სოფლის მეურნეობის სამინისტრო სურსათს უფრო გულმოდგინედ შეამოწმებს
სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია აცხადებს, რომ სურსათის შესამოწმებლად ინსპექტორების რაოდენობას აოთხმაგებს. „ვეტერინალურ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების კონტროლი დღეს სამწუხაროდ, პრობლემაა,“ - ამბობს მინისტრი.
შალვა ფიფია: ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ჩვენ გვაძლევს ევროკავშირის ბაზარზე შესვლის შესაძლებლობას. ეს ძალიან კარგია ქართველი მწარმოებლებისთვის. მითუმეტეს, რომ ჩვენ გვაქვს საკმაოდ კონკურენტუნარიანი და ხარისხიანი პროდუქცია, რომელიც გარკვეული პირობებით დღესაც გადის ევროკავშირის ბაზარზე. შეთანხმების ხელმოწერის შემდგომ ექსპორტის პირობები კიდევ უფრო უკეთესი გახდება. ფაქტობრივად, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი გავრცელდება თითქმის ყველა პროდუქტზე. ეს ქართველ მწარმოებელს მისცემს საშუალებას, რომ ხარისხიანი პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე დამატებითი საბაჟო ტარიფების გარეშე შეიტანოს.
- კონკრეტულად რომელ პროდუქტებზეა საუბარი?
- ჩვენ საკმაოდ მრავალფეროვან პროდუქციას ვაწარმოებთ. პირველ რიგში საუბარია ფიტოსანიტარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის, ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტზე. არაცხოველური წარმოშობის პროდუქციის ევროპის ბაზარზე შეტანა უფრო მარტივია, რადგან ის უფრო დაბალი რისკების შემცველია. ჩვენ გვაქვს დღეს შესაძლებლობა, რომ ამ პროდუქციამ შესაბამისი ლაბორატორიული კვლევები გაიაროს და ევროკავშირის ბაზარზე შევიდეს. შემდეგი ეტაპი ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ექსპორტი იქნება. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ევროკავშირის მოთხვონების სტანდარტით შემოწმება დღეს, სამწუხაროდ, პრობლემაა. სოფლის მეურნეობის ლაბორატორია, რომელმაც სულ ახლახანს მიიღო ანსის საერთაშორისო აკრედიტაცია, მესამე ლაბორატორიაა საქართველოში, რომელსაც ეს აკრედიტაცია გააჩნია. უახლოეს პერიოდში მათ ექნებათ საშუალება, რომ თაფლის შეამოწმონ იმ სტანდარტით, რომელსაც ევროკავშირი ითხოვს. ასევე ვმუშაობთ, რომ ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული სხვა პროდუქციაც შემოწმდეს ევროპული სტანდარტით, რათა ამ პროდუქტების ევროკავშირში გატანა არ შეფერხდეს.
სურსათის უვნებლობის კონტროლზე პასუხისმგებელია სურსათის ეროვნული სააგენტო. სამი ძირითადი მიმართულებაა ამ სააგენტოში – სურსათის, ფიტოსანიტარიის და ვეტერინარიის. ეს სამსახური ბოლო ათი წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, მხოლოდ ქაღალდზე არსებობდა. შედარებისთვის მოგიყვანთ რიცხვებს: ჩვენ შარშან ჩავატარეთ 2000–ზე მეტი ინსპექტირება. წელს დაიგეგმა 7500–ზე მეტი ინსპექტირება, 2012 წელს კი სულ 500 ინსპექტირება იყო ჩატარებული, აქედან 250 ნოემბერ–დეკემბერში ჩატარდა, ანუ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ. 2013 წელს ჩატარდა 3–ჯერ მეტი ინსპექტირება, ვიდრე წინა სამ წელს ერთად აღებული. ჩვენ ახლა მნიშვნელოვნად ვზრდით სამსახურს, ვაოთხმაგებთ ინსპექტორების რაოდენობას, რათა სურსათის უვნებლობის კუთხით ბიზნეს ოპერატორების მაქსიმალური რაოდენობა შევამოწმოთ.
- ფერმერების ინფორმირების კუთხით თუ გეგმავთ რამე კამპანიას?
– ფერმერების ინფორმირება სერიოზული პრობლემაა. სასოფლო–სამეურნეო კონსულტაცია ყველა განვითარებულ ქვეყანაში არსებობს. ზოგიერთ ქვეყანაში ის სოფლის მეურნეობის ნაწილი, ზოგგან კი საგანმანათლებლო სისტემის ნაწილი. აშშ–ში ასეთი მომსახურება უნივერსიტეტების ბაზებზე არსებობს. ისინი კონსულტაციებს აძლევენ ფერმერებს, მწარმოებლებსა და გადამამუშავებელი ინდუსტრიის წარმომადგენლებს. ჩვენ შარშან დავიწყეთ საკონსულტაციო ცენტრების შექმნა. ჩავატარეთ კონკურსი და 250–მდე აგრონომი დავიქირავეთ. საკონსულტაციო–საინფორმაციო ცენტრი ყველა რაიონში შეიქმნა. ცენტრს ორი ძირითადი მიმართულება აქვს: ადგილებზე პირველადი სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვება და კონსულტირება. ახლა ჩვენ ვმუშაობ USAID–თან და USDA-სთან ერთად იმისთვის, რომ ცენტრებში დასაქმებულმა აგრონომებმა შეძლონ მათი ცოდნის პრაქტიკულ დონეზე გადაცემა. ცენტრში მისვლა და მისთვის სასურველი კონსულტაციის მიღება ნებისმიერ ფერმერს შეუძლია.
პ.ს. საკონსულტაციო ცენტრებში იმ ფერმერებს და გლეხებს, რომლებსაც რომელიმე სახეობის ხილის ან ბოსტნეულის ევროპულ ბაზარზე გატანა სურთ, უფასოდ მოემსახურებიან. აგრონომები ე.წ. EU Help Desk-ზე მათ დეტალურად აუხსნიან, თუ რა მოთხოვნები აქვს ევროკავშირს და როგორ უნდა შეძლონ მათ ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება.