სასტუმრო და პომიდორი vs თანამედროვე ტექნოლოგიები- სახელმწიფო პროგრამები სერვისებს არ აფინანსებენ
ფინანსური ტექნოლოგიების რევოლუცია იწყება, - წერს გავლენიანი გამოცემა “ეკონომისტი”. 2008 წლის მსოფლიო კრიზისმა ფინანსების უსაფრთხოების საკითხი დღის წესრიგში დააყენა. რეგულატორებმა ბანკები კაპიტალით და შეზღუდვებით “გააჯერეს”, ამ ფონზე კი ბაზარი ახალმა მოთამაშეებმა დაიპყრეს - ე.წ. “fintech” ფირმები გადასახადის გადამხდელებს არა მხოლოდ ფინანსების უსაფრთხოებას ჰპირდებიან, არამედ უფრო მეტად არიან კონცენტრირებულნი საკუ თარ მომხმარებლებზე. ამ სტარტ-აპებმა 2014 წელს 12 მილიარდი დოლარის ინვესტიცია მოიზიდეს, რაც წინა წელთან შედარებით, 30%-ით მეტია.
სულხან მეტრეველი უკვე 15 წელია, შვეიცარიაში ცხოვრობს, თავისი პატარა “fintech” კომპანია სამი წლის წინ დააფუძნა. დღეს რამდენიმე მსხვილ ბანკსა და სადაზღვევო კომპანიასთან თანამშრომლობს, აქვს ოფისები ციურიხსა და ლონდონში და ე.წ. “ბექ-ოფისი”ინდოეთში, რომლის გადმოტანა სამშობლოში სურს, თუმცა, როგორც თავად აცხადებს, საქართველოში ახალ ტექნოლოგიებზე ზერელე წარმოდგენა აქვთ და შესაბამის ხელშეწყობას სამთავრობო პროგრამებიდანაც ვერ ხედავს.
უნივერსიტეტი დაგვეხმარა IP-ის (ინტელექტუალური საკუთრების) განვითარებაში, მოგვცა ტექნოლოგიების ექსპერტიზა, ასევე ტექნიკური მხარდაჭერა მივიღეთ შვეიცარიის “ლეიბელის” პროგრამიდან.
ვამუშავებთ დიდ მონაცემებს (Big Data), ვაკეთებთ ტრენდების ანალიზსა და პროგნოზებს, ვაწვდით მათ საფინანსო ინსტიტუტებს, ვთანამშრომლობთ ისეთ უმსხვილეს ორგანიზაციებთან, როგორიცაა, “Credit Suisse”, “UBS”, “Swiss Re”და სხვა კომპანიებთან.
შეიძლება დამუშავდეს ისეთი მონაცემები, როგორიცაა ვალუტის გაცვლითი კურსები, ნავთობის ფასი, აქციები საფონდო ბირჟებზე, განწყობები და ა.შ. საკმაოდ რთული პროგრამაა, ის ინოვაციურია თავად ევროპაშივე და ჩვენ ვამაყობთ, რომ 80%-იანი სიზუსტით ვაკეთებთ პროგნოზებს.
ციურიხში ბანკებთან ვმუშაობთ, მათ უზარმაზარი მოცულობის მონაცემთა ბაზა აქვთ, რომელიც იკარგება და არ იციან, როგორ გამოიყენონ. ჩვენი ანალიზის საფუძველზე თავიანთი საქმიანობის ოპტიმიზაცია შეუძლიათ.
ლონდონში უკვე ექვსი თვეა, ჩვენი წარმომადგენლობა ოფიციალურად ფუნქციონირებს. იქ ჩვენი კლიენტები დიდი ინვესტორები არიან, რომელთაც საფონდო ბირჟები აინტერესებთ.
ინდოეთში ათამდე თანამშრომელი გვყავს, აი -თი დეველოპერები, რომლებიც კომპანიის პროექტებზე მუშაობენ, ეს ჩვენთვის გაცილებით ხელსაყრელია: შვეიცარიაში ინდოეთთან შედარებით ხელფასები რამდენიმეჯერ მაღალია, ციურიხში რომ გვქონდეს “ბექ-ოფისი”, პროდუქცია ძალიან გამიძვირდებოდა, არათუ ჩვენნაირ მცირე ფირმებს, არამედ დიდ კომპანიებსაც ეს სერვისი ინდოეთში ან სხვა განითარებად ქვეყნებში აუთსორსინგზე გააქვთ.
ძალიან მინდა, ქართველები დავასაქმო და ფული მათ გადავუხადოთ, მაგრამ შვეიცარიაში სამუშაოდ საქართველოს მოქალაქის ჩამოყვანა ძალიან რთულია. თან საგადასახადო შეღავათებითაც ვისარგებლებ (მოგების გადასახადი საქართველოში 15%-ია, ციურიხში კი -22% ), მირჩევნია, ინდოეთიდან თბილისში გადმოვიტანო ოფისი.
დიდი პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ, მაგრამ გვსურს, ჯერ მცირეთი დავიწყოთ, დაახლოებით, 100 ათასი ლარის ღირებულების, სადაც თანადაფინანსების სახით ჩემი კომპანია 50% -ს ჩადებს. ეს თანხა, პრაქტიკულად, თანამშრომლების ერთი წლის სახელფასო ფონდია. ვაპირებთ, ფართი დავიქირავოთ, იჯარა გადავიხადოთ, კომპიუტერებით აღვჭურვოთ, სიმართლე რომ გითხრათ, ინდოეთში არც ოფისის ქირაობა მჭირდება და არც ინფრასტრუქტურის მოწყობა.
ვიცი, რომ ბიზნესის წასახალისებლად საქართველოში ბევრი სახელმწიფო პროგრამაა, აგვისტოდან ვცდილობთ პროექტის განხორციელებას, პირადად შევხვდი მთავრობის წარმომადენლებს, ვერ გაიგეს - სერვისებზე მორგებული პროგრამა არ არსებობს. მთავარია, რაღაცას ფიზიკურად აწარმოებდე - მოიყვანო, ააშენო. ეს პროდუქტი კი არც პომიდორია და არც სასტუმრო.
საპარტნიორო ფონდს 100-მილიონიანი პროექტები აქვს, რა თქმა უნდა კარგია, როცა ამ მოცულობის თანხას დებ სასტუმროებში, სოფლის მეურნეობაში… გასაგებია, სახელმწიფოს მოტივაცია, გლეხს ეხმარება, რომ ფიზიკურად გადარჩეს, მაგრამ როცა ინოვაციებში მხოლოდ 100-200 ათასი ლარის ინვესტირებას ახორციელებ, ეს არარაციონალურია.
მომავალი თანამედროვე ტექნოლოგიებისაა, მათ შორის, ფინანსურის. რაც უფრო განვითარებულია ქვეყანა, მით უფრო დიდია მომსახურების წილი მის ეკონომიკაში. შვეიცარია პატარა ქვეყანაა, მაგრამ ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა, მშპ-ს მოცულობითა და ნობელიანტების რაოდენობით ერთ სულ მოსახლეზე, საუკეთესო ინსფრასტრუქტურა აქვს - კარგი უნივერსიტეტები და საუკეთესო ტვინები. საქართველოს აქვს მსგავსი ინტელექტუალური შესაძლებლობები. როგორც ვიცი, ამერიკისა და შვეიცარიის “გუგლში” ბევრი ქართველი მუშაობს. ჩვენ ასეთი ხალხის გამოყენება გვჭირდება.
საქართველოში რეგიონსა და მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში (ბალტიისპირეთის გარდა) ყველაზე სტაბილური დემოკრატია და სახელმწიფო ინსტიტუციებია, ეს იმ პირობებში, როდესაც ბოლო 25 წელიწადში ქვეყანამ სამი ომი გამოიარა. ეს ჩვენი უნიკალური შანსია. თუმცა, გეოპოლიტიკურ არასტაბილურობასთან ერთად მთავარი გამოწვევა დემოგრაფია და ეკონომიკური განვითარების დაბალი ტემპებია- მოსახლეობიდან მილიონზე მეტი ადამიანი გასულია უცხოეთში, დარჩენილ მოსახლეობაში მაღალი უმუშევრობაა, დასაქმებულთა დიდ ნაწილს მხოლოდ 300-ლარიანი ხელფასი აქვს. ეკონომიკის წლიურიზრდა 2-3%-ია, 6-7%-იც რომ გვქონდეს, მხოლოდ 50 წელიწადში დავეწევით ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა, საბერძნეთი და პორტუგალია. აუცილებელია მაღალ ტექნოლოგიებში ფულის ჩადება. სასტუმროები - გასაგებია, ააშენებ და ხვალვე მოგიტანს მოგებას, მაღალ ტექნოლოგიებში მოგება შედარებით გვიან ჩნდება, 5-10 წელიწადში, სამაგიეროდ, მისი მოცულობა ათჯერ მეტი იქნება.
თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე (რაც,თავის მხრივ, დაკავშირებულია უმაღლესი ჰუმანიტარული, თუ ტექნიკური განათლების სისტემის სრულ მოდერნიზაციასთან) იმ ქვეყნად დავრჩებით, რომელიც მაღალგანვითარებულ სახელწიფოებს მომსახურებას უწევს, თვითონ კი დიდი არაფერი მოგება რჩება.
ესაუბრა ბელა ნოზაძე