EBRD -ის და FAO -ს დახმარებით ქართული მწვანილის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი განხორციელდა
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის (EBRD) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით მემწვანილეობის სექტორის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი განხორციელდა. ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთად კვლევაში FAO-ს უცხოელი ექსპერტებიც მონაწილეობდნენ. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ქართული მემწვანილეობის ძირითად პროდუქტებზე (კამა, ოხრახუში) მოთხოვნა ნაკლებია და საერთაშორისო ბაზრების ასათვისებლად ახალი ნიშური პროდუქტების კულტივირებაა საჭირო.
რამდენიმე თვის წინ ხელისუფლების ინიციატივით მწვანილის წარმოების ტრადიცულ რეგიონში - იმერეთში წყალტუბოს მიმდებარედ სპეციალური აგრო ზონა შეიქმნა, სადაც ექსპორტზე ორიენტირებული სასათბურე კლასტერი ჩამოყალიბდება. აგრო ზონაში პროდუქციის შემკრები ექსპორტიორი კომპანია იმუშავებს, რომელიც ლოგისტიკურ საკითხებს მთლიანად თავის თავზე აიღებს და ქართულ მწვანილს განვითარებულ ბაზრებზე გაიტანს. ექსპორტის ხელშეწყობისთვის, კონკრეტულად სწრაფი გადაზიდვებისთვის ქუთაისის აეროპორტს საბარგო განყოფილება დაემატება. სახელმწიფოს მიერ მემწვანილეობის სექტორის გაძლიერების ინიციატივას საერთაშორისო დახმარებაც მოჰყვა. მწვანილის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი სწორედ ამ ინიციატივის ეფექტურად განხორციელებისთვის მომზადდა.
„ევროკავშირი, EBRD და FAO ეხმარება ქართველ მეწარმეებს, რომ გამოიყენონ ის შესაძლებლობები , რომელსაც სთავაზობს ევროკავშირთან არსებული თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება. შესაბამისად, დღეს ჩვენ გვყავს FAO-ს ექსპერტების საერთაშორისო გუნდი უკრაინიდან და ისრაელიდან, რომლებმაც გააკეთეს ვრცელი კვლევა მწვანილის სექტორის ღირებულებათა ჯაჭვის შესახებ. ეს ინფორმაცია ხელს შეუწყობს ქართველ მეწარმეებს გავიდნენ ევროკავშირის ბაზარზე და ასევე სხვა განვითარებულ ბაზრებზეც, რაც, რასაკვირველია, დასაქმებასა და საქართველოში მწარმოებლების შემოსავლების ზრდას ხელს უზრუნველყოფს“, გააცხადა მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში FAO და EBRD-ის პროექტის კოორდინატორმა კატერინა პობერეჟნამ.ბოლო მონაცემებით სანელებლის და მწვანილის მსოფლიო ბაზარი 16.6 მილიარდი დოლარის ბრუნვას აღწევს და 2012 წლიდან წლიურ 4,8% ზრდას აჩვენებს. აშშ და ევროკავშირი მწვანილის მთავარი მომხმარებლები არიან. ევროკავშირში კი მოხმარების თვალსაზრისით გერმანია და ინგლისი ლიდერობენ. მწვანილის ძირითადი მომწოდებლები არიან: ლათინური ამერიკა, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია, ხმელთაშუა ზღვის ქვეყნები და აღმოსავლეთ აფრიკა.
მწვანილის კლასტერის შესაქმნელად აქტიურად ემზადება შპს „იმერეთის აგრო ზონა“: „ამ ეტაპზე კომპანიას ვარჩევთ, რომელიც ტერიტორიის პროექტირებას განახორციელებს. აგრო ზონაში 50 ჰექტარზე გაშენებულ სასათბურე ტერიტორიდან თავისუფლად შესაძლებელი იქნება პროდუქციის მიწოდების უწყვეტობის უზრუნველყოფა. ჩვენი ვარაუდით, ყოველკვირეულად 80 ტონა მწვანილი გაიგზავნება. ჩვენ დამოუკიდებელ მეწარმეებს დაჟინებით ვერ ვურჩევთ თუ რომელი კულტურა აწარმოონ, თუმცა ინფორმაციით აუცილებლად მოვამარაგებთ ევროკავშირში არსებული ნიშების შესახებ. ზამთრის პერიოდში მეწარმეები, ალბათ, პომიდორს და კიტრს მოიყვანენ, სხვა სეზონებზე კი მოთხოვნადი პროდუქტების წარმოების რეკომენდაციას მივცემთ. ტერიტორია ახლოს არის ქუთაისის აეროპორტთან, რაც პროდუქციის მაკონსოლიდირებელ ექსპორტიორ კომპანიას ევროკავშირის და სხვა მიმართულებით გადაზიდვებს გაუმარტივებს“, - აცხადებს შპს „იმერეთის აგრო ზონა“-ს დირექტორი ლევან უროტაძე.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ გაკეთებული ქართული მწვანილის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზის სრული ვერსია ამ ეტაპზე საჯარო არ არის. თუმცა www.eugeorgia.info კვლევის მნიშვნელოვან აქცენტებს გთავაზობთ:
მწვანილის მსოფლიოს ბაზრის ტენდენციები:
ნიშური კულტურები და კონკურენტები ევროკავშირში
როზმარინი (კულტივირებული – ესპანეთი, საფრანგეთი, იტალიიდან; ველური – ეგვიპტე, მაროკო, ტუნისიდან)
ბაზილიკი (იტალია, ეგვიპტე, ისრაელი, კენია, ეთიოპია)
ჭკვალი ხახვი (ევროკავშირის ქვეყნები, გერმანიის ჩათვლით; ისრაელი, კენია, ეთიოპია)
პიტნა (ევროპა, ეგვიპტე, კენია, ლათ. ამერიკა)
თავშავა (თურქეთი, იტალია, ესპანეთი, ახლო აღმოსავლეთი, ჩრდ. აფრიკა)
გასაღების ბაზარი ქართული მწვანილისთვის:
ძველი ევროკავშირის ქვეყნები
გერმანია, ბენილუქსის ქვეყნები, იტალია, საფრანგეთი, ავსტრია, ბრიტანეთის კუნძულები (დიდი ბრიტანეთი, ირლანდია), სკანდინავია (დანია, შვედეთი)
ახალი ევროკავშირის ქვეყნები
პოლონეთი, რუმინეთი, ლიტვა, უნგრეთი, ჩეხეთი
დსთ
რუსეთი, ბელორუსია
ჩრდილოეთ ამერიკა
აშშ, კანადა
აზია
სამხრეთ-აღმოსავლეთის (ჰონკონგი, სინგაპური), ახლო აღმოსავლეთი (არაბეთის გაერთიანებული ემირატები)
რუსეთის და განვითარებული ბაზრების შედარება:
საცალო ფასები მწვანილისთვის გერმანიაში 4,8 ჯერ მაღალია ვიდრე რუსეთში.
დიდ ბრიტანეთში – 3,2 ჯერ მაღალი ვიდრე რუსეთში.
პოლონეთში – ორ ჯერ (95%) მაღალი ვიდრე რუსეთში.
აშშ-ში–88% ჯერ მაღალი, ვიდრე რუსეთში
სტანდარტები და რეგულაციები:
სტანდარტებისა და რეგულაციასთან შესაბამისობის კონტროლს ახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო.
მაღალი ღირებულების ევროპული ბაზრებისთვის საჭიროა Good Agriculture Practice (GAP) სერტიფიკატი.
ევროკავშირში ექსპორტისთვის აუცილებელი ღონისძიებები:
წინასწარ უნდა შეატყობინოს სასაზღვრო კონტროლს გამოცხადებამდე.
საზღვარზე ხორციელდება ფიტოსანიტარულ შემოწმება.
პროდუქციის შეტანა უნდა მოხდეს ევროკავშირში რეგისტრირებული იმპორტიორის მიერ.
ექსპორტისთვის საჭირო დოკუმენტაცია:
წარმოშობის სერტიფიკატი - გაიცემა საქართველოს სავაჭრო პალატის მიერ და ღირს 100 ლარი ყოველ ჯერზე.
ფიტოსანიტარული სერტიფიკატი - გაიცემა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ 50 – 100 ლარად.
ლაბორატორიის დოკუმენტი.
Global GAP სერტიფიკატი.
ინვოისი მყიდველისგან და ტექნიკური დოკუმენტი.
ავტორი: ზურაბ მოდებაძე