ქართულ სანელებლებს ევროპაში ექსპორტის პოტენციალი აქვს
ილარიონ საუკს კიევის ცენტრში უკრაინული რესტორანი აქვს. უკვე რამდენიმე წელია, რაც ქართულ სანელებლებს უკრაინული კერძებისთვის იყენებს და ამბობს, რომ სუნელები და სვანური მარილი საკვებს პიკანტურ გემოს აძლევს. მის გარშემო დღეს ყველამ იცის, რომ საქართველოში მოხვედრის შემთხვევაში, „ბარ ამიგოსთვის“ ქართული სანელებლები კიევში უნდა ჩაუტანონ. რესტორანს მუდმივად უამრავი ადგილობრივი და უცხოელი ტურისტი სტუმრობს, თუმცა ბევრ მათგანს ალბათ წარმოდგენაც არა აქვს, რომ იქ დაგემოვნებული უკრაინული კერძების განსხვავებული გემო სწორედ ქართული სანელებლების დამსახურება.
„სარესტორნო ბიზნესში ქართული სანელებლები ძალიან პოპულარულია. სვანურ მარილს ჩვენთან მხოლოდ ქართული სამზარეულოსთვის არ იყენებენ, უკრაინულ კერძებსაც განსხვავებულ, პიკანტურ გემოს აძლევს“, - ამბობს ჩვენთან ინტერვიუში ილარიონ საუკი.
საქართველოში სანელებლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული და პოპულარული ქინძია, ქართულ სამზარეულოში ის თითქმის ყველა კერძში გვხვდება, ასევე ხშირია, როდესაც ხმელ და უცხო სუნელს ერთმანეთში ურევენ, არანაკლებ პოპულარულია ყვითელი ყვავილი, სამხრეთ საქართველოში კი სანელებლად ხშირად გამოიყენებენ რეჰანს, ნიახურს, გამშრალ კამას, ქონდარს. განვითარებადი ქვეყნებიდან ევროპაში სანელებლების ექსპორტის პერსპექტივაზე ვრცელი კვლევა ჰოლანდიურმა კვლევითმა ინსტიტუტმა (CBI) ახლახან გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, ევროპულ ბაზარზე უცხოურ სანელებლებზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება. ეს ძირითადად რამდენიმე ფაქტორს უკავშირდება: ცხოვრების ჯანსაღ წესსა და განსხვავებული გემოს საკვებისადმი დიდ ინტერესს; ამასთან, ევროპის მოსახლეობა სულ უფრო მულტიკულტურული ხდება, ისინი ძალიან ბევრს მოგზაურობენ უცხო, ეგზოტიკურ ადგილებში, ასეთი ქვეყნების სამზარეულოში პოპულარული სანელებლები კი ბუნებრივია, მათ აინტერესებთ და ხშირად ძალიან მოწონთ. ევროპაში მუდმივად იზრდება მოთხოვნა ისეთ კერძებზე, რომელთა მომზადება დიდ ძალისხმევას არ საჭიროებს, ევროპელი მომხმარებელი გადატვირთული რეჟიმის გამო სულ უფრო ცოტა დროს ატარებს სამზარეულოში, ხოლო იმისთვის, რომ მარტივად მოსამზადებელი კერძი გემრიელი იყოს, საუკეთესო გამოსავალი სანელებლების გამოყენებაა. დღეს ევროპაში რამდენიმე ქვეყნის სანელებლებია პოპულარული: ჩინური, ინდური, ტაილანდური და ვიეტნამური. ორგანული სოფლის მეურნეობის კონსულტანტი ნუკრი მემარნიშვილი მიიჩნევს, რომ ქართულ სანელებლებს აქვს პოტენციალი, ევროპის ბაზარზე თავი დაიმკვიდროს.
„რა პრობლემაა, რომ ქართული სანელებლები ევროპაში გავიდეს? არანაირი. თუმცა, სჯობს იყოს ბიო, რადგან შესაბამისი სტანდარტიც არის და თავისი მაკონტროლებელიც ჰყავს. ფასიც რამდენჯერმე მაღალია და უფრო მარტივადაც გაყიდი, ეს ის ნიშაა, რომელიც ევროპულ ბაზარზე თავისუფალია. სანელებლებს ნამდვილად აქვს ექსპორტის პოტენციალი, ჩვენი ნიადაგური და კლიმატური პირობები ისეთ გარემოს ქმნის მცენარისთვის, რომ მას აქვს შესაძლებლობა, დააგროვოს უკეთესი ნივთიერებები, ვიდრე დავუშვათ რუსეთში, ან სხვაგან, რადგან იქ წყალი არ ვარგა, სხვანაირი ნიადაგია, ჩვენი პროდუქტი ყოველთვის უფრო ხარისხიანია, ეს უპირატესობა გვაქვს“, - ამბობს მემარნიშვილი.
ევროპელ მომხმარებელს ქართული სანელებლების შეძენის შესაძლებლობა არაერთხელ ჰქონია. შპს „ბეღელმა“ შვეიცარიაში ქართული სუნელები უკვე გაიტანა, ასევე რამდენჯერმე გერმანიაში გაგზავნა აჯიკა, თუმცა ქართული სანელებლების ექსპორტი ამ ეტაპზე დროებით შეჩერებულია. „ბეღელის“ დირექტორი ჩვენთან ინტერვიუში იმ პრობლემაზე გვიყვება, რაც დღეს ქართული პროდუქტის ევროპულ ბაზარზე გატანას აფერხებს.
„დაინტერესება დიდია, მაგრამ საკმაოდ გაჯერებული ბაზარია ევროპაში, ჩვენ არ გვაქვს შესაბამისი სარეკლამო ხელშეწყობა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვრებს მიღმაც. დიდი დრო და ინვესტიცია გვჭირდება, რომ ქართულმა სანელებლებმა ევროპაში თავი დაიმკვიდროს. შესაბამისი პიარია საჭირო“, - ამბობს ირაკლი ჯავახიშვილი.
შპს „ბეღელის“ დირექტორი გვიყვება, რომ გერმანიაში პარტნიორები GIZ-ს პროგრამის ფარგლებში მოიძია, ფერმერებისგან ნედლეული ჩაიბარა, საკონსერვო ქარხანას კი აჯიკის დამზადება დაუკვეთა. ირაკლი ჯავახიშვილს იმედი აქვს, რომ ქართული სანელებლების ექსპორტი გერმანიაში მალე განახლდება.
„საკონსერვე პროდუქტი რომ იყო, გარკვეულ შეფერხებებს ჰქონდა ადგილი. ამ ეტაპზე ალბათ ისეთ მოგებას არ უტოვებდა, რომ უღირდეთ, პროდუქტის შეტანა, თუმცა კვლავ დაინტერესებული არიან. ახლა კომპანიაში შიდა ინფრასტრუქტურული ცვლილებები ხორციელდება და დროებით შეჩერებულია ეს პროცესი, მაგრამ ასევე ლაპარაკი იყო მშრალი სუნელების გატანაზეც“, - აცხადებს ირაკლი ჯავახიშვილი.
ამ ეტაპზე ევროპაში არა, თუმცა პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან სანელებლების ექსპორტზე მოლაპარაკებებს აწარმოებს კომპანია „სუნელი“, რომელიც 2014 წელს დაარსდა. ამ ეტაპზე „სუნელი“ ქართულ სანელებლებს სუპერმარკეტთა ქსელებში ყიდის.
„არის ძალიან დიდი დაინტერესება, განსაკუთრებული მოთხოვნაა ყვითელ ყვავილზე, სვანურ მარილზე, აჯიკაზე, ქინძზე, ის, რაც ქართულია და სხვაგან არ არის“, - ამბობს „სუნელის“ დირექტორი ზაზა ბეჟანიშვილი.
ევროპაში საკვების მწარმოებელი პატარა იმპორტიორები და მათთან დაკავშირებული ბრენდები საკმაოდ ძლიერ ძალას წარმოადგენენ, ამიტომ CBI განვითარებად ქვეყნებს მოუწოდებს, თავდაპირველად სწორედ ასეთი პარტნიორები მოძებნონ, რადგან მათ პროდუქტის უვნებლობასთან, მომსახურებასა და რაოდენობასთან დაკავშირებით ისეთი მკაცრი მოთხოვნები არა აქვთ, როგორც დიდ კომპანიებს. ასევე, კვლევაში ლაპარაკია იმაზეც, რომ ევროპელი მომხმარებელი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულია, გერმანიასა და დიდი ბრიტანეთში მყიდველებს შესაძლოა, პროდუქტის გემოვნურ თვისებებზე განსხვავებული მოთხოვნები ჰქონდეთ, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ განვითარებადმა ქვეყნებმა შეისწავლონ ეს ბაზრები და შეთავაზებები ევროპელი პარტნიორების მოთხოვნებს შეუსაბამონ. კიდევ ერთი რჩევა ევროპულ სტანდარტებს უკავშირდება, CBI მოუწოდებს კომპანიებს განვითარებადი ქვეყნებიდან, რომ რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია პროდუქტის ხარისხის გასაუმჯობესებლად ჩადონ, რადგან სწორედ ეს არის მათი წარმატების ერთ-ერთი მთავარი გარანტი.
სანელებლების გლობალური ბაზარი მუდმივად მზარდია და სპეციალისტების გათვლებით, 2020 წლისთვის მისი ღირებულება 19 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს. ბოლო წლების განმავლობაში კი განვითარებადი ქვეყნებიდან ევროპაში სანელებლების ექსპორტი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი.
ავტორი: ხატია შამანაური