კანონი სურსათის მცირე მწარამოებლებს შეღავათებს უწესებს
საქართველოს კანონმდებლობით გლეხის ან ოჯახური წარმოების მიერ სურსათის წარმოებაზე სახელმწიფო კონტროლი გათვალისწინებული არ არის. ამ შემთხვევაში მონიტორინგს არც პირველადი და არც გადამუშავებული პროდუქტი არ ექვემდებარება.
საქართველოს კანონმდებლობით პირველადი წარმოება არის პროცესი, რომელიც მოიცავს მცენარის მოყვანას, მოსავლის აღების, ნაყოფის კრეფის ჩათვლით, ცხოველის გაზრდას, მოშენებას დაკვლამდე, აგრეთვე რძის წველას. პირველადი წარმოება ასევე მოიცავს ნადირობას, თევზჭერას და ველური მცენარეების შეგროვებას.
გადამუშავება წარმოადგენს პროცესს, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის პირველად პროდუქტს, მათ შორის, გაცხელება, შებოლვა, დაკონსერვება, გამოშრობა, დამარილება, გამოწურვა ან ამ პროცესთა ნებისმიერი კომბინაცია.
ოჯახურ წარმოებას სახელმწიფო კონტროლი მაშინ არ ეხება, როდესაც სურსათის წარმოება არაორგანიზებულად ან პირადი მიზნებისთვის ხორციელდება.
„არაორგანიზებულად ნიშნავს, რომ პირი მცირე რაოდენობით ადგილობრივი ბაზრისთვის ამზადებს სურსათს, ანუ ის არ არის დარეგისტრირებული მეწარმედ, მას არ აქვს არანაირი საგახასახადო ვალდებულება, ანუ, ასე ვთქვათ, თავის ოჯახურ პირობებში მცირე რაოდენობით ამზადებს სხვადასხვა სურსათს, როგორც გლეხურ ოჯახებში არის, ცოტა ყველს ამზადებენ, მაწონს აკეთებენ და ა. შ. სიტყვა „არაორგანიზებულად“ კანონში ნათლად არ არის გაშიფრული“, - აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსი კახა სოხაძე.
მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკური პირები სურსათის მცირე რაოდენობით წარმოებისას სურსათის უვნებლობის მაღალი სტანდარტების დაცვის თავალსაზრისით კანონის მოთხოვნებისგან თავისუფლდებიან, შესაძლოა რომ მათ პროდუქციის რეალიზაციის დროს სურსათის უვნებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი დასჭირდეთ.
„ფიზიკურ პირს და ოჯახურ წარმოებას , რომელიც სამომხმარებლო ბაზარზე განათავსებს ყველსა თუ სხვა პროდუქტს, ამ უფლებას ვერაფერი უზღუდავს . თუმცა მარკეტს და აგრარული ბაზრობას, რომელიც ამ სურსათს გლეხებისგან ყიდულობს და რეალიზაციას უკეთებს, აქვს ვალდებულება, რომ მომხმარებელს უვნებელი სურსათი მიაწოდოს. პირობითად მარკეტს შეუძლია, რომ პროდუქციის მიღებისას ლაბორატორიული კვლევის ოქმი მოითხოვოს ან თვითონ გამოიკვლიოს სურსათის უვნებლობა. მარკეტს ასევე შეუძლია, რომ მომმარაგებლებთან, გაწიოს შესაბამისი მუშაობა, ასწავლოს ელემენტარული ჰიგიენის წესები, რომელსაც დაიცავენ და უვნებელ სურსათს დაამზადებენ. ასეთი ურთიერთობების ევროპული მოდელიც არსებობს და სხვა ბევრ ქვეყანაშიც ასე ხდება. რეალიზატორები მომწოდებლებს უნერგავენ წარმოების სისტემას და გარკვეულ უნარჩვევებს ასწავლიან“, - ახადებს კახა სოხაძე.
ალექსანდრე გულბანს თეთრიწყაროს რაიონში ყველის ოჯახური წარმოება აქვს. ის ამბობს, რომ თავის ნაწარმის რეალიზაციისას ლაბორატორიულად გამოკვლევა არსდროს დასჭირვებია: „ჩვენ მცირე ოჯახური წარმოება გვაქვს, კერძოდ საქონლის ფერმა და ყველს ვყიდით აგრარულ ბაზარზე. დიდ ყურადღებას ვაქცევთ საქონლის ვაქცინაციას და არა მგონია, რომ ჯანმრთელი პირუტყვისგან ცუდი პროდუქტი მივიღოთ. ჩვენთვის არასოდეს მოუთხოვიათ ჩვენი ნაწარმის ლაბორატორიულად შემოწმება . მაგრამ თუ ეს საჭირო გახდება ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ, რადაგან ჯანსაღი ყველის წარმოება ჩვენს ინტერესებში შედის. მგონია, რომ ლაბორატორიულად გამოკვლეულ ყველს უფრო კარგი ფასი დაედება და უფრო სანდოც იქნება. თუმცა კვლევის ღირებულების შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს“.
„შპს მულტიტესტი“ ერთ-ერთი მრავალპროფილიანი ლაბორატორიაა, რომელსაც სურსათის მიკრობიოლოგიური და ქიმიური ანალიზის სერვისი აქვს. მაგალითად ყველის მიკრობიოლოგიური კვლევა 150 ლარი ღირს, ხოლო ქიმიური ანალიზის ღირებულება 200 ლარს შეადგენს. მულტიტესტის ადმინისტრაცის განცხადებით, ფერმერები უმეტესწილად სურსათის მიკრობიოლოგიურ კლევას უკვეთავენ, რადგან სრული კვლევის ჩატარების აუცილებლობა ყოველთვის არ დგას.
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი ფიზიკური პირებისა და საოჯახო წარმოების გარდა შეღავათიან პირობებს სხვა მეწარმეებსაც სთავაზობს. საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის დანერგვის ნაცვლად სურსათის ჰიგიენის გამარტივებული წესი ვრცელდება სურსათის მწარმოებელ მცირე ბიზნესის სტატუსის საწარმოებზე (წლიური ბრუნვა არა უმეტეს 200 ათასი ლარი), ასევე იმ საწარმოებზე, რომლებიც მაღალმთიან რეგიონში აწარმოებენ სურსათს ან სურსათის წარმოების ტრადიციულ მეთოდებს იყენებენ.
ჰიგიენის გამარტივებული წესები ამ ტიპის მეწარმეებისგან სურსათის უვნებლობის უზრუნველსაყოფად მინიმალურ მოთხოვნებს აყენებს, რაც ძირითადად საწარმოო პროცესის სუფთა გარემოში წარმართვასა და უვნებელი ნედლეულით წარმოებას გულისხმობს.
იმ მეწარმეებს, რომელებსაც ჰიგიენის გამარტივებული წესების დაცვა მოეთხოვებათ, შესაბამისობის სერტიფიკატის აღებაც სჭირდებათ. სერტიფიკატის მინიჭების გადაწყვეტილებას სახელმწიფო კონტროლის შედეგების მიხედვით სურსათის ეროვნული სააგენტო იღებს. სააგენტოს წარმომადგენლები მაღალი რისკის შემცველ ცხოველური სურსათის მწარმოებელ საწარმოებს საჭიროების შემთხვევაში ყოველ წელს შეამოწმებენ.
ზურაბ მოდებაძე