Brexit-ი და მისი ეკონომიკური შედეგები
23 ივნისის რეფერენდუმში მცირე უპირატესობით ბრიტანელებმა Brexit -ს მისცეს ხმა: ამომრჩეველთა 51,9 პროცენტმა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირდან გამოსვლას, 48,1 პროცენტმა კი -ევროკავშირში დარჩენას დაუჭირა მხარი. წინასარეფერენდუმო პერიოდი უმძიმესი პოლიტიკურ-სოციალური ექსცესების ფონზე მიდიოდა ბრიტანეთში. საზოგადოება გახლეჩილი იყო მომხრე-მოწინააღმდეგეებად, კამათი და დიალოგი აბსოლუტურად ყველა სოციალური ფენისა თუ ინტერესების მქონე ჯგუფებს შორის უმწვავესი დაძაბულობის ფონზე მიდიოდა. კუნძულზეც ვერ მალავდნენ შეშფოთებასა და მძიმე მოლოდინს ამ ამბის გამო.
Brexit -ი დიდ ბრიტანეთსა და კონტინენტურ ევროპაში სერიოზული, ტურბულენტური რყევების მომტანი იქნება მომავალში: ეს ეხება ეკონომიკურ, პოლიტიკურ, თუ გეოპოლიტიკურ პროცესებს. თუმცა, ეს მომავალი უკვე დადგა: დღეს ფუნტი საგრძნობლად დაეცა დოლართან მიმართებაში - მთელი 10 პროცენტით, ასეთი მაჩვენებელი 1985 წლიდან არ ყოფილა. ანალოგიურად, DAX-ის აქციების ფასი წინა დღესთან შედარებით 10 პროცენტით შემცირდა.
Brexit -ის მომხრეების არგუმენტები, ძირითადად, ოთხ პუნქტად იყო ჩამოყალიბებული:
დიდი ბრიტანეთი არის მესამე ყველაზე დიდი ნეტოგადამხდელი ქვეყანა ევროკავშირის ბიუჯეტში. მათი აზრით, ეს ჰაერში გაშვებული 5 მილიარდია.
ევროკავშირიდან ემიგრირებულები ამძიმებენ სოციალურ სისტემას: 3,3 მილიონი ევროკავშირის მოქალაქეა ბრიტანეთში ემიგრირებული. მათი დიდი ნაწილი პოლონეთიდანაა. ისინი ართმევენ სამუშაო ადგილებს ადგილობრივებს.
ლტოლვილთა კრიზისი მათ მიერ აღქმულია, როგორც ევროკავშირის მიერ ინიცირებული პრობლემა. თურქეთის ვიზალიბერალიზაციის პერსპექტივის სრული მიუღებლობა.
ევროკავშირი აღიქმება,როგორც ბიუროკრატიული მონსტრი, რომელიც ბრიტანეთის ნაციონალურ სუვერენიტეტს აზიანებს.
Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე:
- ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში
- 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი.
- 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში.
- ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.
ვაჭრობის სფეროში თავისუფალი ბაზარი, რასაკვირველია, დარჩება, თუმცა, ევროპულ ბაზარზე მოხდება ბრიტანული საქონლის მიწოდების შეზღუდვა, ან ამ უფლებისათვის მათ უფრო მეტის გადახდა მოუწევთ ევროკავშირის ბიუჯეტში. ისევე როგორც პირიქით, ეს პროცესები ძალიან დამაზიანებელი იქნება კონტინენტური ევროპის ქვეყნებისთვისაც. გერმანიისათვის დიდი ბრიტანეთი ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია ევროპაში. ლონდონი, როგორც ფინანსური მეტროპოლი, დაკარგავს ევროკავშირთან დაკავშირებულ ინსტრუმენტებსაც, მას „ჩამოართმევენ“ ამ დატვირთვას, რაც, რა თქმა უნდა, სამუშაო ადგილების შემცირების ხარჯზე მოხდება.
ასევე, თუ ლონდონი შეზღუდავს ევროკავშირიდან მიგრაციის პროცესებს, ანალოგიურ საწინააღმდეგო დინებებსაც უნდა ელოდოს მეორე მხრიდანაც.
მომავალში დიდი ბრიტანეთის მიმართება კონტინენტურ ევროპასთან, შესაძლოა, რამდენიმე უკვე ცნობილი მოდელის მიხედვით დარეგულირდეს:
- ნორვეგიის მოდელი: ევროპული ბაზრის თავისუფალი ხელმისაწვდომობა, ოღონდ, დიდი გადასახადების პირობებში. ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს დაანგარიშებით, ეს ბრიტანულ ეკონომიკას წელიწადში დაახლოებით, 4 პროცენტ დანაკარგად დაუჯდება.
- შვეიცარიის სცენარი: შემთხვევიდან შემთხვევამდე ყოველ კონდიციაზე ცალკეული შეთანხმება. ეს შეამცირებს შიდა პროდუქტს 6 პროცენტით.
- WTO -ს სცენარი: დიდ ბრიტანეთსა და კონტინენტურ ევროპას შორის ვაჭრობა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის პირობებით, რაც წლიურად 7,5 პროცენტის ზარალს მოუტანს ბრიტანეთის ეკონომიკას. ბაჟის გადახდა იქნება აუცილებელი პირობა.
ჯერ კიდევ უცნობია, თუ რომელ მოდელზე შეთანხმდებიან ბრიტანეთი და ევროკავშირი. თუმცა, დღესვე შეიძლება ითქვას, რომ ორივე მხარისათვის ეს მხოლოდ დანაკარგებს ნიშნავს. ბიუროკრატიისთვის კი კოლოსალურ შრომას: მესამე ქვეყნებთან მინიმუმ 50 თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ექნებათ დასადები, 80 000 საკანონმდებლო აქტის ჩათვლით.
როგორც ჩანს, ბრექსიტის შედეგები მალე დადგება როგორც ბრიტანული, ასევე ევროკავშირის ეკონომიკებისათვის, რაც სერიოზულ რყევებს, საზიანო ცვლილებებსა და დანაკარგს გულისხმობს ორივე მხარისათვის. იმედი ვიქონიოთ, რომ არა ფატალური შედეგებით.