კერძო ლაბორატორიები სახელმწიფო ლაბორატორიას მონოპოლიური მდგომარეობის ჩამოყალიბების მცდელობაში ადანაშაულებენ
"ძალიან დიდი ზარალი მოგვადგა: დაგვაჯარიმეს 1000 ლარით, 32 ნიმუში ავიღე ლაბორატორიული კვლევისთვის, თითოეულში დაახლოებით 70 ლარი გადავიხადე. ამას დაუმატეთ პროდუქციის საწყობში შენახვის ხარჯი და ისიც, რომ 19 ტონამდე ფარში დღემდე ისევ დალუქულია. კომპანია, ფაქტობრივად, გაკოტრების პირზეა. ეს არის ნიშანი, რომ საქმეს შევეშვათ. სხვა ახსნას ვერ ვხედავ. საქართველოში 20-მდე აკრედიტებული ლაბორატორიაა. ისეთი გაურკვევლობაა ამ სფეროში, რომ სიმართლის დადგენას ვერ ვახერხებთ," - აცხადებს სადისტრიბუციო კომპანია "ეიჩ ჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ზურა უჩუმბეგაშვილი.
სადისტრიბუციო კომპანია "ეიჩ ჯის" მიერ თურქეთიდან შემოტანილ გაყინულ ქათმის ფარშში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ (სეს) სალმონელას ჩხირი აღმოაჩინა. ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნე სურსათის ბაზარზე განთავსების გამო კომპანია ათასი ლარით დაჯარიმდა. დაილუქა ის საწყობიც, სადაც ქათმის გაყინული ხორცი ინახებოდა.
"ეიჩ ჯის" დამფუძნებელი სეს-ის დაკვეთით ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ეჭვქვეშ აყენებს. "შემოსავლების სამსახურმა ჩვენი კომპანიის მიერ შემოტანილი ფარშის ნიმუშები საზღვარზე შეამოწმა. გვაქვს მათ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები. ამ შედეგების თანახმად ნიმუშებში სალმონელას ჩხირი არ დაფიქსირებულა. თვენახევრის შმდეგ იგივე პარტიის ნიმუშები ლაბორატორიული კვლევისთვის სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წაიღო და სინჯში სალმონელას ჩხირები აღმოჩნდა. როგორ ხდება, რომ ერთი და იგივე პროდუქცია ერთი ლაბორატორიული კვლევის დასკვნით სალმონელას ჩხირით არის დაბინძურებული, მეორე კვლევის თანახმად კი - არა? საბაჟოდან საწყობამდე არ შეგვიცვლია სატრანსპორტო საშუალება და არც პროდუქტის შეფუთვის მთლიანობა არ დაგვირღვევია," - ამბობს ჩვენთან საუბარში უჩუმბეგაშვილი.
რეფერალური ლაბორატორია, რომელმაც ლაბორატორიული კვლევების სადაო შედეგების განხილვის დროს ერთგვარი არბიტრის როლი უნდა შეასრულოს, საქართველოში არ არსებობს. საზღვარგარეთ არსებულ რეფერალურ ლაბორატორიებში ნიმუშების გაგზავნა კი ძალიან ძვირია. "არ ვიცი, ამ ეტაპზე გვიღირს თუ არა ამხელა ხარჯის გაღება," - აცხადებს "ეიჩ ჯის" დამფუძნებელი.
საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის თანახმად, რომელიც 2015-2020 წლებზეა გაწერილი, ეროვნულ რეფერალურ ცენტრად სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია უნდა ჩამოყალიბდეს: ეს იქნება სურსათის ლაბორატორიული კვლევების სფეროში ქვეყნის ყველაზე მაღალი ინსტანცია და კვლევების შედეგების თაობაზე დავების შემთხვევაში მისი დასკვნა საბოლოო იქნება.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დირექტორი, ლალი მაძღარაშვილი აცხადებს, რომ რეფერალური ლაბორატორიის სტატუსის მოპოვებამდე სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიამ რთული და ხანგრძლივი გზა უნდა გაიაროს, მანამდე კი ის სხვა ლაბორატორიების მსგავსად, მაგრამ განსხვავებული პასუხისმგებლობით და მიზნით ფუნქციონირებს.
"ბრძოლა ფასებით"
საქართველოში მოქმედი კერძო ლაბორატორიების ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია დაბალი ფასებით მათ არაჯანსაღ და უსამართლო კონკურენციას უწევს. "სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიამ დანარჩენი ლაბორატორიები ისეთ არაკონკურენტულ გარემოში ჩააყენა, არა მგონია კერძო ლაბორატორიებმა ამ მდგომარეობას დიდხანს გაუძლონ და გადარჩენა შეძლონ. ბევრი ლაბორატორია დაიხურება. მე, როგორც ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ასეთ ნიშნებს უკვე ვხედავ," - ამბობს სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის საგამოცდო ლაბორატორიის ხელმძღვანელი ქეთევან დადიანი, - "აკრედიტაცია ლაბორატორიულ კვლევაზე, აპარატურა, რეაქტივები, დაკალიბრება, კვალიფიციური პერსონალის ხელფასი, კომუნალური გადასახადები - ამ ყველაფერს ფული სჭირდება. თუ ლაბორატორიას შემოსავალი არ ექნება, მუშაობას ვერ შეძლებს. ის, რაც ახლა ლაბორატორიების ბაზარზე ხდება, არის ბრძოლა ფასებით. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას, რომელიც მთლიანად სახელმწიფო დოტაციაზეა, ჩვენთან შედარებით ბევრად დაბალი ფასები აქვს. მაგალითად, კვლევა ლისტერია მონოციტოგენეზზე ჩვენს ლაბორატორიაში 115 ლარი ღირს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში კი 40 ლარი".
სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის საგამოცდო ლაბორატორიას სურსათის კვლევის 75-წლიანი ისტორია აქვს. 2014 წელს ამ ლაბორატორიამ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებული 8 ტენდერი მოიგო. "წელსაც მოვიგეთ ანტიბიოტიკების და ვეტპრეპარატების ნარჩენების მონიტორინგის ტენდერი, მაგრამ მომსახურების ფასი იყო ძალიან შემცირებული. კოლოსალური შრომის ფასად ძალიან მცირე თანხა დაგვრჩა. სახელმწიფო ტენდერებთან ერთად კერძო მეწარმეების მომართვაც შემცირდა. ცხადია, ყველა მეწარმეს უნდა, რომ კვლევაში რაც შეიძლება ნაკლები თანხა გადაიხადოს," - აცხადებს დადიანი.
"ლაბორატორიის საქმიანობის გაფართოების მიზნით 1,5 მლნ დოლარის ინვესტიციის ჩადებას ვაპირებდით, მაგრამ სახელმწიფოს დამოკიდებულება კერძო ლაბორატორიების და ზოგადად ამ ბაზრის მიმართ იმდენად არაადეკვატურია, რომ თავი შევიკავეთ, " - ამბობს ლაბორატორიის - "მულტიტესტი" დირექტორი ლევან კალანდაძე, - "მომხმარებელი ყოველდღიურად გვაკლდება და ჩვენი მდგომარეობა სულ უფრო და უფრო უარესდება".
"მულტიტესტი" 2004 წელს შეიქმნა. ლაბორატორიაში 2,5 მლნ დოლარის ინვესტიციაა განხორციელებული. "მულტიტესტში" 23 ადამიანია დასაქმებული. მათი საშუალო ხელფასი 700 ლარია.
"სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიამ კიდევ უფრო გაამწვავა ვითარება, თორემ სადარდებელი მანამდეც ბევრი გვქონდა: ლაბორატორიების ბაზარზე სახელმწიფო დაფინანსების მქონე ბევრი საჯარო სამართლის იურიდიული პირის (სსიპ) სტატუსის მქონე ლაბორატორია ფუნქციონირებს. სახელმწიფო შემოიჭრა კერძო ბიზნესის სფეროში და ამ ბაზარს ანგრევს. ისინი გადასახადების გადამხდელების ფულით აფინანსებენ საკუთარ საქმიანობას და მომხმარებელს "განსაკუთებული", დაბალი ფასებით ემსახურებიან. ასე მაგალითად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია წყლის ანალიზს ჩვენთან შედარებით მესამედ ფასში აკეთებს. ასეთ ქმედებას საბაზრო ეკონომიკასთან და სამართლიანობასთან კავშირი არა აქვს. სახელმწიფო არ უნდა ოპერირებდეს იქ, სადაც კერძო ბიზნესი უკვე განვითარებულია. ცხადია, ასეთ უსამართლო კონკურენციას ვერავინ გაუძლებს. ასე თუ გაგრძელდა, ბაზარზე დარჩებიან მხოლოდ სახელმწიფო ლაბორატორიები, რომლებიც შემდეგ მონოპოლისტებად იქცევიან და ეს არც ბიზნესისთვის და არც სახელმწიფოსთვის იქნება კარგი," - აცხადებს კალანდაძე.
კერძო ლაბორატორიების ხელმძღვანელთა მოსაზრებას არ ეთანხმება სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დირექტორი ლალი მაძღარაშვილი: "რას ნიშნავს დაბალი ფასი? შევთავაზე კოლეგებს, რომ გაეხსნათ ფასწარმოქმნის მოდელი და ეთქვათ, რამდენ პროცენტიანი მოგებით აქვთ ნაანგარიშები ფასები. ეს საერთაშორისო პრაქტიკაა. არცერთი მათგანი ამაზე არ წამოვიდა. ამიტომ, მათ მოსაზრებას და საყვედურს ვერ მივიღებ. თუ რომელიმე კერძო მეწარმეს აქვს მომსახურებაზე განსაზღვრული ფასი და არ ვიცი, იქ რა წილი უკავია მოგებას, მაშინ ის ფასი საზომად რატომ უნდა ავიღოთ? სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას დაბალი ფასები არ აქვს. ჩვენ ვართ სახელმწიფო დაწესებულება და გვაქვს სულ სხვა ფუნქცია. პოლიტიკურმა გადაწყვეტილებამ, რომ საქმე მხოლოდ კერძო ლაბორატორიებს ეკეთებინათ, უზარმაზარი ზიანი მიაყენა სურსათის უვნებლობის კონტროლს, ვეტერინარიას და მცენარეთა დაავადებების დიაგნოსტიკას. ევროკავშირთან ასოცირების მოთხოვნით ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ აღმოვფხვრათ დაავადების გამომწვევთა გავრცელება ქვეყანაში. ამ სისტემას სჭირდება ინსპექტირება სურსათის ეროვნული სააგენტოს მხრიდან და სახელმწიფო ლაბორატორია, რათა ვაწარმოოთ ფართო სპქეტრის კვლევები მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამ დაწესებულების მთავარი მიზანი არ არის ფინანსური მოგების მიღება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის მომსახურების ფასი არის თვითღირებულებაზე მინიმალური ფასნამატი, იმისთვის, რომ კვლევისთვის საჭირო მასალები შევიძინოთ. ლაბორატორია სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს მხოლოდ ხელფასებს. გამონაკლისი იყო წლევანდელი წელი, როცა ევროკავშირის მოთხოვნის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის ფულით თაფლის ლაბორატორიული კვლევისთვის საჭირო აპარატურა შევიძინეთ".
პირველი ვეტერინარული ლაბორატორია, რომლის ბაზაზეც ახლა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია მოქმედებს, 1907 წელს დაარსდა. 2006 წელს საქართველოს პრეზიდენტის N307 ბრძანებულებით შეიქმნა სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია, რომლის ფუნქციებშიც ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის გარდა, შევიდა მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკა და საკვები პროდუქტების ექსპერტიზა. ამჟამად მას 11 რაიონული ლაბორატორია აქვს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ბოლო სამის წლის განმავლობაში, ყოველწლიურად, 1 მლნ 400 ათას ლარზე მეტ თანხას იღებს.
"ამა თუ იმ ლაბორატორიისადმი მიმართვის საკითხს წყვეტს არა ფასი, არამედ მომსახურების ხარისხიანი. იმ კერძო ბიზნესს, რომელსაც სურსათი აქვს შესამოწმებელი, კვალიფიციური მომსახურება სჭირდება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის მიერ სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგებმა ძალიან საინტერესო სურათი მოგვცა: წლების მანძილზე 1-2 ნიმუშშიც რომ ვერ პოულობდნენ მიკრობიოლოგიურ დაბინძურებას, ჩვენ ძალიან საინტერესო სტატისტიკა დავდეთ. ე.ი. საქმე გვაქვს ჩატარებული კვლევების არაკომპეტენტურობასთან. ეს ფაქტი უნდა გახდეს საზოგადოების ყურადღების საგანი," - აცხადებს მაძღარაშვილი.
"სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია წლების განმვლობაში ვეტერინალური ლაბორატორია იყო, ფართო პროფილის ლაბორატორიის სახით ის ახლა იდგამს ფეხს და მოკლე დროის განმავლობაში იმხელა სფეროები დაიმატა, რომ ყველა საკითხში რომ კომპეტენეტური იყოს, ძალიან მეეჭვება," - ამბობს კალანდაძე.
"ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი" უკვე 4 წელია, რაც სურსათის უვნებლობის სახელმწიფო რეგულირების პროცესს აკვირდება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიისა და კერძო ლაბორატორიების კონკურენციის საკითხს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდიც გამოეხმაურა. "სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიამ მაღალი კონკურენცია გაუწია კერძო ლაბორატორიებს, რომელთა ნაწილი კონკრეტული სურსათის ბიზნესოპერატორის ბაზაზე შეიქმნა, ნაწილი კი დამოუკიდებელი ბიზნესსუბიექტია. ეს ლაბორატორიები დაკვეთებს როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორიდან (უმეტესად სურსათის ეროვნული სააგენტოდან) იღებდნენ, მაგრამ თავისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსითა და დაბალი ფასებით, რაც სახელმწიფო რესურსების ხარჯზეა სუბსიდირებული, სამინისტროს ლაბორატორია უფრო მიმზიდველია დამკვეთებისთვის, ვიდრე კერძო ლაბორატორიები. ამგვარი არაჯანსაღი კონკურენციის პირობებში არის სამინისტროს ლაბორატორიის მიერ სექტორის მონოპოლიზების რეალური საფრთხე", - ამბობს www.eugeorgia-სთან საუბარში "ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის" პროექტის მენეჯერი ვახტანგ კობალაძე, - "სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უკვე გადაწყვიტა, რომ 2015 წელს სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამით განსაზღვრული ლაბორატორიული კვლევები სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში განახორციელოს. ბოლო წლებში სოფლის მეურნეობის სამინისტროს მისამართით არაერთხელ დაისვა საკითხი სურსათის უვნებლობის რეგულირების სისტემაში კერძო ლაბორატორიების როლზე სახელმწიფოს ხედვასთან დაკავშირებით. სამინისტროს პასუხი ყოველთვის ის იყო, რომ სახელმწიფო შეავსებს იმ ნიშებს, რომლებსაც კერძო ლაბოატორიები ვერ ავსებენ. თუმცა, რეალურად მოხდა საჯარო უწყების მიერ კერძო ლაბორატორიების არაკონკურენტულ მდგომარეობაში ჩაყენება. ლაბორატორიებისთვის, როგორც ნებისმიერი ბიზნესისთვის, მნიშვნელოვანია ნათლად ხედავდნენ იმ გარემოს, რომელშიც უწევთ მუშაობა და თან ბაზრის განვითარების პერსპექტივები მათთვის პროგნოზირებადი იყოს, რაც 2014 წელს ვერ მოხერხდა".
ოფიციალური ინფორმაციით, 2014 წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ლაბორატორიულად გამოიკვლია სხვადასხვა დასახელების სურსათის (მათ შორის სასმელი წყლის) 4 190 ნიმუში.
აქედან, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში გამოკვლეული იყო სურსათის 122 ნიმუში
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ „ლაბორატორიულ კვლევით ცენტრში“ - 1205 ნიმუში.
კერძო ლაბორატორიებში კი - 2863 ნიმუში.
2015 წლის პირველი 5 თვის განმავლობაში, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სურსათის 1 120 ნიმუში გამოიკვლია.
აქედან, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში გამოკვლეული იყო სურსათის 712 ნიმუში.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ „ლაბორატორიულ კვლევით ცენტრში“ - 107 ნიმუში.
კერძო ლაბორატორიებში კი - 116 ნიმუში.
ეს არის იმ კერძო ლაბორატორიების ჩამონათვალი, სადაც სეს-ის დაკვეთით ლაბორატორიული კვლევები განხორციელდა: შპს "გ. ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი", შპს "ეტალონი", შპს "მიკრობიოლოგი", შპს "მულტიტესტი", შპს "ხარისხის ლაბორატორია - LLC Quality Lab“ და "სურსათის უვნებლობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და გარემოს ინსტიტუტი “BIOR”.
"სოფლის მეურნეობის სამინისტრო აპელირებს იმ თემით, რომ ევროკავშირის ბაზარზე საქართველოში წარმოებულ სურსათის განთავსებისთვის აუცილებელი ხდება საქართველოში წარმოებული პროდუქციის ლაბორატორიული კვლევა საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიებში, ასეთად კი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია მოიაზრება. ევროკავშირის ქვეყნების პრაქტიკით, კერძო და სახელმწიფო ლაბორატორიების როლები განაწილებულია. სახელმწიფო ლაბორატორიები მხოლოდ სახელმწიფო დაკვეთებს ასრულებენ, კერძო ლაბორატორიების მთავარი დამკვეთები კი მეწარმეები არიან," - აცხადებს კობალაძე.
"სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" პროგრამის - momxamrebeli.ge ხელმძღვანელი, ლია თოდუა მიიჩნევს, რომ მთავრობამ დეტალურად უნდა შეაფასოს კერძო ლაბორატორიების შესაძლებლობები და სამომავლო პოტენციალი და მხოლოდ ის ფუნქციები აიღოს საკუთარ თავზე, რომელთა შესრულებაც ამ ეტაპზე მათთვის შეუძლებელი, ან მიზანშეუწონელია: "სახელმწიფო კერძო მეწარმეებს ბაზრიდან რიყავს, გარიყვის მიზეზი კი გაურკვეველია. პრობლემა ის არის, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას ძალიან დაბალი, ფაქტობრივად, დემპინგური ფასი აქვს კვლევებზე და ეს იმის ხარჯზე ხდება, რომ მათ აქვთ სახელმწიფო დაფინანსება. სახელმწიფო ლაბორატორიამ საკუთარ თავზე უნდა აიღოს ისეთი კვლევების ჩატარება, რომლებსაც კერძო ლაბორატორიები სიძვირის ან სირთულის გამო არ აკეთებენ. მაგალითად, საქართველოში ტრანსსხივებსა და სურსათის საღებავებზე კვლევა არ ტარდება. სათანადო აკრედიტაცია არცერთ ლაბორატორიას არ აქვს. სწორედ ასეთი კვლევების ჩატარება უნდა აიღოს თავის თავზე სახელმწიფო ლაბორატორიამ. სახელმწიფო ლაბორატორია, რა თქმა უნდა აუცილებელია, იმიტომ, რომ კერძო ლაბორატორიები კვლევის ყველა სფეროს ვერ დაფარავენ. სახელმწიფო ლაბორატორიამ კერძო ლაბორატორიებს კერძო დამკვეთები არ უნდა წაართვას".
თოდუა აცხადებს, რომ სოფლის მურნეობის სამინისტროს ლაბორატორიასა და კერძო ლაბორატორიებს შორის არსებული უსამართლო კონკურენციის თაობაზე სპეციალური განცხადებით, შესაძლოა, კონკურენციის სააგენტოს მიმართოს.
მანანა ვარდიაშვილი