ივლის-აგვისტოში საბერძნეთიდან ფულადი გზავნილები 10-ჯერ შემცირდა
იანვარ-აგვისტოში ფულადი გადმორიცხვები საზღვარგარეთიდან შარშანდელთან შედარებით 250 მილიონი დოლარით (35%-ით) შემცირდა და 714 მილიონი დოლარი შეადგინა.
ტრანსფერების შემცირების ტენდენცია ფიქსირდება სამ ქვეყანაში, საიდანაც, ტრადიციულად საქართველოში ყველაზე დიდი ფულადი ნაკადი შემოდიოდა:
კერძოდ, ფინანსური და ეკონომიკური კრიზისის გამო რუსეთიდან წლის დასაწყისიდან ფულადი გადმორიცხვები, თითქმის, ორჯერ (201 მილიონი დოლარით) შემცირდა და 286 მილიონი დოლარით განისაზღვრა.
საბერძნეთიდან ქართულ ეკონომიკას 53 მილიონი დოლარი დააკლდა და მხოლოდ 85 მილიონი დოლარი გადმოირიცხა. აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი თვეა, ქართული დიასპორა სამშობლოში, საშუალოდ, მხოლოდ 1 მილიონ დოლარს გზავნის, მაშინ როცა ყოველთვიური მაჩვენებელი 10 მილიონ დოლარს აჭარბებდა.
11 მილიონი დოლარით (13%-ით) შემცირდა გადმორიცხვები იტალიიდან და 71 მილიონი დოლარით განისაზღვრა, 7,6 მილიონი დოლარით (36%-ით) - უკრაინიდან, 13 მილიონამდე დოლარამდე.
აღსანიშნავია, რომ 24%-ით გაიზარდა გადმორიცხვები აშშ-დან, 20%-ით - თურქეთიდან, 39%-ით კი - ისრაელიდან და შესაბამისად, რვა თვის განმავლობაში 64, 48 და 20 მილიონი დოლარს მიაღწია.
ბელა ნოზაძე