რატომ ვერ გაბრწყინდა იბერია და რატომ არ ამართლებს ეკონომიკური განვითარების რეცეპტები: ნაწილი IV: უცხო ქვეყნების რეფორმების კოპირება
განვითარების ერთი-ერთი პოპულარული რეცეპტი, რომელსაც საქართველოშიც ხშირად მივმართავთ, უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირებას გულისხმობს. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. სამწუხაროდ, ეს მიდგომა რიგ შემთხვევაში არ ამართლებს. ვაშლი და ფორთოხალი ორივე მრგვალია და ორივე ხილია, მაგრამ აღნიშნული საერთო მახასიათებლები არ იძლევა საფუძველს გავაკეთოთ დაშვება, რომ მათი ხეები ერთი და იმავე გარემო-პირობებში და ერთნაირი მოვლის მეთოდებით ხარობს.
რეფორმის ეფექტურობა დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ადეკვატურად, პროპორციულად და დროულად პასუხობს მისი კომპონენტები არსებულ გამოწვევებს კონკრეტულ ქვეყანაში. შესამაბისად, ერთი ქვეყნის თუნდაც წარმატებული რეფორმის კოპირებამ სხვა ქვეყანაში შეიძლება იგივე შედეგი მოიტანოს, რაც ვაშლის ხის გადარგვამ სუბტროპიკულ ჰავაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, „ერთი ზომის სამოსი ყველას ერთნაირად არ ერგება”.
გარდა ამისა, კონკრეტული რეფორმის ეფექტის დადგენა არც ისეთი ადვილია. თუ ეკონომიკური ზრდა კონკრეტული რეფორმის შემდეგ დაიწყო, ეს ყოველთვის არ ნიშნავს, რომ ის აღნიშნულმა რეფორმამ გამოიწვია. შესაძლებელია საქმე გვქონდეს უბრალო დამთხვევასთან და ეკონომიკური ზრდის მიზეზი სხვა ფაქტორები იყოს. იმისათვის, რომ დადგინდეს მიზეზობრიობა, აუცილებელია კომპლექსური ემპირიული კვლევების ჩატარება. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ცნობილი მეცნიერი რიჩარდ ფაინმენი იტყოდა, ჩვენი დასკვნები დიდი ალბათობით არ იქნება ვალიდური, ანუ, დაახლოებით, იგივე წონა ექნება, რაც ჭორაობას.
ემპირიული კვლევის უამრავი მეთოდი არსებობს: შეჯვარება (matching), ინსტრუმენტული ცვლადები (2SLS), წყვეტილი რეგრესია (regression discontinuity), რეგრესია პანელური მონაცემებით დაფიქსირებული ეფექტებით (fixed effect) და ა.შ. თითოეულ მეთოდს აქვს თავისი უარყოფითი და დადებითი მხარეები, მათი გამოყენება კონკრეტულ გარემოებებსა და მონაცემების ხელმისაწვდომობაზეა დამოკიდებული.
როდესაც ვამტკიცებთ (განსაკუთრებით ეკონომიკაში), რომ A იწვევს B-ს, თვისობრივი ანალიზის გარდა, აუცილებელია შევაგროვოთ საკმარისი რიცხობრივი მონაცემები და ექსპერიმენტული, ან კვაზი-ექსპერიმენტული მეთოდებით დავადგინოთ, არის თუ არა ჩვენი ჰიპოთეზა მაღალი ალბათობით მართალი.
საჭიროა, კვლევისას გამოვრიცხოთ უკუმიზეზობრიობა, გავაკონტროლოთ სხვა ცვლადები, რომელსაც შეიძლება გავლენა ჰქონდეს ჩვენს დამოკიდებულ და დამოუკიდებელ ცვლადებზე და ა.შ. მაშინაც კი,თუ რეგრესიის ცხრილის სხვადასხვა ინდიკატორი (მაგალითად: p value) დამაკმაყოფილებელ დონეებს გვიჩვენებს, საკმარისი არ არის, რომ კვლევის შედეგის სანდოობა ვაღიაროთ. აუცილებელია დავრწმუნდეთ, რომ ადგილი არ აქვს სისტემურ შეცდომებს, რომელსაც შეიძლებოდა კვლევის შედეგზე მოეხდინა გავლენა. ასევე, მნიშვნელოვანია, საკვლევი ნიმუში სწორად იყოს შერჩეული და განისაზღვროს სწორი პოპულაცია, თუ ვისზე შეიძლება კვლევის შედეგების განზოგადება.
შესაბამისად, მაშინაც კი თუ კარგად ჩატარებული ემპირიული კვლევა აჩვენებს, რომ, მაგალითად, იაპონიაში კონკრეტულმა რეფორმამ მართლაც გამოიწვია დადებითი შედეგი, არ გვაძლევს გარანტიას, რომ საქართველოშიც იგივე მოხდება, რადგან პოპულაციები ერთმანეთისაგან განსხვავდება. შესაბამისად, იაპონიაში თუ სხვაგან ჩატარებული კვლევის შედეგების საქართველოზე განზოგადებისას სიფრთხილე გვმართებს. ამ საკითხებს ყურადღება უნდა მივაქციოთ მაშინაც, როდესაც სხვა ავტორების კვლევები მოგვყავს გადაწყვეტილებების მისაღებად ქვეყნისთვის მნიშვნელოვან რეფორმებზე.
საკითხავია ასევე, თუ როგორ ვიქცევით მაშინ, როდესაც ალტერნატივების წინაშე ვდგავართ. მაგალითისთვის, მოვიყვანოთ ამ ცოტა ხნის წინ განხილული თემა სავალდებულო სამხედრო სამსახურის აღდგენაზე, რომლის არგუმენტად თავდაცვის სამინისტრომ ეკონომიურობა დაასახელა.
როდესაც საქმე გვაქვს ორ ან მეტ ალტერნატიულ რეფორმასთან, იდეალურ შემთხვევაში, უნდა მოხდეს ყველა შესაძლო სარგებლისა და ხარჯის დადგენა; არამონეტარული ხარჯებისა და სარგებლის ვალუაცია (მონეტარული ღირებულების მინიჭება ე.წ. გამომჟღავნებული ან ნაამბობი პრეფერენციების მეთოდებით); ე.წ. სოციალური ფასდათმობის განაკვეთის (social discount rate) შეფარდება (რომელიც დადგენილი უნდა ჰქონდეს წესით სახელმწიფოს) და, ბოლოს, მიღებული ჯამების შედარება ერთმანეთთან.
შესაბამისად, მსჯელობისას, თუ რომელი უფრო ეკონომიურია- სავალდებულო, თუ საკონტრაქტო ჯარი, შეფასება მხოლოდ პირდაპირი მონეტარული ღირებულებით არ უნდა მოხდეს. უნდა გათვალისწინონ რიგი ფაქტორები, მაგალითად: ზარალი, რომელიც ინდივიდს ადგება ერთი წლის განმავლობაში სწავლისა და სამსახურისთვის თავის დანებებით; ზარალი, რომელიც დამსაქმებელ კომპანიას ადგება ნიჭიერი ინჟინრის, ან მენეჯერის ერთი წლით წართმევით; შემდეგ ამით გამოწვეული მოსალოდნელი საგადასახადო ზარალი ბიუჯეტისთვის და ა.შ.
აქედან გამომდინარე, რეფორმის სწორად შერჩევა საკმაოდ კომპლექსური საკითხია და მის შესაფასებლად მხოლოდ პირდაპირი მონეტარული ფასი არ არის საკმარისი. ასევე, საკმარისი არ არის სხვა ქვეყნის, თუნდაც, ყველაზე წარმატებული რეფორმების კოპირება.
მომდევნო ბლოგში მოკლედ მიმოვიხილავ ეკონომიკური განვითარების თეორიულ ასპექტებს და საუბარი გვექნება იმ ფაქტორებზე, რომლებიც აფერხებენ ეკონომიკურ განვითარებას.