მთავრობა არ არის მზად იმისთვის, რომ გლეხს დაავადებული საქონელი გაუნადგუროს
"თუ ძროხას ბრუცელოზი აქვს, ასეთ შემთხვევაში ის უნდა განადგურდეს. ვეტერინარებმა უნდა უზრუნველყონ, რომ განადგურებული პირუტყვის ხორცი და რძე არ გაიყიდოს და ის არავინ გამოიყენოს. აი, აქ არის ზუსტად პრობლემა. განა ყველა ადამიანი დათანხმდება თავისი 2- 3 ძროხის განადგურებას? რასაკვირველია, დაავადების გამო განადგურებული საქონლის ხორცს საკუთარი ოჯახის წევრებს არ აჭმევენ, მაგრამ რა უყონ იმას, რომ საარსებოდ ფული სჭირდებათ?" რა უნდა შესთავაზოს მთავრობამ გლეხებს დაავადების გამო განადგურებული საქონლის სანაცვლოდ? www.eugeorgia.info გთავაზობთ ინტერვიუს ევროკავშირის გრძელვადიან ექსპერტთან, მაატი ლამპთან, რომელიც საქართველოში სურსათის უვნებლობის სამსახურის მოწვევით მუშაობს და საქართველოს მთავრობას რეკომენდაციებს აძლევს.
- საქართველოს ევროკავშირის კანონმდებლობასთან მიახლოების პროცესში ჩამორჩენა აქვს. თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი?
- წინა მთავრობამ გადაჭარბებული ოპტიმიზმით დაგეგმა საკანონმდებლო მიახლოების ცვლილებები. მათ არ უზრუნველყვეს საკმარისი რესურსი იმისთვის, რომ დანაპირები შესრულებულიყო. ამის შედეგია, რომ მიახლოების გეგმა დაგეგმილ გრაფიკს ძალიან ჩამორჩება.
ცხოველური წარმოშობის საკვებისთვის ჰიგიენის ნორმები შექმნილია, თუმცა ჯერ დამტკიცებული არ არის. შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრომ დაწერა უკვე პირველადი დოკუმენტი საკვები დანამატების შესახებ. საქმე წინ მიდის. თუმცა, სერიოზული ჩამორჩენის დაძლევა ვერ მოხერხდა.
ჩამორჩენას აქვს მიზეზი. მთავრობა ფიქრობდა, რომ სოფლის მოსახლეობა ასეთი ცვლილებებისთვის მზად არ იყო. მათი აზრით, თუ სერიოზული რეგულაციები ამოქმედდებოდა და სავალდებულო ვეტერინარული ინსპექტირება დაიწყებოდა, სოფლის მოსახლეობაში ეს სერიოზულ უკმაყოფილებას გამოიწვევდა.
- კონკრეტულად რა მოიაზრება ვეტერინარულ ინსპექტირებაში?
- ცხოველთა ვაქცინაცია იმ დაავადებებზე, რომლებიც ცხოველიდან შესაძლოა, ადამინზე გადავიდეს. ასეთი ვაქცინაცია 2012 – 13 წლებამდე არ კეთდებოდა.
- უცნაურია... პირიქით, სოფლის მოსახლეობა მთავრობისგან მოითხოვს, რომ მათ ძროხებს ვაქცინაცია ჩაუტარდეთ. ამბობენ, რომ სოფლებში არ ჰყავთ ვეტერინარები და სოფლებს პირუტყვს დაავადებებისგან ვერ იცავენ.
- წელს სოფლად გასულ წლებთან შედარებით 450-ით მეტი ვეტერინარი მუშაობს. 2013 წლის ბოლოდან ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალა. ვეტერინარების კიდევ ერთი ფუნქცია არის ის, რომ ცხოველებში ტუბერკულოზი, ბრუცელოზი და ჭირი აღმოაჩინონ. თუ ძროხას ბრუცელოზი აქვს, ასეთ შემთხვევაში ის უნდა განადგურდეს. ვეტერინარებმა უნდა უზრუნველყონ, რომ განადგურებული პირუტყვის ხორცი და რძე არ გაიყიდოს და ის არავინ გამოიყენოს. აი, აქ არის ზუსტად პრობლემა. განა ყველა ადამიანი დათანხმდება თავისი 2- 3 ძროხის განადგურებას? რასაკვირველია, დაავადების გამო განადგურებული საქონლის ხორცს საკუთარი ოჯახის წევრებს არ აჭმევენ, მაგრამ რა უყონ იმას, რომ საარსებოდ ფული სჭირდებათ?
- ადრე თუ გვიან ეს საკითხი ხომ დადგება? დაავადებული საქონლის განადგურება კანონით გათვალისწინებული აუცილებლობა არ გახდება?
- განკარგულება უკვე შემუშავებულია. თუმცა, ჯერ ძალაში არ არის შესული. პოლიტიკურ ჭრილში თუ ვილაპარაკებთ ამაზე, მთავრობა არ არის მზად იმისთვის, რომ გაჭირვებულ გლეხებს საქონელი გაუნადგუროს.
- განადგურებული საქონლის სანაცვლოდ რას თავაზობს გლეხებს მთავრობა? რა პრაქტიკა არსებობს ევროპაში?
- ბევრ ქვეყანაში არსებობს დაზღვევა, რომელიც მთავრობის ხელშეწყობით მუშაობს. არის მეორე ვარიანტიც, თუ საქონელი დაავადების გამო განადგურდება, მის პატრონს კომპენსაცია უნდა გადაუხადონ. ეს არის ორი ვარიანტი, რომელიც ევროპის ქვეყნებში მუშაობს. საქართველოში კერძო სექტორი არ არის მზად იმისთვის, რომ საქონელი დააზღვიოს.
ამჟამად სოფლის მეურნეობის სამინისტროში მუშა ჯგუფია შექმნილი, რომელიც სოფლის მეურნეობის მოსავლის დაზღვევის საკითხებზე რამდენიმე სადაზღვევო კომპანიასთან მუშაობს. ამ მიმართულებით სადაზღვევო სქემა აუცილებლად ამოქმედდება. თუმცა, ვერ გეტყვით როდის დადგება დღის წესრიგში საქონლის დაზღვევის საკითხი.
- 2014 წლიდან 2017 წლის ჩათვლით საქართველოს ევროკავშირი 335-410 მლნ ევროთი დაეხმარება. არის თუ არა ამ თანხებში გათვალისწინებული კონკრეტულად ეს ინტერესთა ჯგუფები და საკითხები, რომლებზეც ახლა ვლაპარაკობთ?
- ამ კონკრეტულ პროგრამაში, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ, უახლოესი 2 წლის განმავლობაში 2 მილიონი ევროა გამოყოფილი. საუბარია დაავადებათა მეთვალყურეობაზე და კონტროლზე. ეს პროგრამა ფაკუსირებულია იმაზე, რომ ქვეყანაში ყველაზე სარისკო ზონები გამოავლინოს. მომდევნო წლის დასაწყისში დაგეგმილია ვაქცინაციის კამპანიები, რომლებიც სწორედ ყველაზე მაღალი რისკის მქონე რეგიონებში ჩატარდება.
რაც შეეხება კომპენსაციას, ამ მხრივ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს ძალიან ცუდი გამოცდილება აქვთ. ვიდრე კომპენსაციებზე ფიქრს დავიწყებთ, უნდა ვიცოდეთ რა ვითარება გვაქვს, რამდენი საქონელი შეიძლება აღმოჩნდეს დაავადებული, ან დაავადდეს.
- კორუფციის რა სქემაზე შეიძლება იყოს საუბარი?
- ხშირად უნდოდათ საქონლის ჩანაცვლება და ამიტომ ისეთ პირუტყვს, რომელსაც არაფერი სჭირდა, ავადმყოფად ასაღებდნენ. ამიტომ, ჯერ უნდა გამოვიკვლიოთ, რამდენი პირუტყვი არის დაავადებული, რამდენი უნდა განადგურდეს და შემდეგ ვიფიქროთ კომპენსაციის გზებზე.
- აცრასთან ერთად ალბათ, საქონლის აღწერა და რეგისტრაციაც უნდა მოხდეს, არა?
- დიახ, ახლა მიმდინარეობს ვაქცინაციის 3 კამპანია. ამ კამპანიებმა პრაქტიკულად მთელი ქვეყანა მოიცვა. პარალელურად, ამ პროცესში ცხოველებს ყურზე სანიშნი უკეთდებათ. ეს იდენტიფიკაციის პირველი ნაბიჯია. ახლა ვაკეთებთ იმ საქონლის მონაცემთა ბაზას, რომელიც ვაქცინაციის დროს იდენტიფიცირებული იქნება. ორივე მანიპულაციას ვაკეთებთ ერთდროულად. ამ ბაზაში შევა ინფორმაცია მფლობელის და მისი საცხოვრებელი ადგილის შესახებაც. ეს მონაცმთა ბაზა და შესაბამისად, ჩვენი იდენტიფიკაციის სისტემა ჯერ მზად არ არის. თუმცა, პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია. ლოგისტიკა ასეთია: ჯერ ვიკვლევთ, სად არის საქონელი, შემდეგ ვადგენთ, ვინაა მისი პატრონი. ვიკვლევთ რომელი საქონელი რომელ სახეობას მიეკუთვნება და აქედან რომელს რა დაავადება შეიძლება დაემართოს. ამის შემდეგ, დაავადებების აღმოჩენის შემთხვევაში და კომპენსაციის გათვალისწინებით, იმედი მაქვს რომ მათ იზოლირებას შევძლებთ.
- ხელისუფლებამ გააძლიერა სურსათის უვნებლობის ინსპექტირება, მაგრამ არ აწარმოებს საინფორმაციო კამპანიას, რაც გლეხებისა და წვრილი მეწარმეების შეშფოთებას იწვევს. რას ფიქრობთ ამაზე?
- გეთანხმებით, რომ საინფორმაციო უზრუნველყოფა არ მიმდინარეობს. ჩვენ ვართ პარადიგმის, მიდგომის ცვლილების პროცესში. გასული საუკუნის 60-70-იან წლებში ამერიკაში, ევროპასა და საბჭოთა კავშირში ეს მიმართულება დამოკიდებული იყო მთავრობის მიერ მკაცრი ნორმების შესრულების ვალდებულებაზე. დღევანდელ ევროპაში პასუხისმგებლობას იღებს ფერმერი, ოპერატორი. სწორედ ის არის ვალდებული იცოდეს, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქონელი იყოს ჯანმრთელი, პროდუქტი კი უსაფრთხო. მთავრობა მკაცრ ნორმებს კი არ უწესებს მეწარმეებს, არამედ უფრო მეტად ორგანიზებას უწევს გაიდლაიენების, ტრეინინგების მომზადებას და ექსტენციურ მომსახურებას, ანუ კონსულტაციების ადგილზე გაწევას. ფერმერს არავინ დაუყენებს ისეთ მკაცრ მოთხოვნებს, როგორსაც მაგალითად, ადრე გოსტი უყენებდა. ეს მიდგომა ჯერ ვერ გიაზრეს ვერც ჩვენმა ინსპექტორებმა და ვერც ფერმერებმა და მწარმოებლებმა.
ტრეინინგები უკვე მიმდინარეობს. ამ მიზნით იმართება მრგვალი მაგიდები, შეხვედრები ფერმერებთან, მეწარმეებთან. ჩვენ მთლიანად მათზე ვართ ფოკუსირებული. სურსათის უვნებლობის სფეროს წარმომადგენლები ელაპარაკებიან რძის პროდუქტების მწარმოებლებს, სასაკლაოების წარმომადგენლებს, თაფლის მწარმოებლებს. ახლა მივდივართ ბათუმში, სადაც თევზის მწარმოებლებს უნდა შევხვდეთ. ეს პირველი ნაბიჯია. მეორე ნაბიჯი იქნება ევროკავშირის, შვედეთის, ავსტრიის თუ მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებული და კერძო სექტორის განვითარებისთვის გამიზნული პროგრამები, რომლებიც ფოკუსირებული იქნება ცოდნის გაღრმავებაზე.
- რა შეგიძლიათ უთხრათ ჩვენს ფერმერებს და გლეხებს, რა არის ის მთავარი სანიტარული მოთხოვნა, რომელსაც ევროკავშირი ითხოვს. მათ მართლაც უნდა ჩაანაცვლონ წველის ტრადიციული სისტემა ავტომატურით, ანუ ხელით წველა აპარატებით?
- არა, ასეთი მოთხოვნა არ არსებობს. ჩვეულებრივად უნდა გააგრძელონ მუშაობა, იმ განსხვავებით, რომ უნდა დაიცვან სანიტარული ნორმები. არსებობს გაწერილი წესები, ხოლო დანარჩენი - მოდერნიზაცია, მექანიკური წველის დანადგარი იქნება ეს თუ სხვა რამ, ეს უკვე თავად ფერმერზეა დამოკიდებული და იმაზე, მოისურვებს თუ არა ის ინვესტირებას.
- რას ითხოვს ევროკავშირის სტანდარტები ხორცის მწარმოებლებისგან?
- მთავარი არის იმ ცხოველის მიკვლევადობა, რომლის ხორციც გამოყენებული იყო პროდუქციის წარმოებაში. უნდა დადგინდეს, იყო თუ არა საქონელი დაკვლის მომენტში ჯანმრთელი და რამდენად ჯანმრთელ საკვებს იღებდა ის. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, საკვანძო მოთხოვნა.
- სჭირდება თუ არა „HACCP” - ის დანერგვა ყველა ბიზნესოპერატორს?
- არა, არ სჭირდება. მწარმოებელს უნდა ჰქონდეს სისტემა, რომელიც წარმოების პროცესში საფრთხეებს გამორიცხავს. სწორედ ამას გულისხმობს HACCP-ი, მაგრამ ამ სისტემის დანერგვა ასოცირებულია ფულის ხარჯვასთან. არადა, ამ სერტიფიკატის გარეშეც არის შესაძლებელი კრიტიკული წერტილების გაუვნებელყოფა. უბრალოდ, უნდა აჩვენოთ, რომ შეგიძლიათ სახიფათო წერტილების მიკვლევა და გაუვნებელყოფა, რომ აკონტროლებთ ხარისხს და ეს საკმარისია, სერტიფიკატი არ არის საჭირო.
- როგორ დაამტკიცებს ბიზნესოპერატორი, რომ მას ყველაფერი წესრიგში აქვს?
- ინსპექტორების ტრეინინგები ჩატარდება სწორედ ისე, რომ მათ სამომავლოდ იცოდნენ მართებული კითხვების დასმა. შემდეგი საკითხია ის, რომ მაგალითად, თუ ისეთი სუპერმარკეტი, როგორიცაა „კარფური“, მეწარმეს სერტიფიკატს მოსთხოვს, ამისთვის აქ შესაბამისი მასერტიფიცირებელი ორგანოები არსებობდნენ. შესაძლოა, ოპერატორი მზად არ იყოს სერტიფიცირების გასავლელად. ამიტომ უნდა იყვენენ საკონსულტაციო ფირმები, რომლებიც მათ რჩევებითა და კონსულტაციებით დაეხმარებიან.
სურსათის უვნებლობის სისტემა უნდა შეიქმნას, რომელიც არ იქნება დამოკიდებული მხოლოდ ეპიზოდურ შემოწმებებზე. ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფო და კერძო ლაბორატორიების გაძლიერება. კერძო ლაბორატორიებს ახლა გერმანია და ავსტრია აფინანსებენ. განვითარების შესაძლებლობა არსებობს, მაგრამ ის, რაც არსებობს, სისტემისგან არის ძალიან შორს.
- რეგიონულ ცენტრებში არსებული ლაბორატორიები დიდი მანძილითაა დაშორებული სოფლებიდან. როგორც წესი, რამდენიმე საათი სჭირდება პროდუქტის იქამდე მიტანას. რა უნდა გაკეთდეს, როგორ უნდა შეამოწმოს მწარმოებელმა თავისი რძე, ან ყველი ის, რომ ამის გამო ზედმეტი დრო და ფული არ დახარჯოს?
- პროდუქტის შემოწმების იაფი და მარტივი გზაც არსებობს. არსებობს პატარა მოწყობილობები, რომლებითაც შესაძლებელია, რომ პროდუქცია ბაქტერიებზე, ან სხვა პარამეტრებზე შემოწმდეს. ეს პატარა მოწყობილობა დაახლოებით 10 -20 დოლარი ღირს. ამ აპარატებით შემოწმება ფერმაში, ან ყველის საწარმოშიც შეიძლება ჩაატაროთ. არ არის საჭირო ლაბორატორიები იმისთვის, რომ გავიგოთ, ჩაასხა თუ არა ვინმემ ჭუჭყიანი წყალი რძეში. დამოუკიდებელი შემმოწმებლის აუცილებლობას რაც შეეხება, უნდა შემუშავდეს შემდეგი პროცედურა: სურსათის უვნებლობის ექსპერტი დაუსვამს შეკითხვას ყველის მწარმობელს: მაჩვენეთ თქვენი პროდუქტგის შემოწმების შედეგები, სად ჩაატარეთ შემოწმება? თუ ის უპასუხებს, რომ თავად ჩაატარა კვლევა, შემდეგ შემმოწმებელმა უნდა გაარკვიოს, როდისმე თუ გაუგზავნია მას პროდუქციის სინჯები რომელიმე ლაბორატორიაში, შეადაროსს გლეხის შემოწმების შედეგები ლაბორატორიისას და დამატებითი შეკითხვები დაუსვას ტესტირების პროცესთან დაკავშირებით. ასე მუშაობს პროცესი ევროპაში. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ სწორედ ასე ააწყოთ თქვენი სისტემა, რადგან პროდუქციის შემოწმების მიზნით ლაბორატორიებში მუდმივი სირბილი ჩვენთანაც კი შეუძლებელია.
ესაუბრა ლიკა ბასილაია