ჯვარცმული ბავშვი, დამწვარი დროშები - როგორ მუშაობდა კრემლის პროპაგანდა ჰოლანდიაში
„ცრუ სიახლეები, ცრუ უკრაინელები - როგორ მოახდინა გავლენა რუსების ჯგუფმა ნიდერლანდების არჩევნებში“, - ასეთი სათაურით აქვეყნებს გავლენიანი გაზეთი „ნიუ იორკ თაიმსი“ სტატიას, სადაც დაწვრილებით აღწერილია კრემლის მეთოდები უცხო ქვეყნებში საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე.
ჰარი ვან ბომელს, ჰოლანდიის პარლამენტის მემარცხენე დეპუტატს ჰყავს მოკავშირეები, რომლებსაც შეუძლიათ დაარწმუნონ ამომრჩევლები, უარი თქვან უკრაინასთან სავაჭრო ხელშეკრულებაზე - ეს ემიგრანტებისგან შემდგარი ე. წ. „უკრაინული გუნდია“, რომელიც რუსეთთან კავშირს მიესალმება.
ისინი ესწრებიან საზოგადოებრივ შეხვედრებს, ჩნდებიან ტელევიზიებში, იყენებენ სოციალურ მედიას, უკრაინის პროდასავლურ მთავრობას სისხლისმსმელ კლეპტოკრატიად (ქურდებად) მოიხსენიებენ, რომელიც ჰოლანდიური დახმარების ღირსი არ არის, - წერს ჟურნალისტი ენდრიუ ჰიგინსი.
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ამ დაჯგუფებას ჰოლანდიის მოსახლეობა განზრახ შეჰყავს შეცდომაში, რადგან ე.წ. „უკრაინული გუნდის“ წევრები სინამდვილეში რუსეთიდან, ან რუსულად მოსაუბრე რეგიონებიდან არიან და თუთიყუშებივით იმეორებენ კრემლის რიტორიკას.
მათმა „მოღვაწეობამ“ განაპირობა გასული წლის აპრილში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებიც, როდესაც დაბალი აქტივობის ფონზე ჰოლანდიელმა ამომრჩევლმა უარი თქვა ევროკავშირსა და უკრაინას შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებაზე. შედეგმა მოსკოვი გაახარა, პრორუსული პოპულისტები ევროპაში წაახალისა, პოლიტიკური ელიტები კი გაოგნებული დატოვა.
„გაურკვეველია, უკრაინულ გუნდს რუსეთი მართავს, თუ საკუთარი სიმპათიებით მოქმედებს. მისტერ ვან ბომელმა განაცხადა, რომ მათი პირადობა არასდროს შეუმოწმებია. თუმცა, ევროპული პოლიტიკური ელიტები, რომლებიც ჯერ ბრიტანეთის რეფერენდუმმა ევროკავშირის დატოვებაზე, შემდეგ კი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებმა შეაზანზარა, ნერვიულობენ, რას უნდა მოასწავებდეს მომავალში ნიდერლანდებში ჩატარებული რეფერენდუმი“, - წერს გაზეთი.
წელს საფრანგეთში, გერმანიაში და, სავარაუდოდ, იტალიაშიც არჩევნები იგეგმება, ევროპელ მაღალჩინოსნებს აშფოთებთ შესაძლებლობა, რომ რუსები ამ პროცესებში აქტიურად ჩაერევიან, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მოსკოვის მონაწილეობის შესახებ განაცხადა.
ნორვეგიამ ახლახანს განაცხადა, რომ რუსეთთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა სამინისტროებსა და პოლიტიკურ პარტიებს შეუტიეს, ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა მოსკოვი „დეზინფორმაციულ თავდასხმაში“ დაადანაშაულა, იმავე პრობლემაზე საუბრობენ გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის სახელისუფლებო პირებიც.
ნიდერლანდებში ეროვნული არჩევნები 15 მარტს არის დანიშნული, ადგილობრივმა უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ უცხო ქვეყნებმა, კონკრეტულად კი რუსეთმა, ბოლო თვეების განმავლობაში რამოდენიმე ასეულჯერ სცადა სამთავრობო უწყებებისა და ბიზნესების კომპიუტერებში შეღწევა; ჰოლანდიურმა გაზეთმა Volkskrant- მა გასულ კვირას გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ორმა რუსულმა ჰაკერულმა ჯგუფმა, რომლებიც ნიდერლანდებზე მუშაობენ, ელექტრონული წერილები ეროვნულ- დემოკრატიული კომიტეტიდან მოიპარა.
ჰოლანდიის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მარტის არჩევნებზე ხმებს ხელით დაითვლიან და საარჩევნო პროცესებიდან კომპიუტერებს მთლიანად ამოიღებენ, რათა თავიდან აიცილონ უცხო, არაიდენტიფიცირებული სახელმწიფო მოთამაშეებისგან ჰაკერული თავდასხმა.
„ხელისუფლება ძალიან შეშფოთებულია, რადგან არჩევნებში ჩარევის საკმარისზე მეტი საფუძველია. თუმცა, რეალური რისკი მოდის პოპულისტებიდან, რომლებიც ნებსით თუ უნებლიეთ, რუსეთის გეგმების მიხედვით მოქმედებენ. მათ იციან, რომ რისი დანგრევაც სურთ, ევროპის სტატუს-კვოს დააზიანებს. რეალურად, რუსეთს შეუძლია გულხელდაკრეფილი იჯდეს და დაელოდოს პოპულისტებს, მისი საქმე გააკეთონ“, - აცხადებს ჰააგის სტარტეგიული კვლევების ცენტრის მკვლევარი, სიჟბრენ დე იონგი.
„კონკრეტული მტკიცებულება, რომ ინდივიდების ნაცვლად უცხო ქვეყნების არჩევნებში რუსეთის მთავრობა ერევა, არ არსებობს, -წერს გაზეთი, - ბევრს შეიძლება ეჭვიც დაებადოს, რატომ უნდა შეიწუხოს მოსკოვმა ისეთ ქვეყანაზე თავი, რომელსაც აშშ-სა და გერმანიაზე ნაკლები გეოპოლიტიკური წონა აქვს. თუმცა, იონგის თქმით, შარშანდელმა რეფერენდუმმა აჩვენა, რომ მცირე მცდელობას გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებლად მოაქვს შედეგი და მას შეუძლია ევროკავშირი „შიგნიდან დაანგრიოს“.
სტატიის ავტორის თქმით, ნიდერლანდები რუსეთისთვის მძიმე ველია. გასულ წელს ჰოლანდიის დაზვერვის სააგენტომ განაცხადა, რომ რუსეთს კავშირი აქვს 2014 წელს უკრაინაში სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებასთან. აღნიშნულ ტერიტორიას რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სამხედრო ძალები აკონტროლებენ. თვითმფრინავი ამსტერდამიდან მიფრინავდა, ბორტზე მყოფი 298 ადამიანი ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა, აქედან 200-მდე ჰოლანდიური წარმოშობის მგზავრი იყო.
„ეს დასკვნა მოსკოვისთვის საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით ნამდვილი კატასტროფა იყო. რუსმა ჰაკერებმა ჰოლანდიური სააგენტოს კომპიუტერებს შეუტიეს, ხოლო რუსეთის მხარდამჭერებმა ნიდერლანდებში, მათ შორის, ვან ბომელის უკრაინულმა გუნდმა დაიწყო ბოინგის ჩამოვარდნის მიზეზების ალტერნატიული თეორიების გავრცელება“, - აღნიშნულია გაზეთში.
თვით გეერტ ვილდერსმა, რომელიც ქვეყნის ანტიევროპული, ანტისაიმიგრაციო პოლიტიკის მთავარი მხარდამჭერია, მოსკოვისგან დისტანცირება გადაწყვიტა. საფრანგეთისა და იტალიის პოპულისტი ლიდერებისგან განსხვავებით, გეერტ ვილდერსი, რომელსაც საარჩევნო გამოკითხვებში ლიდერის პოზიცია უკავია, რუსეთის მოკავშირე არ არის. თუმცა, მისი ევროსკეპტიკური პლატფორმა გადასარევად ეწყობა კრემლის გეგმებს ევროკავშირის დასუსტებასა და რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ერთიანობის გახლეჩაზე.
ნიდერლანდების საერთაშორისო ინსტიტუტის მკვლევარი, სიკო ვან დერ მეერი აცხადებს, რომ რუსეთს დასავლეთი თავის მოწინააღმდეგედ მიაჩნია და აქვს გამოკვეთილი ინტერესი, არჩევნებში პოპულისტებმა გაიმარჯვონ. სულ ერთია, პერსონალურად როგორი დამოკიდებულება აქვთ მათ რუსეთის მიმართ, მთავარია, რომ სურთ ევროკავშირის, ან ნატოს დაშლა.
„რუსებს სჯერათ, რომ მტრების დასუსტება მათ გააძლიერებთ“, - განაცხადა სიკო ვან დერ მეერმა.
ჰოლანდიის სპეცსამსახურის, AIVD-ის ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლების დაფინანსებული ჩარევების მასშტაბის განსაზღვრა ძალიან რთულია. მოსკოვის მიერ საზოგადოებრივი აზრის შექმნის მცდელობები გადახლართულია დიპლომატიასა დაზვერვაში.
AIVD-ის კვლევაში აღნიშნულია, რომ „რუსეთის აღქმასა და პოლიტიკაზე გავლენის გავრცელების გლობალურ კამპანიაში“ ნიდერლანდები სამიზნედ ამოიღეს. ამისთვის მოსკოვი „წლების განმავლობაში აშენებული კონტაქტების ქსელსაც“ იყენებს. ამის მაგალითია ვლადიმირ კორნილოვი, რუსეთში დაბადებული ისტორიკოსი და პოლიტიკური ანალიტიკოსი, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში გაიზარდა, ამჟამად კი ჰააგაში ცხოვრობს. მან დააფუძნა ერთკაციანი კვლევითი ორგანიზაცია - „ევრაზიული კვლევების ცენტრი“. ელექტრონული წერილებით, რომლებიც პროუკრაინულმა ჰაკერულმა ჯგუფმა გატეხა, ვლინდება, რომ კორნილოვი კიევში მუშაობის დროს მოსკოველ პოლიტიკოსებს ინფორმაციებსა და რჩევებს სთავაზობდა.
ჰოლანდიის რეფერენდუმის ჩატარებამდე კორნილოვი გამოდიოდა უკრაინის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების წინააღმდეგ; საკუთარ თავს წარმოაჩენდა „ჰააგაში მცხოვრებ უკრაინელ ემიგრანტად“, რომელიც რუსეთის შესახებ დაუსრულებელი ტყუილებითა და პროპაგანდით იყო შეწუხებული და თავს ვალდებულად თვლიდა, პასუხი გაეცა. „რეფერენდუმის შემდეგ ყველა ფიქრობდა, რომ ეს მარტო ჰოლანდიური პრობლემა იყო, თუმცა, ახლა ვხედავთ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია, ევროკავშირში უზარმაზარი კრიზისია“, - განაცხადა კორნილოვმა ინტერვიუში, სადაც უარყო თავისი ფინანსური და სხვა ყოველგვარი კავშირი რუსეთთან.
თუმცა, ის მარტო არ მოქმედებდა; ეკონტაქტებოდა როგორც ვან ბომელს, ასევე ტიერი ბოდეს, რომელიც კონსერვატიულ კვლევით ჯგუფს ხელმძღვანელობს. ბოდემ თავისი „ფორუმი დემოკრატიისთვის“ პოლიტიკურ პარტიად გარდაქმნა. პარტა მთელ რიგ საკითხებში რუსეთის მხარეს იჭერს და აპირებს მარტის არჩევნებში მონაწილეობას ევროკავშირისადმი მტრულად განწყობილი პლატფორმით.
წინასარეფერუნდუმო კამპანიისას ბოდემ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, რომ „უკრაინა ერი არ არის“ და გააზიარა ყალბი ინფორმაცია, თითქოს, უკრაინელმა ჯარისკაცებმა ჯვარს აცვეს 3 წლის რუსულენოვანი ბიჭი აღმოსავლეთ უკრაინაში. ჯვარცმის ისტორია რუსეთის მთავრობის მიერ კონტროლირებადმა მთავარმა ტელეარხმა გამოიგონა, რომელმაც ინტერვიუ აიღო ამ მოვლენის მოწმისგან, შემდეგში ე.წ. „მოწმე“ იდენტიფიცირებული იყო, როგორც რუსი მსახიობი.
აღნიშნული ისტორია სოციალურ მედიაში ტრიალდებდა, ამასთანავე, youtube-ზე აიტვირთა ყალბი ვიდეო, თუ როგორ დაწვეს აზოვის ბატალიონის წევრებმა (უკრაინელი სამხედროების ჯგუფმა) ჰოლანდიური დროშა და იმუქრებოდნენ ტერორისტული თავდასხმით, თუ ნიდერლანდელი ამომრჩევლები უკრაინას მხარს არ დაუჭერდნენ.
ბრიტანეთში დაფუძნებული საგამოძიებო ვებგვერდი აზიარებს სანკტ-პეტერბურგში არსებული ე.წ. ტროლის ფაბრიკის შექმნილ ცრუ ინფორმაციებს, აზარალებს რუსეთის კრიტიკოსებს, იყენებს სოციალურ მედიას, როგორც დისტრიბუციის სისტემას.
„კრელმა მხოლოდ უნდა მოიწონოს, ან გააზიაროს, შემდეგ კი მშვიდად დაჯდეს და მადლობა თქვას“, - განაცხადა იონგმა.
მისი თქმით, ინტერნეტის ანონიმურობა ართულებს განაცალკევოს ერთმანეთისგან ჩვეულებრივი ადამიანებისა და სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ტროლები.
„აბოლებული იარაღი არსად ჩანს, სამაგიეროდ არის დიდი ბოლი“, - აცხადებს იონგი.
ბოდემ ამსტერდამში მიცემულ ინტერვიუში უარყო, რომ რუსეთის პროპაგანდას ეწევა; განაცხადა, რომ მხოლოდ ცდილობს წინააღმდეგობა გაუწიოს „ვეროპის თვალშისაცემ რუსოფობიას“ და სურს, რუსული მხარეც იყოს წარმოდგენილი ამ კამპანიაში.
უკრაინამ, თავის მხრივ, ნიდერლანდებში რეფერენდუმში მხარდაჭერის მოსაპოვებლად საკუთარი ლობი გაგზავნა, რათა უკრაინა რუსეთის აგრესიის მსხვერპლად წარმოჩენილიყო, თუმცა, თავისი მოწინააღმდეგისგან განსხვავებით, ღიად ახდენდა აქტივისტების იდენტიფიცირებას.
მიშელ სერვაესმა, რომელიც ჰოლანდიის პარლამენტში ლეიბორისტულ პარტიას წარმოადგენს, უკრაინისთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდამჭერი იყო. მისი თქმით, ბოდეს მსგავსი ადამიანების ნარატივი სიტყვასიტყვით ემთხვევა კრემლის სპიკერის განცხადებებს.
მან გაიხსენა ერთ-ერთ საჯარო შეხვედრაზე კრიტიკული თავდასხმა მსმენელისგან, რომელმაც საკუთარი თავი გააცნო, როგორც უკრაინელმა, მაგრამ გარეთ რუსი აღმოჩნდა. „ეს ჩემთვის ნამდვილი შოკი იყო“, - აღნიშნა სერვაესმა.
თავის მხრივ, ვან ბომელმა აღიარა, რომ მისი ზოგიერთი „უკრაინელი“ დამხმარე შესაძლოა, რუსი იყოს, თუმცა, განაცხადა, რომ თანამოაზრეთა იდენტიფიცირება მისი საქმე არ არის.
„მე ადამიანებს არასდროს ვთხოვ პასპორტებს, თუ ისინი ჩვენს პოლიტიკურ პლატფორმას მხარს უჭერენ, მათ ვიღებთ“, - განაცხადა ინტერვიუში.
უკრაინული ჯგუფის განსაკუთრებულად აქტიური წევრია 26 წლის ნიკიტა ანანიევი, სტუდენტი, რომელიც მოსკოვში დაიბადა და დედასთან ერთად ნიდერლანდებში გადავიდა საცხოვრებლად, ის დღეს რუსეთის სტუდენტთა ასოციაციას ხელმძღვანელობს.
როგორც ანანიევმა განაცხადა, ნიდერლანდებში რეფერენდუმის დროს 15-ზე მეტ საჯარო შეხვედრას დაესწრო, გამოდიოდა უკრაინასთან პაქტის წინააღმდეგ და მას განიხილავდა, როგორ ევროკავშირის „დაჟანგებულ და კორუმპირებულ ნომენკლატურას“, საუბრობდა უსამართლო ნეგატიურ შეხედულებებზე რუსეთის შესახებ.
ნიკიტა ანანიევი, რომელიც ჰოლანდიის აღმოსავლეთ რეგიონის, ტვენტის უნივერსიტეტის სტუდენტია, 2013 წელს მოსკოვში ახალგაზრდა ლიდერთა სკოლაში დადიოდა. აღნიშნულ პროექტს, „როსსოტრუდნიჩესტვო“ (სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია) აფინანსებს და კულტურული გაცვლებისა და მსოფლიოში მოსკოვის გავლენების გაზრდის მიმართულებით მუშაობს. დეკემბერში ანანიევი ბრიუსელში გამართულ ევროპულ-რუსულ ფორუმს დაესწრო. ფორუმი მოსკოვისადმი მეგობრულად განწყობილი პოლიტიკოსებისა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მხარდაჭერილი ექსპერტების ყოველწლიური თავშეყრის ადგილია. სტუდენტი ჩივის, რომ რუსებს, რომლებიც საკუთარ ქვეყანას იცავენ და მოწინააღმდეგეებს აკრიტიკებენ, ხშირად უსამართლოდ აწებებენ დაზვერვის ოფიცრების იარლიყს. „მე არ ვარ ჯაშუში, ჯერ არ ვარ“, - განაცხადა ნიკიტა ანანიევმა ერთ-ერთ ინტერვიუში.
* „სტატია მომზადდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითრების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. ის შეიძლება არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს“.