„თუ ღორი მე უნდა ვიყიდო, 5 000 ლარი რად მინდა?“
4 ნოემბერს მეწარმეობის განვითარების სააგენტო გამარჯვებულ ქალ მეწარმეებს დაასახელებს.
„მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ქალი მეწარმეები პირველად დაფინანსდებიან. ბიზნესში ქალის როლის გაძლიერება - ეს ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებული პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია. „მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა" ითვალისწინებს მიკრო და მცირე ბიზნესის დაფინანსებას რეგიონებში. საქართველოს მთავრობამ პროგრამისთვის ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარი გამოყო. თითოეული ბენეფიციარი 5000 ლარით უნდა დაფინანსდეს, მეწარმეთა ჯგუფის შემთხვევაში კი 15 000 ლარი გამოიყოფა. დაფინანსების მისაღებად აუცილებელი პირობაა მეწარმეთა თანამონაწილეობა. თანამონაწილეობის წილი განსაზღვრულია დაფინანსების თანხის არანაკლებ 20%-ით. პროექტის თანახმად, პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ, როგორც გამოცდილ, ისე დამწყებ მეწარმეებს. დუშეთის რაიონის ფერმერთა კლუბის ხელმძღვანელი ნუნუ ხეთაგური eugeorgia.info-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ მისი იდეა დაიწუნეს, რადგან ახალი ბიზნესის დაწყებას ითვალისწინებდა.
„ჩემი მეუღლის მშობლებს ტყეში საღორეები ჰქონდათ და ამ საქმიანობას მისდევდნენ წლების განმავლობაში, შემდეგ ჩვენც მოვამრავლეთ, მაგრამ ჭირის შედეგად დაგვეხოცა. 165 ღორი 2 კვირაში გაგვიწყდა. მინდოდა, 5 000 ლარით სწორედ ღორები მომემრავლებინა, წავედი პროგრამის პრეზენტაციაზე, ამბობდნენ, ვისაც ბიზნესის დაწყება და სოფლის მეურნეობის აღორძინება გინდათ, მობრძანდითო. როდესაც პრეზენტაციაზე შეკითხვა დავსვი, მომმართეს, რისთვის მჭირდებოდა ეს თანხა, ავუხსენი, მათ კი შემაჩერეს და მითხრეს, ამ პროგრამის ფარგლებში თქვენ არ გექნებათ უფლება, რომ ღორები შეისყიდოთ, თქვენ უკვე უნდა გყავდეთ ღორები, ასევე უნდა იქონიოთ 1000 ლარი. თუ ღორი მე უნდა ვიყიდო, 5 000 რად მინდა? დარბაზი დავტოვე. ეს რეალური დახმარება არ იყო. შემდეგ მაინც ვთხოვე ჩემს ქალიშვილს განცხადების შეტანა, თუმცა არავინ გამომხმაურებია“, - აცხადებს ნუნუ ხეთაგური.
მეწარმეობის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, რომ პროგრამის განხორციელებისას სახელმწიფოს რისკები მინიმუმადე დაჰყავს, სწორედ ამიტომ პრიორიტეტი არა საბრუნავ, არამედ ძირითად საშუალებებს ენიჭება.
„ახალი ბიზნესის წამოწყება ჩვენი პროგრამის პრიორიტეტი იყო, მაგრამ ღორების შესყიდვა - ეს საბრუნავი საშუალებაა, რაც ჩვენი პროგრამით აკრძალული იყო. საბრუნავ საშუალებებზე თანხებს ვერ გავცემთ, ვერიდებით ასეთი ბიზნესის დაფინანსებას. მაქსიმალურად არის რისკები გათვლილი, მაგალითად, ამ ადამიანმა, შესაძლოა, ღორები შემდეგ გაყიდოს, ამიტომ თავს ვიკავებდით ამ კუთხით ფინანსების გამოყოფაზე“, - აცხადებს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ბიზნესგანვითარების მრჩეველი ირინა გიორგიძე.
პროგრამაში მონაწილეობა სურდა, თუმცა, განაცხადი არ შეუვსია დუშეთის რაიონის ფერმერთა კლუბის ხელმძღვანელის მოადგილეს ბელა წვერაძესაც, რომელიც მეფუტკრეობას მისდევს.
„მთავარი დაბრკოლება ის იყო, რომ სოფლის მოსახლეობამ არ იცის ბიზნესგეგმების წერა, როდესაც მივედით კონსულტაციისთვის, მიპასუხეს, რომ უნდა გვქონოდა უკვე ფეხზე დამდგარი მეურნეობა და 1000 ლარი, რომ ვუთხარი, ფუტკრების გადასაყვანი ტრანსპორტი მინდა შევიძინო, 3 კაცი რომ გავერთიანდეთ, 15 000 საკმარისი იქნება-მეთქი, მიპასუხეს, რომ ეს არ შეიძლებოდა. უნდა შევსულიყავით მათ საიტზე, დავრეგისტრირებულიყავით, უნდა გვქონოდა ბიზნესგეგმა, შემდეგ ტრენინგებზე გორში გევლო, ეს კი რთული იყო ჩვენთვის“, - აცხადებს ბელა წვერაძე.
პროექტის თანახმად, „მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამაში“ მონაწილეობის მსურველებს პირველ ეტაპზე მხოლოდ იდეა უნდა წარედგინათ, მოგვიანებით სპეციალური ტრენინგების გავლის შემდეგ იყო სავალდებულო ვრცელი ბიზნესგეგმის დაწერა. რატომ გახდა დამაბრკოლებელი ფაქტორი განაცხადის შევსება დუშეთის მცხოვრებლების ნაწილისთვის? მეწარმეობის განვითარების სააგენტოში ამბობენ, რომ ამ თემაზე ყველა რეგიონში ვრცელი პრეზენტაცია ჩატარდა.
„ამის შესახებ ყველას ჰქონდა ინფორმაცია, გვყავს რამდენიმე კონტრაქტორი ორგანიზაცია, რომლებიც რეგიონებში ადგილობრივ დონეზე ახორციელებენ ჩვენს პროგრამას. ამ თემაზე ტარდებოდა პრეზენტაციები, შესაბამის ფორმას აჩვენებდნენ, რომელიც უნდა შეევსოთ, დეტალურად უხსნიდნენ ყველაფერს, უამრავი განაცხადი შემოვიდა და შეუძლებელია, რომ ერთს გაეგო და სხვას ვერა. არ იყო აუცილებელი არანაირი ბიზნესგეგმის დაწერა და თანხობრივი დაანგარაშება, პირველ ეტაპზე მარტივი და გასაგები ენით უნდა ყოფილიყო გადმოცემული მხოლოდ ბიზნესიდეა.“- აცხადებს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ბიზნესგანვითარების მრჩეველი ირინა გიორგიძე
„პროგრამის ფარგლებში სპეციალური ტრენინგი უტარდება 6 000-მდე ადამიანს, მათ უნდა მიიღონ შესაბამისი ცოდნა, რათა ამ და სხვა პროგრამების ფარგლებში შეძლონ ფინანსური რესურსის მოძიება საკუთარი ბიზნესის გასავითარებლად. ჩვენი მიზანი არ არის, რომ ერთჯერადად დავაფინანსოთ პროექტები. ჩვენი მიზანია, ბენეფიციარებმა მიიღონ ცოდნა, რომ დამოუკიდებლად შეძლონ ოპერირება. პროგრამა ითვალისწინებს 2 ტიპის მხარდაჭერას - პირველი, ეს არის ფინანსური რესურსი არსებული ბიზნესის განვითარებისა ან ახლის დასაწყებად, მეორე ტიპის მხარდაჭერა - თანამედროვე ბიზნესპრაქტიკის შესახებ ცოდნის მიწოდება ტრენინგების, სემინარებისა და ინდივიდუალური კონსულტაციების გზით.“ - აცხადებს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მეწარმეობის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ოთარ ანთია.
ხელისუფლების ინიციატივით, ბიზნესში ქალების როლის გასააქტიურებლად 2015 წელს „მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის” ბენეფიციარების არანაკლებ 30% ქალი უნდა იყოს, მომდევნო წელს კი ეს მაჩვენებელი 40% იქნება. რამდენად შეუწყობს ხელს მცირე და მიკრო მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა ქალის როლის გაძლიერებას ბიზნესში, ამ შეკითხვით ჩვენ ექსპერტებს ეკონომიკის საკითხებში მივმართეთ. ეკონომისტი აკაკი ცომაია მიიჩნევს, რომ ამ გზით ქალი მეწარმეები არ ვლინდებიან.
„აღნიშნული პროექტი ქალების როლის გაზრდას ხელს ვერ შეუწყობს. ქალი მეწარმეები ასე არ ვლინდებიან. ეს შეიძლება, იყოს კარგი ინიციატივა, მაგრამ საერთო ჯამში 5 000 ლარი წყალში იყრება. ეს არის რესურსების განიავება. ამ შემთხვევაში ქალი მეწარმეები მამაკაცებთან ერთად მონაწილეობენ კონკურსში, ვინ იმსახურებს თანხის მიღებას, ეს უნდა გამოავლინოს კონკურენციამ და არა რაიმე სახის კვოტამ. მეორე, როდესაც სახელმწიფოს ხელშეწყობით ხდება თანხის გაცემა, ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან ბევრი მსურველი იქნება, სახელმწიფოს, რომელიც უფრო მხარჯველია და არ ასრულებს ბანკისა ან ინვესტორის ფუნქციას, არა აქვს კვალიფიკაცია და მოტივაცია, რომ თანხა მისცეს იმ სუბიექტს, რომელიც ყველაზე კარგად გამოიყენებს ამ ფულს, შესაბამისად, როგორც წესი, ბენეფიციარები ხდებიან ის ადამიანები, რომლებიც დიდი ალბათობით ვერ იწყებენ ბიზნესს ან ხარჯავვენ მიღებულ თანხას და შედეგად ვერაფერს იღებენ,“ - ამბობს აკაკი ცომაია.
ISET კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი რატი კოჭლამაზაშვილი კი მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პროექტი სწორად განხორციელდება, ქალი მეწარმეების როლი ბიზნესში, შესაძლოა, გაძლიერდეს.
„ზოგადად, პროექტს სოციალური ელფერი დაჰკრავს, ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული განმახორციელებელ ორგანიზაციებზე, მნიშვნელოვანია ყველა რგოლში დაეხმარონ მათ, დაწყებული დოკუმენტაციიდან დასრულებული ბიზნესის მართვით, რისკებით. რაც მთავარია, ძალიან მნიშვნელოვანია შექმნილი პროდუქციის გაყიდვა, რომ მდგრადობას მიაღწიონ და რაიმე ეკონომიკურ შედეგზე ვისაუბროთ. სხვა შემთხვევაში იქნება სოციალური და გამოვა, რომ წყალში გადაიყრება ფული. თუმცა ზოგ შემთხევაში შესაძლებელია, დაეხმაროს მდგრად მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებას, განსაკუთრებით ქალების ჩართულობის შემთხვევაში, რომელთაც დამატებითი შემოსავლის მოტანა შეუძლია ოჯახებისათვის საოჯახო საქმიანობის პარალელურად“,- ამბობს რატი კოჭლამაზაშვილი.
ISET-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ლიდერი ქალების როლი საქართველოს სოფლის მეურნეობაში დღემდე უგულებელყოფილია. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობის მიერ დარეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წევრთა მხოლოდ ერთი მეოთხედია ქალი. ექსპერტები ეკონომიკის საკითხებში მიიჩნევენ, რომ ბიზნესში ქალის როლის გასააქტიურებლად ხელისუფლებას ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაო სხვა კუთხით აქვს ჩასატარებელი.
„ამ შემთხვევაში მთავარია საინფორმაციო კამპანიის წარმოება, თუ ქალს საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების გამო თვითრეალიზაციის საშუალება არა აქვს და ვერ იწყებს ბიზნესს, ასეთი პროექტებით კი არ უნდა გავაძლიეროთ ქალი, არამედ უფრო საგანანმანათლებლო კუთხით უნდა ვიზრუნოთ მათზე და უფრო მეტი უნდა ვიფიქროთ სტერეოტიპების დანგრევაზე, არ ვეთანხმები კვოტირებისა და პროპორციების წესების შემოღებას“, - ამბობს აკაკი ცომაია.
„ყურადსაღებია ასევე რეგულაციების ისე მოწესრიგება, რომ ქალებს თანაბარი უფლება ჰქონდეთ სამსახურის დაწყებისას. დღეს სამწუხაროდ არსებობს შემთხვევები, როდესაც ქალები სამსახურში არ აჰყავთ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მისი შემცვლელის პოვნა დასჭირდებათ, რამდენადაც ქალს დეკრეტში გასვლა შეიძლება, მოუწიოს ორსულობის გამო. უკვე დასაქმებულებს ეშინიათ ორსულად დარჩენის, რომ შესაძლოა, სამსახური დაკარგონ. ეს მახინჯი სისტემაა და საჭიროა ამის გამოსწორება“, - აცხადებს რატი კოჭლამაზიშვილი.
მეწარმეობის განვითარების სააგენტოში ამბობენ, რომ პროგრამის ფარგლებში 7800-მდე განაცხადი შევიდა, აქედან 34% ქალია. ექსპერტების აზრით, პროგრამის შედეგების გაზომვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი სტატისტიკური მონაცემები იქნება, რამდენად გაიზრდება რეგისტრირებული ქალი მეწარმეების რაოდენობა საქართველოში მომავალ წელს.
ხატია შამანაური