DCFTA ყარაჯალას ჩაიხანას მენიუში
ყარაჯალას მეჩეთში იმამი ჰაიათი დაგვხვდა. თბილად მიგვიღო, მარტო იყო და ცარიელ მეჩეთში შევლისას ჩვენც ცოტა მორიდებით დავდექით. „ეს ხომ ღმერთის სახლია, თქვენც ხომ ღმერთის შვილები ხართ, ეს სახლი თქვენც გეკუთვნით, ჰოდა, თავი თავისუფლად იგრძენით, დაბრძანდით“, - გვითხრა მომღიმარმა იმამმა.
სანამ ჩვენ მეჩეთში კედლებს ვარჩევდით პროექტორის მისაშუქებლად, ერთი კაცი შემოგვემატა, ყარაჯალას რწმუნებული აღმოჩნდა. აქამდე რელიგიურ დაწესებულებებში ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის თემაზე ტრენინგის გამართვის გამოცდილება არ გვქონია. სწორედ ამიტომ წარმოვიდგინე, მორწმუნეებით გადავსებულ სივრცეში როგორ ვესაუბრობდით ევროკავშირის ბაზართან დაკავშირებულ სიკეთეებზე და ძალიან მაინტერესებდა, რას იტყოდნენ ამაზე მორწმუნენი, ან რა დონემდე გახურდებოდა დისკუსია, გამოჩნდებოდნენ თუ არა პრორუსები და ირონიულად ტყუილების ტირაჟირებაში ბრალს თუ დაგვდებდნენ.
ცოტა ხანში კიდევ ერთი ადამიანი მოვიდა და საბოლოოდ გაირკვა, რომ ტრენინგს მეჩეთის ნაცვლად ყარაჯალას ცენტრში მდებარე ჩაიხანაში ჩავატარებდით. ეს კაცი რომელიც იმამ ჰაიათისთან ერთად ჩაიხანისკენ გაგვიძღვა აღმოსავლეთ საქართველოს მუფთი იასინ ალიევი აღმოჩნდა.
მაშინაც კი როდესაც ჩვენი პრეზენტაციის სლაიდები ჩაიხანის თითქმის მთლიან კედელზე გაიშალა და ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობაზე საბაზისო ინფორმაციის მოყოლა ქართულ და რუსულ ენებზე დავიწყეთ, ზოგიერთმა ადამიანმა დომინოს თამაშს თავი არ დაანება. დომინოს ქვების ხმაურში და ასევე სიგარეტის ბოლში გახვეული ბანქოს მოთამაშეების გარემოცვაში მაინც მხნედ შევუდექით, DCFTA -ს (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება) პრაქტიკულ სარგებელზე საუბარს.
ისეთი მონდომებით ვყვებოდით წარმატებულ ექსპორტიორებსა და ექსპორტის მზარდ დინამიკაზე, რომ მოწვეული და შემთხვევითი დამსწრეები „დავიჭირეთ“. გართობას თავი ანებეს და ზურგშექცევის ნაცვლად უკვე სახეში გვიყურებდნენ და თვალს არ გვაშორებდნენ. მალევე კითხვების დასმაც დაიწყეს და ინტერესმაც იმატა. თითქოს ჩაიხანას მენიუში DCFTA საფირმო კერძივით შევიყვანეთ.
სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ყარაჯალაში ევროკავშირის ბაზართან დაკავშირებით სკეპტიციზმი არავის გამოუთქვამს, რუსეთი როგორც სავაჭრო პარტნიორი დადებით კონტექსტში არავის უხსენებია და ის რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირთან ეკონომიკურ ინტეგრაციას უკავშირდება ამ აზრის მოწინააღმდეგე კაციშვილი არ გაჭაჭანებულა.
ყარაჯალაში მწვანილის მოყვანა იციან, თან ისე კარგად რომ ბარე ორი ვერ შეეცილება. პრობლემას ისინი არა წარმოებაში არამედ რეალიზაციაში ხედავენ. შემნახველი და გადამამუშავებელი საწარმოების ნაკლებობა აწუხებთ. მზად არიან საცალო ქსელების ან საწარმოების ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინონ პროდუქციის ხარისხთან და უვნებლობასთან დაკავშირებით, ოღონდ რეალიზაციის პრობლემა გადაიჭრას.
ყარაჯალაში იაფი კრედიტების თემა სასაცილოდ არ ყოფნით. „ჩვენთან ერთი ბანკის წარმომადგენელი მოვიდა ფერმერებზე 3 პროცენტად გავცემთო სესხებს, გავიქეცით ბანკში და აღმოჩნდა, რომ თვეში სამ პროცენტად გვაძლევდნენ, წელიწადში კი 36 პროცენტი უნდა გადაგვეხადა. ნებისმიერ სოფლის მეურნეობაში ჩახედულ ადამიანს ვკითხოთ, აგრო სფერო თუ 20 პროცენტზე მეტ მოგებას ტოვებს? და თუ ეს მოგება 20 პროცენტზე მეტი არ არის, საიდან უნდა გადაიხადოს ფერმერმა 36 პროცენტი წელიწადში?აბა ეს არის ხელშეწყობა, ეს არის სამართალი? “ - ასე გამოხატავს თავის წუხილს ერთი კარგი ყარაჯალელი მეწარმე. მოგვიანებით ეს კაცი იმასაც გვეტყვის, რომ გამგებლებმა და რწმუნებულებმა მათი კომპეტენციისა და ვალდებულების ფარგლებში მათ სოფლებსა და რაიონებში საწარმოო შესაძლებლობების შესახებ დეტალური ინფორმაცია უნდა შეაგროვონ, რაც ხელს შეუწყობდა წარმოების სწორად დაგეგმვას, მოსავლის ეფექტიან მართვას. მისვე თქმით, გამგებლებს არჩევნების შემდეგ იშვიათად ხედავენ, ზოგჯერ კი მათი რჩეულის შესახებ წარმოდგენაც არ აქვთ.
ყარაჯალაში ევროკავშირის ბაზარი მოწონობულია, საქმე კი ისა, რომ აქაურ ფერმერებს უკვე ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი პროდუქციის შესაქმნელად პრაქტიკული დახმარება სჭირდებათ. საქმე იციან, შრომა არ ეზარებათ, ევროპის ბაზარი ღიაა, მთავრია, რომ კონკურენტუნარიანი საექსპორტო პროდუქტის შექმნა შეძლონ და შემოსავალი ევროებში და სხვა უცხოურ ვალუტაშიც გარანტირებულია.