რძისა და იოგურტის ბოთლებისთვის საჭირო ნედლეულს ქართული კომპანია ადგილზე დაამზადებს
პირველად საქართველოში ორკომპონენტიანი საცობებისა და არასტანდარტული პეტ-პრეფორმების წარმოება იწყება, რითაც იმპორტირებული პროდუქციის ჩანაცვლებაა ჩაფიქრებული. კომპანია "ჯეოკეპი" პროგრამის -„აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში 2014 წელს დაფინანსდა და წლის ბოლოს დაიწყებს მუშაობას. საწარმოს ასაშენებლად “ჯეოკეპს” მთავრობამ ორხევში მოძველებული ინფრასტრუქტურა სიმბოლურ ფასად 1 ლარად გადასცა, ხოლო 2 მილიონი დოლარი“პროკრედიტ ბანკმა” 10-წლიანი სესხის სახით გამოუყო, პროცენტის წილის 10%-ს სახელმწიფო დაფარავს.
„ათვისებული გვაქვს გამოყოფილი თანხა, მიღებული გვაქვს დანადგარი, რომელიც უკვე დამონტაჟებულია. ვფიქრობთ, რომ ნოემბრიდან უკვე სრული დატვირთვით ვიმუშავებთ. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ადგილობრივ კომპანიებთან, რომ ყველაფერი დროულად მოვახერხოთ. ჩვენი ძირითადი მიმართულება იქნება მაღალი ხარისხის საცობები, ასეთი ტიპის საწარმო ამ დანადგარებით მხოლოდ საქართველოში კი არა, ამიერკავკასიაში არ არის. აგრეთვე იწარმოება მცირე რაოდენობა პეტ-პრეფორმებისა, მხოლოდ არასტანდარტული - ის, რაც საქართველოში მანამდე არ იწარმოებოდა და კომპანიებს იმპორტირება უწევდათ“, - აცხადებს “ჯეოკეპის” დამფუძნებელი და დირექტორი ენრიკო მოსულიშვილი.
კომპანიის მფლობელის განცხადებით, წარმოებულ პროდუქციას იმპორტირებულზე იაფად გაყიდის საქართველოში და ამიტომ რეალიზაციის პრობლემა არ შეექმნება.„ნაწილი განწყობილია ქართულ კომპანიასთან სათანამშრომლოდ, პოტენციური პარტნიორები ცდილობენ საუკეთესო ფასის მიღებას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, “ბორჯომთან” საკმაოდ დადებითი განწყობებია, იგივე შემიძლია, ვთქვა “ნაბეღლავზეც”. ადგილობრივ კომპანიებს ჩვენ მხოლოდ იმ არასტანდარტულ პროდუქციას მივაწვდით, რომლის იმპორტიც უწევთ. მაგალითად, ქართულ ბაზარზე შეხვდებით ქილას, რომელიც საქართველოში არ იწარმოება, ასევე რძის ბოთლის, იოგურტის პრეფორმებს საქართველოში არავინ ამზადებს, არსებობს 5-ლიტრიანი, 8-ლიტრიანი, 10-ლიტრიანი პრეფორმები, რომლებიც 100 პროცენტით თურქეთიდან შემოდის. ჩვენი მიზანი ამ მიმართულებით მუშაობაა“,- ამბობს ენრიკო მოსულიშვილი-კომპანია იოგურტის ბოთლების პეტ-პრეფორმების წარმოებასაც გეგმავს- „წარმოიდგინეთ, რამდენი ბოთლი იყიდება ნაბეღლავი, ბორჯომი, ლიკანი და ასე შემდეგ, თვეში ჯამში ერთად ადის, ალბათ, 20 მილიონ ბოთლზე. რაც შეეხება იოგურტის ბოთლის პრეფორმას, თვეში იყიდება 150 000, 200 000, ეს ძალიან ცოტაა. არავის უღირს ასეთი სახის პეტ-პრეფორმების წარმოება და ბრუნვისთვის ყალიბის შეძენა. ჩვენ კი გვიღირს, გვინდა რომ იწარმოებოდეს საქართველოში, დავაკმაყოფილოთ ადგილობრივი ბაზარი და ექსპორტზეც გავიტანოთ“, - აცხადებს ენრიკო მოსულიშვილი.
არასტანდარტული პეტ-პრეფორმების საქართველოში წარმოების დაწყებას მიესალმებიან „სანტეში“. კომპანიის დირექტორის ერეკლე გამყრელიძის თქმით, იმის გამო, რომ იოგურტის ბოთლის პრეფორმები საქართველოში არ იწარმოება, "სანტეს" პროდუქციის იმპორტირება უწევს.
„კაფსულების იმპორტს ვახორციელებთ და შემდეგ ადგილზე ვბერავთ, მასშტაბური ადგილობრივი წარმოება არ არის, რამდენადაც ვიცით. რაც შეეხება კომპანია „ჯეოკეპს“, პირველად გავიგე მის შესახებ, ჩვენი დიდი სურვილი იქნება მათთან თანამშრომლობა, თუ ხელსაყრელი პირობები იქნება და ხარისხიან პროდუქციას შემოგვთავაზებენ“, - ამბობს „სანტეს“ გენერალური დირექტორი ერეკლე გამყრელიძე.
კომპანია „ჯეოკეპის“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ ბიზნესგეგმაში, რომელიც მან პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში წარადგინა, დეტალურად აქვს ნაჩვენები, როგორ უნდა ჩაანაცვლოს იმპორტირებული პროდუქცია ადგილობრივმა წარმოებამ. შეძლებს თუ არა "ჯეოკეპი: ქართული კომპანიებისთვის მაღალი ხარისხის პროდუქციის ისეთ ფასში შეთავაზებას, რომ მათ იმპორტზე უარი თქვან? - ამ შეკითხვით ჩვენ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მივმართეთ, სადაც განგვიმარტეს, რომ პროექტების შერჩევისა და სესხის გაცემის პროცესში ბაზრის პრინციპებიდან გამომდინარე სახელმწიფო არ ერევა, რისკებს საკუთარ თავზე კი კერძო მეწარმე იღებს.
„ბიზნესი, რომელსაც სურს, სამეწარმეო საქმიანობის დაწყება, კომერციული ბანკისგან იღებს სესხს. ბანკი ფინანსური რესურსის მიწოდების ერთ-ერთი წყაროა და ის აფასებს რისკებს ისე, როგორც საბაზრო პირობებში, აძლევს ფინანსურ რესურსს, ჩვენ უბრალოდ ვუიაფებთ მას ამ კრედიტს. რისკების შეფასება ჩვენი მხრიდან იქნებოდა არასწორი. ჩვენ გვყავს კომერციული ბანკი, კერძო სექტორი და არის სახელმწიფო, არც ერთის საქმიანობაში ჩვენ არ ვერევით, ისინი მოქმედებენ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. ბანკი აფასებს პროექტს, რისკებს და ამ ანალიზის საფუძველზე გასცემს სესხს. თუ კერძო სექტორის მიერ საწარმოებელი პროდუქტი ჩვენი პრიორიტების ნუსხაშია, მოხდება კონკრეტული მეწარმის პროგრამაში ჩასმა“, - აცხადებს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მეწარმეობის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ოთარ ანთია.
„ჯეოკეპის“ ბიზნესგეგმა და მის განხორციელებასთან დაკავშირებული რისკები „პროკრედიტ ბანკმა“ შეისწავლა, შემდგომ კი კომპანიას 2 მილიონი დოლარი გამოუყო. ბანკში ამბობენ, რომ მათი კლიენტების შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია.
„ ვერ გიპასუხებთ კომპანია „ჯეოკეპი“ არის თუ არა ჩვენი კლიენტი და თუ არის, რა კრიტერიუმებით მოხდა მისი შერჩევა, ეს ინფორმაცია არ არის ყველასთვის ხელმისაწვდომი. პროცესში ეკონომიკის სამინისტრო ერთვება მას შემდეგ , რაც ბანკი მიიღებს დადებით გადაწყვეტილებას. ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები ხვდებიან კლიენტს, ეცნობიან და აწერენ ხელს ხელშეკრულებას,“ - აცხადებენ პროკრედიტ ბანკში.
პეტ პრეფორმებს საქართველოში ძირითადად 2 კომპანია “კავკასიან პეტ კომპანი” და შპს "ალფა პეტი" აწარმოებს. პირველი პეტ-პრეფორმების მწარმოებელი კავკასიის რეგიონში “კავკასიან პეტ კომპანი“ 1996 წელს ქალაქ რუსთავში დაარსდა. კომპანია რეგიონში ერთ-ერთ უმსხვილეს მომწოდებლად ითვლება და მისი ძირითადი მომხმარებლები მინერალური წყლებისა და უალკოჰოლო გამაგრილებელი სასმელების მწარმოებელი კომპანიები არიან. პეტ-პრეფორმებს აწარმოებს კიდევ ერთი კომპანია შპს "ალფა პეტი", რომელიც 2007 წელს ქალაქ რუსთავში დაარსდა. “ალფა პეტი” იმ კომპანიების რიცხვს მიეკუთვნება, რომლის დამფუძნებელი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკია (EBRD).
მიუხედავად იმისა, რომ EBRD-ის მიერ დაფუძნებული“ალფა პეტი” და მეორე მსხვილი კომპანია “კავკასიან პეტ კომპანი” პეტ-პრეფორმების ბაზარზე საჭირო რაოდენობას აწარმოებენ, ქართული კომპანიების ნაწილს იგივე პროდუქცია მეზობელი ქვეყნებიდან შემოაქვს. მინერალური წყლების მწარმოებელი კომპანია "ბორჯომი" პეტ-პრეფორმებს, ძირითადად, „კავკასია პეტ კომპანისგან“ იძენს, თუმცა, გარკვეული ნაწილის იმპორტს თურქეთიდანაც ახორციელებს. ბორჯომში ამბობენ, რომ მათ სტანდარტებს ქართული კომპანია ხშირად ვერ აკმაყოფილებს.
„კავკასიან პეტ კომპანია“ გვამარაგებდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში. არის პროდუქცია, რომელიც ჩვენს მოთხოვნილებას ვერ აკმაყოფილებს, ამიტომ ეს ნაწილი თურქეთიდან შემოგვაქვს. თუმცა, პირველ რიგში, ადგილობრივ წარმოებაზე ვმუშაობთ, ჩვენს სტანდარტებს ხშირად ვერ აკმაყოფილებს ხარისხი, ფერი, კიდევ ბევრი სხვა რამ - 35 პარამეტრია, რის მიხედვითაც ვარჩევთ. ბორჯომი კერძო კომპანიაა და ეს არის შიდა გადაწყვეტილება. რაც შეეხება პეტ-პრეფორმების ღირებულებას, როცა მოთხოვნილებას ვერ აკმაყოფილებს კომპანია, იქ ფასზე ლაპარაკი აღარ არის“, - აცხადებენ "ბორჯომში".
“კავკასიან პეტ კომპანისგან” იძენს პეტ-პრეფორმებს უალკოჰოლო გაზირებული სასმელის მწარმოებელი კომპანია “კოკა კოლა”, რომელსაც პრეფორმების იმპორტირება თურქეთიდანაც უწევს, თუმცა, “ბორჯომისგან” განსხვავებით “კოკა კოლაში” ამბობენ, რომ მეზობელი ქვეყნიდან მხოლოდ ის პროდუქცია შემოაქვთ, რომელსაც „კავკასიან პეტ კომპანი“ ადგილზე არ აწარმოებს. “კოკა კოლაში” აცხადებენ, რომ საქართველოში წარმოებული პეტ-პრეფორმები მათ სტანდარტებს აკმაყოფილებს.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, პლასტმასის ბოცების, ბოთლების, ფლაკონებისა და ანალოგიური ნაწარმის პრეფორმების იმპორტის ღირებულებამ თურქეთიდან 2014 წელს 7,364.1 დოლარი შეადგინა. (3,286.5 ტონა). 2015 წლის იანვრიდან აგვისტომდე კი იმპორტირებული პროდუქციის ფასი 3,054.6 დოლარი იყო (1,585.1ტონა). მომდევნო წლის მაჩვენებლები განსაზღვრავს, რამდენად წარმატებული აღმოჩნდა პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსებული პროექტი და რამდენად შეძლო კომპანია “ჯეოკეპმა” აღებული ვალდებულებების შესრულება, რომელიც იმპორტირებული პროდუქციის ადგილობრივი წარმოებით ჩანაცვლებას გულისხმობს.
ხატია შამანაური