რუსეთში ექიმს და “მაკდონალდსის” რიგით თანამშრომელს ერთი ხელფასი აქვთ
“ბლუმბერგის” ჯანდაცვის რეიტინგებით, რუსეთი 55 განვითარებული ქვეყნების სიაში ბოლო, 55-ე ადგილზეა
საავადმყოფოების მასობრივი დახურვა
17 წლის წინ რუსეთში 10 700 სახელმწიფო საავადმყოფო ფუნქციონირებდა, 2015-ში მათი რაოდენობა თითქმის ორჯერ – 5 400-მდე შემცირდა. ექსპერტების მოსაზრებით, თუ სამედიცინო დაწესებულებების დახურვა ასეთი ტემპით გაგრძელდება, უკვე 2022 წლისთვის რუსეთი, საავადმყოფოების რაოდენობით, რუსეთის იმპერიას გაუტოლდება, სადაც, 1913 წელს, მხოლოდ 3 000 საავადმყოფო ფუნქციონირებდა.
რუსეთის “ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების ცენტრის” ანგარიშის თანახმად, რუსეთის ჯანდაცვა დღეს უმძიმეს მდგომარეობაშია, ბევრი ექსპერტი კი, ჯანდაცვის სისტემის სრულ დეგრადირებაზე საუბრობს: საავადმყოფოების მასობრივი დახურვა, სამედიცინო პერსონალის დეფიციტი, მომსახურებისა და მედიკამენტების ხელმისაწვდომობის შეზღუდვა მილიონობით მოქალაქის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.
რუსეთის ჯანდაცვის სისტემაში ვითარების ასეთი გაუარესება გამოიწვია 2 000-იან წლებში, პუტინის მთავრობის მიერ შემუშავებულმა “ოპტიმიზაციის” გეგმამ, რომელიც, სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაზრდის მიზნით, სამედიცინო დაწესებულებების ლიკვიდირება/რეორგანიზაციასა და სამედიცინო მუშაკების მასობრივ დათხოვნას ითვალისწინებდა.
“რუსეთის მთავრობის ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, ოპტიმიზაციის მიზანი - სამედიცინო დახმარების ხარისხის გაუმჯობესება იყო, სამედიცინო ორგანიზაციებისა და მუშაკების საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის ხარჯზე. თუმცა, სტატისტიკურ მონაცემებს თუ გავაანალიზებთ, ცხადი ხდება, რომ “ოპტიმიზაციის” ნეიტრალური ტერმინის საფარქვეშ, ქვეყანაში სამედიცინო დაწესებულებების მასობრივი ლიკვიდაცია და სამედიცინო პერსონალის შემცირება ხორციელდება”, - აღნიშნავენ კვლევის ავტორები.
ჯანდაცვის მიზერული დაფინანსება
რუსეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ვ.პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ხარჯები ჯანდაცვაზე განუხრელად იზრდება, თუმცა რეალობა სულ სხვაა... ნებისმიერ სახელმწიფოში ჯანდაცვის დაფინანსების ხასიათზე მიუთითებს ჯანდაცვის ხარჯების წილი ქვეყნის მშპ-სთან მიმართებაში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, აღნიშნული მაჩვენებელი 6%-ზე დაბალი არ უნდა იყოს.
2 000 წელს, პუტინის გაპრეზდენტების დროს, რუსეთში ეს მაჩვენებელი 2,1% იყო. ვ.პუტინის 17-წლიანი მმართველობის შედეგად, 2017 წელს ჯანდაცვაზე ხარჯებმა მშპ-სთან მიმართებაში 3,6% შეადგინა. ეს ნიშნავს, რომ ვ.პუტინის მმართველობის პერიოდში, რუსეთმა ვერ შეძლო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სექტორის განვითარება და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდირებულ მაჩვენებელთან მიახლოება, რაც განვითარებულ ქვეყნებს ახასიათებს.
სახელმწიფო ხარჯები ჯანდაცვაზე მსოფლიო ქვეყნებში
ქვეყანა |
% წილი მშპ-სთან მიმართებაში |
ქვეყანა |
% წილი მშპ-სთან მიმართებაში |
ჰოლანდია |
9,9% |
კანადა |
7,6% |
დანია |
9,6% |
იტალია |
7,2% |
საფრანგეთი |
9% |
ფინეთი |
6,9% |
ავსტრია |
8,7% |
მოლდოვა |
5,3% |
ბელგია |
8,2% |
უნგრეთი |
5% |
გერმანია |
8,6% |
ესტონეთი |
4,8% |
აშშ |
8,1% |
პოლონეთი |
4,7% |
შვედეთი |
7,9% |
ბულგარეთი |
4,2% |
დ. ბრიტანეთი |
7,8% |
რუსეთი |
3,6% |
ნორვეგია |
7,7% |
|
|
ბრძოლა გადარჩენისთვის
რუსეთის სტატისტიკური სამსახურის, როსსტატ-ის მონაცემებით, 2016 წლის 9 თვის საშუალო ხელფასმა ექიმებისთვის 49 000 რუბლი ($730) შეადგინა. თუმცა, როგორც რუსეთის “ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების ცენტრის” ანგარიშშია ნათქვამი, თავად ექიმები აცხადებენ, რომ ეს ციფრი რეალობისგან შორსაა.
მიმდინარე წლის დასაწყისში, “შრომისა და სოციალური ურთიერთობების” აკადემიამ 1 500 რუსი მედიკოსი გამოკითხა და დაადგინა, რომ “ხელფასების არსებითი ზრდა”, რაზეც რუსი ჩინოვნიკები აცხადებენ, სინმადვილეში მხოლოდ ქაღალდზეა. აკადემიის გამოთვლებით, 2016 წლის ბოლოს სამედიცინო მუშაკების საშუალო ხელფასი 21 700 რუბლს ($325) არ აღემატებოდა.
“ამგვარად, ექიმის შრომის საათობრივი ანაზღაურება გატოლებულია “მაკდონალდსის” რიგითი თანამშრომლის საათობრივ განაკვეთთან”, - აღნიშნავენ კვლევის ავტორები.
კიდევ ერთი გამოკითხვის მიხედვით, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში რუსეთის საზოგადოებრივმა ტელევიზიამ ჩაატარა, რუსეთში ყველა კატეგორიის სამედიცინო მუშაკის საშუალო თვიური ხელფასი 16 500 რუბლია ($285), ექიმების კი – 19 000 რუბლი ($329).
მიზერული ანაზღაურების გამო, სახელმწიფო სექტორში დასაქმებულ სამედიცინო მუშაკებს, დამატებითი შემოსავლის მისაღებად, კერძო სამედიცინო სექტორშიც უწევთ მუშაობა, რაც, სახელმწიფო სამედიცინო მომსახურების ხარისხზე უარყოფით გავლენას ახდენს.
ექიმების საშუალო წლიური ხელფასი განვითარებულ ქვეყნებში
ქვეყანა |
ექიმი-სპეციალისტების საშუალო წლიური ხელფასი |
ზოგადი პრაქტიკის ექიმების წლიური ხელფასი |
ნიდერლანდები |
$253 000 |
$117 000 |
ბელგია |
$188 000 |
61 000 $ |
დიდი ბრიტანეთი |
$150 000 |
118 000 $ |
საფრანგეთი |
$ 149 000 |
92 000 $ |
ირლანდია |
$ 143 000 |
90 000 $ |
შვეიცარია |
130 000 $ |
116 000 $ |
დანია |
91 000 $ |
109 000 $ |
აშშ |
$230,000 |
$161,000 |
კანადა |
$161,000 |
$107,000 |
ავსტრალია |
$247,000 |
$91,000 |
* https://medicfootprints.org/10-highest-paid-countries-world-doctors/
რუსეთის ჯანდაცვა საერთაშორისო რეიტინგებში
რუსეთი, ჯანდაცვის სისტემის მიხედვით, მესამე სამყაროს ქვეყნებს უტოლდება – ასეთია საერთაშორისო ანალიტიკური კომპანია Economist Intelligence Unit-ის დასკვნა, რომელიც შარშან გამოქვეყნდა.
ავტორებმა კვლევა მსოფლიოს 25 ქვეყანაში ჩაატარეს და დაადგინეს, რომ ჯანდაცვის რუსული მოდელი მკურნალობის შედეგების ნაცვლად, სამედიცინო მომსახურების რაოდენობაზეა ორიენტირებული. სხვა სიტყვებით, სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებისთვის მოქალაქეების მკურნალობის შედეგები პრიორიტეტული არ არის. ამ პარამეტრით, რუსეთი უტოლდება ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა ეგვიპტე, ნიგერია და ინდონეზია. სახელმწიფო დაზღვევა, მოსახლეობას ყველა საჭირო მედიკამენტით არ უზრუნველყოფს, მკურნალობის ხარისხი კი, რიგ შემთხვევაში, უკეთესობის სურვილს იტოვებს.
ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის საერთაშორისო რეიტინგის თანახმად, რომელიც 2016 წლის სექტემბერში სააგენტო “ბლუმბერგმა” გამოაქვეყნა, რუსეთმა 55 განვითარებული ქვეყნების სიაში ბოლო, 55-ე ადგილი დაიკავა.
სიკვდილიანობის ზრდა
“ოპტიმიზაციის” სახელმწიფო გეგმის გამო, რუსეთში, საავადმყოფოებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი იზრდება. 2015 წელს სამედიცინო დაწესებულებებში გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობა, 2014 წელთან შედარებით, 24 000-ით გაიზარდა და 519 000 შემთხვევა შეადგინა. ამასთან, 2015 წელს შემცირდა ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობა 817 000-ით და 30,4 მილიონი შეადგინა.
ექსპერტების მოსაზრებით, ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების რაოდენობის შემცირება და საავადმყოფოებში სიკვდილიანობის ზრდა ერთმანეთთან არის დაკავშირებული, რადგან სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი სამედიცინო ლოგინების შემცირებამ გამოიწვია.
“ოპტიმიზაციის” ფარგლებში დარჩენილ საავადმყოფოებს ლოგინების დეფიციტის გამო, უფრო ნაკლები რაოდენობის პაციენტის მიღება შეუძლიათ. პოლიკლინიკების რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით 12,7%-ით – 21 300-დან 18 600-მდე შემცირდა, ხოლო დატვირთვა სამედიცინო დაწესებულებებზე 20%-ით გაიზარდა.
კადრების დეფიციტი
რუსულ ფონდ “ჯანმრთელობის” კვლევის თანახმად, რუსეთში ექიმების დეფიციტი იზრდება და ამჟამად, ეს ციფრი 240 000-ს აღემატება. რუსეთის სამედიცინო დაწესებულებებს არ ჰყოფნით უბნის თერაპევტების 27%, პედიატრების 18% და ზოგადი პრაქტიკის ექიმთა 28%. ყველაზე მწვავედ პრობლემა დგას რეგიონებში, სადაც 2016 წლის ბოლოს, კადრების დეფიციტმა 17% შეადგინა.
ივნისში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, სამედიცინო მუშაკების 75% აცხადებს, რომ რუსეთში სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის დონე ეცემა. უარყოფითი ცვლილებების მთავარ მიზეზად უმრავლესობა, ჯანდაცვის ოპტიმიზაციის სახელმწიფო პროგრამას ასახელებს. რუსეთის კონტროლის პალატის მონაცემებით, წელს დაგეგმილია 15 პოლიკლინიკისა და საავადმყოფოს ლიკვიდირება, კიდევ 581 სამედიცინო დაწესებულების რეორგანიზაცია. 2014 წლის 1 იანვართან შედარებით, 2018 წლისთვის რუსეთში საავადმყოფოების რაოდენობა 11,2%-ით, პოლიკლინიკების კი – 7,2%-ით შემცირდება.