წარმატებულ ფერმერს განვითარების საშუალებას ბიუროკრატები არ აძლევენ
ბიზნესის შემაფერხებელი ფაქტორები და ახალი მოლოდინები
ქართველი მეწარმის დარეჯან კანთელაძის ოცნება, რომ გააფართოოს და გაუმჯობესებული რძის პროდუქტების წარმოება ააწყოს, ჯერჯერეობით ისევ ოცნებად რჩება. კანთელაძე ბიზნესის განვითარებას გეგმას, თუმცა, როგორც თავად ამბობს, ხელისუფლებასთან ცხრათვიან მოლაპარაკებებში ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწია. 1997 წელს წალკის რაიონის სოფელ სანტაში საცხოვრებლად გადასული ფილოლოგის მსხვილ ფერმერად გადაქცევას ვერავინ იფიქრებდა, თუმცა დიდი ძალისხმევის ფასად წარმატებული წარმოება ააწყო.
კანთელაძის კომპანია შპს „სანტა“ ყველს „ალპია“-ს ბრენდით „გუდვილის" და „სმარტის" მარკეტებში ჰყიდის. ყველი 5 დასახელებისაა: ქარხნული, იმერული, სახაჭაპურე, ლორე და „გაუდას“ ტიპის.
კანთელაძე საქართველოს პირობებისთვის მოზრდილ ფერმას ფლობს. კერძოდ: 500 ჰექტარ მიწასა და 270 პირუტყვს. წარმოების განვითარებისთვის კანთელაძეს მის საკუთრებაში არსებული დანაწევრებული მიწების გაერთიანება სჭირდება. მისი ნაკვეთების შუაში და ასევე მიმდებარედ სახელმწიფოს სააკუთრებაში არსებული 150 ჰექტარი მიწის ნაკვეთია. მიუხედავად არაერთი მცდელობისა, ვერც შესყიდვა და ვერც ხელსაყრელი იჯარით აღება ვერ შეძლო იმ მიწების, რომლებსაც სახელმწიფო დიდი ხანია ვერაფერში იყენებს.
კანთელაძე ბიზნესის კეთების ხელისშემშლელ მიზეზად საჯარო მოხელეების არაკომპეტენტურობას ასახელებს: „მთავრობას ვეხვეწები, რომ ეს გამოუყენებელი მიწები გონივრულ ფასად შემასყიდონ. მიწის გადასახადს გადავიხდი, სამუშაო ადგილებს შევქმნი, სოფლის მეურნეობის და ეკონომიკისთვის ეს წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. ვერ გავაგენიბე ეს ხელისუფლებას იმიტომ, რომ იქ ისეთი ხალხია, რომლებიც ამ ყველაფერს ვერ იგებენ. მთავრობას ვუყვები მაღალმთიან რეგიონში რასაც ვაკეთებს. მივარდნილ, მიგდებულ სოფელში ჩავასახლე ეკომიგრანტები, რომლებსაც სამსახური და სახლები მივეცი. მე ვთვლი, რომ ძალიან დიდი საქმე გავაკეთე. ჩემი წარმოების სანახავადაც კი არავინ ჩამოსულა. ეკონომიკის სამინისტრომ ძალიან ძვირი დაგვიფასა მიწა და ყიდვა ვერ შევძელით. იჯარაც შემოგვთავაზეს და გვითხრეს, რომ წელიწადში 118 ათასი ლარის სანაცვლოდ დაგვითმობდნენ 150 ჰექტარს. მე ეკონომიკის სამინისტოს წარმომადგენლებს ვუთხარი, რომ პირიქით ჩვენ ათჯერ მეტ ქონებას 500 ჰექტარი მიწას, 3 ფერმასა და ძროხებს დავუთმობდით ეკონომიკის სამინისტროს თუ წელიწადში 118 ათას ლარს გადაგვიხდიდა. აქედან კარგად ჩანს მთავრობის მოთხოვნების აბსურდულობა და სახელმწიფო მოხელეების არაკომპეტენტურობა. გვახარჯვინებენ ნერვებს, გვაგდებენ დეპრესიაში და ყოველგვარ მოტივაციას გვიკარგავენ “.
ყველის ქართული ბრენდი „ალპია“ სამომხმარებლო ბაზარიდან შესაძლოა გაქრეს. მთავრობასთან წარუმატებელი მოლაპარაკების შემთხვევაში დარეჯან კანთელაძე ბიზნესის დახურვასაც განიხილავს: „მიწების შესახებ ცხრათვიანი მოლაპარაკების შემდეგ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთხელ ეკონომიკის სამინისტროში განაცხადი გავაკეთე და ვამბობ, რომ ეს ბოლოა. მე ისედაც ვიყენებ იმ მიწებს და თუ მომიწევს მათი დატოვება, მაშინ მე დავხურავ ჩემს ბიზნეს და მუდმივად დასაქმებული ოცი ოჯახი დარჩება დაუსაქმებელი. ოცდახუთ ოჯახს, რომელსაც სეზონურად ვასაქმებ მშენელობასა და თივის დამზადებაზე, სამუშაო იმათაც აღარ ექნებათ. ეკომიგრანტებით და დევნილებით დასახლებული სოფელი ულუკმაპუროდ დარჩება. ასეთი მიდგომა აქვს სახელმწიფოს დღეს და ამას ხმამაღა ვამბობ“.
როგორც აღმოჩნდა, მთავრობასთან პრობლემები მხოლოდ ერთ კონკრეტულ მეწარმეს არ აქვს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური სკოლა ISET-ი 2013 წლის მეოთხე კვარტალიდან ბიზნესის განწყობის (ნდობის) ინდექსის ყოველკვარტალურ კვლევას ატარებს. ევროკავშირში აპრობირებული მეთოდებით 50 მსხვილი და 118 წვრილი და საშუალო (სულ168) კომპანია გამოიკითხა. 2015 წლის მეორე კვარტალის მონაცემებით ბიზნესის განწყობის ინდექსის ყველაზე გაუარესებული შედეგი დაფიქსირდა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ბიზნესის განწყობის ინდექსი 24,5 შეადგენდა, ბოლო მონაცებებით კი 3,6-ს არ აღემატება. გამოკითხვამ აჩვენა, რომ მსხვილი კომპანიების 17 პროცენტი სახელმწიფო ჩარევებისა და საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად ზარალდება.
„ბიზნესის ნდობა გაუარესებულია ყველა სექტორში და ყველა ზომის კომპანიისათვის. გაუარესებულია როგორც მიმდინარე აქტივობები, ასევე მათი მოლოდინები მომავალი სამი თვის შესახებ ისეთი ძირითადი სექტორებიდან როგორიცაა: სოფლის მეურნეობა, მომსახურება, ფინანსური მომსახურება, ვაჭრობა და მრეწველობა, ყველაზე მკვეთრი ვარდა ფინანსური მომსახურების სფეროში დაფიქსირდა. მიმდინარე პერიოდში ბიზნესის კეთებისთვის ძირითად დაბრკოლებად და პრობლემად მსხვილი კომპანიების 17 %-მა სახელმწიფო ჩარევები, სწრაფი საკანონმდებლო ცვლილებები და რეგულაციები დაასახელა“, - აცხადებს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი მაია გრიგოლია.
მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის აღმასრულებელი პრეზიდენტი მიხეილ ჭელიძე აცხადებს, რომ ადგილობრივი ბიზნესმენების გარდა მთავრობის მიერ განხორციელებიული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად პრობლემები უცხოელ ბიზნესმენებსაც შეექმნათ: „90 დღე შემოსვლა და ბიზნესის კეთება ადრე პრობლემა არ იყო. აქ მოკლევადიან ბიზნესზეა საუბარი და ამ ტიპის ბიზნესმენები ძირითადად აზიიდან იყვნენ. მცირე ინვესტორები, რომლებიც 20 ან 30 ათასი დოლარით რაღაცას ივაჭრებდა, ახალი სავიზო რეგულაციით ქართულ ეკონომიკას საერთოდ ჩამოშორდა. ჩემი მონაცემით თვეში ორი ათასი ბიზნესმენი შემოდიოდა, ეს აქტივობები მთლიანად გაქრა. ქვეყანაში შემოსვლა და ბინადრობის უფლების მიღება პრობლემაა. ისინი აქ როცა იყვნენ, ბინებს ქირაობდნენ, კომერციულ ფართებს იჯარით იღებდნენ, მოხმარებას ზრდიდნენ ძალიან დაბალ დონეზე, მაგრამ ეს დაბალი დონე ეკონომიკისთვის მაცოცხლებელია. სავიზო რეგულაციების გამო ჩვენმა კლიენტებმა, ირანელმა ბიზნესმენებმა საქართველო დატოვეს და ყველა ბიზნესი დახურეს“.
ISET- ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ მომხმარებელთა განწყობის ინდექსი გასულ კვარტალთან შედარებით გაუმჯობესდა. ISET-ის პრეზიდენტ ერიკ ლივნის განცხადებით, მომხმარებელთა ნდობის ინდექსის გაუმჯობესებამ შესაძლოა მომდევნო კვარტალში ბიზნესის განწყობებზეც იმოქმედოს: „ბიზნესმა არ უნდა იგრძნოს, რომ სიტუაცია უკონტროლო ხდება. მოხმარებელთა ნდობის ინდექსმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს სამი თვის წინ მიაღწია, ამჟამად პირიქით ზრდის ტენდენციას განიცდის, რაც იმედის მომცემია. რაც შეეხება, ბიზნესის ნდობის ინდექსს, აქამდე ყველა სექტორი ფინანსური მომსახურების ჩათვით, კარგად გამოიყურებოდა, თუმცა ამ თვეში სწრაფი ვარდნა მოხდა, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ერთჯერადად მომხდარ შოკს დრო დასჭირდა, რომ მომხმარებელზე და ბიზნესზე ასახულიყო. ბიზნესი იმ რაოდენობის პროდუქტს ვეღარ ყიდის და ეს ამ თვის ინდექსზე აისახა. იგივე შეიძლება ითქვას ფინანსურ სექტორზეც და ამ სექტორში მოთხოვნის კლებაზე. ახლა ეკონომიკა ასეთ მდგომარეობაშია და მომხმარებლთა ნდობის ბოლოდროინდელ გამოცოცხლებას თუ გავითვალისწინებთ , იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ეს შემდეგ თვეში ბიზნესის ნდობის ინდექსზეც აისახება“.
საკონსულტაციო კომპანია PMCG აღმასრულებელი დირექტორი, ყოფილი ფინანსთა მინისტრი ლექსო ალექსიშვილი ISET- ის კვლევის კომენტირებისას აცხადებეს, რომ ქვეყანაში დაგეგმილზე დაბალი ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი: „ეს კვლევა ადასტურებს, რომ მინდინარე წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იქნება იმაზე დაბალი ვიდრე დაგეგმილი იყო და ეს არის რეალობა. დაბალი ეკონომიკური ზრდა რომ არი იყოს, ამის უპირველესი პირობაა მაკროეკონომიკური სტაბილურობა, რაც გულისხმობს ინფლაციური მდგომარეობის კონტროლს, მეორე უნდა იყოს სტაბილური ინსტიტუციონალური და პოლიტიკური გარემო და ამას გარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა უნდა მოხდეს, რომელიც მთავარი კონტრიბუტორია ჩვენს ეკონომიკაში“.
ISET- ის კვლევაში მშენებლობის, მომსახურების, ფინანსური მომსახურების, მრეწველობის, ვაჭრობის, სოფლის მეურნების და სხვა სექტორებში არსებული მსხვილი, მცირე და საშუალო კომპანიები მონაწილებდნენ. ბიზნესისა და მომხმარებლის განწყობის (ნდობის) ინდექსი -100-დან 100-მდე მნიშვნელობის სკალაზე ფასდებოდა. მოწვეული 6 ათასი კომპანიიდან კვლევაში 168 ჩაერთო.
ზურაბ მოდებაძე