შვეიცარიასთან, ისლანდიასთან, ნორვეგიასა და ლიხტენშტაინთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ფორმდება
საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას (EFTA) შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას ხელი 27 ივნისს, შვეიცარიაში, ქალაქ ბერნში მოეწერება, - ამის შესახებ თბილისში სამუშაო ვიზიტით მყოფმა, ისლანდიის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა, რაგნჰეიდურ ელინ არნადოტირმა განაცხადა.
EFTA-ს ქვეყნებთან, რომელშიც გაერთიანებულია 4 სახელმწიფო (შვეიცარია, ისლანდია, ნორვეგია და ლიხტენშტეინი) შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო აწარმოებდა.
როგორც სამინისტროს წარმომადგენელმა, მარიამ გაბუნიამ eugeorgia.info-ს განუცხადა, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება EFTA-სთან არ არის ისეთივე ყოვლისმომცველი, როგორც ევროკავშირთან, არ მოითხოვს საკანონმდებლო დაახლოებას, თუმცა, საქონლისა და მომსახურების მნიშვნელოვან ნაწილს შეეხება. მაღალჩინოსანმა თავი შეიკავა იმ პროდუქტების ზუსტი რაოდენობის დასახელებისგან, რომლებსაც საბაჟო შეღავათები შეეხებათ, თუმცა, აღნიშნა, რომ დეტალები ხელმოწერის შემდეგ გახდება ცნობილი.
„აქამდე პრეფერენციული სავაჭრო ხელშეკრულებები ამ ქვეყნებთან არ გვქონია, „ჯი ეს პი პლუსიც“ მხოლოდ ნორვეგიასთან მოქმედებდა. ეს მაღალმსყიდველუნარიანი ბაზრებია და ხელშეკრულება საშუალებას მოგვცემს, საქართველოდან მცირე ექსპორტი გაიზარდოს. გარდა ამისა, EFTA-ს ქვეყნებში ევროკავშირის მსგავსი სურსათის უვნელობის სისტემები მოქმედებს, შესაბამისად, თავისუფალი ვაჭრობის კუთხით, პრაქტიკულად, მთელ ევროპას დავფარავთ“, - აცხადებს მარიამ გაბუნია.
მისი თქმით, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, დოკუმენტი EFTA - ის ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებს რატიფიცირებისთვის გადაეცემა, რის შემდეგ ძალაში შევა. ეკონომიკის სამინისტროში ვარაუდობენ, რომ ეს პროცედურა შესაძლოა, მომავალი წლის პირველ კვარტლამდე დასრულდეს.
აღსანიშნავია, რომ EFTA-ს ქვეყნების მოსახლეობა ერთად 13 მილიონია. ოთხი ქვეყნიდან ყველაზე დიდი მოცულობით ექსპორტი - 31 მილიონი დოლარი - შარშან შვეიცარიაში გავიდა, ისლანდიაში, ნორვეგიასა და ლიხტენშტაინში კი, ჯამში, 200 ათას დოლარამდე.
ბელა ნოზაძე