ნატო-მ ბალტიისპირეთში მეხუთე თაობის გამანადგურებლები გაგზავნა
აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების უახლესი და ყველაზე თანამედროვე გამანადგურებელი თვითმფრინავი - F-35 ესტონეთში პირველად დაეშვა. F-35-ის გამანადგურებლებმა, ემარის საავიაციო ბაზაზე დაშვებამდე, რამდენიმე წუთი დაბალ სიმაღლეზე ფრენაში გაატარა.
უახლესი ამერიკული თვითმფრინავების სიმბოლური ვიზიტის მიზანია, დაანახოს რუსეთთან მოსაზღვრე ნატო-ს ქვეყნებს, რომ აშშ მათი უსაფრთხოების დამცველია.
“ეს ძალიან მკაფიო გზავნილია” - განუცხადა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ სააგენტო Reuters-ს – შეერთებული შტატები ერთიანობის დემონსტრირებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს”.
აპრილის დასაწყისში აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებში განაცხადეს, რომ რამდენიმეკვირიანი წვრთნების ფარგლებში ევროპაში Lockheed Martin Corp F-35A-ს ტიპის თვითმფრინავებსაც გაგზავნიან.
გუშინ კი, ნატო-ს გაფართოებული საჰაერო-სამეთვალყურეო მისიის ფარგლებში, დიდმა ბრიტანეთმა რუმინეთში “ტაიფუნ”-ის ტიპის 4 გამანადგურებელი გაგზავნა. “ტაიფუნები” რუმინეთის საჰაერო სივრცის პატრულირებას შეასრულებენ და მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ ალიანსის მისიაში, გააძლიეროს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება და მოახდინოს ნატო-ს ერთიანობის დემონსტრირება, - ნათქვამია ნატო-ს ოფიციალურ განცხადებაში.
“ტაიფუნის” მრავალმიზნობრივი გამანადგურებლები რუმინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ავიაბაზაზე 4 თვეს გაატარებენ და რუმინეთის საჰაერო ძალებთან ერთად, ბალტიისპირეთში ნატო-ს მისიაში ჩაერთვებიან.
“ეს მნიშვნელოვანი მისიაა, რომელიც რუმინეთის საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დაგვეხმარება; ერთ-ერთია იმ ზომებიდან, რომელიც ნატო-მ კოლექტიური უსაფრთხოების გაძლიერებისთვის, ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში მიიღო. შავი ზღვიდან ბალტიისპირეთამდე – მოკავშირეები ერთად დგანან. ნატო მზად არის, ნებისმიერი წევრი ნებისმიერი საფრთხისგან დაიცვას”, - განაცხადა ნატო-ს პრესპიკერმა ოანა ლუნგესკუმ.
აღმოსავლეთ ევროპაში ნატო-ს ჯარებისა და სამხედრო ტექნიკის დისლოცირება, ამერიკელი მაღალჩინოსნების განცხადებებთან ერთად, მკაფიო დასტურია, რომ რუსეთისგან მზარდი საფრთხეების ფონზე, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი და აშშ პარტნიორების დასაცავად მზად არიან.
ნატო-ს მხარდაჭერა აღმოსავლეთ ევროპისთვის მას შემდეგ გაიზარდა, რაც რუსეთმა 2014 წელს ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტული ძალების დახმარება დაიწყო.
ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში რუსეთის მზარდ აგრესიას ხაზს უსვამენ და აღნიშნავენ, რომ უსაფრთხოების გარემო უპრეცედენტო გამოწვევების წინაშეა.
როგორც გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Independent-ი წერს, ცივი ომის დასრულების შემდეგ ყველაზე მეტი საჰაერო ინციდენტი ნატო-სა და რუსეთს შორის 2016 წელს დაფიქსირდა.
შარშან, რუსული სამხედრო თვითმფრინავების გადასაჭერად, ევროპულ ბაზებზე განლაგებულ ალიანსის გამანადგურებლებს 780-ჯერ მოუწიათ რეაგირება. შედარებისთვის, 2015 წელს 410 მსგავსი ინციდენტი დაფიქსირდა, რაც რუსეთის პროვოკაციული ქმედებების უპრეცედენტო ზრდაზე მეტყველებს.
ბალტიისპირეთში ნატო-ს თვითმფრინავების გამოჩენა მოსკოვში უარყოფითად შეაფასეს. როგორც დღეს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რუსეთი ნატო-ს ქმედებებს «ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საფრთხედ» განიხილავს.
თავის მხრივ, ნატო-ში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ალექსანდრ გრუშკომ დღეს განაცხადა, რომ ბალტიისპირეთში ნატო-ს მრავალეროვანი ბატალიონების განლაგებაზე საპასუხოდ, მოსკოვი «ეროვნული ინტერესების დაცვას გააძლიერებს».
გასული წლის ნოემბერში, ბრიუსელში, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის საზღვრების დასაცავად, ნატო-ს 17 წევრი სახელმწიფო მზად არის სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ძალები აღმოსავლეთ ევროპაში, ბალტიისპირეთსა და შავ ზღვაში გაგზავნოს.
ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგის უპრეცედენტო გაძლიერების გადაწყვეტილება ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა 2016 წლის ივლისში, ვარშავის სამიტზე მიიღო.
ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში ნატო-ს 4 მრავალეროვანი ბატალიონის განლაგება მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება. თითო ბატალიონი 800-1 000 სამხედროსგან შედგება.