დევიდ ლი უცხოელ ბიზნესმენებს საქართველოში ინვესტირებისკენ მოუწოდებს
კომპანია „მაგთიკომის" პრეზიდენტმა დევიდ ლიმ თბილისში, მარტის ბოლოს გამართულ ფორუმზე, რომელიც ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხებს მიეძღვნა, უცხოელ ბიზნესმენებს საქართველოს სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების ჩადებისკენ მოუწოდა.
ლი მიიჩნევს, რომ სოფლის მეურნეობაში ინვესტირება მიმზიდველია იმ ძირითადი მიზეზის გამო, რომ ამ დარგს სახელმწიფო განვითარებაში კონკრეტული პროგრამებით ეხმარება. „წინა მთავრობამ ბევრი გააკეთა საქართველოში ბიზნესკლიმატის გასაუმჯობესებლად, მაგრამ სამწუხაროდ, არ შეუწყო ხელი სოფლის მეურნეობის განვითარებას. ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში სოფლის მეურნეობის განვითარების თვალსაზრისით ბევრი ნაბიჯი გადაიდგა, გამოიყო ფული და ხორცილდება კონკრეტული პროგრამები.
საქართველოში თქვენ დაგხვდებათ ორგანულად სუფთა, აბსოლუტურად მწვანე ლანდშაფტი. გაქვთ საშუალება, რომ დაიწყოთ სუფთა ფურცლიდან. ნებისმიერი სახის ინვესტიცია შეიძლება განხორციელდეს საქართველოში, მაგრამ ჯერ უნდა ვასწავლოთ ამ ხალხს, როგორ ვაკეთოთ ეს ყველაფერი, შემოვიტანოთ კონტროლის და ექსპერტიზის სისტემა, ახალი ტექნოლოგიები და ავაწყოთ დისტრიბუციის სისტემა,“ - განაცხადა დევიდ ლიმ ფორუმის მსვლელობისას.
მან ასევე მოუწოდა ინვესტორებს, რომ ისარგებლონ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს შესაძლებლობებით, სადაც გაწევრიანებული არიან წამყვანი კომპანიები: „ბორჯომი“, „სტატოილი“, სატელეკომუნიკაციო კომპანიები, „საქართველოს ბანკი“ და ა. შ.
„საბჭოს ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს. ის მუდმივად ეხმარება მსხვილ კომპანიებს", - განაცხადა "მაგთიკომის" პრეზიდენტმა.