საქართველო ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრი გახდა
,,ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთების შესახებ ოქმს“ ხელი დღეს, ქ. სარაევოში გამართულ ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მინისტერიალზე მოეწერა.
“დღეს არის ისტორიული დღე საქართველოსთვის, როცა ევროკომისიის მინისტრთა საბჭომ დაადასტურა მისი თანხმობა საქართველოს გაწევრიანების შესახებ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში. შესაბამის დოკუმენტს ხელი მოეწერა და ჩვენ ვართ ძალიან ბედნიერები. ეს აძლევს უსაზღვრო შესაძლებლობებს საქართველოს ენერგეტიკული კუთხით, მაგრამ დღეს მთავარი არის არა ენერგეტიკული კუთხე, არამედ ის, რომ საქართველომ კიდევ ერთი, უდიდესი ნაბიჯი გადადგა ჩვენი ევროპული ოჯახის წევრობისკენ,” - განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა.
„ენერგეტიკულ გაერთიანებაში“ გაწევრიანებით საქართველოს შესაძლებლობა მიეცემა შექმნას ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი ენერგეტიკული სექტორი, განავითაროს კონკურენტული ბაზარი, გააუმჯობესოს საინვესტიციო გარემო, აამაღლოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ხარისხი და ხელი შეუწყოს განახლებადი ენერგეტიკული წყაროების განვითარებასა და ენერგოეფექტურობას. ასევე, მნიშვნელოვანია გარემოსდაცვისა და სტატისტიკის მიმართულებებიც და საქართველო ამ მხრივაც იმუშავებს ევროპული გამოცდილებისა და მიღწევების დანერგვის თვალსაზრისით,
ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება ევროკავშირის ახალი წევრი ქვეყნების რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირების და ერთიანი ენერგეტიკული პოლიტიკის შემუშავების მიზნით 2006 წელს შეიქმნა. მას ხელს ევროკავშირი და 9 მოკავშირე ქვეყანა, მათ შორის უკრაინა და მოლდოვა აწერს.
საქართველო ევროპის ენერგეტიკულ თანამეგობრობაში 2006 წელს მიიწვიეს. 2007 წელს მან დამკვირვებელი ქვეყნის სტატუსი მიიღო.
საქართველო ევროპის ,,ენერგეტიკული გაერთიანების” სრულუფლებიანი წევრი მას შემდეგ გახდება, რაც საქართველოს პარლამენტი ხელშეკრულების რატიფიცირებას მოახდენს.