ქართული მატყლი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე გავა
ქართული მატყლის პირველი, საცდელი პარტია დიდი ბრიტანეთის ბაზარზე 1 თვეში გავა. კომპანია “ქართულ მატყლსა” და Curtis wool direct limited-ს შორის ხელშეკრულება უკვე გაფორმდა. ბრიტანული კომპანია 1კგ, გაურეცხავ ქართულ მატყლს 1,05 აშშ დოლარად ყიდულობს.
“ეს საცდელი პარტია იქნება. ხელშეკრულების თანახმად აგვისტოში Curtis wool direct limited-ს 25 ტონა გაურეცხავი და დაუმუშავებული, მაგრამ სუფთა მატყლი უნდა მივაწოდოთ. ფასი განსაზღვრულია. 1 კგ-ში 1,05 აშშ დოლარს გადაგვიხდიან. ამ ფასში შედის ტრანსპორტირებაც: ჩვენ ვალდებული ვართ ნედლეული კომპანიას ბრიტანეთში ჩავუტანოთ. Curtis wool direct limited-ი მატყლის გადამამუშავებელი ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა. ჩვენს მიერ ჩატანილი მატყლის გადამუშავების შემდეგ გავიგებთ, შედგება თუ არა ჩვენს შორის გრძელვადიანი თანამშრომლობა. თუ ნედლეულს ჩვენგან მომავალშიც წაიღებენ, მაშინ მატყლის გასარეცხ საწარმოსაც გავაკეთებთ - 1 კგ გარეცხილი მატყლი 2,5 აშშ დოლარი ღირს”, - ამბობს www.eugeorgia.info-სთან საუბარში “ქართული მატყლის” ხელმძღვანელი ზაურ კულიევი.
კომპანია “ქართული მატყლი”, რომელიც მარნეულში მდებარეობს, ბაზარზე უკვე 6 წელია საქმიანობს. ქართული მატყლი ექსპორტზე ძირითადად თურქეთში, უკრაინასა და რუსეთში გადიოდა. “გასული 2 წლის განმავლობაში საწარმო გაჩერდა. უკრაინული გრივნა და თურქული ლირა ისე გაუფასურდა, პროდუქციის გატანამ აზრი დაკარგა. Curtis wool direct limited-თან კონტაქტის დამყარებაში Mercy Corps-ი დაგვეხმარა. ახლა ისევ დავიწყეთ მატყლის ჩაბარება. 1 კგ მატყლის ფასი, ხარისხის მიხედვით 0,8 -1,2 ლარის ფარგლებში მერყეობს”, - აცხადებს კულიევი.
ბოლო წლების განმავლობაში 1 კგ გასარეცხი მატყლის ფასი 50-60 თეთრამდე დაეცა. როგორც მეცხვარეები ამბობენ, ეს ფასი მატყლის მთიდან ბარში ჩამოტანის ხარჯსაც ვერ ფარავს. ამიტომ ისინი ზოგჯერ ახლადგაპარსულ მატყლს ადგილზევე წვავდნენ. უამრავ მეცხვარეს კი გაიაფებული მატყლის მყიდველის არარსებობის გამო სახლში დასაწყობებული ტონობით მატყლი გაუფუჭდა.
იმისთვის, რომ ქართულ მატყლს ევროპის ბაზარზე კარგი მყიდველი გამოუჩნდეს, ჯერ ცხვრის გაპარსვის, შემდეგ კი მატყლის რეცხვის და დახარისხების პრობლემა უნდა მოგვარდეს. გასულ წელს მეცხვარეთა ასოციაციამ ავსტრალიიდან მატყლის კლასიფიკატორი ჩამოიყვანა. ის პარსვის პროცესს თუშეთსა და ჯავახეთში დაესწრო და მეცხვარეთა ასოციაციას რეკომენდაციებიც მისცა. ავსტრალიელმა ექსპერტმა აღნიშნა, რომ ქართული ცხვრის მატყლის ხარისხი კარგია, მაგრამ სიგრძეში მოკლეა. იმისთვის, რომ მატყლის სიგრძე საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამებოდეს, მეცხვარეებმა ცხვარი წელიწადში 2-ჯერ კი არა, მხოლოდ ერთხელ უნდა გაპარსონ. გაპარსვის შემდეგ მატყლი უნდა დახარისხდეს: ერთი ცხვრისგან შესაძლებელია ოთხი სხვადასხვა ტიპის მატყლის მიღება. მატყლის ყველა ტიპს კი თავისი ფასი აქვს და თავისი მომხმარებელი ჰყავს.
ევროკავშირის ქვეყნებში მატყლის, როგორც ცხოველური წარმოშობის პროდუქტის შეტანას, ევროკავშირის დირექტივა N142/2011 და დირექტივა N97/78 არეგულირებს.
"ეს ქართული მატყლის ევროკავშირის ბაზარზე გასვლის პირველი პრეცედენტია", - აცხადებს Mercy Corps-ის ბიზნესის განვითარების უფროსი ოფიცერი დავით ქველაძე, - “ამიტომ იმპორტის წესებსაც ახლა ვსწავლობთ. იმისთვის, რომ ჩვენი მატყლი ევროკავშირის ბაზარზე შევიდეს, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს წარმოშობის სერტიფიკატი EUR1. გარდა ამისა, უსაფრთხო უნდა იყოს ადამიანის ჯანმრთელობისთვის და შესაბამისი სერთფიკატიც ჰქონდეს. კიდევ ორი მოთხოვნის შესრულებაა საჭირო: 1. მატყლი უნდა იყოს კარგად გამშრალი და შეფუთული უსაფრთხოდ და 2. გაიგზავნოს პირდაპირ იმ საწარმოში, სადაც მისი გადამუშავება მოხდება. ეს საჭიროა იმისთვის, რომ არ მოხდეს რაიმე დაავადების გავრცელება”.
თუ ამ ორი მოთხოვნიდან რომელიმე არ სრულდება - მაგალითად, მატყლი არ არის შეფუთული უსაფრთხოდ, ან არ მიდის პირდაპირ იმ საწარმოში, რომელიც მას გადაამუშავებს, მატყლი ჩაითვლება ჩვეულებრივი ცხოველური წარმოშობის პროდუქტად, რომელმაც შეიძლება მიმღებ ქვეყანაში ცხოველთა ჯანმრთელობას ზიანი მიაყენოს და მას მიმღები ქვეყნის საბაჟო უკან დააბრუნებს.
Curtis wool direct limited-ის სათაო ოფისი დასავლეთ იორკშირში, ქალაქ ბრადფორდთან მდებარეობს. ის ჩრდიელოეთ ნახევარსფეროში მატყლის ყველაზე დიდი შემსყიდველი და გადამამუშავებელი კომპანიაა. Curtis wool direct limited-ი ძირითადად 5 სახეობის - ბრიტანულ, ნორვეგიულ, ირლანდიურ, ახალ ზელანდიურ და შოტლანდიურ შალის ძაფს აწარმოებს.
მანანა ვარდიაშვილი