უცხოელი ინვესტორები რუსეთში ფულს აღარ დებენ
2017 წლის იანვარში ინვესტორმა რუსეთში მხოლოდ 34 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა
როცა 2016 წლის დეკემბერში, დასავლური სანქციების მიუხედავად, იგორ სეჩინმა “როსნეფტ”-ის 19,5%-ის აქციების გაყიდვაზე განაცხადა, რუსეთში ბევრს იმედი გაუჩნდა, რომ ამ გარიგებით ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადი განახლდებოდა.
იმედი არ გამართლდა: რუსეთი უცხოელი ინვესტორისთვის კვლავ უინტერესოა. fDi Markets-ის მონაცემებით, 2016 წელს უცხოური ინვესტიციების მოცულობა ახალ პროექტებში რუსეთში 12,9 მილიარდ აშშ დოლარამდე დაეცა. 2015 წელთან შედარებით,ეს 1,2 მლრდ. აშშ დოლარით ნაკლებია.
გასულ წელს ყველაზე მეტი თანხა ახალ პროექტებში რუსეთში გერმანელებმა დააბანდეს, მეორე ადგილზეა ჩინეთის სახელმწიფო კომპანიები.
თუმცა, მიმდინარე წლის დასაწყისიდან ინვესტორის ინტერესმა რუსეთის მიმართ იკლო. ირკვევა, რომ იანვარში ინვესტორმა მხოლოდ 5 ახალი პროექტი დააფინანსა და 34 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. როგორც fDi Markets-ში აღნიშნავენ, ეს რეკორდულად დაბალი თვიური მაჩვენებელია.
გამოცემა “ვედომოსტი” აღნიშნავს, რომ ბევრი უცხოური ბანკი თავს იკავებს რუსეთში აქტივობისგან, რადგან შიშობს, რომ დასავლური სანქციების ქვეშ მოქცეულ პირებთან თუ კომპანიებთან მოუწევს ურთიერთობა.
თუმცა, დასავლური სანქციები რუსეთში ინვესტირებისთვის ერთადერთი დამაბრკოლებელი ფაქტორი არ არის. ნავთობის ფასის მკვეთრმა ვარდნამ 2015-2016 წლებში, რუსეთში რეცესია გამოიწვია.
fDi Markets-ის მონაცემებით, რუსეთში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადი პრაქტიკულად, შეჩერებულია. “როსნეფტის” გარიგება რომ არა, 2016 წელს ინვესტიციები რუსეთში 5,5-ჯერ ნაკლები – 2,6 მლრდ. აშშ დოლარი იქნებოდა.
* სტატია მომზადდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. ის შეიძლება არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს
რუსეთი საერთაშორისო კაპიტალისთვის სარისკო ადგილად რჩება და ამის მიზეზი, გარკვეულწილად, ის ქვეყნისშიგნით არსებული სიტუაციაა.
“ინვესტიციები მიედინება იქ, სადაც კონკურენცია არსებობს, ბიზნესის წარმოებისა და ფულის დაბანდებისთვის კი ხელსაყრელი პირობებია შექმნილი. რუსეთში ეკონომიკა სახელმწიფოს წნეხის ქვეშაა მოქცეული, სასამართლო სისტემა კორუმპირებულია და ინვესტორის უფლებებს არ იცავს”, - ნათქვამია მსოფლიო ბანკის ანგარიშში.
“ნდობის კრიზისის გამო, დღეს კერძო და უცხოური კომპანიები რუსეთში ინვესტირებისთვის მზად არ არიან”, - მიიჩნევს კარნეგის მოსკოვის ცენტრის “ეკონომიკური პოლიტიკის” პროგრამის დირექტორი, ანდრეი მოვჩანი.
ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის, “რუსეთის ეკონომიკა 2017” თანახმად, ეკონომიკისა და მეწარმეობის სფეროებში რუსეთის მთავრობის არათანმიმდევრული და ალოგიკური პოლიტიკის შედეგად, “საინვესტიციო და ბიზნეს-საზოგადოება როგორც რუსეთის შიგნით, ისე მის გარეთ დარწმუნდა, რომ ხელისუფლება არასანდოა, მტრულადაა განწყობილი მეწარმეების მიმართ, მხარს უჭერს კორუფციის მაღალ დონეს, ანიჭებს პრიორიტეტსსახელმწიფო ინტერესებს და პროგრამებს კერძო ბიზნესის საზიანოდ”.
ანგარიშის თანახმად, ამის ბუნებრივი რეაქცია გახდა რუსეთში ინვესტირებაზე უარი და ადგილობრივი მეწარმეებისა და ინვესტორების ქვეყნიდანწასვლა.
2016 წელს რუსეთში ინვესტიციების დონე 8,5%-ით, 12,9 მლრდ. აშშ დოლარამდე შემცირდა, კერძო ბიზნესის წილი რუსეთის მშპ-ში კი ბოლო 16 წლის განმავლობაში 30%-მდე შემცირდა.
“შეიძლება ითქვას, რომ ახლა რუსეთის ეკონომიკას საინვესტიციო და სამეწარმეო რესურსი არა აქვს და არ ექნება იქამდე, სანამ მმართველობითი პარადიგმა რადიკალურად არ შეიცვლება”, - მიიჩნევს ექსპერტი ანდრეი მოვჩანი.
კარნეგის მოსკოვის ცენტრის პროგნოზით, რუსეთი ნელ-ნელა ეკონომიკურ კრახსა და მართვადობის დაკარგვისკენ მიემართება.
“თუ კატასტროფული სცენარის თავიდან აცილება მოხერხდა, რაც ხელმძღვანელობის შეცდომებს ან საგარეო ფაქტორებს უკავშირდება, მაშინ რუსეთს 6-10-წლიანი მდგრადობის ეკონომიკური მარაგი ექნება. შემდეგ კი, დადგება რადიკალური ცვლილებების განხორციელების საკითხი, ქვეყნის ერთიანობისა და მართვადობის შენარჩუნების მიზნით”, - ნათქვამია ანგარიშში.