ხელოვნური ტყავი, კადრების გადინება, ფინანსების სიმწირე-მსუბუქი ინდუსტრიის დღევანდელი პრობლემებია
მიმდინარე წელს გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით საქართველოდან ევროპის ბაზარზე ერთი მესამედით ნაკლები პროდუქცია შევიდა. ნედლეულის ნაკლებობასა და სიძვირესთან ერთად ექსპორტიორების ძირითადი პრობლემა პროდუქტებზე მოთხოვნის შემცირებაა. მეწარმები საგადასახადო შეღავათს, ფინანსებზე ხელმისაწვდომობასა და კვალიფიციური კადრების მომზადებაში დახმარებას ითხოვენ.
ევროკავშირში ტყავის მსხვილი ექსპორტიორი კომპანია „ფილიმასკა“-ს დამფუძნებელი ვახო ნიკოლაიშვილი ტყავის სექტორის შემცირების რამდენიმე მიზეზს ასახელებს: „ჩვენს სფეროში მსოფლიო კრიზისია, რაც გამოწვეულია ნავთობის ფასების ვარდნით. ამ დროს ხელოვნური ტყავი იაფდება. ნატურალური ტყავის მოხმარება მცირდება და ხელოვნური ტყავის მოხმარება იზრდება იმიტომ, რომ ძალიან იაფი ჯდება ნავთობის კომპონენტებისგან დამზადებული ხელოვნური ტყავის წარმოება. კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ ჩინეთმაც შეამცირა ნატურალური ტყავის მოხმარება ეკონომიკური ზრდის შენელების გამო, არადა ტყავის ყველაზე დიდი მომხმარებელია. ამას ემატება ნედლეულის ნაკლებობა. ნედლეულის შეგროვებაში კონკურენციას თურქებიც გვიწევენ, რომლებსაც საქათველოდან ნედლი ტყავი გააქვთ. გაყიდვები საკმაოდ შემცირდა. ბოლო 7-8 თვეში ფასები 30 პროცენტით ვარდება. ამ ეტაპზე იტალიასა და ესპანეთში გვაქვს ექსპორტი და ასევე რუსეთში გატანასაც ვგეგმავთ“.
გასულ წელთან შედარებით ევროკავშირში საქართველოდან პროდუქციის ექსპორტი მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 35%-ით შემცირდა და 111 მილიონი დოლარი შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ზოგიერთი საექსპორტო პროდუქტის როგორც მოცულობამ, ასევე ღირებულებამ დაიკლო. მაგალითად, 35%-ით შემცირდა საქონლის გათრიმული ტყავის ექსპორტი, 731 ათას დოლარამდე. რაც შეეხება კიდევ ერთ ტრადიციულ საექსპორტო ჯგუფს, როგორიცაა ტექსტილის ნაწარმი, მისი ექსპორტის მოცულობა უცვლელი დარჩა (9,4 ტონა), თუმცა, ღირებულებით გამოხატულებაში 30%-ით, 710 ათას დოლარამდე დაეცა.
www.eugeorgia.info ტექსტილის მთლიანი ღირებულების შემცირების მიზეზების დასადგენად ევროკავშირში ექსპორტიორ კომპანიებს დაუკავშირდა.
87 წლის წინ შექმნილ ქუთაისის სამკერვალო კომპანია „იმერს“ გერმანელი და იტალიელი დამკვეთები ჰყავს. გერმანული ბაზრისთვის ტანსაცმელს 20 წელი კერავს, იტალიელების კონტრაქტი კი ცოტა ხნის წინ მოიპოვა. ევროპული ბრენდები „ლებეკი“ და „ედერია“ სწორედ ქუთაისში მდებარე „იმერი“-ს საწარმოში იკერება. კომპანიის დირექტორი მაია სიმონიძე ამბობს, რომ ევროპული კონტრაქტების მოპოვებაში თუქეთი საქართველოს ძლიერ კონკურენციას უწევს: „ევროპელი დამკვეთებისთვის ჯერჯერობით თურქეთი ბევრად უფრო საინტერესოა, რადგან იქ არის ტექსტილის ტრადიცია, სერიოზულად კვალიფიციური მუშახელი, მაღალი შრომისნაყოფიერება, კარგი დანადგარები, ბევრი ფაბრიკა, ფაბრიკების სიახლოვე . იქ ყველაფერია, ძაფი თუ ქსოვილი. ჩვენი კომპანიის სავიზიტო ბარათი გერმანელებთან მუშაობის 20 წლიანი გამოცდილებაა. ამ ფაქტს იტალიელებთან თანამშრომლობის დამყარებაში დიდი როლი ჰქონდა. ჩვენ არც მოცულობაში და არც ღირებულებაში კლება არ გვქონია. წარმოების გასაზრდელად დამატებითი კონტრაქტების მოპოვება გვჭირდება. სიახლეც გვაქვს, იტალიელებმა შეკვეთის მოცულობა გაგვიზარდეს“.
„უნისტილი“ 28 წლიანი გამოცდილების ტექსტილის კომპანიაა. საწარმოს დირექტორის მრჩეველი მარიამ გოგინაშვილი ამბობს, რომ ჰოლანდაიში ექსპორტი ჰქონდათ, თუმცა ლოგისტიკური პრობლემების გამო, მიწოდებას აგვიანებდნენ, ამიტომ ევროპელებთან კონტრაქტი ვეღარ გაგრძელდა და ამჯერად მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე მუშაობენ. გოგინაშვილის თქმით, კონკურენტ თურქულ ტექსტილის საწარმოებს სახელწიფოს მხრიდან დიდი ხელშეწყობა აქვთ: „თურქეთში სამკერვალო კომპანიებს ისეთი ხელშეწყობა აქვს, ჩვენ არც დაგვესიზმრება. ჯერ ერთი რომ ჩვენ 18 პროცენტიანი დღგ გვაქვს, იმათ აქვთ 8 პროცენტი. სახელმწიფო ამ დღგ-ს აგროვებს და გადამხდელებს 6 წლის მერე უბრუნებს . ჩვენ გადასახადების გადასახდელად რამდენიმე დღის წინ ბინა გავყიდეთ მაშინ, როდესაც ჩვენი პოლიტიკოსები პრემიებს და დანამატებს იღებენ. ჩვენ შეგვიძლია, რომ ტექსტილის წარმოება დავიწყოთ ქსოვილების წარმოებიდან, მაგრამ არავინ არაფერზე ლაპარაკობს. სამაგიეროდ პოლიტიკური სკამებისთვის მარათონია გაჩაღებული. ბამბა ჩვენთან არ მოდის, მაგრამ შეიძლება ხელშეკრულება სხვა ქვეყნებთან დავდოთ. სინთეტიკური მასალების შემოტანა ირანიდან შეიძლება, ასე ტექსტილის წარმოება ნახევარი ფასი დაგვიჯდებოდა. როგორ ვახერხებთ თურქეთიდან შემოტანილი ქსოვილებით აქ შეკერვას და თავის გადარჩენას, საკვირველია“- ამბობს მარიამ გოგინაშვილი.
შპს „LG“ უკვე რამდენიმე წელია ძვირადღირებულ ევროპულ ბრენდს კერავს. აქ ნაწარმოები „მონკლერი“-ს ფირმის ტანსაცმელი საფრანგეთში, გერმანიაში, ესპანეთში, რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში იგზავნება. საწარმოს დამფუძნებელი ლაურა ღაჭავა ამბობს, რომ ძალიან ცნობილ „ლუი ვიტონთან“ და „არმანთანი“-სთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს და შესაძლოა მალე ეს ბრენდებიც საქართველოში შეიკეროს. ამას გარდა, გერმანული ბრენდისგან „კალცედონია“ უკვე მიიღო ქალისა და მამაკაცის თეთრეულის და წინდების დამზადებისთვის კონტრაქტი. წარმატებული ნაბიჯების მიუხედავად, საწარმოს შეკვეთის მოცულობების შემცირებასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს. ამას გადასახადები, საბანკო კრედიტების ტვირთი და ნედლეულზე გაზრდილი ფასებიც ემატება: „შეკვეთის რაოდენება შეგვიმცირეს და გვითხრეს, რომ ევროპაში შემცირდა გაყიდვები. იძულებულები არიან ნაკლები შეკვეთა მოგვცენ. შემოსავლები 30 პროცენტამდე შეგვიმცირდა და პრაქტიკულად არაფერში გვყოფნის. 300-მდე თანამშრომელი გვყავს და სხვა ბიზნესის შემოსავლებით ვცდილობთ სამკერვალოს შენახვას. ბანკიდან 11 % -იანი სესხი გვაქვს გამოტანილი. საქართველოში არაფერი არ არის, არც ძაფი, არც შეღებვა, არ ელვა, არც ღილი არც სხვა დეტალები. ჩინეთიდან, ვიეტნამიდან ან ინდოეთიდან უნდა ჩამოიტანო. აქ ვერაფერს იშოვი, უძლური ხარ. ვაჯობებდით თურქეთს საგადასახადო შეღავათი რომ გვქონდეს. ევროპელებს ადგილმდებარეობის გამო ჩვენთან თანამშრომლობა ძალიან აწყობთ. პლიუს ამას საქართველოში შეკერვაზე წუთობრივად იხდიან 9 ცენტს, თურქეთში11, ევროპაში კი წუთი 13-15 ცენტი ღირს“.
თურქეთის ტექსტილის ინდუსტრიის შეღავათების შესახებ www.eugeorgia.info-ს კითხვებს თურქეთის საელჩოს ეკონომიკურმა ატაშემ ბესირ იდიკერმა უპასუხა: „თურქეთს აქვს ინვესტიციებისა და ექსპორტის წამახალისებელი პროგრამები. რეგიონებისა და ინდუსტრიების მიხედვით ინვესტიციების წახალისება განსხვავებულია. ნაკლებად განვითარებულ რეგიონებში მეტი შეღავათებია, განვითარებულ რეგიონებში კი ნაკლები. ზოგიერთი პრივილეგიური ინდუსტრია ქვეყნის თითქმის ყველა ნაწილში დიდ დახმარებას იღებს. ნაკლებად პრივილეგიურ ინდუსტრიას მხოლოდ ნაკლებად განვითარებულ რეგიონებში ვეხმარებით. თურქეთში ტექსტილის ინდუსტრია არ არის პრივილეგირებულ ინდუსტრიებს შორის. იმის მიუხედავად, რომ დიდი მხარდაჭერა აქვთ კომპანიებს, რომლებიც ნაკლებად განვითარებულ რეგიონებში ინვესტიციას ახორციელებენ, ამ რეგიონებს აქვთ მცირე წარმოება და მსხვილ კომპანიებთან კონკურენციის დროს დიდ სირთულეებს აწყდებიან“.
invest in georgia-ს საინვესტიციო და კვლევების დეპარტამენტის უფროსი ქრისტინე მეფარიშვილი www.eugeorgia.info-სთნ ინტერვიუში აცხადებს, რომ გადასახადების თვალსაზრისით საქართველო და თურქეთი თანაბარ პირობებში არიან და ტექსტილის წარმოებაში მუშახელის მხრივ საქართველოს გარკვეული უპირატესობაც აქვს: „თავისუფალი ინდუსტრიული ზონა არის ფოთში, ქუთაისსა და თბილისში, სადაც საშემოსავლოს გარდა (20 %) არაფერს იხდი. მეორე ვარიანტია შიდა გადამუშავების რეჟიმი, საქართველოში, რომ შემოაქვთ ნედლეული დღგ-ს და იმპორტის გადასახადებს არ იხდიან, საბანკო გარანტია უნდა წარადგინონ. როცა ექსპორტზე გააქვთ პროდუქცია, საგარანტიო თანხა უბრუნდებათ. ბიზნესი მხოლოდ მოგების და საშემოსავლო გადასახადს იხდის. ჩემი ბოლო ინფორმაციით თურქეთი 6 ზონად იყო დაყოფილი. ყველაზე განვითარებულ ზონებს ნაკლები შეღავათი აქვთ და პირიქით. თურქეთის აღმოსავლეთი და სამხრეთი ნაწილი არის საკმაოდ განუვითარებელი ინფრასტრუქტურულად. თურქებს საწარმოს გაკეთება ბათუმში ურჩევნიათ, რადგან ლოჯისტიკურად პროდუქციის გატანა გაცილებით ადვილია, ვიდრე თურქეთის პროვინციებიდან. ვერ ვიტყვით, რომ ტექსტილისთვის თურქეთი საგადასახადო შეღავათებით საქართველოს სჯობს. ამას გარდა, ჩვენი უპირატესობა დაბალანაზღაურებად მუშახელშია“.
მეწამეობის განვითარების სააგენტოს მეწამეობის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ოთარ ანთია ამბობს, რომ ტექსტილის განვითარება სახლმწიფოს პრიორიტეტებში შედის და ამ ინდუსტრიის შესაბამისი მხარდაჭერის მექანიზმებიც არსებობს: „ტექსტილის წარმოების წახალისების მექანიზმები ორი მიმართულებით გვაქვს. ეს არის შეღავათანი კრედიტი და უძრავი ქონების გადაცემა. კომერციული ბანკიდან მეწარმე იღებს სესხს, მაგრამ უზრუნველყოფაში 50 % ჩვენ ვეხრამერბით. ყველაზე უარეს შემთხვევაში მეწარმეს საპროცენტო განაკვეთის 3 % აქვს გადასახდელი, დანარჩენს ჩვენ ვაფინასებთ. სესხის ქვედა ზღვარი არის 75 ათასი დოლარი ან ევრო ან 150 ათასი ლარი. ზედა ზღვარი კი 2 მილიონი დოლარი ან ევრო ან 5 მილიონი ლარია. ზედა ზღვარი შეიძლება გაიზარდოს სამთავრობო განხილვის შემდეგ. თუ ეს მექანიზმები საკმარისი არ იქნება, ამ პროგრამაში ცვლილებების შეტანა და მეწარმეების მოთხოვნილებაზე მორგება პრობლემას არ წარმოადგენს“.
ქრისტინე მეფარიშვილის აზრით, ევროკავშირში ექსპორტირებული ტექსტილის ღირებულების შემცირებას თავისი ახსნა აქვს: „ექსპორტის ღირებულების შემცირებას რამდენიმე მიზეზი აქვს. შესაძლოა იაფად ვკერავთ რაღაცებს ან მუშახელს ხელფასს უხდიან ლარში და როცა დოლარში გადადის, გამოდის რომ ნაკლები ღირებულება შეიქმნა. იმპორტირებულ ნაჭერს ძირითადად ღირებულება რაც ემატება არის ხელფასი. უფრო ნაკლები დოლარით თუ უფრო კარგად იხდი ხელფასებს, შესაბამისად ღრებულება დოლარში შემცირებული გამოდის“.
www.eugeorgia.info -ს მიერ ტექსტილის ექსპორტიორი კომპანიების გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ ამ სექტორში კადრების გადინება მუდმივი პრობლემაა. საშუალოდ კადრების 11-12 % ამ ინდუსტრიიდან ძირითადად დაბალი ხელფასების, საცხოვრებელი ადგილის ან პროფესიის შეცვლის გამო ყოველთვის მიგრირებს.
უცხოელი ინვესტორები და შემკვეთები ქართული ტექსტილის საწარმოების ძირითად მინუსებად დაბალ შრომისნაყოფიერებასა და სუსტ სამუშაო დისციპლინას ასახელებენ. ქართული სამკერვალოების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს გარემოებები მათთვის ცნობილია, ამიტომ თანამედროვე დანადგარების შესყიდვასთან ერთად, თანამშრომლებს კვალიფიკაციის ასამაღლებლად ევროპაშიც აგზავნიან.
ზურაბ მოდებაძე