თეთრიწყაროში, ახალქალაქში, დედოფლისწყაროში, ხულოსა და ქედაში ENPARD-ის ახალი პროგრამა ამოქმედდება
მომავალი წლიდან საქართველოს 5 მუნიციპალიტეტში – თეთრიწყაროში, ახალქალაქში, დედოფლისწყაროში, ხულოსა და ქედაში ევროკავშირის სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის ახალი პროექტი ამოქმედდება.
ეს არის საქართველოს სოფლის განვითარების ხელშეწყობისკენ მიმართული პროგრამა, რომელიც ხუთივე მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსახლეობის სამოქალაქო ჩართულობისკენ და მათთვის გრანტების შეთავაზებისკენ არის მიმართული.
ENPARD-ის საპილოტე პროგრამა პირველად ბორჯომის, ლაგოდეხისა და ყაზბეხის მუნიციპალიტეტებში ამოქმედდა. ბორჯომში აღნიშნულ პროგრამას ორგანიზაცია “მერსი ქორფსი”, ყაზბეგში “ადამიანი გაჭირვებაში”, ლაგოდეხში კი “ქეა საერთაშორისო სამხრეთ კავკასიაში” უძღვებიან და ის ევროკავშირის “ლიდერის” მეთოდოლოგიით ხორციელდება.
“საპილოტე პროექტებზე დაყრდნობით და იმის გათვალისწინებით, რომ ამ პროგრამებმა გაამართლა, ევროკავშირი მუშაობის არეალს აფართოებს და დამატებითი თანხების მობილიზებას ახდენს”, - აცხადებს EUGeorgia.info-სთან საუბარში ორგანიზაცია “ქეა საერთაშორისო კავკასიაში” სოფლის განვითარების პროექტის მენეჯერი ლაგოდეხში ჯუბა მარუაშვილი.
რა არის “ლიდერი”?
„ლიდერი“ (Leader), როგორც სოფლის განვითარების მეთოდოლოგია, ევროკავშირში 1991 წელს შემუშავდა. მისი მიზანია, სოფლის განვითარებაში ჩართოს ადამიანები, როგორც განმახორციელებელი პირები და არა როგორც მოსარგებლეები. აღნიშნული მიდგომით შესაძლებელი ხდება სოფლის სამომავლო განვითარება, რისთვისაც კონკრეტულ ტერიტორიაზე „ადგილობრივი განვითარების ჯგუფები“ (LAG-ები) იქმნება, როგორც პარტნიორობა კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორებს შორის.
“ლიდერ” პრინციპის თaნახმად, ყოველ სოფელს განსაკუთრებული შესაძლებლობები და გამოწვევები აქვს, რის შესახებაც ყველაზე კარგად ადგილობრივი მოსახლეობისთვის არის ცნობილი. ამიტომ, მიდგომა გულისხმობს ისეთი პრაქტიკის დანერგვას, რომლის თანახმად, სამოქმედო გეგმისა და გადაწყვეტილებების მიღება პროექტის საბოლოო ბენეფიციარების მონაწილეობით ხდება.
აღნიშნული პროგრამის პირველი ფაზა, ENPARD I 2013 წელს დაიწყო და მისი ბიუჯეტი 52 მილიონ ევრო იყო. წელს კი, პროგრამის მეორე ფაზა, ENPARD II ამოქმედდა, რომლის ფარგლებშიც საქართველო ევროკავშირისგან, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის დამატებით 50 მილიონი ევროს დახმარებას მიიღებს.
“ლიდერ” პროგრამა ბორჯომის, ლაგოდეხისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, სამივე მუნიციპალიტეტში მიმდინარე 28-თვიანი პროგრამა 2019 წლის ბოლომდე განახანგრძლივოს.
“ჩვენი პროექტის ბიუჯეტს რაც შეეხება, ჯამური თანხა არის მილიონ 250 000 ევრო, აქედან დაახლოებით მილიონი ლარი გრანტის სახით უნდა გავცეთ. ეს პროცესი უკვე დაწყებულია, დაფინანსდა რამდენიმე პროექტი, რაზეც გაეცა 200 000 ლარზე მეტი”, - განმარტავს EUGeorgia.info-სთან საუბარში ორგანიზაცია “მერსი ქორფსის” პროექტის მენეჯერი ბორჯომში მიხეილ ლომიძე.
რა არის ლაგ-ი და რა ადგილი უკავია მას “ლიდერ” პროგრამაში?
პროგრამის ფარგლებში, პირველ ეტაპზე თეთრიწყაროს, ახალქალაქის, დედოფლისწყაროს, ხულოსა და ქედას მუნიციპალიტეტებში შეიქმნება ადგილობრივი განვითარების ჯგუფები, ანუ LAG-ები, მოხდება ადგილობრივი განვითარების სტრატეგიების შემუშავება და მასზე დაყრდნობით, საგრანტო კომპონენტით, ადგილობრივი სოციალური და ეკონომიკური განვითარებისკენ მიმართული პროექტების მხარდაჭერა. პრიორიტეტულ მიმართულებებად სახელდება სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, გარემოს დაცვა, სოციალური მიმართულება (ახალგაზრდები, შ.შ.მ. პირები) და ინფრასტრუქტურა.
ადგილობრივი განვითარების ჯგუფების წევრებისთვის ტრეინინგები ჩატარდება, გაიმართება საინფორმაციო კამპანია, რომლის მიზანიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის დაგეგმილ საგრანტო კონკურსებზე ინფორმაციის მიწოდებაა. საგრანტო კონკურსში მონაწილეობას ნებისმიერი მსურველი შეძლებს.
“ეს შესაძლებელია იყოს ფიზიკური პირი, იურიდიული პირი, ინდმეწარმე, ორგანიზაცია, საინიციატივო ჯგუფი თუ სხვა. მთავარია, იყოს ჩართულობა და მონაწილეობა”, - ამბობს ჯუბა მარუაშვილი.
ადგილობრივი განვითარების ჯგუფის იდეა ეფუძნება ე.წ. ქვემოდან-ზევით პრინციპს, რაც ნიშნავს, რომ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის აქტიური წევრები, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად აყალიბებენ LAG-ს, ერთად ავლენენ არსებულ პრობლემებს, აანალიზებენ მას და განსაზღვრავენ განვითარების ყველაზე ეფექტიან სტრატეგიას და პრიორიტეტებს, რომელიც კონკრეტული მუნიციპალიტეტის საჭიროებებს არის მორგებული.
“ეს არის მოხალისეობრივი პოზიცია, LAG-ის წევრები ამ სამუშაოდან შემოსავალს არ იღებენ, ის დაფუძნებულია მაღალ მოქალაქეობრივ თვითშეგნებაზე”, - აღნიშნავს მიხეილ ლომიძე.
ბორჯომის მუნიციპალიტეტისLAG-ში ამჟამად 28 ადამიანია გაწევრიანებული, აქედან 15 მათგანი, მათ შორის LAG-ის თავმჯდომარე -კერძო, დანარჩენები კი, საჯარო სექტორის წარმომადგენლები არიან.
“ბორჯომის ლაგ-მა 6-თვიანი მუშაობის შედეგად შეიმუშავა ბორჯომის მუნიციპალიტეტის განვითარების ადგილობრივი სტრატეგია, რაშიც დახმარებას უწევდნენ პარტნიორი ორგანიზაციები – შოტლანდიის “ანგუსის საბჭო” და ავსტრიის ფედერალური ინსტიტუტი. მათი წარმომადგენლები საქართველოში 12 დეკემბერს, მერვედ ჩამოვლენ”, - ამბობს მიხეილ ლომიძე.
ბორჯომის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ მოსახლეობას, საგრანტო განაცხადის შეტანა უკვე ელექტრონულადაც შეუძლია. ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა შექმნა საკუთარი ვებგვერდიhttp://borjomilag.ge/, სადაც გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში 171-მა ადამიანმა ინტერესთა გამოხატვის ფორმა შეიტანა, რის შემდეგაც შეირჩა 27-მდე პროექტი, რომელიც ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსდება.
გამარჯვებული პროექტებიდან ნაწილზე მუშაობა უკვე დაწყებულია. ორგანიზაცია “მერსი ქორფსის” პროგნოზით, დაფინანსებისთვის შერჩეული მხოლოდ 14 პროექტის შედეგად, ბორჯომის მუნიციპალიტეტში დასაქმდება 199 ადამიანი, ბენეფიციარი კი, 20 830 ადამიანი იქნება.
ესენია: სპორტული მოედნის მოწყობა ქალაქ ბორჯომში, ახალი ნერგებით ტყის აღდგენა სოფელ ქვაბისხევში, ტურისტებისთვის სათხილამურო სერვისის გაუმჯობესება დაბა ბაკურიანში, მდინარეზე რაფტინგის მომსახურეობის უზრუნველყოფა სოფელ ჩითახევში, მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობა დაბა წაღვერში და სხვა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში “ლიდერ” პროგრამა საერთაშორისო ორგანიზაცია “ქეა”-ს ხელშეწყობით ხორციელდება. ადგილობრივი განვითარების ჯგუფში გადაწყვეტილებების მიმღები ორგანო გენერალური ასამლეაა, სადაც წარმოდგენილია მუნიციპალიტეტის 15 ადმინისტრაციული ერთეულის 100-მდე აქტიური მოქალაქე. ისინი როგორც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, ისე კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები არიან. ლაგ-ის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი სამოქალაქო სექტორის, აღმასრულებელი მდივანი კი მუნიციპალიტეტის წარმომადგენელია. გენერალური ასამბლეის მიერ არჩეულია დირექტორთა საბჭო 15-კაციანი შემადგენლობით (10 - სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელია), რომელიც პასუხისმგებელია საგრანტო პროექტების შერჩევისთვის.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გამოცხადებული მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში? გამარჯვებული პროექტები სწორედ ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა შეარჩია. დაფინანსება მოიპოვა შემდეგმა პროექტებმა: ვარდების სათბური ქალაქ ლაგოდეხში, მარწყვის სათბური სოფელ ნინიგორში, სათევზე მეურნეობასთან 6 ხის კოტეჯის აშენება ტურისტული ინფრასტრუქტურის ხელშეწყობის მიზნით სოფელ ჰერეთისკარში და სხვა. ორგანიზაცია “ქეა”-ს შეფასებით, აღნიშნული პროექტების ბენეფიციარები 2 590 ადამიანი გახდა, დასაქმდება 20 ადამიანი.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის განვითარების ჯგუფის მმართველი საბჭოს წევრი მიხეილ კაკალაშვილი ამბობს, რომ LAG-ი პრიორიტეტს მდგრად და გრძელვადიან პროექტებს ანიჭებს.
“350 000 ევროა გამოყოფილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტისთვის. ვცდილობთ, რომ ამ მცირე თანხით მაქსიმალურად ბევრმა ადამიანმა მიიღოს სარგებელი, ამიტომ პრიორიტეტებს ვანიჭებთ ისეთ პროექტებს, რომელიც გათვლილია საზოგადო სარგებელზე. მაგალითად, ფერმები, რომელიც 90-იან წლებში დაინგრა და დღეს ნაწლობრივ ფუნქციონირებს - ელექტროენერგიით მომარაგდეს. ანუ, აღდგეს დანგრეული ინფრასტრუქტურა, იმისთვის რომ ფერმამ დაიწყოს მუშაობა და მეტი ადამიანი დასაქმდეს”, - განმარტავს EUGeorgia.info-სთან საუბარში კაკალაშვილი.
LAG-ები ევროკავშირში
ევროკავშირის ქვეყნებში LAG-ები ფართოდაა გავრცელებული. დასავლეთში მიიჩნევენ, რომ ეს მიდგომა ხელს შეუწყობს სოფლიდან ქალაქში ან საზღვარგარეთ მიგრაციის ნაკადის შეჩერებას, რაც აქტუალურია საქართველოსთვის, სადაც მოსახლეობის 42%-ზე მეტი სოფლად ცხოვრობს, ხოლო ქვეყნის სამუშაო ძალის ნახევარი სოფლის მეურნეობის სფეროშია დასაქმებული.
LAG-ების წარმატებული მუშაობის ერთ-ერთი მაგალითი ესპანეთის ანდალუსიის ოლქია, სადაც “ლიდერ” პროგრამა 1991 წელს დაინერგა. ანდალუსიაში, რომელიც 8 პროვინციას აერთიანებს, 8 402 000 ადამიანი ცხოვრობს. დღეისთვის, 52 სასოფლო ტერიტორიაზე შექმნილია 52 LAG-ი, რაც მოიცავს ანდალუსიის ტერიტორიის 90% და იქ მცხოვრები მოსახლეობის 40%-ს.
ანდალუსიის თითოეულ LAG-ში გაერთიანებულია 10 000 – 150 000 ადამიანი. LAG-ის წევრები არიან სოფლის მოსახლეობის და ადგილობრივი ორგანოების წარმომადგენლები (კერძო სექტორის წარმომადგენლობა სულ მცირე, 50% უნდა იყოს), გადაწყვეტილებებს კი კენჭისყრით იღებენ.
“ლიდერ”-ის საშუალებით ანდალუსიაში მივაღწიეთ სასოფლო ზონების მოდერნიზებას, ვაუმჯოვესებთ მომსახურების ხარისხს, რაც ხელს უწყობს სოფლების დაცლის ტენდენციის შემცირებას. ასევე სულ უფრო მცირდება ის განმასხვავებელი უფსკრული, რომელიც არსებობდა ქალაქის და სოფლის მოსახლეობას შორის”, - ამბობს ანდალუსიის მთავრობის სოფლის მდგრადი განვითარების განყოფილების გენერალური მენეჯერი მანუელ გარსია ბენიტესი.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია რეგიონული მთავრობის ეკონომიკური შენატანი იმისთვის, რომ ადგილობრივი განვითარების ჯგუფებმა სამომავლოდ, პროექტების განხორციელება ევროკავშირის მხარდაჭერისგან დამოუკიდებლად შეძლონ.
ორგანიზაცია “ქეა საერთაშორისო კავკასიაში” სოფლის განვითარების პროექტის მენეჯერი ლაგოდეხში ჯუბა მარუაშვილი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირში არსებული LAG-ების მსგავსად, დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას და ფინანსების დამოუკიდებლად მოძიებას ქართული LAG-ებიც შეძლებენ, რადგან ეს “ლიდერ” პროგრამის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.
“ამ პროექტის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ისაა, რომ LAG-ები არ იყონ დამოკიდებული მხოლოდ ჩვენს პროგრამებზე. ჩვენი რესურსები სწორედ იმაზე იხარჯება, რომ გავზარდოთ LAG-ის შესაძლებლობები ტრეინინგების, კონსულტაციების და სხვადასხვა ტექნიკური სახის დახმარების გზით იმგვარად, რომ როდესაც დონორი ორგანიზაციების სახით მუნიციპალიტეტებში აღარ ვიმუშავებთ, დამოუკიდებლად შეძლონ საკუთარი ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფა და მუნიციპალიტეტთან ერთად, დამატებითი დაფინანსების და რესურსების მოძიება”, - ამბობს მარუაშვილი.
ორგანიზაცია “ადამიანი გაჭირვებაში საქართველოში” პროგრამების ხელმძღვანელი სიმონა ვარგა ამბობს, რომ მომავალ წელს საქართველოს მასშტაბით შექმნილი ადგილობრივი განვითარების ჯგუფები შესაძლოა, ერთ ასოციაციად ჩამოყალიბდეს.
“ჯერჯერობით არ ვიცით, იქნება ეს დარეგისტრირებული სტრუქტურა თუ არაოფიციალური ქსელი, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ეს იქნება შესანიშნავი პლატფორმა ევროკავშირთან არსებულ ანალოგიურ ქსელებთან თანამშრომლობისთვის”, - ამბობს სიმონა ორტეგა.
ENPARD-ის 2017-2020 წლების ბიუჯეტი 73 მილიონი ევროა, აქედან სოფლის განვითარების მომსახურებების გაფართოების ხელშეწყობის ბიუჯეტი 32 მილიონ ევროს შეადგენს.
საქართველოს გარდა, “ლიდერ” მიდგომა ამჟამად სატესტო რეჟიმში ბოსნია ჰერცოგოვინაში, მაკედონიასა და სერბეთში ხორციელდება. რაც შეეხება ევროკავშირს, 2013 წლის მონაცემებით, ევროკავშირში 2 402 ადგილობრივი განვითარების ჯგუფი მოქმედებდა, რაც მისი ტერიტორიის 77%-ს მოიცავს.