ENDPARD-ის შედეგები: ერთი წლის განმავლობაში კოოპერატივების მთლიანი შემოსავალი, საშუალოდ, 19%-ით გაიზარდა
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამამ (ENPARD) საქართევლოში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ერთი წლის შედეგები გამოაქვეყნა.
როგორც კვლევაში აღნიშნულია, პროგრამის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით სულ დაფინანსდა 260-ზე მეტი კოოპერატივი (დაფინანსების გაგრძელება იგეგმება 2017 წელშიც). ENPARD -ის მიერ, დაახლოებით, 12 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა, კოოპერატივების თანადაფინანსების მოცულობამ კი 4 მილიონი ლარი შეადგინა.
კვლევა მოიცავს ENPARD-ის დაფინანსებულ კოოპერატივებს 2014-2015 წლებში (აჭარის რეგიონის გამოკლებით); თუმცა, მონაცემები თავად კოოპერატივებმა წარადგინეს და, ხშირ შემთხვევაში, არ არის დამოწმებული ოფიციალური დოკუმენტებით.
კვლევაში მონაწილეობდა 118 კოოპერატივი, სადაც ჯამურად გაწევრიანებული იყო 1180 წევრი (საშუალოდ, 10 წევრი ერთ კოოპერატივში).
2015 წელს ერთი კოოპერატივი, საშუალოდ, 99 ათასი ლარის ღირებულების გრძელვადიან აქტივებს ფლობდა, რომლის მოცულობაც 2014 წელთან შედარებით, 125%-ით გაიზარდა. გრძელვადიანი აქტივების 39% კოოპერატივებმა ევროკავშირის დაფინანსებით შეიძინეს, ხოლო დანარჩენი ნაწილი ისეთი წყაროებით, როგორებიცაა: კოოპერატივის წევრთა შენატანები, იჯარით აღებული აქტივები და სხვა.
118 გამოკითხული კოოპერატივიდან შემოსავლების შესახებ მონაცემები 79-მა წარმოადგინა. ამ მონაცემების მიხედვით, ორგანიზაციების ჯამურმა შემოსავლებმა, დაახლოებით, 6 მილიონი ლარი შეადგინა, რომლის 30% (1,8 მილიონი ლარი) წმინდა მოგება იყო. რაც შეეხება 2014 წლის შესახებ ჩატარებულ გამოკითხვას, 82 გამოკითხულიდან მხოლოდ 48 კოოპერატივმა წარმოადგინა მონაცემები შემოსავლების შესახებ. 2014 წელთან შედარებით, 2015 წელს ერთი კოოპერატივის მთლიანი შემოსავალი საშუალოდ გაიზარდა 19%-ით (64,4 ათასი ლარიდან 77 ათას ლარამდე).
2014 წელს გამოკითხული 82 კოოპერატივიდან 45-მა განაცხადა, რომ მოგება მიიღო, 2015 წელს კი 118 კოოპერატივიდან - 74 კოოპერატივმა, ხოლო ზარალი 8 კოოპერატივმა დააფიქსირა. ერთი წლის განმავლობაში წმინდა მოგება, საშუალოდ, ერთ კოოპერატივზე 21%-ით გაიზარდა. 2014 წელთან შედარებით, 2015 წელს საშუალო წმინდა მოგება (მარტო დადებითი მოგების მქონე კოოპერატივებში) 41%-ით (16,6 ათასი ლარიდან 23,5 ათას ლარამდე) გაიზარდა; 8 კოოპერატივმა კი 2015 წელს, საშუალოდ, 8,800 ლარის ზარალი ნახა.
კოოპერატივების უმრავლესობამ (85%) განვითარებისთვის მოგების მნიშვნელოვანი ნაწილის რეინვესტირება მოახდინა.
გამოკვლეული კოოპერატივები სოფლის მეურნეობის 25-მდე სხვადახვა ღირებულებათა ჯაჭვში იყვნენ ჩართულნი და პროდუქციის ფართო ასორტიმენტს აწარმოებდნენ. 2015 წელს, მაგალითად,15 კოოპერატივმა აწარმოა 34 ტონა თაფლი (საშუალოდ, 2,3 ტ/კოოპერატივი); 12 კოოპერატივმა - 1 726 ტონა კარტოფილი (საშუალოდ, 144 ტ/კოოპერატივი); 8-მა კოოპერატივმა - 250 ჰექტოლიტრი ღვინო (საშუალოდ, 31 ჰექტოლიტრი/კოოპერატივი); 8 კოოპერატივმა - 90 ტონა ბოსტნეული (საშუალოდ, 11,2 ტ/კოოპერატივი); 6 კოოპერატივმა - 143 ტონა კენკრა (საშუალოდ, 23,8 ტ/კოოპერატივი).
2013- 2019 წლებისათვის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ბიუჯეტი საქართველოში 102 მილიონ ევროს შეადგენს. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაზრდას. ENPARD-ის მცირე ფერმერთა კოოპერაციის კომპონენტს ორგანიზაციები, CARE, OXFAM, Mercy Corps, PIN და UNDP საქართველო, ახორციელებენ.