პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ნიადაგის კვლევის ტარიფებზე მცდარი ინფორმაცია გააჟღერა
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ახალ პროგრამაზე „დანერგე მომავალი“ განაცხადებების მიღება მიმდინარეობს. პროექტი მრავალწლიანი ბაღების გაშენებასა და სანერგე მეურნეობის მოწყობაში დახმარებას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში 40-მდე სანერგის შექმნა და 1200 ჰა-მდე ბაღის გაშენება იგეგმება. დაფინანსების მისაღებად ერთ-ერთი მოთხოვნა ნიადაგის ლაბორატორიული კვლევის ჩატარებაა. პროგრამის პირობების თანახმად, მეწარმეებს, რომლებიც დაფინანსებას ვერ მოიპოვებენ, ნიადაგის კვლევისთვის გაწეული ხარჯი არ აუნაზღაურდებათ.
მექანიკური შედგენილობა, ჰუმუსი, აზოტი, ფოსფორი, კალიუმი, კათიონების კომპლექსი, Ph-ის დონე, კარბონატობა, EC - მარილიანობა - ეს ნიადაგის ის 9 მახასიათებელია, რომლის ანალიზი პოტენციურ ბენეფიციარებს მოეთხოვებათ. ნიადაგის სინჯების აღება აუცილებლად ლაბორატორიის თანამშრომლის მიერ უნდა განხორციელდეს.
საქართველოს მასშტაბით ნიადაგის სინჯებს სულ 3 ლაბორატორია აკეთებს. ესენია: ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკური ცენტრი „ანასეული“, მულტიტესტი -კვების პროდუქტების, ნიადაგის წიაღისეულის გამოცდის ქიმიური ლაბორატორია და ჰაინც ფერის სახელობის ეკოლოგიური სოფლის მეურნეობის და ბუნების დაცვის ლაბორატორია, რომელიც საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის საერთო - საუნივერსიტეტო ლაბორატორიული ცენტრის შემადგენლობაშია.
გუშინ ტელეკომპანია „მაესტროს“ პირდაპირ ეთერში სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, არჩილ ბუკიამ განაცხადა, რომ ნიადაგის კვლევა იაფია და პროექტს გარეთ დარჩენილ ფერმერებს მიწის ლაბორატორიული კვლევის ხარჯები არ აუნაზღაურდებათ: „მიწის ანალიზი არ ღირს ძვირი დაახლოებით 30-50 ლარის ფარგლებშია. გვაქვს გამოქვეყნებული ჩამონათვალი თუ რას უნდა შეიცავდეს ეს ანალიზი. ასევ გვაქვს გამოქვეყნებული იმ სამი ლაბორატორიის მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია, სადაც შეუძლიათ, რომ მიწის ანალიზი ჩაატარონ. ვინც ჩვენი ბენეფიციარი გახდება მხოლოდ იმათ ავუნაზღაურებთ ნიადაგის კვლევის ხარჯებს, უბრალოდ ჩვენ ყველასთვის რომ აგვენაზღაურებინა, ძალიან შორს წავიდოდით, ამისთვის უკვე ბიუჯეტი აღარ არის განსაზღვრული“.
eugeorgia.info-მ ნიადაგის კვლევის ტარიფები „დანერგე მომავლის“ პროგრამაში ჩართულ სამივე ლაბორატორიაში გადაამოწმა.
„პროგრამის მიხედვით, „დანერგე მომავალი“ სინჯის აღებისას აგრო-ქიმიკოსის დასწრება სავალდებულოა და პაკეტის სრული ღირებულება 373 ლარსა და 20 თეთრს შეადგენს “, - აცხადებენ მულტიტესტში.
„ჩვენთან ადგილზე მოტანილი 1 ნიმუშის გამოკვლევის ღირებულება არის 100 ლარი და ამას, რასაკვირველია, ემატება აგრო-ქიმიკოსის ტრანსპორტირების ხარჯი“, - გვითხრეს ლაბორატორია „ანასეულის“ წარმომადგენლებმა.
„ერთი სინჯი 164 ლარი ღირს, მაგრამ თუ 2 სინჯი დაგჭირდებათ, თანხა გაორმაგდება. მაგალითად, ერთწლიანი კულტურების მოყვანისთვის, ორი სინჯი არის საჭირო იმისთვის, რომ შეაფასო ნიადაგის ზედა და ქვედა ფენა, ნიადაგის ნაყოფიერება, სასუქის ნორმა რომ იანგარიშო. სამწლიანი კულტურისთვის რეკომენდირებულია 3 სინჯი, რომელიც სამჯერ 164 ლარი ეღირება. 1 სინჯი ვერ გვაძლევს რეალურ შედეგს, რადგან კარგი ზედა ფენის ქვეშ შესაძლოა კირქვა ან თიხა იყოს. სინჯების ჩაბარებიდან 15 დღეში იქნება პასუხები, 3 დღე უნდა ნიადაგის გაშრობას და 12 დღე უშუალოდ კვლევას სჭირდება. ნიადაგის შესაბამისი თითო კულტურის შერჩევა და რეკომენდაცია 50 ლარი ღირს“, - აცხადებენ ჰაინც ფერის ლაბორატორიაში.
ნიადაგის ლაბორატორიული კვლევის ტარიფებზე არჩილ ბუკიას მიერ მცდარი ინფორმაციის გაჟღერების მიზეზების გასარკვევად eugeorgia.info პროექტების მართვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა, თუმცა არჩილ ბუკიასთან ინტერვიუს ჩაწერა ვერ მოხერხდა და მის მაგივრად ჩვენთან კომენტარი პროგრამა „დანერგე მომავლის“ მენეჯერმა ლევან დოლიძემ გააკეთა: „რატომ დაასახელა ეს თანხა არჩილ ბუკიამ ვერ გეტყვით, ეს შეკითხვა ჯობია მას დაუსვათ. მე კონკრეტულად არ ვიცი რა ჯდება ნიადაგის კვლევა. ჩვენ ტარიფები გამოქვეყნებული არ გვაქვს. ფასებში და ასორტიმენტში არ ვერევით, ჩვენ უბრალოდ ჩვენს პროექტში მოხვედრისთვის სხვადასხვა სამუშაობის შესასრულებლად და საბუთების შესაგროვებლად რეკომენდაციას ვაძლევთ. ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია რატომ არის განსხავავებული თქვენს მიერ მოძიებული და ბატონი ბუკიას მიერ დასახელებული ციფრები.“
„დანერგე მომავლის“ ბიუჯეტი 15 მილიონი ლარია და პროგრამა 2016 წლის გაზაფხულის ჩათვლით გაგრძელდება. განაცხადების მიღება 6 მარტიდან დაიწყო და როგორც პროექტის მენეჯერი აცხადებს, უახლოეს დღეებში პირველი 10 ბენეფიციარიც ეყოლებათ. ამ ეტაპზე პროექტში მონაწილეობის ინტერესი 480 ადამიანმა გამოხატა. დაფინანსების მოსაპოვებლად კანდიდატი მინიმუმ 5 და მაქსიმუმ 20 ჰექტარ მიწას უნდა ფლობდეს საკუთრების უფლებით, ხოლო იჯარით კი - არანაკლებ 10 წლის ვადით. მცირემიწიანი რეგიონებისთვის გამონაკლისი არსებობს და დაფინანსების მოსაპოვენლად 1 ჰა-იც საკმარისია. 1 ჰა-ის მფლობელ ფერმერებს თანადაფინანსების მოპოვება შემდეგი რეგიონებიდან შეუძლიათ:
აჭარა - ქობულეთი, ხულო, ქედა, ხელვაჩაური, შუახევი.
გურია - ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური.
იმერეთი - ბაღდათი, ვანი, ზესტაფონი, თერჯოლა, სამტრედია, საჩხერე, ტყიბული, ხარაგაული, ხონი.
მცხეთა-მთიანეთი - თიანეთი, ყაზბეგი.
რაჭა- ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი - ამბროლაური, ონი, ცაგერი, ლენტეხი.
სამცხე-ჯავახეთი - ახალციხე, ადიგენი, ბორჯომი.
სამეგრელო ზემო სვანეთი - წალენჯიხა, მარტვილი, მესტია, ჩხოროწყუ.
ერთ ბენეფიციარზე ხეხილის ბაღის გასაშენებლად მაქსიმუმ 100 ათასი, ხოლო სანერგე მეურნეობის მოსაწყობად არაუმეტეს 150 ათასი ლარი გაიცემა. ბაღების კომპონენტში სააგენტოს თანადაფინასება 70%, სანერგეების კომპონენტში კი 50%-ია.
ზურაბ მოდებაძე