შიდა ქართლში აგრობიზნესითადგილობრივების დაინტერესება იზრდება
შიდა ქართლიდან ახალგაზრდა და შუა-ხნის ფერმერებთან საუბრისას ირკვევა, რომ შრომისმოყვარე ახალგაზრდებს სულაც არ უნდათ სოფლების მიტოვება და იმის მიუხედავად, რომ აანალიზებენ არსებულ პრობლემებს (ტექნოლოგიებისა და ცოდნის ნაკლებობა, ფერმერებს შორის დაბალი კოორდინაცია, სახელმწიფო რეგულაციების სირთულე) ცდილობენ ადგილზე ააწყონ საკუთარი ბიზნესი და სამომავლოდ შექმნან უკეთესი გარემო მეწარმეობის განვითარებისთვის.
ჰოლანდიის სამეფოს საელჩოს მიერ დაფინანსებულ DCFTA-ს ცნობადობის ამაღლების კუთხით გამართულ რეგიონულ ტრენინგებს გორში სხვა რეგიონებთან შედარებით მეტი ახალგაზრდა ფერმერი ესწრებოდა. Eugeorgia.info დაინტერესდა ახალგაზრდა ფერმერების საქმიანობით და მათი მოტივაციით სოფლის-მეურნეობაში.
ნიკა ომაძე ხილ-ბოსტნეულის მწარმოებელი სოფელ საქაშეთიდან სხვა ახალგაზრდებსაც, როგორც თავად ამბობს, “ვისაც ბუნება უყვარს”, მოუწოდებს დაკავდნენ სასოფლო-სამეურნეო წარმოებით, რადგან ეს მისთვის მომგებიანი და საინტერესო საქმეა. ასევე, იგი ფიქრობს, რომ სოფლის მეურნეობაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვა უმნიშვნელოვანესია სოფლად აგრობიზნესის განვითარებისათვის და ამ მიმართულებით ახალგაზრდების ჩართულობა მისასალმებელია - "ბევრი ჩემნაირი ახალგაზრდა ინვესტიციას დებს სასოფლო-სამეურნეო საქმეში - ამბობს ომაძე - ქართული სოფელი ფეხზე დადგება თუ ყველა მოინდომებს. აუცილებელია სწორი მიდგომა და ცოდნა, თუნდაც პესტიციდების სწორი გამოყენება. ჩვენ უნდა შევძლოთ იმპორტირებულ პროდუქციას გავუწიოთ ხარისხობრივი და საფასო კონკურენცია. ამ ტრენინგზე ჩემთვის საერთაშორისო სტანდარტებთან გაცნობა საინტერესო იყო, მართალია, ჩემი წარმოება დღეს იმ მოცულობის არ არის, რომ ექსპორტზე ვიფიქრო, თუმცა როგორც კი გავიზრდები დავიწყებ GLOBAL GAP-ის დანერგვას.” (ომაძეს მოჰყავს ამერიკული ჯიშის ვაშლი და პომიდორი. ვაშლის ბაღი ახალი გაშენებულია და ჯერ 70-80 ტონა მოსავალს იღებს, მომავალ წლებში მოსავლის ზრდას ელის. პომიდორს რაც შეეხება წელიწადში 300 ტონამდე მოსავალს იღებს, გარდა ამისა, აწარმოებს სხვადასხვა ბოსტნეულს: წიწაკა, კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო, ბროკოლი, ბულგარული და ა.შ.) “რეალიზაციის პრობლემა არ მაქვს, ადგილზე მოდიან და იბარებენ. ჩემი პროდუქცია ფურშეტის ქსელშიც შევიდა, მაგრამ კარფურის მოთხოვნა ჯერ ვერ დავაკმაყოფილე. სრული ჯაჭვის შექმნას დიდი რესურსი სჭირდება და, რადგან მარტო ვარ, ჯერ ვერ მოვახერხე სარეალიზაციო ჯაჭვის სრული მოწესრიგება."
კოოპერატივ "ახალი ძევერის" ხელმძღვანელი ლევან კეჩხუაშვილი აქტიურად უძღვება როგორც კოოპერატივის საქმიანობას, ასევე საკუთარი სასაკლაოს სტანდარტების შესაბამისად მოწყობას. სანერგე მეურნეობა, როგორც ფიზიკურმა პირმა 2012 წელს შექმნა, 2015 წელს კი კოოპერატივის სახით დაარეგისტრირა. ამჟამად, წელიწადში 30 - 50 ათასი ნერგი: ვაშლი, მსხალი, ქლიავი, ჟოლო (კაროლინა, მაქსიმა, ბრილიანტი), ბალი, კაკალი (ჩანდლერი), ნუში და ა.შ. გამოჰყავს. “"დანერგე მომავლის” ბენეფიციარები ნერგებს ჩვენი მეურნეობიდან იღებენ. ნერგებისთვის მოდიან კახეთიდანაც და დასავლეთიდანაც. სანერგეს გარდა გვაქვს ახლად გაშენებული ვაშლის 10 ჰა.-იანი და ჟოლოს 2 ჰა.-იანი ბაღი. ვაშლის ბაღისათვის ჯიშები (რედკაპი, ჯერონიმო, გოლდენ გიფსონი, გოლდენ რეინდერსი, გრანისმიტი და ა.შ.) შევარჩიეთ ისე, რომ სხვადასხვა სეზონე კრეფვადი იყოს და გასაყიდი ვაშლი ყოველთვის გვქონდეს. ჟოლო ამ ეტაპზე ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, ვიცით რომ ევროკავშირში ჟოლოზე მოთხოვნა მაღალია, ამიტომ სამომავლოდ გაფართოებას ვაპირებთ და შოკური გაყინვის მაცივრის აშენებასაც ვგეგმავთ. ბოლო ორი წელია ჟოლოს ნერგზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება", ამბობს ჩვენთან საუბარში ლევან კეჩხუაშვილი.
კეჩხუაშვილი ყურადღებას ამახვილებს იმპორტირებულ ვაშლთან შედარებით ქართული ვაშლის დაბალ ფასზე, რაც, როგორც თავად გვიხსნის, ხარისხობრივი პარამეტრებითაა განპირობებული, მაღალი ხარისხი კი თავის მხრივ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღწევა. ყველაზე მნიშვნელოვანი მაცივრების საშუალებით გაყიდვამდე ხილის ვადის გახანგრძლივებაა. ასევე, ჩვენი სამაცივრე მეურნეობები არ არის იმ დონის, რაც უნდა იყოს -შესანახ ოთახში უნდა კონტროლდებოდეს არამარტო ტემპერატურა და ტენიანობა, არამედ ჰაერის შემცველობაც.
კეჩხუაშვილი კოოპერატივის საქმიანობის გარდა დაკავებულია შინაური ფრინველის გაზრდით და ამ ეტაპზე საკუთარ სასაკლაოს აწყობს, სადაც HACCP-ის სტანდარტს ნერგავს. "წელიწადში 20-30 ტონა ხორცს ვაწარმოებ, 2010 წელს დავიწყე ინდაურით და შემდეგ იხვი და ქათამიც დავამატე. ინდაური იყიდება კარფურის ქსელში. ინდაურზე და იხვზე მოთხოვნა იზრდება ტურისტების ზრდასთან ერთად. ვამარაგებდი თბილისის საბავშო ბაღებს. მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია საახალწლო პერიოდში. გვყავს კორპორატიული კლიენტები მაგალითად, ამერიკის სალჩო და გვაქვს სახლში მიწოდების სერვისიც", - ამბობს ლევანი. იგი ყურადღებას ამახვილებს სახელწიფოს მხრიდან რეგულაციების გარკვეულ სირთულეებზე: "ტექნიკური სტანდარტები მეც ისევე მომეთხოვება, როგორც მსხვილ საწარმოს. სამ თვეში ერთხელ ვიხდიდი ჯარიმას HACCP-ის არ ქონის გამო. დიდი წვალების შედეგად მალე დავასრულებ სასაკლაოს HACCP-ის შესაბამისად მოწყობას, რაც ჩემ პროდუქციას აძვირებს. ჩვეულებრივ აგრარულ ბაზარზე გამიჭირდება რეალიზაცია, რადგან მომხმარებლისათვის დაბალფასიანი ალტერნატივა სტანდარტების გარეშე დაკლული ფრინველის სახით ჯერ კიდევ არსებობს."
საინტერესოა, კოოპერატივ "დინასტიის" თავმჯდომარის იური კოპაძის მონათხრობი საკუთარი წარმოების შესახებ. იაფი კრედიტის ფარგლებში 2009 წელს დაფინანსდა გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა სოფელ დვანში. რადგან სოფელ დვანში დაახლოებით 58 სახლი გადამწვარი იყო და კონფლიქტურ რეგიონშია, ბიზნეს გეგმის დაფინანსების გადაწყვეტილება რამდენიმე თვე დაყოვნდა, თუმცა საბოლოოდ ბიზნეს გეგმამ მოწონება დაიმსახურა და რისკის მიუხედავად პროექტი დაფინანსდა. "2009 წლის აგვისტოში უკვე გამოვუშვით სერტიფიცირებული ეტიკეტირებული ჩურჩხელები, ტყლაპი, ტკბილი კვერი და მშრალი მურაბები. ძირითადად აქცენტი აღებული გვქონდა შრობის ტექნოლოგიებზე. იმ პერიოდისათვის ეტიკეტირებული ჩურჩხელა ბაზარზე ჯერ არ იყო გამოჩენილი. ჩვენი პროდუქტი გუდვილსა და პოპულში ქსელში იყიდებოდა, - იხსენებს კოპაძე, - ახლა ჩვენი პროდუქცია ძირითადად სმარტსა და კარფურის მაღაზიებში იყიდება. არაოფიციალურად, პირადი კონტაქტებით, ჩვენი პროდუქტი წაიღეს ჩინეთში, იაპონიაში, ამერიკაში, გერმანიაში და ა.შ. სადაც დიდ მოწონებას იმსახურებს და მიმდინარეობს მოლაპარაკებები ორგანიზებული მიწოდებისთვის. ჩურჩხელის სტაბილური მიმწოდებლის მოსაძებნად ჩვენთან ჩამოსული იყვნენ მოსკოვიდან და დაათვალიერეს სხვადასხვა საწარმო. როდესაც დვანში, ჩვენ საწარმოში მოვიდნენ აღნიშნეს, რომ ამ დონის საწარმოს არ ელოდნენ. ჩვენ საწარმოში მეწარმე სუბიექტის სტანდარტით ხილის წვენზე მზადდება როგორც თხილის, ასევე ნიგვზის ჩურჩხელა. ხილის წვენს ვუკეთებთ კუპაჟირებას და ვცდილობთ წვენის არომატი სეზონურად მეტ-ნაკლებად ერთი და იგივე იყოს, რომ მომხმარებელს არ გაუჩნდეს პრეტენზია გემოსთან მიმართებაში. ადგილობრივი ფერმერებისგან ვიბარებთ ხილს და ასევე ვამზადებთ ვაშლის ჩიპსებს," - საუბრობს იური კოპაძე.
სოფელ ბრეთის მკვიდრი ილია ჯაფიაშვილს მოჰყავს როგორც, ხილი ასევე ბოსტნეული. “დანერგე მომავლის” ფარგლებში იტალიიდან შემოტანილი ნერგებით 8 ჰა. ვაშლის ბაღი და ამავე ფართობის მიწა ჰოლანდიური ჯიშების პომიდვრით დატვირთა. ვაშლის ახალი ჯიშების ბაღი შარშან გააშენა და პირველი მოსავალი მცირე რაოდენობით პირველივე წელს მიიღო. "პომიდორი მინიმუმ 400 ტონა მოსავალს მაძლევს. რეალიზაციის პრობლემა არ მაქვს, ჩემთან მოდიან დისტრიბუტორები და შემდეგ ანაწილებენ მთელი საქართველოს მასშტაბით," - აღნიშნა ჯაფიაშვილმა. რიგ შემთხვევებში მისი პომიდორი კარფურის ქსელშიც შეიტანეს. ჯაფიაშვილისთვის მოსავლის შენახვა ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა: "სეზონზე მინიმუმ 100 ტონა მეორად პომიდორს ვყრი, რადგან ვერსად ვაბარებ. მინდა საკუთარი სამაცივრე მეურნეობის მოწყობა და ამისათვის ფინანსების მოძიების პროცესში ვარ. გამიჭირდა პარტნიორის მოძიება, რომ ერთად ავაშენოთ მაცივარი. ფერმერებს შორის შეთანხმება და ინტერესთა შერწყმა რთულია."
ავტორი: მარიამ ლუკაშვილი