საქართველო ცდილობს შესაფუთი მასალების წარმოება ევროპის სტანდარტებს დაუახლოოს
ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთი ბიზნესჯგუფი ატმის რეალიზაციას ცდილობს, თუმცა ძნელად მოსაგვარებელ პრობლემათა შორის მათ შეფუთვის ხარისხიც დაასახელეს. იმისთვის, რომ ქართული პროდუქტი მარკეტინგულად მიმზიდველი იყოს, ამ ინდუსტრიის დახვეწა აუცილებელია, მიაჩნიათ ევროპელ ექსპერტებს.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და PricewaterhouseCoopers (PwC)-Georgia-ს თანამშრომლობით შესაფუთი მასალების მწარმოებელ კომპანიათა სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც იმუშავებს წარმოების გაუმჯობესებასა და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებაზე. პროექტის პირველ ეტაპზე მოიწვიეს ბრიტანეთის სურსათის შემფუთველთა ასოციაციის ხელმძღვანელი, მარტინ კერში, რომელმაც ქართველ მწარმოებლებს ჩაუტარა ტრენინგი და გაუზიარა საკუთარი გამოცდილება შესაფუთი მასალების სფეროში. ამასთანავე, ხელი მოეწერა თანამშრომლობის დოკუმენტს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფსა და ბრიტანეთის სურსათის შემფუთველთა ასოციაციას შორის. თანამშრომლობის ფარგლებში მოხდება შესაფუთი მასალების მწარმოებელი კომპანიების პროდუქციის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება, იმისათვის, რომ მათ საშუალება ჰქონდეთ გაიტანონ თავიანთი პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე და მიიღონ მაქსიმალური სარგებელი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებისკენ.
მარტინ კერშმა გაამახვილა ყურადღება შესაფუთი მასალების მნიშვნელობაზე სასურსათო პროდუქტებისთვის, რადგან სწორედ შესაფუთი მასალები უზრუნველყოფს სურსათის დაცულობას და მისი ვარგისიანობის ვადის გახანგრძლივებას. მან ასევე აღნიშნა, რომ შესაფუთი მასალების მწარმოებელმა კომპანიებმა უნდა შეძლონ ევროპული კონკურენციის გათავისება და ამ პირობებში ბაზარზე თავის დამკვიდრება.
“დღევანდელ მსოფლიოში სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების დანაკარგის წილი მაღალია. სწორი და ხარისხიანი შესაფუთი მასალების გამოყენებით შესაძლებელია ამ დანაკარგის მინიმუმამდე შემცირება“-აღნიშნა მარტინ კერშმა.
სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ჯერჯერობით მომდევნო შეკრება არ ყოფილა. ახლო მომავალში დაიწყება სამოქმედო სტრატეგიის ჩამოყალიბებაზე მუშაობა ამ პროცესში იგეგმება არსებული კლიენტების ჩართვა, ისეთების როგორებიცაა კოკა-კოლა, პეპსი და სხვა დიდი კომპანიები, რომლებიც არიან შესაფუთი მასალების მომხმარებლები. სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ დაანონსდა, რომ მიმდინარეობს მუშაობა სამშენებლო მასალების მწარმოებელი კომპანიების სამუშაო ჯგუფის შექმნაზეც.
eugeorgia.info შესაფუთი მასალების მწარმოებელ რამდენიმე ქართულ კომპანიას გაესაუბრა, იმისათვის, რომ გამოგვეკვლია თუ რა შესაძლებლობა არსებობს ევროკავშირის ბაზრებზე და რა სირთულეები ახლავს ექსპორტს.
შპს "მეგაპლასტი" შესაფუთ მასალებს პლასტმასისგან აწარმოებს, რომელმაც პროდუქციის აქტიური რეალიზაცია 2013 წლიდან დაიწყო. კომპანია საქართველოში ერთადერთია, რომელიც კვების პროდუქტების შესაფუთ კონტეინერებს ამზადებს, კონკურენტები მხოლოდ იმპორტიორი კომპანიები არიან. კომპანიას ნედლეულის რამდენიმე მომწოდებელი ჰყავს, რუსეთიდან და თურქმენეთიდან. შესაფუთი მასალების დასამზადებლად ძირითადად გამოიყენება პოლიპროპილერი. კომპანია სრულად ევროპული დანადგარებით არის აღჭურვილი, რომელთა შეძენაც განვითარების შესაბამისად ეტაპობრივად განხორციელდა. მეგაპლასტის დამფუძნებლის ზაზა მჭედლიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამ წარმოებაში ეროვნულ დონეზე სტანდარტები არ მოითხოვება, მაინც ცდილობს საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას და პარტნიორი მწარმოებლების გამოცდილების გაზიარებას.
“ჩვენი წარმოების სტანდარტებზე საქართველოში მოთხოვნა არ არის, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ გაგვეთვალისწინებინა ევროპული და სხვა ქვეყნების გამოცდილება, მაგალითად თურქეთში გვყავს პარტნიორები და მათი გამოცდილება გავიზიარეთ საწარმოს მოწყობაში, უნიფორმებით აღჭურვაში, სანიტარული ნორმების დაცვაში. ჯერჯეობით დახვეწის ეტაპზე ვართ და გვსურს, რომ მაქსიმალურად მივუახლოვოთ და შევუსაბამოთ ევროპულ სტანდარტებს”- აღნიშნა ზაზა მჭედლიშვილმა.
ძირითადად მეგაპლასტის მომხმარებლები არიან სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოები. მაგალითად როგორიცაა რძე, თევზი, ტყემალი, კეტჩუპი და სხვ. ერთ-ერთი დიდი წილი მათში უკავია რძის პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს. მეგაპლასტი თითქმის ყველა ადგილობრივ კომპანიასთან თანამშრომლობს.
კომპანია “შარავანდი” აწარმოებს როგორც პოლიეთილენის, ისე ქაღალდის შესაფუთ მასალებს. მისი კლიენტები ძირითადად ადგილობრივი კომპანიები არიან. კომპანია აწარმოებს, როგორც საკვებ პროდუქტებთან უშუალოდ შეხებაში მყოფ შესაფუთ მასალებს, ასევე მასალებს, რომელიც გამოიყენება მეორადი შეფუთვის სახით და უშუალო შეხებაში არაა საკვებ პროდუქტთან. წარმოება აღჭურვილია იაპონური იტალიური და თურქული დანადგარებით, რომელიც ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაშია. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ISO-ს დანერგვაზე და სავარაუდოდ წლის ბოლომდე ექნება კომპანიას ეს სტანდარტი.
კომპანია “გრინპაკი” აწარმოებს ქაღალდის შესაფუთ მასალებს, ქაღალდის ჩანთას, ქაღალდის პარკს, ქაღალდის ჭიქასა და თეფშს. ნედლეული კომპანიას ჩინეთიდან, ევროპის ქვეყნებიდან და რუსეთიდან შემოაქვს. კომპანია ახლო მომავალში წარმოების გაფართოებას და ექსპორტზე გატანას გეგმავს მათ შორის მეზობელი ქვეყნების მიმართულებით. ამასთანავე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ევროკავშირის ქვეყნებთანაც. კომპანია ISO–ს დანერგვაზე უკვე მუშაობს და სავარაუდოდ ერთ თვეში უკვე ექნება ეს სტანდარტი, რომელიც ევროპული ბაზრისთვის სრულიად მისაღებია. გრინპაკის საწარმო აღჭურვილია როგორც ევროპული, ისე ჩინური დანადგარებით. აქედან ევროპული დანადგარების ბევრად უკეთ მუშაობს და სწორედ ამიტომ კომპანია გეგმავს საწარმოს სრულად ევროპული დანადგარებით აღჭურვას.
ექსპორტთან დაკავშირებით მეგაპლასტის დამფუძნებელი ამბობს, რომ ამის პოტენციალი არსებობს, თუმცა ამ ეტაპზე კომპანია ადგილობრივი ბაზრის სრულად ათვისებაზეა ორიენტირებული.
“გვქონდა მოლაპარაკება დანიურ კომპანიასთან, რომელიც დაკავებული იყო მზა პროდუქტების სახლში მიტანის სერვისით. იქედან გამომდინარე, რომ ამ კომპანიამ მოითხოვა საცდელი პარტია მცირე რაოდენობით, შეგვექმნა ტრანსპორტირების პრობლემა, რადგან ძვირი გვიჯდებოდა ტრანსპორტირება. ამიტომ ეს შეკვეთა ვერ შესრულდა. გვაქვს სხვადასხვა კონტაქტები და ვმუშაობთ ამ მიმართულებით. ამ ეტაპზე ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ავითვისოთ ადგილობრივი ბაზარი და შემდგომში უფრო გრძელვადიან პერიოდში საწარმოო მოცულობებს გავზრდით.” - აღნიშნა ზაზა მჭედლიშვილმა.
მჭედლიშვილის მოსაზრებით, გრძელვადიან პერსპექტივაში ნებისმიერი ქართული საწარმოს განვითარების მომავალი ექსპორტშია, რადგან ჩვენი ბაზარი მცირეა და არ იძლევა იმის საშუალებას, რომ საწარმო ეტაპობრივად განვითარდეს. ექსპორტი პირველ რიგში იძლევა სტაბილურ შემოსავლებს. რეინვესტირებით შესაძლებელია პროდუქციის ასორტიმენტისა და წარმადობის გაზრდა.
შარავანდი ფინანსური დირექტორის დავით კვეკვესკირის ცნობით კომპანია პროდუქციის ექსპორტზე გატანას უახლოეს მომავალშ არ გეგმავს:
“მცირე მოცულობებით ექსპორტი გვქონდა აზერბაიჯანსა და სომხეთში. თუმცა, მოთხოვნა არ არის მაინცადამაინც. ჩვენ არ გვიძებნია საექსპორტო ბაზრები, ისინი თვითონ დაგვიკავშირდნენ. ჯერ არ გვაქვს დაწყებული მოკვლევა საექსპორტო ბაზრებზე, რომელი ქვეყნებიდანაც იქნება მოთხოვნა იმის მიხედვით შევარჩევთ. ჯერჯერობით ექსპორტს არ ვგეგმავთ და მომავალში დრო გვიჩვენებს”– განაცხადა კვეკვესკირმა.
დარგში არსებული პრობლემებიდან მეგაპლასტის დამფუძნებელი უპირველესად პროფესიული ცოდნის დეფიციტს ასახელებს, აქედან გამომდინარე მისთვის უცხოელი პარტნიორის ყოლა ვისგანაც შესაძლებელია ცოდნის გაზიარება, მნიშვნელოვანია.
“ზოგადად, ჩვენნაირი ტიპის საწარმოს განვითარებისთვის მნიშვნელოვანი და კარგი იქნებოდა პარტნიორის მოძიება უცხოურ ბაზარზე იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს მათი გამოცდილების გაზიარება. საქართველოში ფაქტობრივად არ არსებობს შესაბამისი პროფესიული სწავლება. თუმცა, ეს ყველაფერი მიუღწეველი არ არის. თურქულმა საწარმოებმა თუ შეძლეს იმ დონეზე მიღწევა, რომ დღეს ამარაგებენ რუსეთს და ევროპას, ჩვენც გვაქვს ამის პოტენციალი, უბრალოდ გვჭირდება სწავლა, ტექნოლოგიები, ხალხის გადამზადება და გამოცდილების გაზიარება. როგორც თურქეთი ისე საქართველო თვითონ ნაკლებად არის ნედლეულის მწარმოებელი ანუ როდესაც მოცულობები დიდია ნედლეულის თანხა პრინციპში იდენტურია ყველა მწარმოებლისთვის. აქ უკვე საუბარია მაღალხარისხიანი პროდუქციის დამზადებაზე, თვითღირებულების სიმცირეზე და ა. შ.”– აღნიშნა ზაზა მჭედლიშვილმა.
გრინპაკის ფინანსური დირექტორის ზურაბ ფირცხაიალიშვილის მოსაზრებით, შესაფუთი მასალების წარმოებას ქვეყანაში დიდი პოტენციალი გააჩნია, თუმცა სამუშაო ძალის კვალიფიკაციის დონეს და დარგის სპეციალისტების ნაკლებობა კვლავ რჩება გამოწვევად.
შესაფუთი მასალების გლობალური ბაზარი
EY-ის რიპორტის მიხედვით ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთისა და ჩინეთის(BRIC) ბაზრები მოიცავს გლობალური მოთხოვნის დაახლოებით 30%-ს და ეს წილი მათი ეკონომიკის ზრდასთან ერთად იზრდება. სექტორი მოიცავს შეფუთვის ხუთ ძირითად ტიპს. ქაღალდი და მუყაო(ქაღალდის პაკეტებისა და ყუთების ჩათვლით) არის უდიდესი კატეგორია 34%-იანი წილით მთლიანი შესაფუთი მასალების ბაზრიდან. მყარი პლასტმასი (ტუბები, სათლები და ქილები) არის მეორე ადგილზე 27%-იანი წილით, და ყველაზე სწრაფად მზარდი კატეგორიაა. შემდეგ მოდის შუშა, მეტალი და ხე.
Packaging: Market and Challenges in 2016-ის მიხედვით, შესაფუთი მასალების გლობალური ბაზარი 2014 წლისათვის 812მლრდ აშშ დოლარით შეფასდა, 2010 წლიდან საშუალოწლიურმა ზრდის ტემპმა კი 4,2% შეადგინა. მათივე პროგნოზით 2020 წლისათვის ბაზარი 998მლრდ აშშ დოლარს, ხოლო 2024 წლისთვის 1,100მლრდ აშშ დოლარს. გაეროს მონაცემებით 2015 წელს 7.35 მლრდ ადამიანი ფიქსირდება მსოფლიო მასშტაბით. ამგვარად, ყოველი ადამიანი საშუალოდ წელიწადში 114აშშ დოლარის ღირებულების შესაფუთ მასალას მოიხმარს. თუმცა ეს საშუალო მაჩვენებელია და მაღალგანვითარებულ ქვეყნებში შესაფუთ მასალებზე მოთხოვნა ყველაზე მაღალია. სწორედ ეს ბაზრები წარმართავენ ძირითად ცვლილებებს შესაფუთი მასალების ღირებულებათა ჯაჭვში. განვითარებადი ეკონომიკები კი ქმნიან ახალ შესაძლებლობებს. მაგალითად, შესაფუთი მასალების ბაზარს შუა აღმოსავლეთსა და ჩრდილო აფრიკის ქვეყნებში განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია და ამავე ანგარიშის მიხედვით ვარაუდობენ, რომ გაიზრდება იმაზე მეტად ვიდრე არის საშუალო წლიური ზრდის ტემპი მთელი მსოფლიოსთვის(35.4მლრდ აშშ დოლარიდან 45.2მლრდ აშშ დოლარამდე 2019 წლისათვის).
2015 წელს ჩინეთს ეკავა ყველაზე დიდი წილი შესაფუთი მასალების ბაზარზე და ვარაუდობენ, რომ 2020 წლისათვის მთლიანი მოხმარების 25%–ს ჩინეთი დაიკავებს. მოსალოდნელია ზრდა ინდოეთსა და სამხრეთ კორეაშიც. ონლაინ ვაჭრობის განვითარება ხელს უწყობს იმ ქვეყნების განვითარებას, საიდანაც ხდება ძირითადად გადაზიდვები და სადაც ადგილზე მოიპოვება შესაფუთი მასალები გადაზიდვისთვის. მაგალითად, Alibaba ყოველდღიურად აგზავნის 12 მილიონ ამანათს.
რაც შეეხება ევროპულ ბაზრებს, Canadean–ის მიხედვით, 2014–2018 წლებში შესაფუთი მასალების წარმოების მოცულობა გაიზრდება 2.1%–ით საშუალოდ ყოველწლიურად. ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან გერმანიას უჭირავს უდიდესი წილი ბაზარზე.
რაც შეეხება შესაფუთი მასალების დასამზადებლად საჭირო ტექნიკის ბაზარს, ევროსტატის მიერ ეს ბაზარი 11.6მლრდ ევროდ შეფასდა 2014წელს. ეს ბაზარი სამ კატეგორიად იყოფა: შესავსები/დასალუქი დანადგარები(47%), სარეცხი/ საწმენდი დანადგარები(5%) და გარე შესაფუთი დანადგარები(48%). ამ ტექნიკის მთავარი მწარმოებელი ქვეყნები ევროკავშირში არიან გერმანია და იტალია. ორივე ქვეყანას აქვს თითქმის თანაბარი საექსპორტო მაჩვენებლები. მთავარი საექსპორტო ქვეყნებია საუდის არაბეთი, ნიგერია, პერუ, ინდონეზია, მალაიზია, ალჟირი, თურქეთი და ირანი.
Zion Market Research–ის რიპორტის მიხედვით ქაღალდის შესაფუთი მასალების გლობალური ბაზარი 2015 წელს 286.61მლრდ აშშ დოლარად შეფასდა, ხოლო 2021 წლისათვის ნავარაუდევია, რომ მიაღწევს 362.65მლრდ აშშ დოლარს, 2016–2021 წლებში კი საშუალო წლიური ზრდის ტემპი 4.4% იქნება.
ქაღალდი ყველაზე ფართოდ გამოიყენება შესაფუთ მასალებში. მასზე მოთხოვნა დიდია, რაც განპირობებულია იმით, რომ არის ხარჯ–ეფექტური და ეკომეგობრული. ქაღალდის შესაფუთი მასალების წარმოებაში ნედლეულად გამოიყენება ქაღალდი, ხე–ტყე, და სხვა გადამუშავებული მასალა.
ქაღალდის შესაფუთი მასალების ბაზარი შესაძლოა დაიყოს შემდეგ სეგმენტებად: სითხეებისთვის განკუთვნილი შესაფუთი მუყაო, გოფრირებული მუყაო, დასაკეცი ყუთები და სხვა პროდუქტები, როგორიცაა ტომარა, ჩანთები და ა.შ.. 2015 წლისათვის სითხეებისთვის განკუთვნილ მუყაოს ეკავა მთლიანი ბაზრის 40%–ზე მეტი.
ამავე წელს ქაღალდის შესაფუთი მასალების ბაზარზე დომინირებს აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნები, 35%–იანი წილით. შემდეგ მოდის ჩრდილო ამერიკა და ევროპა. ტყის გაჩეხვის აკრძალვამ შესაძლოა შეამციროს ინდუსტრიის ზრდა, თუმცა აქ გასათვალისწინებელია ისიც რომ კომპანიები, რომლებიც ხე-ტყის მოპოვებით არიან დაკავებული ვალდებულნი არიან ერთი მოჭრილი ხის სანაცვლოდ დარგონ გარკვეული რაოდენობა ახალი ნერგი, იმისათვის რომ არ დაირღვეს გარემოს ბალანსი.
ქეთი მელქაძე