პოლონეთი რუსულ-გერმანული მილსადენის პროექტის წინააღმდეგ
პოლონეთი ცდილობს დაითანხმოს ა.შ.შ., რათა „ნორდსტრიმ 2“ პროექტის განხორციელებისთვის რუსეთს სანქციები დააკისროს. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ მინისტრმა, მათეუს მორავიეკმა განაცხადა.
გასულ ხუთშაბათს ა.შ.შ-ის სახელმწიფო მდივნის, რექს სტილერის პოლონეთში ვიზიტისას განხილვის ერთ-ერთი თემა სწორად „ნორდსტრიმ 2“-ის პროექტი იყო. პროექტთან დაკავშირებით პოლონეთის, ბალტიის ქვეყნების, უკრაინის და ა.შ.შ-ის პოზიციება დიდწილად თანხვედრაშია. სახელმწიფო მდივნის განცხადებით, გაზსადენის დასახელებული პროექტი საფრთხეს უქმნის ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოებას, ამის არგუმენტად კი ევროპის ენერგობაზარზე ისედაც მონოპოლიურ მდგომარეობაში მყოფი გაზპრომის პოზიციების განმტკიცება სახელდება, რაც ევროკავშირს უფრო მეტად დამოკიდებულს გახდის რუსულ გაზზე.
„ნორდსტრიმ 2“ მილსადენის პროექტი მისი წინამორბედის, „ნორდსტრიმ“-ის ტყუპისცალია. მილსადენის პროექტის განხორციელების შემდეგ რუსეთს უკრაინის, პოლონეთის და ბალტიის ქვეყნების გვერდის ავლით (ფინეთის, შვედეთის ტერიტორიული წყლების გავლით), პირდაპირ შეეძლება გერმანიისთვის დამატებით წელიწადში მაქსიმუმ 55 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის მიწოდება. შედეგად, ევროკავშირში იმპორტირებული გაზის მთლიან მოცულობაში რუსული გაზის წილი 35%-დან, შესაძლოა, 40%-მდე გაიზარდოს და ამით რუსეთი ევროპაში კიდევ უფრო გაიმყარებს ბუნებრივი აირის ექსპორტიორის დომინანტურ პოზიციას. მილსადენის ეს პროექტი რუსეთს საშუალებას მისცემს დიდწილად უარი თქვას ევროპაში გაზის ექსპორტზე უკრაინის, პოლონეთის და ბალტიისპირა ქვეყნების გავლით. რუსეთი, რომლის სახელმწიფო შემოსავლების დაახლოებით ნახევარი ენერგორესურსების ექსპორტზე მოდის, ღონეს არ იშურებს გაზსადენის პროექტის განსახორციელებლად, ვინაიდან დამატებითი კუბურიმეტრი გაზის გაყიდვა, მითუმეტეს სატრანზიტო გადასახადების გარეშე, ზრდის ხშირ შეთხვევაში რუსეთის ხელისუფლების და მასთან დაახლოებული პირებისა თუ ორგანიზაციების და არა რუსი ხალხის კეთილდღეობას.
2009 წელს ევროპარლამენტისა და ევროკომისიის მიერ მიღებული მესამე ენერგოპაკეტი დიდწილად ითვალისწინებს ევროკავშირის ენერგობაზრის უსაფრთხოების დონის ამაღლებას. ევკროკავშირი ამ მიზნის მიღწევას, სხვა დაგეგმილ ღონისძიებებთან ერთად, ენერგორესურსების მომწოდებლების დივერსიფიკაციით გეგმავს. „ ნორდსტრიმ 2“ პროექტი კი დივერსიფიკაციის კუთხით წინ გადადგმულ ნაბიჯად ვერ ჩაითვლება. თუმცა, გერმანიასა და ავსტრიაში არსებობს განსხვავებული შეხედულებები. გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალური განცხადების მიხედვით, „ ნორდსტრიმ 2“ გაზსადენი არის მხოლოდ კომერციული პროექტი, რომელიც ევროკავშირისთვის ბუნებრივი აირის მოწოდების ტექნიკურ უსაფრთხოებას გააუმჯობესებს. გაზსადენის მშენებლობის პროექტში უშუალოდ ჩართულები არიან ერთის მხრივ გაზპრომი, ხოლო ევროკავშირიდან, გერმანული და ავსტრიული კომპანიები. ამ უკანასკნელებისთვის კი, სხვა ალტერნატივებთან შედარებით, რუსული გაზი ყველაზე იაფი რესურსია. რუსული გაზი, როგორც შედარებით იაფი ენერგორესურსი, ეკონომიკურად მიმზიდველია დასავლეთ ევროპის ისეთი ქვეყნებისთვის, როგორებიცაა საფრანგეთი, ჰოლანდია, ინგლისი და დანია, თუმცა ეს ქვეყნები, გეოპოლიტიკური რისკების გათვალისწინებით, გაზსადენის მშენებლობას ისე აქტიურად, როგორც გერმანია, მხარს არ უჭერენ.
მისასალმებელია პოლონეთის პოზიცია, რომლისთვისაც, მიუხედავად იმისა, რომ ერთის მხრივ გერმანია უდიდესი სავაჭრო პარტნიორია, რუსეთი კი ბუნებრივი გაზის უდიდესი მომწოდებელი, აქტიურ წინააღმდეგობას უწევს რუსულ-გერმანულ გაზსადენის პროექტს. გასულ წელს პოლონურ და ამერიკულ ენერგოკომპანიებს შორის უკვე შედგა შეთანხმება 2018-2022 წლების განმავლობაში ამერიკული თხევადი ბუნებრივი გაზის პოლონეთში იმპორტის შესახებ. პოლონეთმა ბალტიის ზღვაზე უკვე მოაწყო ამერიკული თხევადი გაზის მიღებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. ამერიკული თხევადი გაზის იმპორტის პროექტი მიზნად ისახავს რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებას. ეს უკანასკნელი კი შედის ამერიკის გეოპოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ ინტერესებში, ვინაიდან ამერიკულ თხევადი გაზის მწარმოებელ ენერგო კომპანიებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახით გაუჩნდებათ ახალი, მსხვილი მომხმარებლები.
მიუხედავად ზემოთხსენებული აზრთა სხვადასხვაობისა, ევროკავშირის წევრი ქვეყნები ერთობლივი ძალისხმევით აქტიურად ახორციელებენ და ნერგავენ „მესამე ენერგოპაკეტის“ რეკომენდაციებს, დირექტივებსა და რეგულაციებს. წევრი ქვეყნები ევროკავშირის ერთიანი ენერგოპოლიტიკის, განსაკუთრებით კი ენერგოუსაფრთხოების ფარგლებში, აქტიურად მუშაობენ განახლებადი ენერგიის გენერირებისმაშტაბების გაზრდაზე, წევრი ქვეყნების დამაკავშირებელი ენერგოსისტემების გაფართოებაზე, ენერგორესურსების მომწოდებლების დევერსიფიკაციაზე, ენერგობაზრების ლიბერალიზაციაზე და ა.შ. ამ ერთობლივი ღონისძიებების შედეგებად ნაწილობრივ შეიძლება მივიჩნიოთ ევროკავშირში ბუნებრივი გაზის მოხმარების არამზარდი ტენდენცია და განახლებადი ენერგიის გენერირებისმაშტაბების ზრდა. ეს ტენდენციები კი მომავალში რუსელ გაზზე ევროპის შედარებით ნაკლებ დამოკიდებულებას განაპირობებს.
ევროპული ენერგოგაერთიანების წევრობის ფარგლებში საქართველოს მიერ აღებული დირექტივების და რეგულაციების შესრულება ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მისაღწევად უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. საქართველომ, ძალები არ უნდა დაიშუროს აზერბაიჯანთან ენერგოთანამშრომლობის გაღრმავების კუთხით. მაგალითად, ორ ქვეყანას შორის დამაკავშირებელი ენერგოინფრასტრუქტურაში ინვესტიციების მოზიდვისთვის საჭიროა კიდევ უფრო აქტიური სამუშაოების განხორციელება, მაშინ როდესაც აზერბაიჯანის ენერგოსექტორში რუსული კაპიტალის წილი დღითიდღე იზრდება. ასევე, აუცილებელია საქართველოში არსებული ჰიდროენერგიის პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება, რაც უცხოური ინვესტიციების გარეშე რთული მისაღწევი იქნება. ამიტომ, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც 2013 წლიდან მოყოლებული საქართველოს ენერგეტიკის სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა ყოველწლიურად, საშუალოდ, 40 მილიონი აშშ დოლარით მცირდება, აუცილებელია უფრო აქტიური მუშაობა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, თუმცა თუ საქართველოში სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო არ შენარჩუნდა, პირდაპირი უცხოურ ინვესტიციების ზრდას არ უნდა ველოდოთ.