ჰოლანდია ლურჯი მოცვის, თხილისა და ციტრუსების ექსპორტის მხარდასაჭერ პროგრამებს შეიმუშავებს

მოცვი (ლურჯი მოცვი), თხილი და ციტრუსები (მანდარინი)-საქართველოში ყველაზე დიდი განვითარებისა და საექსპორტო პოტენციალის მქონე სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებად დასახელდა. კვლევა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროში არსებული ‘განვითარებადი ქვეყნებიდან ევროპაში იმპორტის ხელშეწყობის ცენტრის’-CBI-ის დაკვეთით ჩატარდა. კვლევის მიზანი ყველაზე დიდი საექსპორტო პოტენციალის მქონე სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ღირებულებათა ჯაჭვის გამოვლენა იყო, რომელსაც CBI სხვადასხვა პროგრამით დაეხმარება.
ლურჯი მოცვი
განვითარების დიდი პოტენციალის გამო შეირჩა მოცვის (ლურჯი მოცვის) ღირებულებათა ჯაჭვი. მოცვის წარმოების კომერციალიზაცია საქართველოში ახლახან დაიწყო, თუმცა ექსპორტის მაჩვენებელი მზარდია (2014-$150 ათასი 2015- $215 ათასი;). კვლევის მიხედვით, ამ ინდუსტრიას ზრდის დიდი პოტენციალი აქვს შემდეგი მიზეზების გამო: ჩაის წარმოების შემცირების შემდეგ, ჩაის პლანტაციისთვის განკუთვნილი ათასობით ჰექტარი მიწა გამოუყენებელია, რაც კარგია ლურჯი მოცვის წარმოებისთვის. ამასთან, ლურჯ მოცვზე საერთაშორისო მოთხოვნა სწრაფად იზრდება, 2010-2014 წლებში ევროკავშირში მოცვის (მათ შორის ლურჯი მოცვის) იმპორტი გაორმაგდა. საქართველოს ევროკავშირის ბაზარზე კონკურენტული უპირატესობაც აქვს -ქართული მოცვი მწიფდება რამდენიმე კვირით ადრე, ვიდრე ევროკავშირის 2 მთავარ მიმწოდებელ ქვეყანაში- პოლონეთსა და ესპანეთში.
ამ ღირებულებათა ჯაჭვში მიწოდების ხარისხი ერთ-ერთ მთავარ პრობლემადაა დასახელებული. იქიდან გამომდინარე, რომ სექტორი ახალგაზრდაა და ლურჯი მოცვის კომერციული კულტივაცია დაბალ დონეზეა, ნედლეულის ხარისხი კვლავ პრობლემატურ საკითხად რჩება. ნედლეულის მნიშვნელოვანი ნაწილი ტყეებში შეგროვებული მოცვია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემააა მეწარმეებში საერთაშორისო ბაზრების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა, რითაც სარგებლობენ საერთაშორისო შუამავალი კომპანიებიც, დაბალ ფასს სთავაზობენ ქართველ მეწარმეებს და შემდეგ ქართულ მოცვს ევროკავშირის ბაზრებზე ძვირად ყიდიან.
CBI-ის რეკომენდაციები: ლურჯი მოცვი მზარდი, დიდი პოტენციალის მქონე სექტორია და განსაკუთრებით საჭიროებს ევროკავშირისა და საერთაშორისო ბაზრებზე შესასვლელად მხარდაჭერას. ევროკავშირში საბოლოო მყიდველთან პირდაპირი კონტაქტების დამყარებით მნიშვნელოვან სარგებელს მიიღებენ ქართველი მეწარმეები. ასევე, მნიშვნელოვანიახარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატების ქონა.
თხილი
საქართველო მსოფლიოში თხილის მწარმოებელი და ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულშია. ქართული თხილის 75%-ზე მეტის ექსპორტი დასავლეთი ევროპის ქვეყნებში ხდება. ევროკავშირის ბაზრებზე ყველაზე ძლიერი კონკურენტი თურქეთია, თუმცა ქართული თხილის უპირატესობად შეიძლება ჩაითვალოს მისი მაღალი ცხიმიანობა, რაც 7-8%-ით მეტია თურქული თხილის სახეობებთან შედარებით. აღნიშნული უპირატესობის გამოყენება შესაძლებელია წარმატებული საერთაშორისო მარკეტინგული კამპანიისთვის.
ამ ღირებულებათა ჯაჭვშიც ერთ-ერთ მთავარ პრობლემად გამოიკვეთა პროდუქტის დაბალი ხარისხი, რაც უკავშირდება თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნის ნაკლებობასა და GAP/HACCP სტანდარტების არქონას. ამასთან, ბევრ ფერმერს არ აქვს თანამედროვე უნარ-ჩვევები, რისი შედეგიცაა დაბალი მწარმოებლურობა და დანაკარგი მოსავლის აღების დროს. მოცვის მსგავსად, თხილის სექტორშიც პრობლემას ქმნიან საერთაშორისო შუამავლები- თხილის გადამამუშავებელთა უმრავლესობა თხილს საერთაშორისო ბაზრებზე შუამავლების (ძირითადად თურქეთიდან) მეშვეობით ყიდის, რომლებიც ქართულ პროდუქტს გაცილებით მაღალ ფასს ადებენ ევროპის ბაზარზე შეტანისას.
CBI-ის რეკომენდაციები: ხარისხის საერთაშორისო სერტიფიკატები მნიშვნელოვნად გაზრდის ევროკავშირის ბაზრებზე ქართული თხილის მიმზიდველობასა და ფასს. ევროკავშირის ბაზრების შესახებ ცოდნა კი დაეხმარება მეწარმეებს წარმატებით გაწიოს კონკურენცია და დაიკავონ ახალი ნიშები.
ციტრუსები
მესამე ღირებულებათა ჯაჭვად, ციტრუსები, კერძოდ, მანდარინი შეირჩა. დღეს ქართული მანდარინი, ძირითადად, დსთ-ს ქვეყნებში გადის, ყველაზე დიდი ბაზარი რუსეთია. დაბალი ხარისხის გამო ევროკავშირში ექსპორტი მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში ხდება. მცირე მეწარმეებს არა აქვთ სათანადო აგროგანათლება და არ იყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს, რისი შედეგიცაა დაბალი მწარმოებლურობა და არასტაბილური ხარისხი (მოსავლის აღება, დახარისხება და შეფუთხვა ძირითადად ხელით ხდება).ხარისხის სერტიფიკატის არქონა ასევე მნიშვნელოვანი შეზღუდვაა, რომელიც ნეგატიურად მოქმედებს წარმოების ხარისხზე და ხელს უშლის ევროკავშირის ბაზრებზე ექსპორტის განვითარებას.იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ რუსეთი და დსთ-ის ქვეყნები ექსპორტის მთავარი დანიშნულების ქვეყნებია, მარკეტინგული ცოდნა სხვა საექსპორტო ბაზრებზე ძალიან მწირია, ამჟამად, ევროკავშირის ბაზართან კავშირებიც არ არსებობს.
CBI-ის რეკომენდაციები: ექსპორტის ხელშეწყობის პროგრამების შემუშავება, ხარისხის სერტიფიკატების აღება და ევროკავშირის ბაზარზე შესვლა-GLOBAL GAP-ის სერტიფიკატით ხილის ხარისხის გაუმჯობესებას დადებითი გავლენა ექნება, როგორც რუსეთში ექსპორტის ზრდაზე, ასევე, ევროკავშირის ბაზრების კარსაც გაუღებს.
ხარისხობრივ ანალიზზე დაყრდნობით ღვინის სექტორიც შეირჩა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ CBI-ის საქართველოში უკვე აქვს მიმდინარე პროგრამა ღვინის სექტორში, ამ მიმართულებით დამატებითი ანალიზი აღარ ჩატარებულა. CBI 2010 წლიდან თანამშრომლობს ასოციაციასთან “ქართული ღვინო” და ეხმარება ასოციაციის წევრ კომპანიებს ევროპის ბაზრის გაცნობასა და ქართული პროდუქტის პოპულარიზაციაში. პროგრამის მესამე ფაზა 2016 წლის ბოლოს მთავრდება.
“პირველი ფაზა საექსპორტო ბარზების კვლევას დაეთმო და 2011 წელს გამოიცა კვლევა უცხოურ ბაზრებზე ქართული ღვინის ექსპორტის შესაძლებლობებზე. მე-2 ფაზა იყო კონფერენციებისა და ვორქშოფების ორგანიზება, ახლა მე-3 ფაზაზე ვართ და ხდება ექსპორტის ხელშეწყობა, გამოფენებში მონაწილეობით, ქართული კომპანიები ყოველ წელს მიდიან გერმანიაში გამოფენაზე და CBI-ის ფინანსური მხარდაჭერით ეწყობა კომპანიებისთვის სტენდი. წელიწადში რამდენჯერმე ჩამოდის მათი ექსპერტი, რომელიც საქართველოზე მუშაობს, მიდის წევრ კომპანიებში, ნახულობს საწარმოებს და რჩევებს აძლევს ექსპორტის განვითარების მიმართულებით”,- ამბობს ასოციაციის “ქართული ღვინო” ბიზნეს-განვითარების მენეჯერიტატიანა ჯაიანი.
სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ღირებულებათა ჯაჭვის შერჩევისას მთავარი კრიტერიუმები იყო: ზრდის/განვითარების პოტენციალი, სოციალურ-ეკონომიკური გავლენა და ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ბაზრებზე მოთხოვნა. ამ მიზეზების გამო შერჩეულ სიაში ვერ მოხვდა: წყალი; ახალი ბოსტნეული; ჩაი; მარცვლეული, ფხვნილები, ექსტრაქტები, საწებლები, სუნელები. კვლევის შეფასებით, ქართული ახალი ბოსტნეულის სექტორი განვითარების დაბალ დონეზეა და დიდი ოდენობით ინვესტირებაა საჭირო. რაც შეეხება ქართულ ჩაის, საქართველოში ჩაის პლანტაციები, წარმოებასა და ექსპორტთან ერთად მცირდება. ჩაიზე საერთაშორისო მოთხოვნა უცვლელია და 2010-2014 წლებში ევროკავშირში განვითარებადი ქვეყნებიდან ჩაის ექსპორტი, თითქმის 33%-ით შემცირდა. წყალი, მარცვლეული, ფხვნილები, ექსტრაქტები, საწებლები და სუნელები- კვლევამ აჩვენა, რომამ ინდუსტრიებში მხოლოდ, რამდენიმე მსხვილი მოთამაშე დომინირებს, შესაბამისად, CBI-იმ ჩათვალა, რომ ამ ღირებულებათა ჯაჭვების განვითარებისკენ მიმართული ნებისმიერი აქტივობიდან სოციალური გავლენა იქნებოდა დაბალი და სწორედ ამიტომ არ შეიტანა ისინი პრიორიტეტთა ნუსხაში.
საქართველოსთან ერთად მსგავსი სახის კვლევა ჩატარდა სომხეთშიც. იქაც პროდუქტები განვითარების მაღალი პოტენციალის მიხედვით შეარჩიეს: ხილის ჩირი, გადამუშავებული ხილი, ახალი ხილი.
ხილის ჩირი (გარგარი, შავი ქლიავი): ბოლო 3 წელიწადში ევროკავშირში სომხური ჩირის ექსპორტი გაოთხმაგდა, ძირითადი ბაზარი საფრანგეთია, თუმცა ბოლო 3 წელია სომხური ხილის ჩირი ბელგიაში, ნიდერლანდებში, გერმანიასა და პოლონეთშიც იყიდება. საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით (USAID, CARD, UNDP) ბევრმა მეწარმემ მიიღო ტექნიკური დახმარება, რომ მოეწყო თანამედროვე საშრობები და შეესწავლა ხილის ჩირის წარმოების თანამედროვე უნარ-ჩვევები, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია სექტორის განვითარებაზე.
გადამუშავებული ხილი (ჯემები, მარმელადი, ხილფაფა): ევროკავშირში მთავარი ბაზრებია გერმანია, საფრანგეთი, ბელგია და ჩეხეთის რესპუბლიკა. გადამუშავებული ხილისა და ბოსტნეულის ინდუსტრია სომხეთის მეწარმეობის განვითარების სტრატეგიაში პრიორიტეტულ სექტორებს შორისაა.
ახალი ხილი (გარგარი, ატამი, ქლიავი): სომხეთიდან ახალი ხილის (ძირითადად, გარგარისა და ატმის) ექსპორტი სწრაფად იზრდება. მთავარი მიმართულებაა რუსეთი, სადაც სომხურ ხილს კარგად იცნობს მომხმარებელი და მოთხოვნაც დიდია. სომხეთს ახალი ხილი არ გააქვს ევროკავშირში, რაც უმთავრესად დიდ სატრანსპორტო ხარჯებსა (პროდუქტის მალფუჭადობის გამო ტრანსპორტირება მხოლოდ საჰაერო გზითაა შესაძლებელი) და ხარისხის სერტიფიკატის მოთხოვნებს უკავშირდება.
საქართველოსა და სომხეთში ჩატარებული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით,CBI შერჩეული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის 6 (3-საქართველო, 3-სომხეთი) ღირებულებათა ჯაჭვის განვითარებისა და ექსპორტის ხელშესაწყობად პროგრამებს შეიმუშავებს. CBI-ის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ევროპაში 48 განვითარებადი ქვეყნის (მათ შორის საქართველოდან) 27 სექტორიდან ექსპორტის განვითარებას.
მაიკო გაბულდანი