ევროკავშირმა ბაზარზე ქართული თაფლი დაუშვა, თუმცა, მის ასათვისებლად კიდევ დიდი გზაა გასავლელი
ქართული თაფლისთვის ევროკავშირის ბაზარი უკვე ღიაა. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, ევროკავშირმა დაასრულა ყველა ფორმალური პროცედურა და საქართველო შეიყვანა მესამე ქვეყნების ჩამონათვალში, საიდანაც ევროკავშირის ტერიტორიაზე თაფლის იმპორტი დაშვებულია.
სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განაცხადებით, მისმა უწყებამ მეფუტკრეობის დარგის განვითარებისა და ქართული თაფლის ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის სტიმულირების მიზნით მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა.
„ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად, მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ევროპის კანონმდებლობასთან დაახლოებას გულისხმობს. კერძოდ, დამტკიცდა ვეტერინარული პრეპარატების, სხვა დამაბინძურებლებისა და ნარჩენი ნივთიერებების მონიტორინგის გეგმა. 2015 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა, “თაფლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“, რომელიც თაფლთან დაკავშირებით მოთხოვნებს ადგენს“, - აცხადებს ლევან დავითაშვილი.
თაფლის მწარმოებლები მიესალმებიან ევროკავშირის გადაწყვეტილებას ბაზარზე ქართული პროდუქციის დაშვების შესახებ, თუმცა, აცხადებენ, რომ 500-მილიონიანი ბაზრის ასათვისებლად საკმაოდ დიდი გზაა გასავლელი.
“ეს დიდი წარმატებაა ჩვენი ქვეყნისთვის და მოხარული ვარ, თუმცა, ჯერჯერობით, ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი ადგილობრივ წარმოებაში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაზე, საწარმოო გადაიარაღებაზე და ასე შემდეგ. აუცილებელია მეფუტკრეებისთვის კვალიფიკაციის ამაღლება. მინდა აღვნიშნო, რომ უკვე არსებობს სახელმწიფო პროგრამები, რომლის ფარგლებში უფასო ტრენინგებს გვიტარებენ. მოკლედ, დახვეწა გვჭირდება ისეთი თაფლის მისაღებად, რომელიც ევროკავშირის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს”, - განუცხადა eugeorgia.info -ს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის "თაფლი საჩინოს" ხელმძღვანელმა, მინდია ქავთარაძემ. ვანში მდებარე მეორე დონის კოოპერატივი 50-ზე მეტ ფერმერს აერთიანებს, რომელთა მფლობელობაში 1500 სკაა. წელს კოოპერატივმა 16 ტონა თაფლი აწარმოა.
ამასთანავე, მეწარმე აღნიშნავს, რომ საჭიროა თაფლის დიდი რაოდენობით კუპაჟირება, ანუ, მონოფლორული სახეობების, მაგალითად, მხოლოდ, აკაციის, ან წაბლის თაფლის წარმოება,რასაც მეფუტკრეები საქართველოში დღეს ნაკლებად მიმართავენ.
“დანიელებისგან შემოთავაზება თაფლის მიწოდებაზე მივიღეთ, თუმცა, არ გვქონდა კუპაჟირებული თაფლი და ეს გარიგება ვერ შედგა”, - აღნიშნა მეწარმემ.
მინდია ქავთარაძის თქმით, კიდევ ერთი პრობლემა ევროკავშირში თაფლზე შედარებით დაბალი ფასებია. 1 კგ თაფლი ევროკავშირში, საშუალოდ, 2-3 ევრო ღირს, ამასთანავე, გასათვალისწინებელია ტრანსპორტირების და შეფუთვის ხარჯებიც. საბითუმო ფასი კი საქართველოში სახეობების მიხედვით, 12-15 ლარის ფარგლებში მერყეობს.
“ევროკავშირში მაღალი ხარისხის თაფლის ფასი 20 ევროც კი ღირს, თუმცა, გვჭირდება ბრენდირება, რომ ევროპელმა მომხმარებელმა გაიცნოს ქართული თაფლის საგემოვნო თვისებები. სამომავლოდ, ცხადია, ევროკავშირში ექსპორტის საკითხი ძალიან დაგვაინტერესებს, მაგრამ მანამდე უნდა მოვძლიერდეთ, დავიხვეწოთ. შეიძლება ხვალ, ზეგ არ გავიტანოთ, მაგრამ ალბათ, 2-3 წელიწადში უკვე აქტიურად ვიმუშავებთ ევროპული მიმართულების ათვისებაზე”, - აღნიშნა მინდია ქავთარაძემ.
ბელა ნოზაძე