საქართველოში ვაშლი ისევ მოდაშია, ვინ ეტყვის ქართველ ფერმერებს რა არის მოდაში ევროპაში?
"დანერგე მომავალი" ვაშლის მწარმოებლებს იზიდავს"-ევროპაში მოთხოვნად კულტურაზე მოთხოვნა ნაკლებია
“ბანკისთვის მთავარია მოგება. არა აქვს მნიშვნელობა სტანდარტი როგორი იქნება, მაღალი ხარისხი არ ნიშნავს მოგებას."-"შეღავათიანი აგროკრედიტის" პროგრამა თანამედროვე სტანდარტებზე აქცენტს არ აკეთებს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამის “დანერგე მომავალი” ფარგლებში, ყველაზე დიდი მოთხოვნა ვაშლის ბაღების გაშენებაზეა. პროექტი სანერგე მეურნეობების შექმნასთან ერთად, მრავალწლიანი კულტურების ბაღების გაშენების თანადაფინანსებას ითვალისწინებს. დღეს სამინისტრო სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშესაწყობად კიდევ რამდენიმე პროექტს ახორციელებს. ჩვენ დავინტერესდით, რა კვლევებზე დაყრდნობით მუშავდება აგრარული პროექტები და რა კავშირია ტრადიციული კულტურების წახალისებას, ბაზრის გახსნასა და წარმოების ეფექტურობის ზრდას შორის.
უკვე მესამე წელია პროექტის “შეღავათიანი აგროკრედიტი” ფარგლებში მეწარმეები გრძელვადიანი და დაბალპროცენტიანი სესხებით სარგებლობენ. დღევანდელი მონაცემებით, გაცემულია 800 მილიონი ლარის კრედიტი.
“რისკების შემცირებით ბანკებმა შეძლეს მათ ხელში არსებული 800 მილიონი ლარის რესურსის მაღალრისკიან სფეროში შედარებით დაბალ რისკად დაბანდება. მეორე მხრივ, აგრომეწარმეებმა დაიკმაყოფილეს მოთხოვნა გრძელვადიან და დაბალპროცენტიან ურისკო კაპიტალზე, ურისკო იმიტომ, რომ 50% მეორად უზრუნველყოფას ჩვენ ვაკეთებთ. პროექტის მიზანიც ეს იყო, რომ სესხი გამხდარიყო შეღავათიანი და არ ვამბობთ, რომ ყველა პრობლემა მოვაგვარეთ. “-ამბობს პროექტის მენეჯერი ირაკლი მოისწრაფიშვილი.
ერთ-ერთი წარმატებული მეწარმე, რომელმაც უკვე ორჯერ ისარგებლა შეღავათიანი აგროკრედიტით, დიმიტრი ალექსიძეა. ალექსიძე შ.პ.ს “ქართული ნატურალური პროდუქტები” და “ქართული ნატურალური პროდუქტები-ნეკრესი” თანადამფუძნებელია. კომპანიებს ყვარელში 100 ჰექტარამდე თხილის ბაღი აქვს, რომელიც საკუთარი რესურსებით 2011-2012 წლებში გააშენეს. აგროკრედიტი, თავადპირველად, ბაღის გასაფართოებლად, მეორედ კი წვეთოვანი სისტემის დასამონტაჟებლად აიღო. ალექსიძე ადგილობრივი ბაზრით დაკმაყოფილებას არ აპირებს და საკუთარი პროდუქტის ევროპის ბაზარზე გასატანად ემზადება.
“წელს პირველ მოსავალს ავიღებთ. გაფართოების მიზნით ისევ გამოვიტანეთ აგროკრედიტი, 26 ჰა-ზე ახალი ბაღი გავაშენეთ. როდესაც თხილი მოგვცემს საკმარის ოდენობას თანხების რეინვესტირებისთვის, დაახლოებით 2 წელიწადში, პატარა საწარმოს გახსნასაც ვგეგმავთ. გვინდა თხილი პირდაპირ გავიტანოთ მომხმარებელთან, იქნება ეს ევროკავშირის წევრი თუ არაწევრი ქვეყანა. აუცილებლად ექსპორტზე ვაპირებთ მუშაობას და ბაღიც ევროპული სტანდარტებით გვაქვს გაშენებული.” -ამბობს ალექსიძე
გაცემული აგროკრედიტების რაოდენობით, მემცენარეობა მესამე ადგილს იკავებს. ფერმერი თავად წყვეტს რომელ კულტურას გააშენებს, ასევე რა ტექნოლოგიასა და მეთოდებს აირჩევს, მთავარია, ბანკის დარწმუნება, რომ პროექტი იქნება მომგებიანი, რაც ამ შემთხვევაში, შეიძლება, არ იყოს დამოკიდებული პროდუქციის მაღალ ხარისხსა და თანამედროვე სტანდარტებით მოყვანასთან.
“ბანკისთვის მთავარია მოგება. არა აქვს მნიშვნელობა სტანდარტი როგორი იქნება, მაღალი ხარისხი არ ნიშნავს მოგებას. ჩვენი ჩარევა კი ხდება მხოლოდ მონიტორინგის კუთხით, რომ არ მოხდეს არასწორი გაცემა, არ დაჩაგრონ კლიენტი, და მეორე, მეწარმეებს ვამოწმებთ, რომ არ აითვისონ არამიზნობრივად ბანკის მიერ გაცემული სესხი ჩვენი პროექტის ფარგლებში” - ამბობს ირაკლი მოისწრაფიშვილი.
სტადარტს და ხარისხს მაღალს ითხოვენ ევროკავშირის ბაზარზე. იმისათვის რომ საქართველოში წარმოებული ხილი ევროპის სავაჭრო ქსელებში მოხვდეს ე.წ. GLOBAL GAP-ის სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს-დაწყებული ნიადაგის შერჩევით, პროდუქტის შეფუთვით დამთავრებული. ევროპაში დიდ ყურადღებას აქცევენ როგორ უნდა დაგეგმოს ფერმერმა ნათესები სწორად, როგორ უნდა მოიხმაროს პესტიციდები და რა საშუალებები უნდა ჰქონდეს ჰიგიენის დასაცავად.
თანამედროვე სტანდარტებით ბაღების გაშენებას ითვალისწინებს კიდევ ერთი აგრარული პროგრამა “დანერგე მომავალი”. “შეღავათიანი აგროკრედიტისგან” განსხვავებით აქ განსაზღვრულია დასაფინანსებელი კულტურები და რეგიონები. პროგრამის მიზანი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების ეფექტურობის გაზრდასთან ერთად, იმპორტის ჩანაცვლების ხელშეწყობა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდაა.
“აღნიშნული კულტურების ჩამონათვალი შემუშავებულია სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან ერთად, რეგიონების მიხედვით და ძირითადად, ეფუძნება ისტორიულ გამოცდილებასა და პრაქტიკას, რაც არსებობს კონკრეტული კულტურების კონკრეტულ რეგიონში მოყვანასთან დაკავშირებით- ისტორიული წარსულიდან გამომდინარე სად უფრო მიზანშეწონილია, რომ უფრო მაღალი წარმადობა ჰქონდეს.“- ამბობს პროექტის მენეჯერი ლევან დოლიძე.
“ორი მიმართულებაა: ერთია, მარკეტინგული- მოთხოვნა-მიწოდების პრინციპი, მეორე-სამეცნიერო. სამეცნიერო-კვლევით ცენტრს ვაკეთებინებთ კონკრეტულ ანალიზს კონკრეტულ ნაკვეთებზე. მეორე მხრივ, ვიკვლევთ სად რა მოთხოვნებია და სად რა პროდუქტი გაიყიდება, რამდენია იმპორტჩანაცვლების პოტენციალი. ჩვენ ისეთ მდგომარეობაში ვართ, რომ საკმაოდ დიდია ყველა მიმართულებით სამუშაო. იმპორტის ჩანაცვლებაც საკმაოდ მოცულობითია და საექსპორტოდაც დიდი პოტენციალი გვაქვს. შედეგს უცბად ვერ დავდებთ, მთავარია პროცესი სისტემურად დალაგებული გვაქვს და მიმდინარეობს კვლევა, მიმდინარეობს პერიოდულად ისეთი სიახლების შემოტანა, როგორიცაა პროგრამა “დანერგე მომავლი”- აცხადებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი.
ერთ-ერთ ყველაზე წახალისებულ კულტურად ისევ ვაშლი რჩება. როგორც სოფლის-მეურნეობის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, ამ მიმართულებით პირველ რიგში იმპორტის ჩანაცვლებასა და ძველი სახეობების განახლებაზე უნდა იზრუნონ.
“დანერგე მომავალი” პროექტის ფარგლებში ძირითადი მოთხოვნაა ვაშლის ბაღების გაშენებაზე, შესაბამისად, რეგიონებიდან აქტიურობს შიდა ქართლი, ამ დროისათვის 2 განაცხადი გვაქვს შიდა ქართლიდან. დაახლოებით, 5-6 ბენეფიციარი საბუთების შეგროვების პროცესშია და სავარაუდოდ, მოასწრებენ საგაზაფხულო სამუშაოებზე ბაღების გაშენებას. “-ამბობს პროექტის მენეჯერი ლევან დოლიძე.
ევროსტატის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებში 2014 წელს წინა წელთან შედარებით ვაშლის წარმოებაში დაახლოებით 9%-იანი ზრდაა. ნაკლებია მსხლის, თხილის, კაკლის, ბროწეულისა და ნუშის წარმოების მაჩვენებელი. პროგრამის “დანერგე მომავალი” ფარგლებში შედგენილი კულტურების სიაში მსხალი არ შედის, ბროწეული და ნუში კახეთისა და ქვემო ქართლისთვის არის გამოყოფილი, კაკალი სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიასა და აჭარის გარდა ყველა რეგიონში დაფინანსდება. თხილის ბაღების გაშენება კი პროექტის ფარგლებში იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის-ქვემო სვანეთის, გურიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებშია შესაძლებელი.
ვახტანგ ბალარჯიშვილი ერთ-ერთია, ვისაც თხილის ბაღის გაშენება უნდა ყვარელში, თუმცა პროექტის ფარგლებში კახეთის რეგიონისთვის გამოყოფილ კულტურებს შორის თხილი არ არის გათვალისწინებული.
“თხილი მინდა, იმიტომ რომ ნაკლებად შრომატევადია, მაქვს 40-მდე ძირი და ვიცი როგორ მოვუარო. მაგალითად, ზეითუნის გაშენების არაფერი გამეგება, ტრენინგებს ჩაგიტარებთო და მცალია ახლა მე ტრენინგებზე სასიარულოდ?! შიდა ბაზარი თხილით ისედაც გაჯერებულია და მათთვის რა მნიშვნელობა აქვს თხილი მეტი გავა საზღვარგარეთ თუ ატამი?! ატამს სერიოზული მოვლა უნდა, შეწამვლები, რისკი მეტია რომ დაისეტყვოს და მოსავალი გაფუჭდეს.” -ამბობს ვახტანგ ბალარჯიშვილი.
მეწარმე დიმიტრი ალექსიძე ადგილობრივი და ევროპის ბაზრის საკუთარი მარკეტინგული კვლევის საფუძველზე გვეუბნება, რომ “დანერგე მომავალი” პროექტის დახმარებით შემოდგომისთვის კაკლის ან ბროწეულის ბაღების გაშენების სურვილი აქვს.
“კაკლის ბაღები მასიურად არ არის გაშენებული, არადა შიდა მოხმარება ძალიან დიდია, სამზარეულოს ასორტიმენტიდან გამომდინარე და სულ იმპორტზე მოდის ნიგოზი, 7-8 წელიწადში უნდა იყოს ისეთი ბაღები, რომ ადგილობრივ წარმოებას აკმაყოფილებდეს, რატომ უნდა შემოდიოდეს სხვა ქვეყნებიდან, ქართული ძალიან მაღალი ხარისხისაა”-ამბობს ალექსიძე.
ბაღების გაშენებისთვის ნერგის შეძენა ფერმერებს შეუძლიათ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შერჩეულ ადგილობრივ კვალიფიციურ სანერგე მეურნეობებში. ერთ-ერთი სანერგე მეურნეობა, რომელიც პროექტში მონაწილეობს “ნიქოზია”, სადაც ძირითადად, კაკლის, ამერიკული ნუშის ჯიშებისა და ნამყენი შინდის ნერგები მოყავთ. კოოპერატივის დირექტორი გიორგი მჭედლიძე eugeorgia.info-სთან საუბარში აცხადებს, რომ დიდი მოთხოვნაა კაკლის ნერგებზე, თუმცა თავად მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის უფრო მომგებიანი იქნება ნუშისა და შინდის გაშენება, ფერმერებს კი არა აქვთ ინფორმაცია რა პოტენციალი არსებობს უცხოურ ბაზარზე.
“იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიოში ნუშის დეფიციტია, კარგი იქნება თურქების ანალოგი ანუ მასიურად, რომ გაგვეშენებინა ნუშის ბაღები. ნუშის დეფიციტია მსოფლიო ბაზარზე, შინდი კი ის პროდუქტია, რომელსაც მხოლოდ საქართველო აწარმოებს- ნამყენი შინდი. ჩვენ ამით შეგვიძლია სოფლის მეურნეობა გავაძლიეროთ და მსოფლიო ბაზარზე ფეხი მოვიკიდოთ.-ამბობს მჭედლიძე
“ახლა გასაყიდი აღარაფერი გვაქვს, შემოდგომისთვის კაკლის ჩათვლით გვექნება ყველაფერი” -აცხადებს კოოპერატივ “ძევერას” დირექტორი რამაზ გიორგობიანი, რომელსაც სანერგე მეურნეობა გორის რაიონის სოფელ ძევერაში აქვს. “ნაწილი თურქეთიდან შემოგვაქვს, ნაწილს ჩვენ ვაწარმოებთ. ძირითადად, ვაწარმოებთ ვაშლს, მსხალს, ბალსა და ქლიავს. ახლა ყველა კითხულობს კაკალს, მოვლა არ უნდა და მარტივად ცდილობენ გამოსვლას, ქლიავზეცაა მოთხოვნა, რომელიც უპერსპექტივოა, ყველა ქვეყანაში მოდის. ცოდნის დაბალი დონეა, ხალხი უყურებს არა იმას, რომ მაღალპროდუქტიული რამე შექმნას, არამედ ნაკლები იმუშაოს და ძვირად გაყიდოს.” -ამბობს გიორგობიანი
აგრარულ სექტორში დასაქმებულთა კონკურენტუნარიანობის ამაღლება სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2015-2020 წლების სტრატეგიაში ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებადაა დასახელებული. სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ საქართველოში მოხმარებული სურსათის დიდი ნაწილი იმპორტირებულია, მაშინ როდესაც ქვეყანას შეუძლია გარკვეული სახის პროდუქციით არამხოლოდ შიდა ბაზრის მოთხოვნა დააკმაყოფილოს, არამედ გახდეს აგრარული პროდუქციის ნეტოექსპორტიორი. სტრატეგიაში ასევე საუბარია, რომ მოხდება პოტენციური ბაზრების შესწავლა, მიზნობრივ საექსპორტო ბაზარზე არსებული მოთხოვნის კვლევა და ანალიზი. სოფლის მეურნეობის სამინისტროს კვლევა და ანალიზი ჯერ არ დაუსრულებია. შეკითხვაზე -მემცენარეობის დარგში რომელი კულტურები და რა რაოდენობითაა საჭირო ადგილობრივი ბაზარის დასაკმაყოფილებად და საექსპორტო პოტენციალის გასაზრდელად-სამინისტროში გვიპასუხეს, რომ ეს არის მუდმივი დაკვირვებისა და კვლევის პროცესი.
მაიკო გაბულდანი