„დავიწყებთ მოლაპარაკებებს იმ კომპანიებთან, რომლებიც შეიძლება იყვნენ დაინტერესებული საქართველოში წარმოების გადმოტანით“
ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედებიდან 3 წელიწადი გავიდა, თუმცა ვაჭრობის დინამიკამ საქართველოსა და მსოფლიოს უმსხვილეს ეკონომიკას შორის საგრძნობ დონეს ვერ მიაღწია. საქსტატის მონაცემებით, 2016 წელთან შედარებით, შარშან საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირის ევროკავშირის ქვეყნებთან მხოლოდ 2%-ით გაიზარდა. რა აფერხებს ქართული პროდუქციის ექსპორტს და რამდენად მოთხოვნადია საქართველოში წარმოებული პროდუქცია ევროპულ ბაზარზე, ამის შესახებ EUGeorgia.info "ევროკავშირი-საქართველოსბიზნესსაბჭოს" პროექტებისდირექტორს, გიორგიკაჭარავას ესაუბრა. „საბჭო“ წარმოადგენს ასოციაციას, რომელიც 2006 წელს ბრიუსელში, ქართული და ევროპული კომპანიების მიერ დაარსდა.
როგორ შეაფასებდით ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შედეგებს, ექსპორტის მაჩვენებლების გათვალისწინებით?
შეიძლება ითქვას, რომ ჯერჯერობით ის შედეგები არ გვაქვს, რაც მოსალოდნელი იყო. მნიშვნელოვანია ძალისხმევის გააქტიურება იმისთვის, რომ გვქონდეს საგრძნობი შედეგი ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის მყისიერი ზრდის თვალსაზრისით. ეს მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის თუნდაც იმიტომ, რომ მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოების შემდეგ, ამ პროდუქციის ექსპორტი შესაძლებელი იქნება არამხოლოდ ევროპულ ბაზარზე, არამედ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში.
რა აფერხებს ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდას ევროპულ ბაზარზე?
ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მოცულობის უზრუნველყოფაა. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ქართულმა კომპანიებმა იპოვონ პარტნიორი ევროპაში, დგება ერთგვაროვანი პროდუქციის დიდი ოდენობით სისტემატურად მიწოდების საკითხი. ეს მეტნაკლებად რთულია მცირე მეწარმეებისთვის იმ თვალსაზრისით, რომ არა აქვთ შესაბამისი სიმძლავრეები. ერთ-ერთი გამოსავალი შეიძლება იყოს კოოპერაციის გაზრდა, რაც ხელს შეუწყობს გაყიდვების ზრდას მომავალში. გარდა ამისა, უნდა ვიმუშაოთ იმპორტის ჩანაცვლების კუთხით. ავიღოთ სოფლის მეურნეობის მაგალითი: ცნობილია, რომ ბევრ გადამამუშავებელ საწარმოს აქვს წყვეტა საწარმო ხაზში. შესაძლებელია, ფერმერებთან წინასწარი კონტრაქტები გაფორმდეს და ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია თავად ფერმერების ცნობიერების ამაღლება და მათთვის ახსნა, რომ სამომავლოდ, მათთვისვე იქნება მომგებიანი პროდუქტის ფიქსირებულ ფასად ყიდვა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და იყონ სტაბილური მიმწოდებლები ქარხნისთვის. შესაბამისად, ქარხანასაც აღარ მოუწევს საწარმო ფაზების შეჩერება და თავისთავად, გაიზრდება ექსპორტის ზრდის შესაძლებლობები.
თუმცა ადგილობრივი მეწარმეები ამბობენ, რომ მოცულობის გაზრდისთვის ინვესტიციების ჩადება სარისკოა, თუ კონკრეტული მოთხოვნა არ იქნება.
გლეხს, რომელსაც უნდა პროდუქტის მოყვანა და წინასწარ იცის, რომ ქარხანა გარკვეული პერიოდის განმავლობაში სტაბილურად შეისყიდის მისგან ამა თუ იმ მოცულობას, მან შეიძლება ამ მოცულობებზე გააკეთოს გათვლა შემდეგ კი, დამატებით გაზარდოს მოცულობა. ხოლო თავად საწარმო უნდა იყოს მიბმული ექსპორტის ზრდასთან. უნდა შეიკრას მთელი ჯაჭვი, რაც იქნება გამოსავალი წარმოების ზრდისა. ამ პროცესში 3 მოთამაშე უნდა იყოს ჩართული: დონორები, ბიზნეს სექტორები და მთავრობა. ამ კუთხით შესაძლებელია საერთო პროექტების განხორციელება, რომ იყოს მორგებული თითოეული რეგიონის თავისებურებებს. მაგალითად, კახეთში გლეხს უნდა ვუთხრათ, რას უნდა მოელოდოს ამა თუ იმ პროდუქციის წარმოებისგან, რა შესაძლებლობები არის და როგორ შეიძლება განვითარდეს მისი წარმოება ამა თუ იმ ქარხანასთან მომავალი თანამშრომლობის კუთხით.
ამ შემთხვევაში დგება საკითხი, რამდენად მოთხოვნადია ქართული პროდუქცია ევროპულ ბაზარზე..
ექსპორტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემაფერხებელი გარემოება ფალსიფიცირებაა. მაგალითად, გვხვდებოდა ესპანეთში ნაწარმოები ღვინო „ქინძმალი“, რომელიც ბალტიის ქვეყნებში იყიდებოდა. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ქართულ ღვინოს კარგად იცნობენ, ევროპელი ბიზნესმენები ამ გარემოებას იყენებენ, აწარმოებენ იაფფასიან პროდუქტს და 1-1,5 ევროდ ყიდიან. მომხმარებელი, რომელიც შეჩვეულია ქართულ ღვინოს, ევროპულ ქვეყანაში ნაწარმოებ ქართულ ღვინოს დაბალ ფასში ყიდულობს. შესაბამისად, ფალსიფიცირებული პროდუქტი სერიოზულ კონკურენციას უწევს ნამდვილ ქართულ ღვინოს, რაც აფერხებს ექსპორტს საქართველოდან, თუნდაც ბალტიის ქვეყნებში.
ფალსიფიცირების აღკვეთისთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ხელმოწერილი შეთანხმება „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“, რომელშიც გაწერილია გეოგრაფიული დასახელებები, მათ შორის ქინძმარაული, ხვანჭაკარა და ა.შ. ამ მექანიზმით შესაძლოა, ადვილად მოხდეს ფალსიფიცირებული პროდუქციის ამოღება. არის სხვა მექანიზმიც: საქმპატენტმა უნდა დაიწყოს თითო ქვეყანაში სასამართლო პროცესი, რაც ხარჯებთან და რესურსებთან არის დაკავშირებული. ამიტომ ვფიქრობ, რომ ევროკავშირთან ამ ჩარჩო ხელშეკრულების გზით, ბრიუსელიდან უნდა მოხდეს გარკვეული ინსტრუქციების გაცემა ან მექანიზმების შემუშავება, რომ ეს ფალსიფიცირებული პროდუქცია ამოღებულ იქნას.
რა უნდა გაკეთდეს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისთვის?
ვფიქრობ, რომ ქართული პროდუქციის შეღწევა დასავლეთ ევროპის ბაზარზე გაცილებით რთულია, რადგან ცნობადობა არის ნაკლები და ამ მიმართულებით ძლიერი, აქტიური მარკეტინგია საჭირო. ხოლო პოსტსოციალისტურ ქვეყნებში მეტნაკლებად შემორჩათ ქართული პროდუქციის ცნობადობა და ექსპორტი ადვილია. სავაჭრო დინამიკას რომ შევხედოთ, ნახავთ რომ ბალტიის ქვეყნებში ექსპორტი შედარებით მაღალია.
ვფიქრობ, რომ ექსპორტის ზრდის სტრატეგია დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაში სხვადასხვა უნდა იყოს. ამ კუთხით გარკვეულ ნაბიჯებს ვდგამთ: ვატარებთ ბიზნეს ფორუმებს ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებში, რათა მოხდეს ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია, ასევე საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების გაცნობა და ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია. გარდა ამისა, ვებგვერდზე შევქმენით კომპანიების სია http://eugbc.net/by-sectors/, სადაც სექტორების მიხედვით არის ჩაშლილი თითოეული კომპანია და რას სთავაზობს უცხოელ პარტნიორს. აქ არის ენერგეტიკა, ლოჯისტიკა, იურიდიული მომსახურება, სოფლის მეურნეობა და სხვა. ეს ახალი ინიციატივაა, რომელიც დაახლოებით 1 თვის წინ შევქმენით, შესაბამისი ინფორმაცია საელჩოებს უკვე მივაწოდეთ და ველოდებით გამოხმაურებებს. უკვე გვქონდა გარკვეული შემოთავაზებები ლიტვიდან, შეხვედრები გვქონდა რამდენიმე ქვეყნის საელჩოსთან და ეს ინიციატივა მოიწონეს.
თქვენი მოსაზრებით, რა ნიშა უნდა დაიკავოს ქართულმა პროდუქციამ ევროპულ ბაზარზე?
ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ ქართულმა პროდუქციამ უნდა დაიკავოს ე.წ. ნატურალური, ბიო პროდუქტების ნიშა, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირის ქვეყნებში. ამ ნიშის დაკავების შემთხვევაში ქართულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას აქვს რეალური შანსი, რომ შევიდეს დიდი მოცულობით ევროკავშირის ბაზარზე.
ჩვენ ახლა ძალიან საინტერესო მიმართულებით ვმუშაობთ: ვფიქრობთ იმ ევროპული წარმოებების შემოყვანას, რომლებსაც უკვე აქვთ ექსპორტი ჩინეთში. ანუ, ჩვენ გავუგზავნეთ ევროკავშირის ქვეყნებში საელჩოებს წარმოშობის წესები საქართველო-ჩინეთს შორის ხელშეკრულების შესაბამისად, დავიწყებთ მოლაპარაკებებს იმ კომპანიებთან, რომლებიც შეიძლება იყვნენ დაინტერესებული საქართველოში წარმოების გადმოტანით, განსაკუთრებით ინდუსტრიულ ზონებში. ვნახოთ, რა შედეგები გვექნება, რადგან ევროპული კომპანია არამხოლოდ შესაბამის ექსპერტიზას, გამოცდილებას შემოიტანს, არამედ დამატებით სამუშაო ადგილებს. რაც შეეხება ქვეყნის ზოგად განვითარებას ჩემი მოსაზრებით, სოფლის მეურნეობა პრიორიტეტი არ უნდა იყოს და აქცენტი სხვა დარგებზე უნდა გაკეთდეს: მაგალითად, საფეიქრო მრეწველობაზე, ენერგეტიკაზე და სხვ.
სახელმწიფო სტრატეგია ექსპორტის ზრდის კუთხით რამდენად ეფექტიანია?
ერთი მოთამაშე შედეგს ვერ დადებს, ეს უნდა იყოს სამი მოთამაშის მიერ მიღწეული ერთობლივი შედეგი: მთავრობის, დონორების და ბიზნეს სექტორის. ძალიან მნიშვნელოვანია დონორთა მხრიდან დახმარებების სწორად კოორდინაცია იმისთვის, რომ სხვადასხვა დონორების მიერ ერთი პროექტის დუბლირება არ მოხდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ფერმერებისა და მცირე მეწარმეების სწორად დახმარების კუთხით.
როგორ აფასებს ევროკავშირი საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შედეგებს?
ევროპული მხარე ერთმნიშვნელოვნად აღნიშნავს, რომ სტანდარტებთან დაახლოების კუთხით კარგად მივდივართ, რასაც გრძელვადიან პერსპექტივაში კარგი შედეგი უნდა ჰქონდეს. რა თქმა უნდა, გარკვეული მიმართულებებით მუშაობა გასააქტიურებელია. ჩვენი მოსაზრებით, სერიოზული შემაფერხებელი ფაქტორები წარმოების განვითარების კუთხით ფინანსებთან ხელმისაწვდომობა და ასევე, პროფესიული განათლებაა.
მომავალში შეიძლება სერიოზულად დავძრათ შემდეგი საკითხი: ევროკავშირის ინიციატივის, „პარტნიორობა მობილურობისთვის“ ფარგლებში ხელი შევუწყოთ ე.წ. ცირკულარულ მიგრაციას, რაც შემდეგს ნიშნავს: საქართველოს მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება, ლეგალურად იმუშაოს ევროკავშირის ქვეყნებში, რაც ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. მაგალითად, ერთ-ერთმა ქართულმა სასტუმრომ უკვე გაგზავნა 2-წლიანი ვადით თავისი თანამშრომლები გერმანიაში, რომლებიც შემდეგ ახალი გამოცდილებით დაბრუნდნენ. ამ იდეას ბევრი დადებითი მომენტი აქვს და ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით ჩვენს საქმიანობას გავააქტიურებთ.