გარდაუვალი ისლამური რადიკალიზაციის ტალღები, რომელსაც კარგი "მომსახურება" სჭირდება

გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს დიმიტრი მანჯავიძესთან, რომელიც არის ერაყში, კერძოდ, ბაღდადსა და ერბილში გაეროს ოფისის საარჩევნო მისიის უფროსი ოფიცერი. დიმიტრი მანჯავიძე მოგვითხრობს ISIS-ის წარმოშობის ისტორიაზე, კონფესიურ ომებზე, რომლებიც სულ უფრო მძლავრად ვითარდება ახლო აღმოსავლეთის ნაწილში და იმ საფრთხეებზე, რომელიც ემუქრება ახალომდებარე რეგიონებს.
- რატომ გაჩნდა ISIS?
- მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ისლამურ სამყაროში ძალიან დიდი ცვლილებები მოხდა: მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა თავისი არსით, პრინციპში, სოციალისტური რეჟიმები, მათ შორის ერაყსა და სირიაში, იგივე ეს ბაასისტური რეჟიმები, სოციალისტურ პრინციპებზე დაფუძნებული სეკულარული ტიპის რეჟიმები იყვნენ. ასეთივე სეკულარული იყო ეგვიპტეც, რომელსაც დიდი ფუნქციაც ჰქონდა, ერთი მხრივ, ისრაელის შემაკავებელი და, მეორე მხრივ, დასავლეთის პარტნიორიც, ამასთან იყო საბჭოთა კავშირთან ბუფერის ფუნქციის შემსრულებელი. მაღრიბი, ტუნისი, მაროკო, ალჟირი, ძალიან ტრადიციული საზოგადოებები იყო, მათაც ასევე შეითვისეს ეს იდეოლოგია, რომელიც თავისი შინაარსით იყო სეკულარული, ან ცდილობდა, რომ ასეთ პრინციპებზე ყოფილიყო დაფუძნებული.
სპარსეთის ყურეში პირველმა ომმა 90 - იან წლებში და მითუმეტეს, სსრკ-ს დაშლამ, ახლო აღმოსავლეთში, დაპირისპირების თვალსაზრისით, პრინციპულად არაფერი შეცვალა. იმის მიუხედავად, რომ ისრაელი კიდევ უფრო გაძლიერდა და პალესტინას სახელმწიფოდ ჩამოყალიბების უკეთესი პერსპექტივები გაუჩნდა, მაგრამ არავითარი გარღვევა კონფლიქტის მოგვარებაში არ მომხდარა. კიდევ ერთი ძალიან საინტერესო რამ, რაც რატომღაც ყველას ავიწყდება - ირანი ჯერ კიდევ 1978 წლიდან ვითარდებოდა, როგორც ისლამური სახელმწიფო - ერთადერთი დეკლარირებულად ისლამური სახლმწიფო ისლამის რელიგიის გავრცელების არეალში. ამ პერიოდში ხომეინის, შემდგომ, ხამენეის და მოლებისა და ადგილობრივი პლუტოკრატიის სავაჭრო კაპიტალის ინტერესებმა ასეთი ტიპის სახელმწიფოს საშუალება მისცა ყველაფრისთვის გაეძლო. ერთი სიტყვით, ისლამური სახელმწიფოს წარმატების მაგალითი უკვე "ჩასმული" იყო ახლო აღმოსავლეთის მომავალ სცენარებში.
ამ პერიოდში ხდება სოციალისტური იდეის დაკნინება ახლო აღმოსავლეთში, განსაკუთრებით 90- იანი წლების მეორე ნახევარსა და 2000-იანების დასაწყისში, რასაც დაემატა გარე ძალების მხრიდან ძალიან ძლიერი შეტევები: 2003 წელს ამერიკელების შესვლა ერაყში და 2011 წლის “არაბული გაზაფხული”, რომელმაც არაბულ სამყაროში სეკულარული სახელმწიფოების წარმატებას წერტილი დაუსვა, რადგან ყველა მათგანი ჩამოიშალა. ერაყი ჩამოშალა ამერიკამ, რომლებმაც შიიტების კონფესიური სექტანტური მთავრობა დაამკვიდრეს. რატომ? იმიტომ, რომ სადამ ჰუსეინი იყო სუნიტი დიქტატორი და შიიტური უმრავლესობის უფლებების აღდგენა დემოკრატიის მეშვეობით პრობლემის გადაწყვეტის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი გახდა. შემდგომში, ამ ტალღამ გამჭოლად სირიასაც დაარტყა, რომელიც კონფესიური ქვეყანაა, და რომელიც დღესაც იმართება ბაშარ ასადის ბაასისტური რეჟიმის მიერ. ბაშარი და მამამისი ჰაფეს ასადი, ორივე სოციალისტური საბურველის მატარებელი სახელმწიფოს მმართველები არიან. ამ სეკულარული რეჟიმის დაცემაზე იმუშავა მთელმა დასავლეთმა. ეს ცალკე კვლევის საკითხია, თუ რატომ მოხდა ასე. სირია დარჩა ბოლო გამაგრებული წერტილი, იმის მიუხედავად, რომ დაკარგა ტერიტორიები, უმართავი პროცესები დაიწყო ალეპოსა და პროვინციებში, დამასკო და ცენტრალური ნაწილი მაინც შეინარჩუნა, მაგრამ ისევ კონფესიურ პლაცდარმზე დაყრდნობით, იმიტომ რომ ალავიტები, რომლებიც რეჟიმის საფუძველს წარმოადგენდნენ, არიან შიიტები და სექტანტური ფაქტორი სირიის მოვლენებში ერაყის მსგავსად გადამწყვეტი აღმოჩნდა.
ამის პარალელურად, მოხდა გადატრიალება ეგვიპტეში, დემოკრატიული პროცესი შეჩერდა და ისევ გენერალი მოვიდა სათავეში, იმიტომ, რომ სხვანაირად ეგვიპტე იშლებოდა. ლიბიაში ვერ მოხდა ერთიანი ქვეყნის შენარჩუნება, სოციალისტურ პრინციპეზე აგებული კადაფის რეჟიმის დამსხვრევის შემდეგ ეს ქვეყანა ისევ კონფესიურ და ტრაიბალურ ნაწილებად დაიშალა.
ეს ყველაფერი რომ ხდება და საზოგადოებრივი, ეკონომიკური, კულტურული კონტროლი რომ ეცლება სახელმწიფოებს, ის რაღაცით უნდა ჩანაცვლდეს 700- მილიონიან არაბულ სამყაროში! ამერიკელებმა ერაყში 2003 წლის შემდეგ გარკვეული პოლიტიკური მიზნებით შიიტებს გადასცეს მთელი ძალაუფლება. იყო რამდენიმე სუნიტური ელემენტი, თუმცა სუნიტების ძირითადი მასა იყო უკმაყოფილო, ეს იყო მასა, რომელიც იყო მდიდარი, ძალაუფლების მქონე და რომელმაც დაკარგა სიმდიდრისა და ძალაუფლების შენარჩუნებისა და განვითარების შესაძლებლობები. ღარიბ ხალხზე იყო ძალიან დიდი დაწოლა, რადგან სექტარიანულმა ძალადობამ იჩინა თავი და ამ ყველაფრის განმეორება მოხდა სირიაშიც, სადაც სუნიტებმა ბაშარ ასადის რეჟიმს დაუწყეს ბრძოლა. ჰომი, ჰომსი, ალეპო - ეს ყველა მნიშვნელოვანი სუნიტური ტერიტორიაა, რომელიც ლიბიიდან მოსულის ბოლომდე ვრცელდება.
ეს ვითარება ძალიან ჰგავს იმ პერიოდს ირანში, როცა ისლამი ღვივდებოდა და პოლიტიკურ ფაქტორად ყალიბდებოდა 60-იან წლებში, როდესაც შაჰის წინააღმდეგ რევოლუცია მწიფდებოდა. ადამიანების გაერთიანებას სჭირდება რეზისტენციის უნარი, ძლიერი კუთვნილების განცდა, იმის მაგივრად რომ ეს მომხდარიყო სეკულარული სტრუქტურული მეთოდების გამოყენებით, ყველაფრი მოხდა სექტარიანული რელიგიის ჩანაცვლებით. რაღაც ადგილებში ეს მოხდა ძალიან სწრაფად, მაგალითად, ლიბიაში, როგორც კი დაინგრა ძველი სისხლიანი რეჟიმი, როდესაც ნატომ ამხელა წარმატებას მიაღწია და სისხლიანი რეჟიმი გადააგდო, ის ხალხი, ვისაც ბიბისი-ზე ყოველდღე ვუყურებდით, მაგალითად, მისრატას ბრიგადა და სხვები, მეორე დღესვე გადაიქცნენ ტრაიბალურ, სექტარულ ისლამისტებად და დაიწყეს მეზობლების განადგურება. რა თქმა უნდა, ამას დაემატა ისიც, რომ პერმანენტული ძალადობა რადიკალიზმის დონეს ზრდის.
- სად მოხდა ამ რადიკალიზმის ყველაზე მეტად გაძლიერება?
- რაკაში, რაკა ეს არის სირიის ცენტრალური ნაწილი, რომელიც ჯერ კიდევ ჯვაროსნების ომიდან მოყოლებული სუნიტური რეზისტენციის ერთ-ერთი ბუდე იყო, ტრადიციული ადგილი, რომელსაც ასადის რეჟიმებიც კი ვერ ახლებდნენ ხელს. მათ შორის ერთგვარი ურთიერთჩაურევლობის ხელშეკრულება არსებობდა და სწორედ, იქ დაიწყო შეირაღებული ადამიანების შესვლა, ძირითადად იყვნენ სირიელი, ერაყელი, ნაწილობრივ მაღრიბიდან და იემენიდან, რომლებსაც სხვა შესაძლებლობები არ ჰქონდათ ან არ ჰქონდათ ისეთი შესაძლებლობები, რომ არ გაეცველათ ისინი შეიარაღებულ ბრძოლაზე, რომელმაც მათ მოუტანა წარმატება, საზოგადოებრივად მაღალ საფეხურზე დაწინაურება.
ამას გარდა, ესენი ყველანი ტრადიციული საზოგადოებებიდან არიან და მათ 2003 წელს ამერიკელების ერაყში შესვლა, რამდენად იდიოტურადაც არ უნდა ჟღერდეს, ჯვაროსნულ ომად ჩათვალეს, ანუ ქრისტიანების შეტევად ისლამის წინააღმდეგ.
ალბათ, გახსოვთ სადამ ჰუსეინის ინფორმაციის მინისტრი ამერიკელებს ჯვაროსნებად მოიხსენიებდა, რომლებმაც მათი მიწა დაიპყრეს. ვინ წარმოიდგენდა, რომ ისტორიული მეხსიერების ამოწევა და მისი იდეოლოგიურ იარაღად გამოყენება ასეთი სიმძაფრით და ასეთი მასშტაბებით მოხდებოდა. ერთი სიტყვით, რაკაში საყოველთაო არაბული მიგრაცია დაიწყო, რადგან მათ მიიჩნიეს, რომ ქრისტიანებმა შეუტიეს და ამერიკელები, ინგლისელები, ზოგადად, მთელი დასავლეთი ქრისტიან ჯვაროსნებად შერაცხეს, რომელთა წინააღმდეგ წმინდა ომი უნდა დაეწყოთ.
- რა მოხდა ამის შემდეგ?
- თავების დაჭრა, ბავშვების განადგურება, მასიური გაუპატიურება ბიჭების და ბავშვების, ზოგადად- ეს ყველაფერი სამწუხარო ფაქტებია, მაგრამ ეს არის ე.წ. "რეაქტიული ძალადობის" ანუ გარკვეული სახის კოლექტიური ფსიქოზის შედეგი. ხომ შესაძლებელი იყო გადასახლება ან გაგდება?!, მაგრამ სწორედ კოლექტიური ფსიქოზია ის, რის გამოც ISIS ამ სისასტიკეს ჩადის. ადგილი, სადაც იეზიდები 3 ათასი წელი არსებობდნენ, ის სამშობლო და ყველაფერი, რაც ერთადერთი აქვთ მსოფლიოში, დღეს, თითქმის, სრულად განადგურებულია, სინჯარის მთის მიმდებარე რეგიონის ჩათვლით. 4 ათასი იეზიდი ქალი ჰყავთ დღეს მოტაცებული და მათ ძირითადად სექს-მონებად იყენებენ.
ასე რომ, ISIS-ის სახით რაიმე ტიპის სახელმწიფო კი არ ჩამოყალიბდა, არამედ დაჯგუფდა ადამიანების მასა, რომელიც ამ პრინციპებით მოქმედებს, სხვა შანსი ცხოვრებაში არა აქვთ, და აქვთ 2 მთავარი მიზანი: გაანადგურონ შიიტი და სხვა, არა სუნიტი მუსლიმები, რომლებსაც მწვალებლებად მიიჩნევენ. ეს გვაბრუნებს მე-17 საუკუნის კონფესიურ ომებში, მაგალითად, შატ-ელ-არაბში ზუსტად იგივე კონფესიური ომები იყო ირანსა და ჯერ მამლუქების სახელმწიფოს, შემდეგ უკვე ოსმალებს შორის. სხვათაშორის, შიიტებსაც ისევე სასტიკად აწამებენ და კლავენ, როგორც ქრისტიანებს და მეორე ის, რომ ეთნოლოგიურად, კულტურულად, ისტორიულად სირიისა და ერაყის არანორმალურად მდიდარი სამყარო ერთი ხელის დაკვრით განადგურდა, მათ შორის ასირიელების, ორთოდოქსული ეკლესია, ასევე ქალდეველები, კათოლიკური ნაწილი - ეს არის უძველესი თემები, რომლებიც ჯერ კიდევ ჯვაროსნებამდე იყვნენ მონათლულები და ანტიოქიასთან უფრო მჭიდრო კავშირი აქვთ თავისი რწმენით. ეს ყველაფერი განადგურდა და ჩამოყალიბდა ე.წ. ხალიფატი, რომელსაც აქვს შიდა სტრუქტურა, სერიოზული ფინანსური და ადამიანური რესურსები. ასევე, ძალიან საინტერესოა სპარსეთს ყურეში რაც ხდება, საუდის არაბეთი, გაერთიანებული საემიროები, ყატარი, რომელიც, ერთი მხრივ, "პარი სენ ჟერმენის" კლუბს ყიდულობს, ხოლო მეორე მხრივ, არ ან ვერ უშლის ხელს მისი მოქალაქეების მხრიდან ISIS-ს დახმარებას, რაც უმთავრესად პირადი დონაციებით ხორციელდება და ქმნის საკმაოდ დიდ რესურსებს იმ ხალხისთვის, ვინც სირიასა და ერაყში იბრძვის.
- რატომ აფინანსებენ არაბი შეიხები ხალიფატს?
- იმიტომ რომ ეს არის კონფესიური ომი. ეს ადამიანები გააკეთებენ ყველაფერს შიიტური გავლენის წინააღმდეგ, რაც დღეს სახეზე გვაქვს ერაყსა და სირიაში. ბაშარ ასადი ალავიტად მიიჩნევა, როგორც შიიტი და არა როგორც პრეზიდენტი; იმისთვის აფინანსებენ, რომ ბრძოლა გაგრძელდეს. ასადი, რომელიც დამასკოში ზის, და რომელსაც აქვს დიდი დახმარება რუსებისა და ირანელებისგან, იარაღის გარკვეული რესურსებიც აქვს, გადაიქცა შუა საუკუნეების დროინდელ ლოკალურ სექტანტურ მმართველად.
-ამერიკელები რას აკეთებენ ასადთან მიმართებაში?
-ამერიკელები და ევროპელები ამბობენ, რომ მასთან საქმის დაჭერას არ აპირებენ, რადგან კონფლიქტის პირველ ეტაპზე ბევრი დააშავა - რეპრესიული აპარატი გამოიყენა და ძალიან ბევრი ხალხი დახოცა, ისევე, როგორც მამამისმა თავის დროზე. დახოცილები უმთავრესად სუნიტები იყვნენ, ვინც პროტესტი გამოაცხადა.
- რა გამოდის? ასადი ებრძვის ხალიფატს, ევროპაც ამბობს, რომ უნდა ებრძოლოს ხალიფატს, ერაყელი შიიტებიც იმავეს ამბობენ, ამერიკელები ბომბავენ... გამოდის, რომ ერთგვარ ალყაში არიან მოქცეული. თუ ყველა ჩამოთვლილ ძალას ერთი ინტერესი აქვს, მაშინ რატომ არ ხდება ISIS-ის შეჩერება?
- პრობლემა ის არის, რომ შარშან, მაგალითად, ივნის-ივლისში, როდესაც მათ ძალიან დიდი ტერიტორიები აიღეს, მოსახლეობამ, რომელიც კონტროლირებად მიწაზე აღმოჩნდა, მათ მხარი დაუჭირა, რატომ? იმიტომ, რომ იმას არ ეხება, ის იმას არაფერს ერჩის, როგორც ცხოვრობდა ღარიბულად, ისევე ცხოვრობს, მაგრამ ახლა არა ბაღდადის შიიტური მთავრობის ქვეშ, არამედ მოძმე სუნიტი ISIS-ის მმართველობის პირობებში, უბრალო სუნიტისათვის ცოტა რამ შეიცვალა, რადგან ISIS ერჩის წარმატებულ ხალხს, მაგალითად, ექიმებს, მასწავლებლებს, საშუალო დონის მოხელეებსა და ყველას, ვისაც დამოუკიდებელი აზრის მატარებლად ჩათვლის.
- შიიტი ექიმები ჩამოახრჩვეს?
- არა, ამ შემთხვევაში განურჩევლად, სუნიტებიც და შიიტებიც, რადგან ეს შედარებით დამოუკიდებლად მოაზროვნე ხალხია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობს, განათლება და ინტელექტი გააჩნია და რაც მთავარია, მმართველობის უნარი და ცოდნა აქვს და ამ უნარებში შეიძლება შეეჯიბროს ან მეხუთე კოლონად გადაიქცეს, რაში სჭირდება ხალიფატს ზედმეტი პრობლემები? არაფერში და დაიწყეს მათი განადგურება.
პარალელურად, იწყება რა პროცესი? ევროპაში ამდენი ხალხი რომ შეუშვეს და ეს ხალხი გამრავლდა (უმრავლესობა სუნიტია), შესული არიან პაკისტანიდან და ქვეკონტინენტიდან, რომელიც უმთავრესად სუნიტურია, იგივე ინგლისში ერაყიდან, სირიიდან, სპარსეთის ყურიდან. საფრანგეთში ალჟირიდან სულ ყველა სუნიტები არიან; ამ თემებში იყო მაღალი შობადობა, 20 მუშა რომ შემოიყვანეს, იმათი შთამომავლობა 2000 კაცია, გარკვეული ინტეგრაცია უნდა მოეხდინათ ადგილობრივ საზოგადოებაში. შეუძლებელია, მაგალითად, მენტალობით იყო თუში მეცხვარე და შტუტგარდში იყო სრულად ინტეგრირებული მოქალაქე, ამ მუსლიმურმა თემებმა, მათმა უმრავლესობამ, ყოველ შემთხვევაში, ეს ვერ შეძლო. მითუმეტეს, მაღალი შობადობის გამო ვერ აძლევენ წესიერ განათლებას ბავშვებს და დიდი შეფერხებებია მათი ინტეგრირების პროცესში. ამიტომაც აღმოჩნდა 40 წლამდე ასაკის ადამიანების დიდი მასა დაუსაქმებელი, უპერსპექტივო, ენა ისწავლეს, მაგრამ ნახეს, რომ ვერ შეითვისეს ევროპული ცხოვრების წესი (სხვათაშორის ქალებმა უფრო მოახერხეს ევროპულ საზოგადოებაში დამკვიდრება).
- რა უნდათ მათ? ამ არარეალიზებული ადამიანების ძალიან დიდ ნაწილს?
- უნდათ რომ იქ თავისი მინი სახელმწიფო, ანუ მინი ხალიფატები შექმნან. მაგალითად, ბირმინჰემში მოახერხეს - ნახევარი ქალაქი გადაკეტილია პრაქტიკულად და იქ ადამიანებს შარიათის კანონებით სჯიან. ასეთი ტიპის ახლაგაზრდობას სჭირდება იდეალები. ასეთ მოსახლეობას შორის ძალიან პოპულარული გახდა ეს იდეოლოგია, და მათ დაიწყეს ან ISIS დახმარება ან იქ წასვლა და ბრძოლა.
- რას აკეთებს დასავლეთის სამყარო და კერძოდ, საუდის არაბეთთან ან თუნდაც საემიროებთან აშშ-ს კავშირი არ ახდენს გავლენას პროცესზე?
-ცდილობენ, თუმცა, საუდის არბეთის მეფეს რომ მიადგები და მოსთხოვ რამეს, იმას კი წინა ღამით ბრძანება აქვს გაცემული, რომ თავი მოაჭრას, პირობითად, მოედანზე ქალს, რომელიც ადიულტერშია ეჭვმიტანილი, იმას რა უნდა მოსთხოვო? თუმცა, უნდა ითქვას, რომ ცენტრალიზებულად მაინც ცდილობენ პროცესის შეკავებას, დაზვერვითი სამუშაოები მიმდინარეობს და ა.შ. ასე რომ არ ყოფილიყო, ხალიფატი კიდევ უფრო გავრცელდებოდა.
- შეიძლება ითქვას, რომ ერთია, რომ თავადაც ასეთები არიან შარიათის კანონის დამცველები და მეორე მხრივ, ვერ აკონტროლებენ თავიანთ შეიხებს?
- ვერ აკონტროლებენ მდიდარ ხალხს, სრულად ვერ გაწვდებიან დონაციის სისტემას, იქ ბევრი იბრძვის, მაგრამ მაინც ცდილობენ ეს რეჟიმები ლიმიტზე დასვან. ახლა დიდ შეტევას ამზადებენ ხალიფატის წინააღმდეგ, რომ მოსულის დაპყრობილი ნაწილი გაათავისუფლონ. აქ ქურთების როლია ძალიან დიდი.
- რა როლი აქვთ ქურთებს?
- ქურთები ცხოვრობენ სირიაშიც, ერაყშიც და თურქეთშიც. არის მებრძოლი ხალხი, ძალიან ძლიერი იდენტობითა და ძლიერი პოლიტიკური გაერთიანებებით. სალაჰედინი, მათი ყველაზე დიდი ფადიშაჰი რად ღის მხოლოდ, იერუსალიმი რომ გაათავისუფლა ჯვაროსნებისგან თავის დროზე. ქურთები ცდილობენ ხალიფატის რეჟიმის შეჩერებას. სწორედ, მათი დამსახურებაა სუნიტი რადიკალების ერაყისა და სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში შეჩერება. ამერიკა და ირანი ეხმარებიან, თუმცა მოსული ჯერ ვერ გაათავისუფლეს. ხალიფატის ძალები დღეს უკვე ბაღდადთან არიან მისული. ბაღდადის აეროპორტიდან რომ აფრინდები და მარცხნივ გაიხედავ, სულ მათი კოტროლის ქვეშ არსებული პოზიციები მოჩანს.
- თურქეთის როლი რა არის ამ ომში?
- თურქეთი სუნიტური სახელმწიფოა. ამბიცია აქვთ, რომ ოსმალეთის იმპერია აღადგინონ ეკონომიკურ და იდეოლოგიურ სივრცეში მაინც. მადა კი აქვთ, თუმცა როდესაც დაინახეს, რომ ISIS მათკენ არ მიმართავს ბრძოლას, არ ერევიან. სირიის სიღრმეებშია ხალიფატი, უნდათ, რომ მთლიანად დაიმორჩილონ, პირველ რიგში, სირია, რაც შემდგომი გავრცობის მყარი პლაცდარმი იქნება.
- რა უშლით ხელს, რომ დაიმორჩილონ?
- კი შევიდნენ და მიმდინარეობს ეს ბრძოლა. ბაშარსა და ხალიფატს შორის კიდევ ალ-ნუსრას ფრონტია, რომელიც ალ-ქაიდასთან არის დაკავშირებული. ალ-ქაიდა და ხალიფატი კონკურენტები არიან
- რატომ არ არის ამერიკის საჰაერო დარტყმები უფრო ძლიერი თუკი ასეთ ძალასთან აქვთ საქმე?
- ამაზე ძლიერი რა უნდა იყოს?! იმიტომ, რომ 5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და მოყვება უამრავი მსხვერპლი. იქ ხომ ბრძოლების პარალელურად ჩვეულებრივი ცხოვრება მიდის, იქ არ არის არმია ან ბაზები რომ დაბომბო, მათ არმიის სტრუქტურა კი არა აქვთ, უბნის სტრუქტურა აქვთ. დამალვის თავიანთი მეთოდები აქვთ, პიკაპებით გადაადგილდებიან, ამერიკელები რომც შევიდნენ, მათ არ უპირისპირდებათ ჯარი, ამას გარდა, თავად ISIS -ის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახლეობის უმრავლესობა სუნიტია. ბაშარ ალ ასადს ეხმარება ირანი და ჰეზბოლა ლიბანიდან. თურქეთმა, ვისი იმედიც ჰქონდა დასავლეთს, გადაწყვიტა არ ჩარეულიყო აქტიურ ბრძოლაში, რადგან ამ ბრძოლის დაწყება დიდ რისკებთანაა დაკავშირებული: 1200 კმ საზღვარი ყოფთ და მის დაცვასა და გამაგრებას უშველებელი რესურსი დასჭირდება, ამიტომ თურქეთი ბუფერებს ამუშავებს, ცდილობს ჯებირები გააკეთოს და ამავე დროს, ბაშარი უფრო დიდი მტერი არის მათთვის, ვიდრე ხალიფატი, რადგან ისტორიულად სირია იყო თურქეთის მთავარი კონკურენტი ამ რეგიონში.
- ჩვენ სად ვართ და რა საფრთხეების წინაშე ვართ მთელ ამ პროცესში?
- თურქეთიდან გადასვლა სირიაში ძალიან ადვილია, ისევე, როგორც მათი გადმოსვლა აქეთ. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ვუსმენდი, ამბობდნენ, რომ ყველამ ერთად უნდა მოვაგვაროთ ეს პრობლემაო... პასიონატური სურვილების შებოჭვა შეუძლებელია, ანუ სურვილების, რომელიც ძლიერი იდეოლოგიური მუხტის მატარებელია, ინტერნეტი ყველგანაა - პანკისშიც და ბორჩალოშიც. არის ორი გზა: ძალიან ძლიერი კონტრდაზვერვითი და კონტრუსაფრთხოების სისტემების შექმნა, მათ შორის დაბლოკვა ზოგიერთ ტერიტორიაზე გარკვეული "ექაუნთების", რაც ძალიან ადვილია, 18-16 წლის ბიჭები ინტერნეტით, იმეილებითა და ფეისბუქით ამყარებენ კავშირებს. ამიტომ, საჭიროა ამ წყაროების გადაკეტვა - სატელეფონო კავშირებისა და ფულადი გზავნილების, მათ შორის. საჭიროა რელიგიურ მოღვაწეებზე დაკვირვების გასამმაგება. აქ ვინც ჩამოდიან, ისინი არ იგონებენ ველოსიპედს, არამედ მუშაობენ არსებულ პიროვნებებზე, და ამიტომ, თუ ადამიანი დასაჭერია, უნდა დაჭირონ, რადგან რელიგიური ლიდერი რას ამბობს და რას აკეთებს ზოგჯერ ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. რომელიმე მუფტი, რომელიც მაღალი რისკის მატარებელი შეიძლება იყოს, ან უნდა გადმოიბირო, ან მოაქციო იზოლაციაში.
- ტექნიკურად როგორ გადადიან საზღვრებზე ის ახალგაზრდა ადამიანები, ჩვენი მოქალაქეები?
- პირადობის მოწმობით შეგიძლია გადახვიდე ადიგენშიც და ბათუმშიც, აქ პასპორტიც არ გჭირდება. ასევე საინტერესოა, აგენტურული ქსელი: სად ცხოვრობენ, ვინ არიან ? მოუჭრი ამ კავშირებს და მაქსიმუმს გააკეთებ, რაც საქმის 50%-ით მოგვარებას ნიშნავს, იმიტომ, რომ სურვილი მაინც იქნება. კიდევ ერთი საშუალებაა, ვინც წავა, უკან დაბრუნების უფლება ჩამოართვა, პასპორტი გაუუქმო, ისე, როგორც ამას ევროპა აკეთებს, მოქალაქეობა ჩამოართვა. ოჯახებთან არის საჭირო მუშაობა, გაფრთხილება, შეიძლება აკეთებენ კიდეც ამას, არ ვიცი, უნდა გააკეთონ ყველაფერი, რომ ისინი აღარ შემოვიდნენ. ამას გარდა, ხალიფატს აქვს ძალიან კარგი აგენტურული ქსელი, რომელიც კონცენტრირებულია რელიგიურ მოღვაწეებზე და ამიტომ უნდა გქონდეს ძლიერი კოტროლი, რაც არ გამორიცხავს ძალისმიერ ჩარევას, თუმცა სხვა გზა არ არის და ამ ყველა ღონისძიების მიუხედავად, ასეთი რომც გატარდეს, სავარაუდოდ, გველის რადიკალიზაციის ტალღები, რადგან არის გმირობის გაიდეალიზირებული მუხტი, რომელსაც ვერ დააკავებ. თუმცა უნდა ისწავლო მისი ადეკვატურად "მომსახურება". იყო საუბარი, რომ რუსეთი პანკისში არსებულ ვითარებას სათავისოდ გამოიყენებს. ამიტომაცაა ძალიან მნიშვნელოვანი იქ წასული ადამიანი უკან აღარ შემოუშვან.
- რა არის ხალიფატის საბოლოო მიზანი?
- მათი მიზანია იერუსალიმის აღება და ხალიფატის კოტროლის დამყარება მთელ ისლამურ მიწებზე. იქ ხომ არ არის ლაპარაკი ეკონომიკის განვითარებაზე, სოციალურ პროგრამებზე, სოციალური პროგრამების ნაცვლად საჭმელს არიგებენ. ეს არ არის მათთვის მთავარი, მათი მთელი რესურსი მიმართულია გავრცელებაზე. ამიტომ არიან საშიში, სწორედ თავისი პრიმიტივიზმის გამო. ჩვენ, რა თქმა უნდა, ეს ვითარება პირდაპირ გვეხება, რადგან გვაქვს რამდენიმე ცენტრი, რომელშიც შეიძლება ჩამოყალიბდეს ასეთი დაჯგუფებები. შენ თუ ეს არ გააკეთე დღეს, ხვალ რა მოხდება არ იცი.
- რომ არ მომხდარიყო ერაყში ამერიკელების შესვლა და არ დაემხოთ სადამ ჰუსეინის რეჟიმი, ხალიფატი არ გაჩნდებოდა?
- რა თქმა უნდა, ეს რადიკალიზაცია მაინც მოხდებოდა, ოღონდ სხვა ფორმებით. ალბათ, ისევ კონფესიური ფორმებით, უბრალოდ, ამერიკელების შესვლამ საფუძველი გამოაცალა საერთაშორისო ინსტიტუტებს, გაერო-ს ავტორიტეტი დაეცა. ამერიკელებმა ერაყში შესვლით ძალიან დიდი უპირატესობა მოიპოვეს და ამდენი ხანი იქ ყოფნით დაიცვეს სპარსეთის ყურე, თუმცა ის, რასაც ახლა ობამა აკეთებს, შეიძლება, ძალიან ცუდად შემობრუნდეს, იმიტომ, რომ ირანის გაძლიერება შესაძლოა ახალი კონფესიური ომის საფრთხედ გადაიქცეს. ეს ტენდენციები ახლაც სახეზეა, მაგალითად, ხალიფატთან იბრძვის უკვე იემენში შიიტი ხუტის მოძრაობა, ანუ კონფესიური ომი უკვე იქაც მიმდინარეობს. ირანი ამ სანქციების მოხსნის შემდეგ დაიწყებს თავის დამკვიდრებას, როგორც რეგიონის უძლიერესი მოთამაშე. ჩვენ ასე ვთქვათ, "გაჭედილი" ვართ ამ ურთულეს რეგიონში, თუმცა უდიდესი შესაძლებლობები გვაქვს, რადგანად პატარა ქვეყანაა საქართველო და ადვილად მოსავლელი. ჩვენ გვაქვს უდიდესი სტიმული ევროინტეგრაციის და გვაქვს კარგი შესაძლებლობა, გავაგრძელოთ კავკასიის რეგიონში არაკონფლიქტური თანაცხოვრება.
- რუსები რა როლს თამაშობენ ამ პროცესში?
- რუსეთის წარმატება არის ის, რომ 13 ათასი მებრძოლი წავიდა და არ უშლის დღეს ხელს რამზან კადიროვს და შესაბამისად, პუტინსაც პრობლემებს არ უქმნის. რუსეთი ამ კონფლიქტში დიდი რაოდენობით იარაღს ყიდის.
- ქრისტიანების გამოყვანა სირიიდან და ერაყიდან არის შესაძლებელი?
- ჩვენი ელჩი იორდანიაში, რომელიც ერაყსაც ფარავს, უნდა ჩავიდეს პირდაპირი რეისით ერბილში და დაელაპარაკოს ქურთისტანის მთავრობას, ისინი ელჩს კარგად მიიღებენ, შეახვედრებენ სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლებს, შემდეგ შეუძლიათ იმსჯელონ სხვდასხვა შესაძლებლობებზე, ვარიანტებზე და თუ ჩვენ გვინდა, ამ ხალხის დახმარება, თუნდაც 20-30 ოჯახის გადარჩენა, ეს შესაძლებელია.
- ეს თავდასხმები შიიტებზე, ქრისტიანებსა და კათოლიკეებზე როგორ ხდება?
- ზოგს ახდევინებენ ხარკს, მერე შეიძლება ეცნენ და გაანადგურონ. უცებ ესხმიან თავს, იტაცებენ და ანადგურებენ. ერჩიან ასურელ ორთოდოქსებს, რომლებიც სირიიდან დაწყებული, ანტიოქიის მიდამოების ტერიტორიებზე ცხოვრობენ. ასევე ერჩიან სომხებს - მათი ეკლესიები ააფეთქეს. 160 ათასი ადამიანი უკვე გადასახლებულია ქურთისტანში. ძალიან ბევრი სახლდება სომხეთში, ერევანში.
- რას საქმიანობენ ასურელები, რითი ცხოვრობენ?
- მიწათმოქმედები არიან, ასევე ვაჭრებიც არიან. ჰყავთ ძალიან კარგი ხელოსნები.
ესაუბრა ლიკა ბასილაია-შავგულიძე