უელსში ქართული ნედლეულის ექსპორტის შესაძლებლობა არსებობს
გასულ კვირას თბილისში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ უელსის (დიდი ბრიტანეთი) კვების პროდუქტების ტექნოლოგიის ცენტრის მენეჯერი, მარტინ ჯარდინი და უელსის კვების პროდქტების ტექნოლოგიების ბიზნეს-განვითარების აღმასრულებელი მენეჯერი, პოლ რობერტსი.
"თქვენთან სტუმრობის მთავარი მიზანია, გავიგოთ რა სჭირდება ქართველ მეწარმეებს იმისთვის, რომ კვების მრეწველობის თანამედროვე ტექნოლოგიები დახვეწონ, ამას გარდა გვინდა გავიგოთ, რა არის პრობლემები, რომელიც, შესაძლოა, აფერხებდეს თქვენს ფერმერებს და მეწარმეებს ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის გამოყენებაში. თქვენთვის დღეს ევროპისკენ ბაზრები, პრაქტიკულად ხსნილია, გვინდა, რომ ჩვენი ცოდნის და შესაძლებლობების გაზიარებით ამ ბაზრების ათვისებაში დაგეხმაროთ " - გვითხრა eugeorgia.info - ოფისში სტუმრობისას პოლ რობერტსმა.
ბრიტანელმა კვების პროდუქტების ტექნოლოგებმა ლაგოდეხიდან, გურჯაანიდან და სამცხე-ჯავახეთიდან ჩამოსულ ფერმერებს თავიანთი ცენტრის შესახებ პრეზენტაცია წარმოუდგინეს, შემდეგ კი შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
რაც შეეხება უელსის კვების პროდუქტების ტექნოლოგების ცენტრის საქმიანობას, მის 15-წლიან ისტორიასა და დღევანდელ საქმიანობას: ცენტრი ეხმარება კვების ინდუსტრიაში ჩაბმულ ბიზნესმენებს ბაზრებზე კონკურენტული უპირატესობის მოსაპოვებლად პროდუქტების შემქნაში, დახვეწასა და განვითარებაში, კერძოდ, ცენტრი ხარჯავს თავის რესურსებს იმაში, რომ კვების პროდუქტების მწარმობლებმა მიიღონ ტექნიკური დახმარება, საკითხების პრაქტიკულად გადასაწყვეტად მიიღონ ისეთი რჩევა, ცოდნა და უნარები, რაც მათ ბიზნესს წარმატების მიღწევაში დაეხმარება.
"ჩვენთან ძალიან ხშირად მოდიან ფერმერები, და მოაქვთ უბრალოდ რძე, გვთხოვენ, ვასწავლოთ ამ რძისგან როგორ გააკეთონ საუკეთესო ყველი, ნაყინი, იოგურტი, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვეხმარებით მათ, რომ რძე, რომელსაც არ აქვს დიდი ფასი გარდაიქმნას ისეთ პროდუქტად, რომელიც ქმნის დამატებით ღირებულებას და ფერმერი მას გაცილებით უფრო მაღალ ფასად ყიდის. ჩვენი ტექნოლოგიებით ვეხმარებით ფერმერებს იმაშიც, რომ, პროდუქტში, ცხიმიანობის, შაქრის, მარილისა და თუ სხვა კომპონენტების რეგულირება შეძლონ. მეწარმეებს პროდუქტების ბრენდირებას და შეფუთვას ვუკეთებთ და ვეძებთ მათთვის გასაღების ბაზრებს, როგორც დიდ ბრიტანეთში, ისე ევროპაში და მის ფარგლებს გარეთაც; გვაქვს ევროსტანდარტით პროდუქტის წარმოების, მათ შორის HACCP სისტემების დანერგვის ტრენინგები. მეწარმეები ჩვენი ტექნოლოგიების და აღჭურვილეობის ბაზაზე პროდუქტების მოდერნიზებას და სურსათის უვნებლობისა და ხარისხის ევროპის ბაზრისთვის აუცილებელ დონემდე განვითარებას ახდენენ. კვების ტექნოლოგიურ ცენტრში გვაქვს 3, 85 კვ.მ ფართის დარბაზი და ტესტირების სამზარეულო. დარბაზები გამიზნულია ხორცის, რძის პროდუქტების, თევზის და მებაღეობის პროდუქტების გადამუშავებისთვის. თითოეული დარბაზი აღჭურვილია თანამედროვე და პილოტური ინდუსტრიული ტიპის აღჭურვილობით, როგორც ახალი პროდუქტების განვითარებისთვის, ისე პროდუქტის შექმნისთვის. ჩვენი მცირე ზომის დარბაზებში მეწარმეები ჩვენი სპეციალისტების დახმარებით ავითარებენ თავიანთ პროდუქტებს მცირე ზომის ინდუსტრიული მასშტაბით, რათა შემდეგ მიაწოდონ საცალო ვაჭრობის ქსელებს და საბოლოო მომხმარებელს. ამ აღჭურვილობის დაქირავება სტარტაპ კომპანიებს აძლევს საშუალებას დარწმუნდნენ, რამდენად არის ბაზარზე მათი პროდუქტისადმი მოთხოვნა მანამ, სანამ ინვესტირებას განახორციელებენ ძვირადღირებულ აღჭურილობაში და სხვადასხვა ტიპის ხარისხის სერტიფიკატების მოპოვებაში" - გვითხრა ცენტრის მენეჯერმა მარტინ ჟარდინმა.
ცენტრის ფუნქციებია: ახალი ბიზნესების და სტარტაპების განვითარება(ინკუბაცია, ცოდნის გადაცემა, ახალი პროდუქტების შექმნა ინოვაციების გამოყენებით, პროდუქტის რეფორმულირება(გარდაქმნა), ტრეინინგები, მენტორინგი და გრძელვადიანი პროფესიული უნარჩვევების განვითარება, მესამე მხარის აკრედიტაცია და მრავალი სხვა.
უელსის (3მლ. 200 ათასი მაცხოვრებელი) კვების მრეწველობაში ჩართული მწარმოებლები ნედლეულის 54% ევროპიდან, 18% აზიიდან, 9% ჩრდილოეთ ამერიკიდან, 6% ლათინური ამერიკიდან, 5% აფრიკიდან, 8% ოკეანიიდან იძენენ. საინტერესოა, რომ ქართველ მეწარმეებთან შეხვედრის დროს უელსის კვების პროდუქტების ტექნოლოგიების ცენტრის ექსპერტებმა განაცხადეს, რომ სწორი კომუნიკაციისა და საქმიანი ურთიერთობების განვითარების შემთხვევაში სავსებით შესაძლებელია, რომ DCFTA ფარგლებში(ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება) ნედლეულის იმპორტი საქართველოდანაც განხორციელდეს.
დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლის, ანა ბუტჩარტის განცხადებით, საელჩო გეგმავს გარკვეულ აქტივობებს იმ მიზნით, რომ საქართველოს მთავრობას გაუწიოს დახმარება უელსის კვების პროდუქტების ტექნოლოგიების ცენტრის მსგავსი ორგანიზაციის შექმნაში ადგილობრივი ფერმერების დასახმარებლად.