5 მაღალტექნოლოგიური ბიზნესიდეა, რომლის სამიზნეც საერთაშორისო ბაზრებია
“სტარტაპ საქართველოს” გამარჯვებულები საკუთარ ბიზნესპროდუქტსა და მომსახურებას საერთაშორისო ბაზრებზე გაყიდიან. “სილიკონის ველის” ექსპერტებმა მაღალტექნოლოგიურ კომპონენტში 20 გამარჯვებული დაასახელეს. პირველ 5 ადგილზე გასული ბიზნესიდეის ავტორები სტაჟირებას სლოვაკეთშიც გაივლიან.
შოთა გიორგობიანი და გიორგი მირზიკაშვილი თავიანთ სერვისს (OptioAl)- ფინანსების დაგეგმვასა და განკარგვაში დახმარებას მომხმარებლებს თავდაპირველად აშშ-ში შესთავაზებენ.
“წარმოუდგენელია, კომერციული კომპანია იყოს წარმატებული, თუ ფინანსებს არ მართავს, სინამდვილეში, თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაც ასეა, რასაც ვხვდებით გვიან, როცა უკვე ფინანსური პრობლემები გვაქვს. ვინაიდან ცოცხალი ფინანსური მრჩეველი ძვირია და ტექნოლოგიები განვითარდა, გვინდა ნაწილობრივ ან მთლიანად ჩავანაცვლოთ ტექნოლოგიით. პირობითად, მომავალ წელს გინდათ იტალიაში წასვლა და გჭირდებათ 2500 ლარი, მრჩეველს სთხოვთ დახმარებას ონლაინ “ჩათის” მეშვეობით, ჩვენ გავაანალიზებთ თქვენ შესახებ არსებულ მონაცემებს- 1 წლის ხარჯვის ისტორიასა და გამოვთვლით საშუალოდ რამდენს ხარჯავთ სურსათში, ტრანსპორტში, ასე გამოჩნდება სად გაქვთ თავისუფალი ხარჯები, რის მიხედვითაც შემოგთავაზებთ სხვადასხვა სქემას: თუ აღმოჩნდა, რომ თვეში გართობაში ხარჯავთ 300 ლარს, შემოგთავზებთ რომ დახარჯოთ 250 ლარი მომდევნო 1 წელი, თუ არ გიღირთ, მაშინ სხვა ვარიანტებს შემოგთავაზებთ. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ძალიან ეფექტურია მიზნებზე ორიენტირებული მიდგომები”,- ამბობს შოთა გიორგობიანი.
დასავლეთი ევროპის ქვეყნებში მსგავს სერვისებს მომხმარებლებს ძირითადად ბანკი სთავაზობს. აშშ-ში ერთ-ერთი ასეთია კომპანია “მინტი”, რომელსაც 10 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, კომპანია ბანკისგან იღებს ინფორმაციას ტრანზაქციების შესახებ და მომხმარებელს ბიუჯეტის შედგენაში ეხმარება, თუმცა, როგორც შოთა გიორგობიანი ამბობს, “მინტის” მთავარი ხარვეზია ის, რომ მხოლოდ აღრიცხვიანობით შემოიფარგლება.
“ყველას არა აქვს შესაბამისი განათლება, გამოცდილება ან ცოდნა, რომ აღირცხული ინფორმაციის საფუძველზე სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს. მთავარი შემდგომი მხარდაჭერა და ფინანსური რჩევებია. აქვთ სასწავლო მასალები, ბლოგები, ვიდეოები, რაც საჭიროებს დროსა და ჩართულობას. ჩვენ გადავწყვიტეთ, სხვანაირად მივუდგეთ ამ საკითხს. აშშ-ის ფედერალური რეზერვის კვლევის მიხედვით, საშუალო ფენის ამერიკელების 46%-ს არ შეუძლია გაუთვალისწინებელი 400$ ხარჯის გადახდა ფულის სესხების გარეშე”,-ამბობს გიორგობიანი.
იდეის ავტორები აღნიშნავენ, რომ საქართველოში საზოგადოება ჯერ მსგავსი პროდუქტისთვის მზად არ არის და სხვადასხვა ბარიერი არსებობს, მათ შორის უცხო ენისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნა, რის გამოც OptioAl-ის სამიზნე ბაზარი ამერიკის შეერთებული შტატები იქნება, სადაც ამ ტიპის პროდუქტები საზოგადოებისთვის ნაცნობია და მოთხოვნაც ყველაზე დიდია. რა დაუჯდება მომხმარებელს მომსახურება -ეს საკითხი ჯერჯერობით არ გადაუწყვეტიათ, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით, შემოსავლის წყარო შესაძლოა ფინანსური ინსტიტუტები იყოს და მოქალაქეებისთვის თვეში ფიქსირებული $5 დაწესდეს.
“სილიკონის ველის” ექსპერტებს ყველაზე მეტად ფინანსურ-ტექნოლოგიური პლატფორმის QuickCash-ის შექმნის იდეა მოეწონათ, რომელიც მიკრო და მცირე საწარმოების კრედიტუნარიანობას ელექტრონული ფორმით, დააახლოებით 30 წუთში შეაფასებს. პლატფორმა ფინანსურ ინსტიტუტებთან ითანამშრომლებს, საბოლოო კლიენტები კი მცირე და საშუალო მეწარმეები იქნებიან.
“უნიკალურია, ვინაიდან ჩვენი აწყობილი მატრიცის შესაბამისად ვაფასებთ კრედიტუნარიანობას- ანუ რამდენის აღების საშუალება აქვს კონკრეტულ ბიზნესს კრედიტის სახით. ჩვენი შეფასების სისტემის გამოყენებით ბანკს გაუადვილდება კრედიტის გაცემა ამ ტიპის კლიენტებზე. დღეს ბანკს ერთნაირად ძვირი უჯდება მილიონიანი თუ 20-ათასიანი სესხის გაცემისას კლიენეტების შეფასება, რადგან ერთნაირად ერთვება კრედიტოფიცერი. ვთავაზობთ ალტერნატიული კრიტერიუმებით შეფასებას, რაშიც დაიხარჯება 30 წუთი ანუ ფინანსური ინსტიტუტისთვის სწრაფი და იაფი იქნება, მიკრობიზნესისთვის კი კომფორტული, ვინაიდან ონლაინ შეძლებს შევსებას”,-ამბობს იდეის ერთ-ერთი ავტორი მარიამ რუსიშვილი.
როგორც eugeorgia.info-სთან საუბრისას მარიამმა აღნიშნა, განვითარებადი ქვეყნებისთვის ეს პროდუქტი უნიკალურია, ვინაიდან ბაზრის შესწავლის შედეგად, ბიზნესსესხებისთვის მსგავსი სახის პლატფორმები ვერ აღმოაჩინეს, სამიზნე ბაზარი კი საქართველოსთან ერთად აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებიც იქნება.
“ადგილობრივით დავიწყებთ და მერე გავიტანთ, სავარაუდოდ, აღმოსავლეთ ევროპაში, ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და უკრაინაში, სლოვაკეთში ტრენინგზე რომ წავალთ, გვინდა შეხვედრებიც დავგეგმოთ, გავესაუბროთ მცირე და საშუალო ბიზნესის ასოციაციას”,-ამბობს რუსიშვილი.
QuickCash-ის სატესტო ვერსია ოქტომბერში გაეშვება, თუმცა თუ ერთ თვეში ფინანსურ ინსტიტუტებთან შეთანხმება ვერ გაფორმდა, პლატფორმა სატესტო რეჟიმში მაინც ამუშავდება და საწყის ეტაპზე კაპიტალსაც თავად გასცემენ.
მაღალტექნოლოგიური ბიზნესიდეა მოუწონეს თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებსაც, რომელთაც ნეიროქირურგიის განვითარებაში წვლილის შეტანა გადაწყვიტეს, “სილიკონის ველის” ექსპერტების წინაშე ხელის პროთეზით hand4help წარდგნენ და მესამე ადგილიც დაიკავეს. ამიერკავკასიაში პირველები აღმოჩდნენ, ვინც ხელის პროთეზს ავითარებს, მთავარი ნოუჰაუ კი ერთი კუნთით 2 ფუნქციის გაკონტროლება იყო.
“დღეს ბაზარზე არსებული კომპანიები ცდილობენ პროთეზი უფრო რეალურ ხელს მიამსგავსონ, მეტალისგან ამზადებენ და 100 ათასს დოლარამდე ღირს, არსებობს სხვა კომპანიებიც, რომლებიც 3-4 ათასად ყიდიან, მაგრამ ეს კომპანიები ზოგი ევროპაშია, ზოგი ამერიკაში, ტრანსპორტირება ძვირი ჯდება, ამიერკავკასიაში ასეთი კომპანია არ არის. ჩვენ ხელში ჩავამონტაჟეთ RFID წამკითხველი, რომელიც ბარათის მონაცემებს კითხულობს, ბარათში პატარა ჩიპია, რომლის ნებისმიერ საგანთან მიახლოებისას ხელი წაიკითხავს და მიხვდება რომ არის ჭიქა, კალამი, ა.შ. და ეცოდინება როგორ აიღოს ის, აღარ დაეძაბება გონება. დავამატეთ პიანინოზე დაკვრა და ხელით მაუსის კონტროლი, ხელს სადაც გაწევ კურსორიც მიყვება. ჩვენი მთავარი ნოუჰაუა ერთი კუნთით 2 ფუნქციის გაკონტროლება, ფუნქციიდან ფუნქციაზე გადასვლა ხდება ერთი კუნთის მეშვეობით, რაც არავის აქვს- ეს იყო უნიკალური მიდგომა. ჯერ ამიერკავკასიაში გვინდა სატესტოდ გავუშვათ, ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება, 4-3-ჯერ იაფად გავყიდით, შემდეგ უკვე სხვა ქვეყნებში გასვლაზეც ვიფიქრებთ”,- ამბობს იდეის ერთ-ერთი ავტორი არჩილ საყევარაშვილი.
პროდუქტის გაყიდვას 1 წელიწადში ვარაუდობენ, საწყისი ფასი დაახლოებით 1200 დოლარი იქნება, მანამდე კი სოციალური მისიის განსახორციელებლად საზოგადოებრივი გაერთიანის შექმნა სურთ, სადაც შეუძლია გაწევრიანდეს ყველა, ვისაც დახმარება სჭირდება და ისინიც, ვისაც დახმარების სურვილი აქვს, რამდენიმე დღეში კი ინტერნეტგვერდი www.hand4help.com გაეშვება.
კიდევ ერთი იდეა, რომელიც პირველ ხუთეულში მოხვდა თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების მესამე კურსელებს ეკუთვნით. სტუდენტებმა ბავშვობის ოცნების ახდენა გადაწყვიტეს და საბრძოლო თამაში Laser Combat შექმნეს, რეალური შეგრძნებებითა და ასაკობრივი შეზღუდვის გარეშე.
“ბავშვობაში ყველას გვითამაშია ომობანა, გვინოდა გაგვეკეთებინა ისეთი რაღაც, რაც აგვიხდენდა ბავშვობის ოცნებას, აღმოვაჩინეთ რომ არსებობს მსგავსი ტექნოლოგიები, მაგრამ რეალური არ იყო ანუ თუ სამი სენსორიდან ერთ-ერთი მოგხვდებოდა, უბრალოდ ანათებდი, ჩვენი ტექნოლოგიით რა წერტილშიც მოგხვდება ლაზერი, ზუსტად იმ ნაწილში გრჩებათ შეგრძნება, რომ მოგხვდათ ტყვია. დღეს არსებული დახვეწილი ტექნოლოგიით შეუძლიათ ითამაშონ მხოლოდ 20 წელს გადაცილებულმა ადამიანებმა, ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი არ არის, ტექნოლოგია რაც ჩვენ გავაკეთეთ რეალური შეგრძნებებითაა, ნებისმიერ დროს შეგიძლია ითამაშო, არ გიწევს არსად წასვლა და ყველასთვის ხელმისწავდომია, ასაკობრივი შეზღუდვა არ იქნება”,- ამბობს ბიზნესიდეის ერთ-ერთი ავტორი გივი ბერიძე.
Laser Combat-ის სამიზნე ბაზარიც აშშ-ია, თუმცა მანამდე საქართველოში გამოცდაზე ფიქრობენ.
პირველ 5-ეულში გასული კიდევ ერთი იდეა ჯანდაცვის სფეროს ეხება და ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების უნივერსალური სისტემის შექმნას ისახავს მიზნად, იდეის ავტორებმა დეტალებზე საუბარი ამ ეტაპზე არ ისურვეს.
“მაღალტექნოლოგიურ კომპონენტში ჯამში 2 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი, დაფინანსდა 20 სტარტაპი, რომელიც საინტერესოა გლობალურად და არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით, არჩევდნენ ამერიკელი ექსპერტები “სილიკონის ველიდან”, ყველას 100 ათასი ლარი გადაეცა. ეს იყო პირველი ეტაპი, შემდეგი ეტაპი იქნება უკვე მენტორობა და დახმარება ბიზნესის მართვაში”- ამბობს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მარკეტინგისა და კომუნიკაციების სამსახურის უფროსითამთა ასლანიშვილი.
პროგრამა ,,სტარტაპ საქართველო“ საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში ხორციელდება, სადაც სტარტაპების განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია. პროექტს ახორციელებენ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და საპარტნიორო ფონდი. ჯამში პროექტის ფარგლებში 720-ზე მეტი განაცხადი შევიდა ინოვაციური ბიზნესის წარმოებისათვის. პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე სახელმწიფომ 11 მილიონი ლარი გამოყო, რომლითაც ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპები დაფინანსდება. სამომავლოდ, პროგრამის ბიუჯეტი შესაძლოა 35 მილიონ ლარამდე გაიზარდოს.
მაიკო გაბულდანი