რუსეთის მზარდ საფრთხეს ალიანსი კოლექტიური თავდაცვის უპრეცედენტო გაძლიერებით პასუხობს
ცივი ომის დასრულებიდან 25 წლის შემდეგ, რუსეთის რევანშისტული ზრახვები კვლავ შეშფოთების საგნად იქცა. დასავლეთში იზრდება იმის გაგება, რომ რუსეთის გეოპოლიტიკური ამბიციები საფრთხის მატარებელია, რადგან კრემლი ევროპული უსაფრთხოების სისტემის დემონტაჟს და სამყაროს გავლენის სფეროებად დაყოფას ისახავს მიზნად.
საბჭოთა კავშირის სიდიადის აღდგენის იდეით შეპყრობილი კრემლი, ღიად ჩაერთო სირიის ომში და ხმელთაშუა ზღვაში საზღვაო დაჯგუფება ჩამოაყალიბა, მეორე მხრივ — ჩრდილოეთის სტრატეგიული სარდლობა შექმნა, რომლის პასუხისმგებლობის ზონად განისაზღვრა არქტიკა და არქტიკული ოპერაციები. რუსეთმა ნატო-ს საზღვრების სიახლოვეს: კალინინგრადსა და კავკასიაში (ჩრდილოეთ ოსეთი და სომხეთი) ისკანდერის ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსები განათავსა. რუსული სტრატეგიული ბომბდამშენები პერიოდულად, ევროპისა და აშშ-ის საზღვრებთან ახლოს პროვოკაციულ ფრენებს ახორციელებენ. ნატო-ს სამეზობლოში რუსეთმა არასტაბილურობის კერები შექმნა (უკრაინა, საქართველო, მოლდოვა), მოახდინა ყირიმის ანექსია.
შეზღუდული ეკონომიკური და ფინანსური შესაძლებლობების მიუხედავად, რუსეთი საკუთარ არმიაზე კვლავ კოლოსალურ თანხებს ხარჯავს. თუმცა, მზარდი ამბიციებისა და ძალისხმევის მიუხედავად, მიმდინარე ეტაპზე, რუსეთი, საკუთარი სამხედრო ძალით, როგორც რიცხოვნობით ისე ხარისხით, ბევრად ჩამოუვარდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების შეიარაღებული ძალების საერთო რაოდენობას და ხარისხს.
სახმელეთო შეიარაღება:
მსოფლიოში რაოდენობრივად ყველაზე მეტი სახმელეთო შეიარაღების მქონე ქვეყნების ათეულში 6 სახელმწიფო — აშშ, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, გერმანია და იტალია ნატო-ს წევრები არიან.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხოლოდ 6 წევრ ქვეყანას ერთობლივად, გააჩნია: 14 450 ტანკი (რუსეთს 15 398), 74 264 შეჯავშნული საბრძოლო მანქანა (რუსეთს - 31,298), თვითმავალი არტილერიის 3 679 ერთეული (რუსეთს - 5,972), ბუქსირებადი არტილერიის 2 459 ერთეული (რუსეთს - 4,625), ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების 2 459 ერთეული (რუსეთს - 3,793).
რუსეთსა და ნატო-ს 6 წამყვან ქვეყანას შორის შეიარაღების ზოგიერთი ტიპების მეტნაკლებად ტოლი რაოდენობის მიუხედავად, აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული, რომ ალიანსის სახმელეთო შეირაღების ხარისხი და საცეცხლე ძალის წარმოების შესაძლებლობები (სიზუსტე, სიმძლავრე, სისწრაფე, ექსპლუატაციის ვადა) ბევრად აღემატება რუსეთის სახმელეთო შეიარაღებას.
სამხედრო ავიაცია
სამხედრო-საჰაერო ძალების შედარების კუთხით, უპირატესობა ნატო-ს მხარეზეა. ათეულში აშშ ლიდერობს, რომლის შეიარაღებაში, რაოდენობრივად და ხარისხობრივად, მსოფლიოში ყველაზე მეტი სამხედრო ავიაციის ტიპებია. აშშ-ს, საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთს, თურქეთს, გერმანიასა და იტალიას ჯამურად, აქვთ 3 170 გამანადგურებელ-გადამჭერი (რუსეთს - 751), 3 798 მოიერიშე თვითმფრინავი (რუსეთს — 1 438), 6 819 სატრანსპორტო თვითმფრინავი (რუსეთს — 1 124), 3 851 საწვრთნელი თვითმფრინავი, (რუსეთს - 370), 8 268 ვერტმფრენი (რუსეთს — 1 237) და 1 221 მოიერიშე ვერტმფრენი (რუსეთს - 478).
სამხედრო-საზღვაო ფლოტი
აშშ-ისა და რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტების რაოდენობა და შემადგენლობა განპირობებულია ამ ქვეყნების სტრატეგიული მიზნებით და ამოცანებით. აშშ-ს მსოფლიოში ყველაზე დიდი სამხედრო-საზღვაო ძალები, ყველაზე მეტი ავიამზიდი, ყველაზე ძლიერი წყალქვეშა ფლოტი და ავიაცია ჰყავს.
მსოფლიოში უმსხვილესი სამხედრო-საზღვაო ფლოტების ათეულში 6 ადგილი ნატო-ს ქვეყნებს უკავია. აშშ-ს, საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთს, თურქეთს, გერმანიასა და იტალიას, ერთობლივად 26 ავიამზიდი (რუსეთს — მხოლოდ 1), 69 ფრეგატი (რუსეთს - 4), 83 ხომალდსაწინააღმდეგო (რუსეთს — 15), 119 წყალქვეშა ნავი (რუსეთს — 60), 84 ნაღმოსანი (რუსეთს — 45) ჰყავთ.
სამხედრო ბაზები
ამერიკის შეერთებულ შტატებს მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 800 სამხედრო ბაზა აქვს, ევროპაში კი 120 000-მდე სამხედრო ჰყავს დისლოცირებული. რუსეთს ქვეყნის გარეთ 12 სამხედრო ბაზა აქვს, აქედან 10 საბჭოთა კავშირის ყოფილი ქვეყნების ტერიტორიაზე, 2 კი სირიასა და ვიეტნამში აქვს განლაგებული.
რუსული ბაზების ლოკაციები ნათლად ადასტურებს, რომ კრემლის მიზანია, ნატო-ს სამეზობლოში არასტაბილურობის კერები და ე.წ. გაყინული კონფლიქტები შექმნას: ყოფილ საბჭოურ რესპუბლიკებში, რუსული სამხედრო ბაზების უმეტესობა მდებარეობს სეპარატისტულ რეგიონებში, მათ შორის ოკუპირებულ აფხაზეთში, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, ყირიმის ანექსირებულ ნახევარკუნძულსა და დნესტრისპირეთის არაღიარებული რესპუბლიკაში მდებარეობს.
ნატო-ს მზარდი რეაგირება
რუსეთის მხრიდან ყირიმის ანექსიისა და უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტში სამხედრო ჩარევის შემდეგ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნებმა კოლექტიური თავდაცვის უპრეცედენტო გაძლიერება დაიწყეს.
სამჯერ (40 000 სამხედრო) გაიზარდა ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალების რაოდენობა, შეიქმნა ნატო-ს გაერთიანებული ოპერატიული ჯგუფი (5 000 სამხედრო), რომლის გადასროლა და დისლოცირება, საჭიროების შემთხვევაში, რამდენიმე დღეშია შესაძლებელი, ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგში კი 8 შტაბი გაიხსნა.
ნატო უპრეცედენტო ზომებს მიმართავს აღმოსავლეთ ფლანგის დასაცავად - ამჟამად, მიმდინარეობს 4 მრავალეროვანი საბრძოლო დაჯგუფების დისლოცირების პროცესი ლატვიაში, ლიტვაში, პოლონეთსა და ესტონეთში, ნატო-ს 17 ქვეყნის, მათ შორის აშშ-ისა და კანადის მონაწილეობით.
იზრდება ნატო-ს სამხედრო ყოფნა ალიანსის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, რუმინეთში მრავალეროვანი ბრიგადის ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის განლაგების გზით.
ნატო-მ ასევე, გაააქტიურა ბალტიისა და შავი ზღვების რეგიონებში საჰაერო სივრცის პატრულირება და მიიღო შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფცია, რომელიც შავი ზღვის აუზის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს აქტიურ ჩართულობას ითვალისწინებს.
მზარდ საფრთხეებზე საპასუხოდ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო სწავლებების რაოდენობას ზრდის - 2016 წელს ჩატარდა 107 ნატო-ს სწავლება, ალიანსის სამხედროებმა ასევე, მიიღეს მონაწილეობა 139 ეროვნულ სწავლებაში.
ნატო-მ გააძლიერა მუშაობა კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფაზეც – 2016 წელს ალიანსმა დაახლოებით 6 000-ს კიბერინციდენტზე მოახდინა რეაგირება, რაც 60%-ით მეტია, ვიდრე 2015 წელს.
გაიზარდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო აქტიურობა და დახმარება მოკავშირე ქვეყნებთან, როგორიცაა უკრაინა, საქართველო, იორდანია.
* სტატია მომზადდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. ის შეიძლება არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს