პროდუქტით ონლაინვაჭრობაში ფერმერებს ინტერნეტის არარსებობა უშლის ხელს
ახალციხის რაიონ სოფელ ხეოთში სპარტაკ გვრიტიშვილსა და მის თანასოფლელებს ასობით კგ მოცხარის გაყიდვა წლებია, ძალიან დაბალ ფასად უწევთ. ბიოლოგიურად სუფთა მოცხარს ფერმერებისგან გადამყიდველები იძენენ. წელს სპარტაკ გვრიტიშვილი კვლავ იმავე პრობლემის წინაშეა.
„გვაქვს 500 კგ-ზე მეტი ველური მოცხარი, დიდი ხნის განმავლობაში ველოდით შემსყიდველს, აღმოჩნდა, რომ 70% გადამწიფებულია. 2,30 ლარად უნდა გაგვეყიდა, ახლა კი პროდუქტის რეალიზაცია ერთ ლარად მოგვიწევს“, - ამბობს სპარტაკ გვრიტიშვილი.
დღეს ევროპაში სხვადასხვა პროდუქტის გაყიდვის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ გზად ონლაინპლატფორმები ითვლება. საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, ელექტრონული ვაჭრობა სულ უფრო პოპულარული ხდება, არა ერთი პროგნოზის თანახმად, ონლაინ გაყიდვები ყოველწლიურად 12%-ით გაიზრდება. 2018 წლისთვის ონლაინ ბაზრის ღირებულებამ კი მინიმუმ 234 მილიარდ ევროს უნდა მიაღწიოს. ელექტრონული ვაჭრობის მზარდ პოპულარობას თავისი მიზეზები აქვს - ადამიანებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, ნებისმიერ დროს ნებისმიერი სახისა და რაოდენობის პროდუქტი შეიძინონ, ამისთვის მხოლოდ ინტერნეტზე წვდომაა საჭირო.
ზურაბ ამონაშვილი თელავში ცაცხვის, აკაციისა და მინდვრის ყვავილების თაფლს ყიდის. ურჩიეს პროდუქტის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდზე - www.mosavali.ge გამოექვეყნებინა. მისი განცხადება 2015 წლის 27 ნოემბრით თარიღდება, თუმცა ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, რომ ამ დრომდე არავინ გამოხმაურებია.
„თელავში ძალიან პოპულარული ვებგვერდია. ბევრმა მოახერხა პროდუქტის გაყიდვა ამ გზით, მაგრამ სამწუხაროდ, მე ვერ შევძელი. ძირითადად პირადი კონტაქტების დახმარებით ვყიდი თაფლს, ვინც იცის, რომ მაქვს ეს პროდუქტი, ის მოდის შესაძენად“, - ამბობს ამონაშვილი.
ვებგვერდ mosavali.ge-ის მიზანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის რეალიზაციის ხელშეწყობაა. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, საკუთარი პროდუქტის შესახებ ინფორმაცია საიტზე განათავსოს, მიუთითოს საკონტაქტო ნომერი, დაინტერესებული პირები კი პირადად მათ შუამავლების გარეშე დაუკავშირდებიან. ამ გზით საკმაოდ დიდი რაოდენობით პროდუქტის გაყიდვა მოახერხა გივი ქიტოშვილმა გურჯაანიდან.
„ჩემმა შვილმა დადო განცხადება და ძალიან დამეხმარა ეს გვერდი, ბევრი ადამიანი გამომეხმაურა. 3 ტონა სათესლე ხორბალი გავყიდე“, - ამბობს გივი ქიტოშვილი.
კიდევ ერთი ვებპორტალი, რომელიც საქართველოში ონლაინ გაყიდვების მიმართულებით მუშაობს - soflidan.ge არის. შპს "სოფლიდან" 2015 წელს დაარსდა. კომპანია პროდუქტებს გლეხებისა და ფერმერებისგან იძენს, შემდეგ აფასოებს, ფუთავს და სახლში მიტანის სერვისით მომხმარებლებს აწვდის.
„მყიდველების რიცხვი მუდმივად იზრდება. ფერმერებს, რომლებსაც პროდუქტის გაყიდვა სურთ, უნდა დაგვიკავშირდნენ, შევხვდებით, შევამოწმებთ ხარისხს, მოგვიანებით დავდებთ ვებგვერდზე. მხოლოდ დაინტერესებული პირის გამოჩენის შემდეგ შევიძენთ პროდუქციას. ვცდილობთ, მარაგები არ ავიღოთ, მით უმეტეს ისეთი პროდუქტი, რომელიც მალფუჭებადია. გვირჩევნია, ყველაფერი ახალი იყოს,“ -ამბობს კომპანიის დირექტორი ნათია ნინიკელაშვილი.
ელექტრონული ვაჭრობის მიმართულებით არსებულ ონლაინპლატფორმებს სექტემბერში კიდევ ერთი შეემატება. სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელის ნინო ჩიქოვანის თქმით, საქართველო პირველი ქვეყანაა, სადაც მცირე და საშუალო საწარმოების მსოფლიო ფორუმი საპილოტე პროექტს განახორციელებს. პროგრამა სამ კომპონენტს აერთიანებს - ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, საერთაშორისო ბაზრებში ჩართულობა და ელექტრონული ვაჭრობის პლატფორმა.
„ახალი პლატფორმა საშუალებას მისცემს მცირე და საშუალო კომპანიებს, ჩაერთონ მსოფლიო და რეგიონულ ბაზრებში. ისინი შეძლებენ საკუთარი კომპანიის, საქმიანობისა და პროდუქტის შესახებ ინფორმაცია განათავსონ, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება საერთაშორისო-საფინანსო ინსტიტუტებისთვის, ასევე დიდი კოროპორაციებისთვის. ეს პლატფორმა იმით იქნება განსხვავებული, რომ მცირე და საშუალო საწარმოებზეა ორიენტირებული“, -ამბობს ნინო ჩიქოვანი.
უახლოეს მომავალში ახალი კატეგორია დაემატება სავაჭროპორტალს http://tradewithgeorgia.com/, სადაც უნდა განთავსდეს ინფორმაცია ქართული კომპანიებისა და მათი პროდუქტების, საქართველოს სავაჭრო პარტნიორების, საბაჟო გადასახადებისა და პროცედურების შესახებ. ამ ეტაპზე საიტზე 214 კომპანიაა რეგისტრირებული, სულ მალე კი ვებგვერდზე სხვადასხვა ბიზნესშეთავაზების გამოქვეყნებაც იქნება შესაძლებელი.
„ძალიან ხშირია, როდესაც ქართულ კომპანიას არა აქვს საკუთარი ვებგვერდი, სწორედ tradewithgeorgia-ს მეშვეობით იძებნება მის შესახებ ინფორმაცია. ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, ჩვენი ვებგვერდის დახმარებით თუ მოხდა დაკავშირება კონკრეტულ კომპანიებთან, ყოველ შემთხვევაში ჩვენამდე არ მოსულა ეს ინფორმაცია. დღეს ვებგვერდს არა აქვს კატეგორია, სადაც კომპანია საკუთარ ბიზნესშეთავაზებას დადებს გაყიდვის ან ყიდვის კუთხით, თუმცა იგეგმება და უახლოეს მომავალში დაემატება“, - ამბობს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ექსპორტის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი კოტე მდინარაძე.
ბაზრებზე ხელმიუწვდომლობა დღეს ფერმერების ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. ამის შესახებ სხვადასხვა რეგიონიდან „საქართველოს ფერმერთა II კონგრესზე“ შეკრებილმა მეწარმეებმა თავად განაცხადეს. ოქსფამის საქართველოს წარმომადგენლობისა და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ მიერ ორგანიზებულ კონგრესის ერთ-ერთი მთავარი საკითხიც სწორედ ეს იყო. ოქსფამის სასურსათო უსაფრთხოების პროგრამის ოფიცერ ნინო ედილაშვილის თქმით, სხვადასხვა ონლაინპლატფორმას დღეს ამ მიმართულებით არსებული პრობლემების გადაჭრა არ შეუძლია.
„ბაზრებზე ხელმიუწვდომლობის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა გადამყიდველებს უკავშირდება, ფერმერების უმრავლესობას სწორედ მათთან აქვს კომუნიკაცია, გასაღების დამოუკიდებელი არხები არ არის. რაც შეეხება ონლაინპლატფორმებს, სადაც ფერმერებს შეუძლიათ, საკუთარი პროდუქტი განათავსონ, საშუალო სტატისტიკური გლეხისთვის ეს დიდად გამოსადეგი არ არის, ყველას არა აქვს ინტერნეტზე წვდომა, ასე ტექნოლოგიებზე გავდივართ უკვე, მსგავსი ონლაინპლატფორმები შესაძლოა, 10 წელიწადში კარგი იყოს, მაგრამ დღეს ფერმერს ეს არ ადგება“, - ამბობს ნინო ედილაშვილი.
ინტერნეტით საქართველოში მხოლოდ მოსახლეობის ნახევარი აუზრუნველყოფილი. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მონაცემებით, ინტერნეტაბონენტების სიმკვრივე საქართველოში (გამოითვლება აბონენტების შეფარდებით ოჯახების საერთო რაოდენობასთან) 48.4%-ს შეადგენს. ხელისუფლებამ საქართველოს საყოველთაო ინტერნეტიზაცია თავის პრიორიტეტად დაასახელა, მთავრობამ „საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამა” უკვე დაამტკიცა. პროექტს სახელმწიფოს მიერ დაარსებული Open Net-ი განახორციელებს, შეიქმნება ინფრასტრუქტურა, რომელიც მთელ საქართველოს, ყველა დასახლებულ პუნქტს, სადაც 200 მოქალაქეზე მეტი ცხოვრობს, დაფარავს. პროგრამის დამფინანსებლად ფონდი „ქართუ“ დასახელდა.
„საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანია, რომ 2025 წლისთვის, როდესაც მოთხოვნები გაიზრდება, რეგიონებში 30 მეგაბიტი/წამის მიწოდების შესაძლებლობა გვქონდეს“,-განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ავტორი: ხატია შამანაური