პოლიტიკური სპექტრი საარჩევნო სისტემის შეცვლისთვის გერმანულ მოდელზე მსჯელობს

საარჩევნო სისტემის გაჯანსაღებაზე დიალოგი ხვალ დაიწყება
არასამთავრობო სექტორი და ოპოზიცია თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნის მიზნით, ხელისუფლებას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებას სთავაზობს. მთავრობა პრობლემებს აღიარებს, მაგრამ მათ მოგვარებას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის არ აპირებს.
საარჩევნო კოდექსში გარკვეული ცვლილებები უკვე შევიდა. ასე მაგალითად, თუ ადრე ყაზბეგსაც, სადაც 6000 ამომრჩეველია და ქუთაისსაც, სადაც 160 000-ზე მეტი ამომრჩეველი ცხოვრობს, საკანონმდებლო ორგანოში ერთი წარმომადგენელი ჰყავდათ, ახლა ქვეყანა ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით შედარებით თანაბარ 73 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქად დაიყო, მაჟორიტარის არჩევისთვის საჭირო 30%-იანი ბარიერი კი 50%-მდე გაიზარდა.
ამჟამად საქართველოში შერეული საარჩევნო სისტემა მოქმედებს: 150-წევრიან პარლამენტში 77 დეპუტატს პროპორციული წესით ირჩევენ, 73 მაჟორიტარს კი- მაჟორიტარული წესით ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში.
პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები ქვეყანაში კონკურენტუნარიანი და თანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნას და პარლამენტში პოლიტიკური ძალების სამართლიან წარმოდგენას ვერ უზრუნველყოფს.
"პროპორციულ არჩევნებში პარტიამ, შესაძლოა, მოსახლეობის 40%-იანი მხარდაჭერა მოიპოვოს. ასეთ შემთხვევაში მას 150-წევრიან პარლამენტში 60 დეპუტატი ეყოლება. მაგრამ მან შეიძლება მაჟორიტარული არჩევნები 30 ოლქში მოიგოს და პარლამენტში დამატებით კიდევ 30 დეპუტატი შეიყვანოს. ჯამში მას 90 მანდატი ექნება. გამოდის, რომ პარტია, რომელსაც მოსახლეობის 40% უჭერს მხარს, პარლამენტში ამ მხარდაჭერასთან შედარებით არაპროპორციულად მეტ ადგილს - პარლამენტის სადეპუტატო მანდატების 60%-ს მიიღებს და საკანონმდებლო პროცესზეც დიდ გავლენას მოახდენს," - ამბობს www.eugeorgia.info-სთან საუბარში სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ბენიძე, - "შერეული საარჩევნო სისტემა გვხვდება ძირითადად პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. ევროპულ ქვეყნებში მსგავსი ტიპის საარჩევნო სისტემას ვერ ნახავთ. იქ არჩევნები ძირითადად პროპორციული სისტემით ტარდება. რიგ შემთხვევაში არსებობს მაჟორიტარული არჩევნებიც, მაგრამ მხოლოდ იქ, სადაც ორპალატიანი საპარლამენტო სისტემაა. ასეთ დროს შესაძლებელია, რომ ერთი პალატა მხოლოდ მაჟორიტარებით კომპლექტდებოდეს. ერთპალატიან პარლამენტში შერეული მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემა, როგორც წესი, არ არსებობს. გამოცდილებამ აჩვენა, რომ მაჟორიტარული არჩევნები ხელს აძლევს მმართველ პოლიტიკურ ძალას. სახელისუფლებო რესურსის თუ სხვადასხვა ინტერესების გამოყენებით ის იგებს მაჟორიტარულ არჩევნებს და პარლამენტში არსებული პოლიტიკურ ძალთა უსამართლო გადანაწილებაც, როგორც წესი, მის სასარგებლოდ მუშაობს."
პოლიტიკურმა პარტიებმა და სამოქალაქო სექტორმა ხელისუფლებას პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისკენ მოუწოდეს. მმართველმა კოალიციამ მის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტით აღიარა, რომ საუკეთესო გამოსავალი მართლაც პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებაა და მხარს უჭერს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას, მაგრამ მხოლოდ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.
გამოსავალის ძიებაში
საარჩევნო სისტემის შეცვლას და მაჟორიტარული არჩევნების გაუქმებასსაკონსტიტუციო ცვლილება სჭირდება, ცვლილებას კი სულ მცირე 113დეპუტატის მხარდაჭერა, თანაცსამი მოსმენით, ორ თანმიმდევრულ სესიაზე. საკონსტიტუციო ცვლილების მიღება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა მხარდაჭერის გარეშე ამ ეტაპზეშეუძლებელია. თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ მმართველი კოალიციის დაშლის შემდეგ საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების შანსი გაჩნდა.
"მმართველი კოალიციის დაშლის შემდეგ საპარლამენტო პოლიტიკურ ძალებს შორის საარჩევნო რეფორმაზე დისკუსიის განახლების და გარკვეული პოზიტიური ცვლილებების მიღწევის ახალი შესაძლებლობა გაჩნდა. მიგვაჩნია, რომ კონსტიტუცური ცვლილების გარეშეც, ჩვეულებრივი საკანონმდებლო ცვლილებით ჯერ კიდევ შეიძლება არსებულზე უკეთესი საარჩევნო სისტემის მიღება და მისთვის საჭირო 76 ხმის მოგროვება. არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილმა მოვუწოდეთ პოლიტიკურ პარტიებს, რომ დაიწყონ ამ საკითხზე კონსულტაცია. მზად ვართ, ამ პროცესში აქტიური მონაწილეობა მივიღოთ და ხელი შევუწყოთ სხვადასხვა პარტიებს შორის პოზიციების დაახლოებას ხელი შევუწყოთ," - ამბობს ლევან ნატროშვილი, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროგრამის მენეჯერი.
არსებული საარჩევნო მოდელის გაჯანსაღების ერთ-ერთი ვარიანტი ე. წ. გერმანული მოდელია.
რას გულისხმობს გერმანული მოდელი
გერმანულ მოდელში შენარჩუნებულია მაჟორიტარული არჩევნები, თუმცა სადეპუტატო მანდატების საბოლოო განაწილება მიბმულია პროპორციულ არჩევნებზე. ასე მაგალითად, თუ პარტია პროპორციულ არჩევნებში აიღებს მოსახლეობის ხმების 50%-ს, რაც 150-წევრიან პარლამენტში 75 სადეპუტატო ადგილის მოპოვებას ნიშნავს და პარალელურად, მოიგებს მაჟორიტარულ არჩევნებს 60 ოლქში, მაშინ ის 60 ადგილს შეავსებს მაჟორიტარების ხარჯზე, საარჩევნო პროპორციული სიიდან კი მხოლოდ პირველ 15 ადამიანს გაიყვანს.
"ეს არ არის იდეალური მოდელი. დავუშვათ, პარტიამ აიღო ხმათა 40% პროპორციულ არჩევნებში და 70 მანდატი მაჟორიტარულ არჩევნებში. 40%-იანი მხარდაჭერისთვის მას დეპუტატის 60 მანდატი ეკუთვნის, მაგრამ ამ შემთხვევაში პარტიას გაცილებით მეტი - 70 მაჟორიტარი ჰყავს. ისინი თავიანთ ადგილებს ვერ დაკარგავენ. რეალურად გამოდის, რომ ეს 10 ადგილი სხვა პარტიებს დააკლდება. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ხარვეზი არსებობს, არსებულ ვითარებაში ეს მოდელი მაინც უზრუნველყოფს ხმათა შედარებით თანაბარ გადანაწილებას. მას არ სჭირდება მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილების მიღება და არც საარჩევნო ოლქების საზღვრების შეცვლა. ეს საარჩევნო სისტემის შეცვლის ერთ-ერთი ვარიანტია. მზად ვართ, შეხვედრის მონაწილე ყველა პარტიის წინადადება მოვისმინოთ და მათ კომპრომისული გადაწყვეტილების მიღებაში დავეხმაროთ," - აცხადებს მიხეილ ბენიძე.
საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლის თაობაზე შეხვედრა და კონსულტაცია პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო სექტორს შორის, 16 აპრილს გაიმართება. საპარლამენტო უმცირესობის წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ამ შეხვედრაზე "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" მიიწვია და ისინი აუცილებლად მიიღებენ მონაწილეობას: "ე. წ. გერმანული მოდელი კლასიკური ფორმით ვერ განხორციელდება. ამ მოდელით პარლამენტის დეპუტატთა რაოდენობა ფიქსირებული არ არის და შესაძლოა, პარლამენტში რამდენიმე დეპუტატის დამატება გახდეს საჭირო, რასაც კონსტიტუცია კრძალავს. თუ შესაძლებელია მისი მოდიფიცირება და მორგება ახლანდელ რეალობაზე, ჩვენ მზად ვართ, ის განვიხილოთ. დღეს ყველა თანხმდება, რომ არსებული საარჩევნო მოდელით, საარჩევნო ოლქების დიდ ნაწილში მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური გაიმართება. NDI-ის ბოლო კვლევაზე დაყრდნობით კი შეიძლება ითქვას, რომ მეორე ტურში ძირითადად "ქართული ოცნების" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები გაიმარჯვებენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მაჟორიტარულ არჩევნებს დაბალი რეიტინგის მქონე პარტიები გამოეთიშებიან. ჩვენ გვინდა ისეთი საარჩევნო მოდელის შეტანა, რომელიც შანსს პატარა პარტიებსაც მისცემს. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, არასაპარლამენტო პარტიებსაც აქვთ საკუთარი მოსაზრებები ამ თემაზე. ჩვენ მზად ვართ შეხვედრისა და კონსულტაციისთვის. როგორი იქნება შეჯერებული ვარიანტი, ეს მოლაპარაკებათა პროცესში გამოჩნდება."
პოლიტიკური პარტიებისთვის კომპრომისული ვარიანტის შეთავაზებას აპირებს "ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩიც": "ჩვენი წინადადებაა, რომ პარლამენტში გავიდეს არა მხოლოდ მაჟორიტარულ არჩევნებში პირველ ადგილზე გასული კანდიდატი, არამედ მეორე და ზოგიერთ შემთხვევაში მესამე ადგილზე გასული კანდიდატიც. ზოგჯერ მეორე ადგილზე გასული კანდიდატი გამარჯვებულს ხმების ძალიან მცირე რაოდენობით ჩამორჩება, მისთვის მიცემული ხმები კი იკარგება. ეს არ არის სამართლიანი და არც საზოგადოების განწყობას ასახავს," - ამბობს "ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის" წარმომადგენელი, იაგო ხვიჩია.
შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას საპარლამენტო უმრავლესობაც აპირებს. "ჩვენ მხარს ვუჭერთ იდეას, რომ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა 2020 წლისთვის გაუქმდეს. ამ არჩევნებზე კი გამოვიყენოთ ის მოდელი, რომელიც აქამდე არსებობდა: საზოგადოება შეჩვეულია ამ მაჟორიტარულ სისტემას. დღეს მისი შეცვლა ფორმალობა იქნება," - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი სესიაშვილი, - "ამავე დროს, ჩვენ ვხედავთ ოპოზიციის მიერ შემოთავაზებულ ვერსიებს, რომლებიც უფრო მეტად მორგებულია სწორედ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზე და თითოეული მათგანი ცდილობს იმ სისტემის ლობირებას, რომელიც მას აწყობს. ჩვენ შევიტანეთ ცვლილებები საარჩევნო სისტემაში: გავზარდეთ საარჩევნო ბარიერი და შევცვალეთ საარჩევნო ოლქების საზღვრები. ეს აქამდე ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ გაბედა. არსებული საარჩევნო სისტემა ხელისუფლებაზე მორგებული არ არის."