შესაფუთი მასალების კომპანიები კვალიფიციური კადრებისა და თანამედროვე დანადგარების ნაკლებობას განიცდიან
რევაზ თოფურია: „კლასტერში ჯერ სულ 8 კომპანიაა, მაგრამ ერთმანეთისთვის სარგებლის მოტანას უკვე ახერხებენ”
შესაფუთი მასალების კლასტერში ამჟამად 8 კომპანიაა გაერთიანებული. გაწევრიანებისთვის ინედტიფიცირებულია კახეთში არსებული 20 კომპანია. კლასტერის მმართველ ბორდში ვარაუდობენ, რომ ამ კომპანიებს სხვა რეგიონებში არსებული საწარმოებიც შეუერთდებიან და წლის ბოლოს წევრთა რაოდენობა 50 -ს გადააჭარბებს. კლასტერი „საქართველოს შესაფუთი მასალების მწარმოებელთა ასოციაციის” საფუძველზე შეიქმნა, რადგან კანონმდებლობა პირდაპირ კლასტერად რეგისტრაციის საშუალებას არ იძლევა. ასოციაციას კლასტერის ფუნქცია 2020 წლის თებერვლიდან დაემატა. „საქართველოს შესაფუთი მასალების კლასტერის” მმართველი ბორდში ამბობენ, რომ გაფართოების პროცესი კოვიდ 19-ის პანდემიამ შეაფერხა და სიტუაციის გამოსწორების შემდეგ, კლასტერი სრულფასოვან ფუნქციონირებას დაიწყებს.
შესაფუთი მასალების კლასტერის ჩამოყალიბების პროცესისა და სამომავლო გეგმების შესახებ კლასტერის მმართველი დირექტორი რევაზ თოფურია საუბრობს:
2020 წელი კლასტერისთვის პირველი საპილოტე წელია. წინ დიდი გეგმები გვაქვს. პირველ რიგში, ვაპირებთ, შესაფუთი მასალების სექტორის კვლევა ჩავატაროთ. ამისთვის საჭირო თანხა დონორმა ორგანიზაციებმა გამოყვეს. ეს კვლევა შესაფუთი მასალების ბიზნესს აჩვენებს, მათთვის რა შესაძლებლობები არსებობს და რა მიმართულებით უნდა განვითარდნენ. გარდა ამისა, USIAD- ს საგრანტო პროექტით მივმართეთ და თუ დაფინანსებას მივიღეთ, ამ თანხას 50 ადამიანის გადამზადების საქმეს მოვახმართ. როცა კომპანიებს პრობლემების შესახებ ვეკითხებით, ისინი, პირველ რიგში კადრების ნაკლებობას ასახელებენ. გადამზადების შემდეგ კი თითქმის ყველა კომპანიას თითო კვალიფიციური კადრი ეყოლება, რომელიც მას საწარმოო ხაზს გაუმართავს.
საერთაშორისო დონორების დახმარებით ვიყავით უნგრეთში, სადაც გავეცანით მათი შესაფუთი მასალების კლასტერის- „OmniPack” -ის გამოცდილებას, ვნახეთ მათი წევრი კომპანიების საწარმოები. „OmniPack” საკმაოდ დიდი კლასტერია, რომელიც სახელმწიფო მხარდაჭერით არსებობს. შევხვდით სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებს, რომლებმაც გაგვაცნეს ის გამოცდილება, რაც უნგრეთში არსებობს. უნგრულ კლასტერთან ერთად შევიტანეთ განაცხადი ერთ-ერთ საგრანტო პროექტზე და სამომავლოდ მათთან ერთად ევროპულ კონსორციუმში გაწევრიანებას ვაპირებთ. ასევე, ვგეგმავთ დავიწყოთ თანამშრომლობა შესაფუთი მასალების პოლონურ და უკრაინულ კლასტერებთან. ამ კლასტერების გამოცდილებას გავითვალისწინებთ, გავაანალიზებთ სად ჰქონდათ ჩავარდნები, სად გაუჭირდათ და წარმატების მაგალითებსაც გავიზიარებთ. კლასტერის სტრატეგიული დოკუმენტების დახვეწის პროცესში დაგვეხმარება საერთაშორისო ექსპერტი, რომელიც UNDP-იმ(გაეროს განვითარების პროგრამა) სპეციალურად ჩვენი ორგანიზაციისთვის დაიქირავა.
გვინდა შევქმნათ კლასტერის ისეთი მოდელი, სადაც არა მარტო შესაფუთი მასალის მწარმოებელი კომპანიები ითანამშრომლებენ, არამედ გაწევრიანდებიან ისეთი კომპანიებიც, რომლებიც შესაფუთ მასალებს იყენებენ. მაგალითად, კლასტერში შემოვიდნენ ღვინის კომპანიები, რომლებსაც ყუთები სჭირდებათ. ამ კომპანიებს საჭირო პროდუქტს სხვა წევრი კომპანიები მიაწვდიან. კლასტერში ასევე ჩაერთვებიან დამხმარე კომპანიები, რომელთა პროდუქტს შესაფუთი მასალების მწარმოებლები იყენებენ, როგორებიც არიან წებოს ან ქაღალდის მომწოდებლები.
კლასტერი მისი წევრი ბიზნესებისთვის იქნება ნეთვორქინგ ჰაბი, სადაც კომპანიები მჭიდროდ ითანამშრომლებენ. კლასტერში ჯერ სულ 8 კომპანიაა, მაგრამ ერთმანეთისთვის სარგებლის მოტანას უკვე ახერხებენ. მაგალითად, ჩვენი კლასტერის ერთი წევრი კომპანია, რომელიც პლასტმასის ქილებს აწარმოებს, მეორე წევრი კომპანიისგან ამ ქილების ჩასაწყობად ყიდულობს მუყაოს ყუთებს. ყუთები იკვრება სპეციალური ცელოფანით, რომელსაც მესამე წევრი კომპანია ამზადებს. ამ კომპანიებს შორის მეტი ნდობა არსებობს და ისინი ერთმანეთს ფასდაკლებასაც უკეთებენ.
კლასტერი იქნება ინდუსტრიის ადვოკატი- თუ წევრ კომპანიას პრობლემა შეექნება, კლასტერის მმართველი ბორდი ინდუსტრიის სახელით მთავრობას ან დონორ ორგანიზაციას მიმართავს, რაც უფრო კარგ შედეგს გამოიღებს. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ კლასტერში გაწევრიანება ბევრ ბიზნესს დააინტერესებს. დაახლოებით თვეში ერთხელ მივდივარ კომპანიებში და ვეკითხები, რაიმე სახის ბიუროკრატიულ პრობლემები ხომ არ ექმნებათ, შემდეგ კი ვცდილობთ ადვოკატირება გავუწიოთ.
- რა სახის პრობლემები აქვთ ამჟამად შესაფუთი მასალების მწარმოებელ კომპანიებს?
- ამ სფეროში მომუშავე კომპანიებს ორი მთავარი პრობლემა აქვთ: კვალიფიციური კადრების დეფიციტი და თანამედროვე დანადგარების ნაკლებობა. შესაფუთი მასალების დამზადებისთვის საჭირო დანადგარი საკმაოდ ძვირი ღირს და ინვესტიციის თვალსაზრისით დიდ თანხებს მოითხოვს. შესაბამისად, შესაფუთი მასალების საწარმოს შექმნა მარტივი არ არის. ჩვენი კლასტერის წევრი კომპანიების უმრავლესობა ცდილობს ჩინური დანადგარი ევროპულით ჩაანაცვლოს. ამ დანადგარების უმრავლესობა მეორადია, მაგრამ ასეთის ფასიც ძალიან მაღალია. კომპანიებისთვის ბანკებთან ურთიერთობაც მარტივი არ არის, ფინანსებზე წვდომა გაძნელებულია, ამიტომ სჭირდებათ დახმარება, რომ ინვესტირებისთვის თანხები მოიზიდონ.
საქართველოში შესაფუთი მასალების უდიდესი ნაწილი თურქეთიდან შემოდის. შესაბამისად, ბაზარზე გაყიდვების გაზრდის რესურსი არსებობს. რამდენიმე წარმოებას პროდუქციის ექსპორტზე გატანაც უნდა, მაგრამ ჯერ ადგილობრივი ბაზარია ასათვისებელი. ევროპულ კლასტერებთან თანამშრომლობის საბოლოო მიზანი ისიც არის, რომ შესაფუთი მასალების ქართულმა ბიზნესმა მათთან კონტაქტი დაამყაროს და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე იფიქრონ.
ერთ-ერთი პრობლემა, რასაც ამჟამად სექტორი საუბრობს, ევროკავშირის დირექტივას შეეხება, რაც მეწარმეთა გაფართოებული ვალდებულების შემოღებას გულისხმობს. კონკრეტულად რას ითვალისწინებს ეს დირექტივა, ამის შესახებ კომპანიებს მეტი ინფორმაცია სჭირდებათ. ასევე, მეწარმეებს სურვილი აქვთ, მიიღონ ინფორმაცია DCFTA -ის სხვა რეგულაციების შესახებ, რომელიც შესაფუთი მასალების წარმოებას შეეხება
- ბიზნესი როგორ ხვდება კლასტერში გაერთიანებას. რა პრობლემებს აწყდებით ამ პროცესში?
- ბევრს კლასტერის შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ აქვს. სირთულეს წარმოადგენს მათთვის იმის ახსნა, რომ კლასტერში გაწვევრიანების სანაცვლოდ თანხა ყოველთვიურად უნდა გადაიხადონ. კომპანიებთან თანამშრომლობა რეგიონებში უფრო მეტად გაგვიჭირდა. უნგრელმა და პოლონელმა კოლეგებმა გვითხრეს, რომ ეს პრობლემა კლასტერის ჩამოყალიბების საწყის ეტაპზე მათაც ჰქონდათ.
კახეთში ჩვენი რეგიონალური წარმომადგენელი სავაჭრო პალატაში მუშაობდა და კერძო ბიზნესშიც იყო ჩართული. კომპანიების ხელმძღვანელებთან მისი ნაცნობობის წყალობით რეგიონში არსებული საწარმოების გაერთიანება გაგვიადვილდა. უცხოელმა ექსპერტებმაც გვირჩიეს, რეგიონულ წარმომადგენლად ისეთი ადამიანი შეგვერჩია, ვინც კომპანიებს პირადად იცნობდა.
- კლასტერში რამდენი კომპანიის გაწევრიანებას ვარაუდობთ?
- გაწევრიანების შესახებ 100-მდე კომპანიას დაველაპარაკებით. ვვარაუდობთ, რომ კლასტერში წლის ბოლომდე 50 კომპანია იქნება. შემდეგ ბევრი კომპანია თვითონ დაინტერესდება და შემოგვიერთდება.
- საწევროს სახით კომპანიამ რამდენი უნდა გადაიხადოს?
- ამ დროისთვის საწევრო ფიქსირებული თანხა - 400 ლარია. თუმცა, ვაპირებთ, მომავალში თანხა კომპანიის ზომის შესაბამისად განისაზღვროს. რაც უფრო პატარა იქნება კომპანია, მით ნაკლებს გადაიხდის. დიდი კომპანიებისთვის საწევრო სავარაუდოდ, 150 ლარი იქნება. საშუალო ზომის საწარმოსთვის - 80 ლარი, დასაქმებულთა რაოდენობის შესაბამისად, ხოლო მცირე კომპანია 50 ლარს გადაიხდის, რაც დიდი თანხა არ არის. მომავალი წლიდან ალბათ ახალ სქემაზე გადავალთ და ის კომპანიები, რომლებიც მომავალში შემოგვიერთდებიან, 400 ლარს აღარ გადაიხდიან. ევროპულმა გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ კლასტერში სასურველია იყოს საგანმანათლებლო დაწესებულებაც, ამიტომ ვაპირებთ გაერთიანებაში ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემია ჩავრთოთ.
სტატიის ავტორი: ნონა ქვლივიძე
სტატია მომზადებულია ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს და „თანამშრომლობის განვითარების და დემოკრატიის ხელშეწყობის ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით.