ჰოლანდიური კვლევითი ინსტიტუტი - ევროკავშირში წიწაკაზე მოთხოვნა იზრდება
ევროკავშირში წიწაკის ბაზარი განვითარებად ქვეყნებს დიდ შესაძლებლობებს სთავაზობს - ამის შესახებ ჰოლანდიური კვლევითი ინსტიტუტი - CBI წერს. საერთაშორისო ორგანიზაციამ ევროპის ქვეყნებში წიწაკის მოთხოვნასა და მიწოდებაზე ვრცელი კვლევა ჩაატარა, რომლის თანახმადაც, ევროკავშირის ბაზარზე მომდევნო წლებში წიწაკის ფასი კვლავ მაღალი იქნება. მყიდველები მზად არიან, გადაიხადონ გაცილებით ძვირი, თუ ექსპორტიორი მათ გრძელვადიან თანამშრომლობას შესთავაზებს, შესაბამის სტანდარტებს დააკმაყოფილებს და პროდუქტის ევროპის ბაზარზე შეტანას დროულად მოახერხებს.
2010-2014 წლებში ევროკავშირში იმპორტირებული დაფქვილი წიწაკის საშუალო ფასმა 85%-ით მოიმატა. კვლევის თანახმად, ამ ტენდენციას რამდენიმე მიზეზი აქვს, მთავარი არის ის, რომ წიწაკაზე გლობალური მოთხოვნა სულ უფრო იზრდება, ევროპელებს კი მწარე კერძები უფრო მეტად უყვარდებათ.
ამ ეტაპზე ევროკავშირის ბაზარზე წიწაკა არც ისე ბევრ განვითარებად ქვეყანას შეაქვს. ამ მხრივ ყველაზე დიდი ექსპორტიორი ვიეტნამია, შემდეგ კი ბრაზილია, ინდოეთი და ინდონეზია. პატარა ქვეყნებიდან იმპორტირებული წიწაკის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა 2010-2014 წლებში, განსაკუთრებით წარმატებული ექსპორტიორია შრი ლანკა, მალაიზია და მადაგასკარი. როგორც კვლევაში ვკითხულობთ, ეს ქვეყნები ბაზარზე მზარდ მოთხოვნას ითვალისწინებენ და ეტაპობრივად წიწაკის წარმოებასაც აფართოებენ.
წიწაკა საქართველოში ფართოდ გავრცელებული კულტურაა. როგორც eugeorgia.info-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევით ცენტრში განუცხადეს, ქართული წიწაკის გემო განსხვავებულია, რაც მას ევროპელი მომხმარებლისთვის მიმზიდველს ხდის.
„ძირითადად, ჩვენთან წიწაკა ინდოეთიდან შემოდის. მის მოყვანას მთელი ტექნოლოგიური ციკლი სჭირდება, ჩვენ შემთხვევაში იმპორტი გაცილებით იაფი ჯდება. მეცნიერულად დამტკიცებული და ცნობილია, რომ ქართულ წიწაკაში კაფსიცინის შემცველობა არის შედარებით მაღალი, რაც მის კარგ გემოსა და სიცხარეს განაპირობებს. არის ბევრი სხვადასხვა ჯიში, განსაკუთრებით ცნობილი კი მეგრულია“, - ამბობს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ერთწლოვანი კულტურების კვლევის დეპარტამენტის უფროსი ნატო კაკაბაძე.
წიწაკა, სხვა მწარმოებლებთან ერთად, თუმცა ასევე მცირე რაოდენობით საქართველოში შპს „ჰერბიას“ მოჰყავს, რომელიც ქართულ მწვანილს ევროპის ბაზრებზე ყიდის. კომპანიას GLOBAL GAP-ის სტანდარტიც აქვს დანერგილი, პროდუქცია დღეს ევროკავშირის ბაზარზე შეზღუდულად - მხოლოდ ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და ბულგარეთში შეაქვს, ისიც მცირე რაოდენობით. ევროპული მარკეტები დიდი და გარანტირებული მოცულობების სტაბილურ მიწოდებას ითხოვენ, „ჰერბია" კი ამ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. კომპანიის დამფუძნებელი ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, რომ ამ ეტაპზე წიწაკის მიმართულებით მუშაობას ვერ ახერხებს.
„ჩვენ სხვა მიმართულება გვაქვს არჩეული და მხოლოდ წიწაკა რომ ვაწარმოოთ, სხვა საქმეები გაგვიფუჭდება. ამიტომ, სანამ არ გავფართოვდებით, კვლავ ძველ ნიშაზე ვიქნებით ორიენტირებული. იმდენად დიდი მოთხოვნაა ჩვენს მწვანილზე, ვერ ვასწრებთ ამ რაოდენობის წარმოებას. რაც შეეხება წიწაკას, თუ ზამთარში სურთ ევროპაში, საქართველოსთვის ეს ძალიან რთული იქნება, რადგან ჩვენთან გათბობის სათბურები ფაქტობრივად არ არსებობს. ძალიან დიდი ინვესტიცია იქნება საჭირო, რომ შეიქმნას სასათბურე მეურნეობა, რომელიც ზამთარში მოიყვანს ამ პროდუქტს“, - აცხადებს „ჰერბიას“ დამფუძნებელი ზურაბ ჯანელიძე.
ევროკავშირის ბაზარზე პროდუქტის ექსპორტისას ერთ-ერთი უმთავრესი სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული საკითხებია, ამიტომ იმპორტიორებს გარკვეული სტანდარტების დაკმაყოფილება უწევთ. ჰოლანდიური კვლევითი ინსტიტუტი განვითარებად ქვეყნებს მოუწოდებს, აღნიშნული სტანდარტების შესახებ ინფორმაცია სრულად მოიპოვონ. კვლევაში ვკითხულობთ, რომ წიწაკის მიკროტოქსინებით დაბინძურება სერიოზულ რისკებს აჩენს, ამიტომ შესაბამისი რეგულაცია მოქმედებს, რომელიც აფლატოქსინის, ოქრატოქსინისა და სხვა მსგავსი ტოქსინების შემცველობის ნორმას ადგენს. ასევე, ევროკავშირს მკაცრი რეგულაციები აქვს პესტიციდებთან დაკავშირებით. პროდუქტი, რომელიც დასაშვებზე მეტ პესტიციდს შეიცავს, ევროპის ბაზარზე ვერ მოხვდება. ამიტომ, პესტიციდების დასაშვები ზღვრის შესახებ ექსპორტიორებს ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ. საკვების შესაბამისი კანონმდებლობის მე-11 მუხლის თანახმად, საკვები პროდუქტი, რომელიც ევროკავშირის ბაზარზე შედის, უნდა იყოს უსაფრთხო. აქედან გამომდინარე, წიწაკის აკრძალვის მიზეზი ევროპაში, შესაძლოა, პროდუქტში სალმონელას აღმოჩენა გახდეს. სალმონელა წიწაკაში ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება, გაჩნდეს - მოყვანის, მოსავლის აღების, გადამუშავების, შენახვის, შეფუთვისა და გაყიდვის დროს, ამიტომ ჰიგიენის ნორმების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. ევროკავშირში მყიდველები მიკრობიოლოგირი დამაბინძურებლების შესახებ ტესტის შედეგებსაც ითხოვენ. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მკაცრი მოთხოვნებიდან გამომდინარეა ისიც, რომ ევროკავშირის ქვეყნების დიდ ნაწილს ურჩევნია, ნედლი პროდუქტის იმპორტი განახორციელოს და შემდეგ თავად გადაამუშაოს, ან ეს საქმე ევროკავშირის წევრ რომელიმე სახელმწიფოს მიანდოს. განსაკუთრებით მაღალი ხარისხის პროდუქტზე მოთხოვნაა გერმანიაში, ამიტომ ამ ქვეყანაში მიიჩნევენ, რომ გადამუშავების პროცესს თავად უნდა აკონტროლებდნენ.
წიწაკის ფასი დამოკიდებულია მის ხარისხზე - რამდენად შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს სურსათის უვნებლობაზე. მაგალითად, ვიეტნამური წიწაკის ფასი ევროპაში 8,95 ევროდან იწყება. 5 წლის წინ კი ეს წიწაკა 310%-ით ნაკლები ღირდა. ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპის ქვეყნებს ძირითადად ყველაზე მაღალი ხარისხის წიწაკა აქვთ და შესაბამისად, იქ ფასებიც ყველაზე მაღალია. თუმცა სიძვირის მიუხედავად ევროკავშირში იმპორტირებული წიწაკის მოცულობა არ მცირდება. 2014 წელს ევროპის ბაზარზე 386 მილიონი ევროს ღირებულების 63 000 ტონა წიწაკა შევიდა, აქედან 99%-ის ექსპორტი განვითარებადი ქვეყნებიდან მოხდა.
ავტორი: ხატია შამანაური