საქართველო, ირანი, სომხეთი და რუსეთი ელექტროენერგიის ერთობლივი ბაზრის შექმნას გეგმავენ
საქართველო, ირანი, სომხეთი და რუსეთი 2019 წლამდე ელექტროენერგიის ერთობლივი ბაზრის შექმნაზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ სომხური საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან.
აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს ერევანში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს, რომელსაც საქართველოს მხრიდან ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, ილია ელოშვილი, ხოლო მეზობელი ქვეყნებიდან ენერგეტიკის მინისტრები დაესწრნენ. მხარეებმა ხელი მოაწერეს „საგზაო რუკას“, რომლის მიხედვით, 2019 წლამდე, „სამხრეთ-ჩრდილოეთ“ ენერგოკორიდორის ამოქმედებამდე, აუცილებელი სამართლებრივი შეთანხმებებისა და სამუშაოების რეალიზაციის ვადები განისაზღვრა.
როგორც სომხეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, ერთიანი ბაზრის ამოქმედება ოთხ ქვეყანას შორის შესაძლებელია ელექტროენერგიის გადამცემი სიმძლავრეების გაზრდით. ამ მიზნით იგეგმება ირანსა და სომხეთს შორის 400-კვტ-იანი გადამცემი ხაზის, იმავე სიმძლავრის ხაზის- სომხეთსა და საქართველოს შორის, ხოლო საქართველოსა და რუსეთს შორის კი - 500 კვტ-იანი გადამცემი ხაზების მშენებლობა.
„საქართველოს მხარე 500 კვტ სიმძლავრის გადამცემ ხაზს ააშენებს მარნეულში, სადაც ქვესადგურის სიმძლავრეს 220-დან 500-მდე გაზრდის, შემდეგ ქართული მხარე გეგმავს ქსნის ქვესადგურიდან ყაზბეგისკენ მიმართულებით 500 კვტ-იანი ხაზის მშენებლობას. და ბოლოს, რუსული მხარე ქართველ კოლეგებთან მოლაპარაკებების დასრულებისთანავე დაიწყებს მოზდოკიდან თავისი ქსელისთვის ხაზის მშენებლობას“, - აღნიშნა გალუსტიანმა.
როგორც სომხეთის მაღალჩინოსანი აღნიშნაცს, ამ პროექტების რეალიზაციის შედეგად შესაძლებელი გახდება საუბარი 1000 მვტ სიმძლავრის ენერგოკორიდორსა და ელექტროენერგიის საერთო ბაზრის ამოქმედებაზე. მისი მეშვეობით კი, პერსპექტივაში, მომხმარებლები თავად შეძლებენ აირჩიონ, რომელი ქვეყნისგან შეიძინონ ელექტროენერგია.
„ეს ხელს შეუწყობს კონკურენციის სტიმულირებას ელექტროენერგიის მწარმოებელ ნაციონალურ კომპანიებში. ბაზარი უნდა გაიხსნას პირველ ჯერზე მსხვილი მომხმარებლებისთვის, რომლებიც მაღალი ძაბვის ქსელებს იყებენენ, თუ პროექტი წარმატებით განხორციელდება, ნელ-ნელა უკვე შევძლებთ ვისაუბროთ ქსელების ლიბერალიზაციაზე მცირე და საშუალო სიმძლავრის აბონონტებისთვისაც. თუმცა, ამაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა, ვიდრე ფიზიკურად რეგიონულ ბაზარს არ შევქმნით“, - განაცხადა არეგ გალუსტიანმა.
ბელა ნოზაძე