რეფინანსირების განაკვეთი 6%-მდე შემცირდება
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით, 6.75%-მდე შემცირება გადაწყვეტა. ბანკში აცხადებენ, რომ ინფლაციის მიზნობრივ დონესთან დასაახლოებლად საჭიროა, მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლის პროცესი გაგრძელდეს. პროგნოზის მიხედვით, თუ ეკონომიკაზე მოქმედი სხვა ფაქტორები არ გამოიკვეთა, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი საშუალოვადიან პერიოდში 6 %-მდე დაიკლებს.
„ივნისში სამომხმარებლო ფასების წლიური ინფლაცია მოსალოდნელზე მეტად შემცირდა და 1.1% შეადგინა. აღნიშნული დიდწილად, ინფლაციური მოლოდინების შემცირებითა და საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის და სურსათის ფასების მოსალოდნელზე მეტი კლებით არის განპირობებული. ფასებზე შემცირების მიმართულებით მოქმედებს სუსტი მოთხოვნაც“, - აღნიშნავენ ეროვნულ ბანკში. მათი ვარაუდით, ინფლაცია მომდევნო კვარტლებში დაბალ დონეზე შენარჩუნდება და მიზნობრივ მაჩვენებელს, 5%-ს, 2017 წლის ბოლოს დაუახლოვდება.
„საგარეო მოთხოვნა კვლავ სუსტია, შედეგად, წლის პირველ ნახევარში ექსპორტის კლებამ წლიურად 12% შეადგინა. შიდა და საგარეო ინვესტიციების გააქტიურების შედეგად გაიზარდა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, თუმცა საგარეო ფაქტორების გამო იგი კვლავ პოტენციური დონის ქვემოთ რჩება. რეგიონში არსებული მნიშვნელოვანი გაურკვევლობის ფონზე გაზრდილია პროგნოზის რისკები“, - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.
რეფინანსირების განაკვეთის შემცირება წელს მარტიდან დაიწყო, მაშინ განაკვეთი 8%-ს აღწევდა. მონეტარული პოლიტიკის შერბილება ავტომატურად იწვევს ლარში სესხების გაცემისა და მომსახურების გაიაფებას. კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ვალუტაში გაცემული კრედიტების მოცულობა 5,7 მილიარდი ლარია.