ქართულმა დიასპორამ შარშან სამშობლოში 360 მილიონი დოლარით ნაკლები თანხა გადმორიცხა
ფულადი გზავნილები უცხოეთიდან 2015 წელს 2014 წელთან შედარებით 360 მილიონი დოლარით, ანუ, 25%-ით შემცირდა და 1 მილიარდ 80 მილიონი დოლარი შეადგინა.
ყველაზე დიდი წილი გადმორიცხვებში (40%) მრავალრიცხოვანი დიასპორის წყალობით, რუსეთზე მოდის, საიდანაც ტრანსფერების მოცულობამ შარშან 2014 წელთან შედარებით 277 მილიონი დოლარით ( 39%-ით) მოიკლო და 433 მილიონი დოლარით განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ რუსეთიდან გადმორიცხვების წილი ბოლო წლებია, მცირდება - 2014 წელს მასზე ტრანსფერების ნახევარი მოდიოდა).
მეორე ადგილზე გადმორიცხვების სიდიდით საბერძნეთია, საიდანაც ფინანსური კრიზისის გამო ქართულმა დიასპორამ გასულ წელს 87 მილიონი დოლარით ნაკლები თანხა გადმორიცხა (118 მილიონი დოლარი).
მესამე ადგილზე იტალიაა, სიდანაც ფულადი გზავნილების მოცულობა 12 მილიონი დოლარით შემცირდა და 109 მილიონი დოლარით განისაზღვრა.
სამაგიეროდ, ტრანსფერების მოცულობა აშშ-დან 18 მილიონი დოლარით გაიზარდა და 100 მილიონ დოლარს მიაღწია, 4 მილიონი დოლარით - თურქეთიდან (69 მილიონი დოლარი), სავიზო რეჟიმის გამარტივების წყალობით 9 მილიონი დოლარით - ისრაელიდან (33 მილიონი დოლარი), 2 მილიონი დოლარით - გერმანიიდან (27 მილიონი დოლარი). თითქმის 2 მილიონი დოლარით მოიკლო ფულადმა გზავნილებმა ესპანეთიდან (27 მილიონი დოლარი), ხოლო 10 მილიონი დოლარით - უკრაინიდან (21 მილიონი დოლარი).