტისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა სანიტარული და ფიტოსანიტარული ნორმების დაახლოებაა. დღეს ცხოველთა დაავადებების, მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკა და საკვები პროდუქტების ექსპერტიზა, ძირითადად, სოფლის მეურნეობის ბიოუსაფრთხოების მეორე დონის ცენტრალურ ლაბორატორიაში ტარდება, რომლის გადაიარაღებაშიც ბოლო წლებში რამდენიმე მილიონი ლარი დაიხარჯა, როგორც ევროკავშირისა და აშშ-ის გრანტებით, ასევე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ლაბორატორიამ 2014 წელს საერთაშორისო აკრედიტაცია მიიღო და ქიმიური მაჩვენებლებისა და მავნე ნივთიერებების (ანტიბიოტიკები, მძიმე მეტალები, პესტიციდების) კვლევის ახალი მეთოდებიც დანერგა, თუმცა ევროკავშირის უვნებლობის პარამეტრების გათვალისწინებით, ჯერ კიდევ ბევრი მეთოდია დასანერგი და სააკრედიტაციო სფეროში შესატანი, მათ შორისაა, თაფლსა და თევზთან დაკავშირებული უვნებლობის პარამეტრების კვლევა. რისკების გაანალიზების მიხედვით, თაფლი და თევზი არის ის 2 პროდუქტი, რომელიც ერთ-ერთი პირველი შეძლებს ევროკავშირის ბაზარზე მოხვედრას.
“წლის ბოლოს სრულად გვექნება იმ პარამეტრების კვლევა,რასაც ევროკავშირი ითხოვს და ლაბორატორია მომავალ წელს მზად იქნება თაფლი ევროკავშირის ბაზრისთვის შეამოწმოს. თაფლის მსგავსად, თევზშიც ანტიბიოტიკებია უფრო პრობლემატური. რაც შეეხება ცოცხალი თევზის დაავადებებს, თითქმის ყველაფრის დიაგნოსტიკა ხდება... სურსათის სააგენტო ყოველ წელს ატარებს ცხოველთა ჯანმრთელობის მონიტორინგს, რომლის ლაბორატორიულ მომსახურებასაც ასრულებს სოფლის მეურნეობის ლაბორატორია. აქტიურად ვთანამშრომლობთ ბიზნესოპერატორებთან: ცხვრის, ტყავის ექსპორტთან დაკავშირებული მომსახურება 100%-ით მოიცავს ამ სფეროებს, ვეტმიმართულებით ყველა დანერგილი დაავადების კვლევა საერთაშორისოდ აკრედიტირებულია”,-ამბობს ლაბორატორიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ანა გულბანი.
ცხოველთა დაავადებებთან დაკავშირებული ერთ-ერთი ბოლო კვლევა, რისი დანერგვაც მოუწია სოფლის მეურნეობის ლაბორატორიას, ცხვრის ჭირი იყო. ცხვრის ჭირი საქართველოში პირველად რამდენიმე თვის წინ დაფიქსირდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, პირველადი დიაგნოზით სპეციალისტებმა ეჭვი ცხვრის კატარალურ ცხელებაზე (ბლუთანგი) მიიტანეს. ზუსტი დიაგნოსტირების მიზნით, ნიმუშები დიდ ბრიტანეთში საერთაშორისო რეფერალურ ლაბორატორიაში გადაიგზავნა. გამოკვლევის შედეგებით გაირკვა, რომ ცხვარი არა კატარალური ცხელებით (ბლუტანგი), არამედ, ცხვრის ჭირით იყო დაავადებული. რაც შეეხება ბლუთანგს, ასოცირების შეთანხმების სამოქმედო გეგმის მიხედვით, საქართველომ 2018 წელს უნდა მიიღოს ნორმატიული აქტი, რომელიც ეხება “დამნერგავ ბლუტანგის ამთვისებელი ზოგიერთი სახეობის ცხოველის კონტროლს, მონიტორინგს, ზედამხედველობასა და გადაადგილების შეზღუდვას, ასევე, ადგენს ბლუტანგის კონტროლისა და აღმოფხვრის სპეციალურ წესებს”.
eugeorgia.info დაინტერესდა, მიმართავს თუ არა სოფლის მეურნეობის ლაბორატორია თანამედროვე ტექნოლოგიითა და გამოცდილი პერსონალით აღჭურვილ “ლუგარის ცენტრს” ისეთი კვლევებისთვის, რისთვისაც მას არ გააჩნია შესაბამისი ტექნიკური საშუალებები ან სჭირდება შედეგების ზუსტი დიაგნოსტირება. როგორც სოფლის მეურნეობის ლაბორატორიაში, ასევე, დაავადებათა კონტროლის ცენტრში (დღეს “ლუგარის ლაბორატორია” დაავადებათა კონტროლის ცენტრის ნაწილია) განგვიმარტეს, თანამშრომლობა, ძირითადად, ბიოუსაფრთხოების მესამე დონის კვლევების შემთხვევაში ხდება- როდესაც საქმე განსაკუთრებით საშიშ დაავადებებს ეხება.
“ამ კონკრეტულ შემთხვევაში (ცხვრის ჭირი) საქართველო იყენებს რეფერენს ლაბორატორიას, ლუგარი ამ ეტაპზე უფრო ადამიანის ჯანდაცვის მიმართულებით მუშაობს და ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკაში არ არის რეფერენტული, მხოლოდ სამეცნიერო დონეზე აკეთებს კვლევებს”,-ამბობს ანა გულბანი.
“არის დაავადებები, სადაც ლუგარს დიაგნოსტიკის გამოცდილება არა აქვს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენთვის არ მოუმართავს სოფლის მეურნეობის სამინისტროს. ერთობლივად თუ დადგება ეს საკითხი, შეგვიძლია გავაძლიეროთ ლაბორატორიული შესაძლებლობები, მაგრამ ხანდახან გადაჭარბებული მოლოდინია, რომ არის განსაკუთრებული ლაბორატორია, რომელსაც ყველაფერი შეუძლია...განსხვავება იმაშია, რომ სოფლის მეურნეობის ლაბორატორიას არამხოლოდ ბიოლოგიური, არამედ ქიმიური ანალიზის გაკეთების საშუალება აქვს, რომელიც აუცილებელია სურსათის უსაფრთხოებასთან მიმართებაში, ლუგარის ცენტრი კი აკეთებს ბიოლოგიურ კვლევებს. მისი შექმნის მიზანი იყო განსაკუთრებით საშიში ინფექციების დროული გამოვლენა ქვეყანაში, როგორც ადამიანების, ასევე, ცხოველების”,-ამბობს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე.
ლაბორატორიული ქსელი და ლუგარის ცენტრი
საბჭოთა კავშირის დაშლის დროს დღის წესრიგში დადგა არსებული ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვული იარაღის მარაგების განადგურების საკითხი, ისე, რომ შეენარჩუნებინათ სამეცნიერო პოტენციალი. ეს მისია საკუთარ თავზე აიღეს აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ. „ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ექნოლოგიების, პათოგენებისა და გამოცდილების გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ აშშ თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული შეთანხმების (2002 წ.) საფუძველზე დაიწყო ლუგარის ცენტრის მშენებლობა 2004 წელს. ფინანსური და ტექნიკური დახმარების პროგრამის საერთო მოცულობამ 350 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია შეადგინა. პროგრამის (Cooperative Biological Engagement Program-CBEP, რომელსაც ძირითადად ახორციელებს DTRA – Defense Threat Reduction Agency) ფარგლებში, ქვეყანაში მოეწყო თანამედროვე დონეზე აღჭურვილი ბიოუსაფრთხოების ლაბორატორიული ქსელი, რომელიც მოიცავს 22 ლაბორატორიას, აქედან, 11 ჯანდაცვის სამინისტროს, 11 კი- სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. ქსელი შედგება 3 დონის ლაბორატორებიისგან: პირველი დონის, მეორე დონის (ე.წ. ზონალური ლაბორატორიები, როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე ჯანდაცვის სისტემაში) და მე-3 დონის ლაბორატორია-ლუგარის ცენტრი, სახელი ეწოდა ამერიკელი სენატორის რიჩარდ ლუგარის პატივსაცემად, რომელიც ცივი ომის დასრულების შემდეგ მსოფლიო საფრთხეების შემცირების ინიციატივაში ერთ-ერთი ლიდერია. ცენტრის შექმნის მიზანი იყოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ან ახლად აღმოჩენილი ვირუსებისა და ბაქტერიების დროული დიაგნოსტიკითა და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის კვლევის შედეგების გაზიარებით.
ლუგარის ცენტრში განთავსდა ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებში არსებული ბაქტერიებისა და ვირუსების კოლექცია. ლაბორატორიის შექმნა და მისი განვითარება ეყრდნობოდა „ერთიანი ჯანმრთელობის” (one health) კონცეფციას, რაც გულისხმობდა ადამიანის, ცხოველისა თუ მცენარის დაავადებებთან ბრძოლაში ერთიან მიდგომას, ნებისმიერი ბიოლოგიური მასალის კვლევის შესაძლებლობას მისი წარმოშობის მიუხედავად - იქნებოდა ეს ადამიანის, ცხოველის, ფრინველის თუ მცენარის ნიმუში, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა (WHO) და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ შემუშავებული თანამედროვე მიდგომაა, ბევრი დაავადება ზოონოტიკურია - გადადის ადამიანზე ცხოველიდან ან ფრინველიდან ან მისი მატარებელი შეიძლება იყოს მწერი (ჯილეხი, ცოფი, ღორის გრიპი, ფრინველის გრიპი).
“ლუგარის ცენტრი უზრუნველყოფს, რომ რეგიონში დავაადებების გავრცელების შემთხვევაში, საქართველომ, რაც შეიძლება მოკლე დროში შეძლოს პასუხის გაცემა და თავიდან აიცილოს დაავადებების გავრცელება ადამიანსა და ცხოველებზე...სურსათის უვნებლობა ლუგარის ცენტრის ერთ-ერთი პრიორიტეტია. 2015 წელს ლუგარის ცენტრმა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას სოფლის მეურნეობის ლაბორატორიასთან, რაც საშუალებას აძლევს სოფლის მეურნეობის ლაბორატორიას ერთობლივად გამოიყენონ კვლევებისთვის სივრცე, საკუთარი შესაძლებლობების გასაზრდელად”,- აცხადებენ აშშ-ის საელჩოში.
ლაბორატორიის ყოფილი დირექტორის ანა ჟვანიას თქმით, ვინაიდან მისია იყო მთელი ქვეყნის რეფერალური მომსახურება და მისი ბიოლოგიური უსაფრთხოებისთვის ხელის შეწყობა, სამეურვეო საბჭოში შევიდა რამდენიმე სამინისტრო, წამყვანი იყო ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტორები.
“სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემისთვის ლაბორატორას უნდა გაეწია მომსახურეობა ვეტერინარიის, სურსათის უვნებლობისა და მცენარეების დაცვის მიმართულებით.ვინაიდან სურსათის უვნებლობის კვლევა მოიცავს რამდენიმე კომპონენტს (მათ შორის ქიმიურს), ლუგარის ცენტრი უნდა ჩართულიყო ბიოლოგიური შემადგენლობისა და პათოგენების კვლევის მიმართულებით. ლაბორატორიის შექმნისა და განვითარების ხედვა ითვალისწინებდა ძლიერი რეგიონალური რეფერარული ბიოლოგიური კვლევითი ცენტრის ჩამოყალიბებას, რომელიც მოემსახურებოდა არა მხოლოდ საქართველოს საჯარო და კერძო სექტორების საჭიროებებს, არამედ მთელი რეგიონის რესურსი იქნებოდა. ეს ცენტრი უნდა ყოფილიყო აკადემიური სისტემის ნაწილიც და მასში უნდა განხორციელებულიყო კვლევები ბიოლოგიის სფეროში სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუტების მონაწილეობით. ლაბორატორიის საერთაშორისო აკრედიტაცია და გამართული მუშაობა ხელს შეუწყობდა არა მხოლოდ ქვეყნის ბიოლოგიურ უსაფრთხოებას, არამედ ქართული ნაწარმის გატანას ევროპულ ბაზარზეც”,- ამბობს ჟვანია.
“მაშინ სურსათის ეროვნული სააგენტო ამას ვუყურებდით, როგორც რეფერალურ ლაბორატორიას, ანუ თუ ბაზრის მონიტორინგის ფარგლებში აღებულ სურსათზე დაიდებოდა ნეგატიური შედეგი კერძო აკრედიტირებულ ან სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებულ ლაბორატორიაში და თუ მოვინდომებით ამის გადამოწმებას, ჩვენ ან ბიზნესოპერატორი, ლუგარის პასუხი უნდა ყოფილიყო საბოლოო”,- აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი დავით კობერიძე.
ევროკავშირის წარმომადგენლობის სურსათის უვნებლობის საკითხებში პროექტის მენეჯერი ალვარო ორტეგა აპარასიო იხსენებს, რომ ევროკავშირის CIB-ის (ინსტიტუციური განვითარების პროგრამა) პროგრამის პირველი ფაზის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერის მიზნით, შსს-ის ბაზაზე შეიქმნა ლაბორატორიის საკოორდინაციო საბჭო, იმისთვის, რომ სურსათის უვნებლობის ანალიზი ჩაერთო DTRA-ს პროგრამასა და ლუგარის ცენტრის რეფერალურ აქტივობებში, თუმცა როგორც ორტეგა აღნიშავს, სურსათის უვნებლობა არასდროს გამხდარა, არც საკოორდინაციო საბჭოსა და არც ლუგარის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილი.
“სხვა მხრივ, არც CIB-ს და არც სურსათის ეროვნულ სააგენტოს არ ჰქონია ურთიერთობა ლუგარის ცენტრთან თუ არ ჩავთვლით თანამშრომლების გაგზავნას სურსათის ეროვნული სააგენტოდან და ლაბორატორიიდან DTRA-სტრენინგებზე. ამ ეტაპზე CIB გეგმავს ჩართოს სურსათის ეროვნული სააგენტო და სოფლის მეურნეობის ლაბორატორია ვეტერინარიისა და სურსათის უვნებლობის თანამშრომლების ტრენინგებში, რასაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საჭიროდ არ მიიჩნევს. CIB მესამე ფაზა იწყება 2017 წლიდან და მსგავსი ტრენინგებისთვის დარეზერვებულია ფინანსები”,-ამბობს ალვარო ორტეგა eugeorgia.info-თან საუბრისას.
საუბარი იყო სოფლის მეურნეობის ცენტრალური ლაბორატორიის გაერთიანებაზეც ლუგარის ცენტრთან, რომელსაც არასამეწარმეო პირის (აიპ) სტატუსი ჰქონდა და არცერთ უწყებას არ ექვემდებარებოდა. ლაბორატორიების გაერთიანების იდეა ვერ განხორციელდა, 2013 წლის მაისში მთავრობამ რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორიის ლიკვიდაციის ბრძანებულება გამოსცა, ლუგარის ცენტრს იურიდიული სტატუსი შეეცვალა, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ნაწილი გახდა და მთლიანად ჯანდაცვის სამინისტროს დაექვემდებარა. ლაბორატორია იურიდიული სტატუსის შეცვლის შემდეგაც მულტისექტორალური დარჩა, თუმცა, ძირითადად, ჯანდაცვის მიმართულება განვითარდა. დღეს ლუგარის ცენტრში ჯანმრთელობის მსოფლიოს ორგანიზაციის მიერ აკრედიტებული სამი ლაბორატორიაა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სრულად ცნობს შემდეგ ლაბორატორიებში ჩატარებული კვლევის შედეგებს: გრიპის ლაბორატორია, სადაც შესაძლებელია, როგორც ადამიანის, ასევე ფრინველის გრიპის დიაგნოზის სრულად დასმა; პოლიომიელიტის ლაბორატორია, ამ მიმართულებით ლუგარის ცენტრი სომხეთსაც ემსახურება და მესამე- წითელასა და წითურას ლაბორატორია.
“კიდევ 4 ლაბორატორიაა სხვადასხვა ევროპულ ქსელში ჩართული და აქვთ მათი აკრედიტაციები, მათ შორის ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპის ანტიმიკრობულ ქსელში ვართ. ლუგარის ცენტრს აქვს ძლიერი გენომის ცენტრი, სადაც ბაქტერიისა და ვირუსის გენომის დონეზე შეგვიძლია სეკვენირება- დადგენა რა სახეობისაა და საიდან მოდის ეს ვირუსი, ვაპირებთ ადამიანის გენომზე მუშაობის დაწყებასაც. ასევე, ვმუშაობთ, რომ მთლიანად ლუგარის აკრედიტაცია მოხდეს, რაც საკმაოდ რთულია..”,- აცხადებს ამირან გამყრელიძე.
რეფერალური მიმართულების განვითარებას გეგმავს სოფლის მეურნეობის ცენტრალური ლაბორატორიაც.
“თუ ლუგარი განვითარდება, როგორც რეფერალური ლაბორატორია მაგალითად, ჯილეხთან დაკავშირებით, კარგი იქნება. დღეს არცერთი ლაბორატორია არ არის რეფერალური. ჩვენც გვაქვს გეგმა რეფერალური მიმართულებით განვვითარდეთ. არის ლაბორატორიები, რომელსაც რეფერალური აქვს რამდენიმე დაავადება, მაგალითად, ცხვრის ჭირის შემთხვევაში ბრიტანეთს მივმართეთ. ლუგარი ვერ იქნება რეფერალური ყველა მიმართულებით, ეს ძვირი დაუჯდება ქვეყანას. რეფერალური არ ნიშნავს, რომ მხოლოდ საარბიტრაჟო როლი უნდა შეასრულოს, უნდა ჰქონდეს საბჭო, რომელიც ამა თუ იმ დაავადებაზე იმუშავებს, პროფესიული ტესტირებები დანერგოს, განსაკუთრებით, ცხოველთა დაავდებების კუთხით პროფესიული ტესტირებების დანერგვა რთულია”,- ამბობს ანა გულბანი.
რეფერალური ლაბორატორიის არსებობის აუცილებლობაზე საუბრობს სურსათის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელიც, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ევროკავშირთან გაფორმებული სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში ბევრი სავალდებულო კვლევაა დასანერგი და ჩასატარებელი. დათო კობერიძე მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ლუგარმა მიიღოს საერთაშორისო რეფერალის სტატუსი, რომ როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ასევე, კერძო ლაბორატორიებმა შეძლონ მისი გამოყენება.
“ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებიდან გამომდინარე ბევრი სიახლე იქნება, მათ შორის სავალდებულო კვლევების ნაწილში, მაგალითად, სალმონელასთან დაკავშირებით, პირდაპირაა გაწერილი, რომ ფერმამ უნდა უზრუნველყოს სალმონელას კონტროლი, როგორ? რამდენიმე ვარიანტია და მათ შორისაა მუდმივი კვლევები, ეს ნიშნავს, რომ რაღაც სეგმენტის კვლევა იქნება სავალდებულო, იგივე მოხდება თაფლზე, თევზზე და ა.შ. ამიტომაა მნიშვნელოვანი რეფერენსის სტატუსის მიღება ევროკავშირისგან, რომ აქ გაკეთებული კვლევები კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს, როცა პროდუქცია გავა ევროკავშირში- ერთი ფუნქცია ეს უნდა იყოს და მეორე-ისეთი კვლევები, რასაც სოფლის მეურნეობის ლაბორატორია ფიზიკურად ვერ აკეთებს- არა აქვს ტექნიკური და ფინანსური საშუალებები...სამინისტროს დონეზე უნდა გადაწყვიტონ რა იქნება კავშირი სოფლის მეურნეობის სამინისტროს სააგენტოებსა და ლუგარის ლაბორატორიას შორის. გრძელვადიანი ხედვა უნდა არსებობდეს, არ შეიძლება ფაქტი რომ დადგება, უცებ გააკეთონ ასეთი კვლევები, იმის მიუხედავად, რომ ლუგარს შეუძლია სწრაფი რეაგირება, ინფრასტრუქტურაც აქვთ და გამოცდილებაც, კარგად უნდა დაიგეგმოს ბიუჯეტი, შეიძლება ასეთი დონის ლაბორატორიას 2 ნიმუშის კვლევა არ აწყობდეს, აპარატის ჩართვა შეიძლება იმდენი დაუჯდეს, რომ იმ კონკრეტული სფეროს ბიუჯეტი არ ეყოს”,-ამბობს დათო კობერიძე.
როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა eugeorgia.info-სთან საუბრისას აღნიშნა, რეგიონში უმაღლესი დონის ბიოსამედიცინო ცენტრის ბიოუსაფრთხოების მესამე დონზე შენარჩუნება წელიწადში, დაახლოებით, 5-6 მილიონი ლარი ჯდება, საიდანაც თითქმის 90% მოდის ლუგარის ცენტრზე. ლაბორატორიის შენახვაში დღეს საქართველოს ხელისუფლებას ამერიკული მხარეც ეხმარება, თუმცა როგორც eugeorgia.info-ს აშშ-ის საელჩოში განუცხადეს, მომდევნო 2 წლის განამვლობაში (CBEP) ლაბორატორიის თვითუზრუნველყოფასა და ტექნიკურ მხარდაჭერაზე პასუხისმგებლობას მთლიანად გადასცემს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს და 2018 წლიდან დაავადებათა კონტროლის ცენტრი იქნება სრულად პასუხისმგებელი ლაბორატორიის დაფინანსებასა და ფუნქციონირებაზე, ამერიკული მხარე კი გააგრძელებს დახმარებას კვლევების მენტორობასა და ექსპერტიზაში.
SPS ნორმები
ასოცირების შეთანხმების 2016 წლის სამოქმედო გეგმის მიხედვით, საქართველომ სურსათის უვნებლობის სფეროში-ევროკავშირის 13, ვეტერინარიაში - 9, მცენარეთა დაცვის სფეროში კი- 3 სამართლებრივ აქტთან უნდა დაახლოვოს კანონმდებლობა და დაამტკიცოს შესაბამისი ნორმატიული აქტები. თუმცა ეკვივალენტობის შეფასება მარტო ნორმატიული დოკუმენტების შინაარსის შემოწმებით არ შემოიფარგლება. საქართველოს სჭირდება დაუმტკიცოს ევროკავშირს რომ აქვს შემოწმების, კონტროლისა და ინსპექტირების ეფექტური მექანიზმები, მათ შორის, კარგად აღჭურვილი ლაბორატორიული ქსელი, სადაც გაკეთებულ კვლევის შედეგებს ევროპა აღიარებს.
მაიკო გაბულდანი