ანაკლიის პორტის მშენებლობა 2018 წლის პირველ კვარტალში დაიწყება
საქართველოს მთავრობის მიერ ჩატარებული კვლევებით შავი ზღვის სანაპიროზე საუკეთესო ადგილად ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის კოლხეთის დაცული ტერიტორიების ჩრდილოეთით, ანაკლიაში დაახლოებით 340 ჰა. მიწის ფართობი შეირჩა. დღევანდელი მოცემულობით, საქართველოში საკონტეინერო და ნაყარი ტვირთების ბაზარს ბათუმის და ფოთის პორტები ემსახურება. ფოთის პორტის წილი საკონტეინერო ბაზარზე დაახლოებით 83%-ია, რაც ნიშნავს რომ ძირითადად ერთი პორტი ფუნქციონირებს ამ მიმართულებით. ფოთის პორტის სიღრმე 8,4 მეტრია, რაც დღევანდელი სტანდარტებიდან გამომდინარე საკმაოდ დაბალია და ქვეყანას დიდი გემების მიღების საშუალებას არ აძლევს. მაქსიმალური ტევადობის გემი, რომელიც შეიძლება დღეს ფოთის პორტში შემოვიდეს 1500 კონტეინერის (თითო კონტეინერი 21 ფუტი ტევადობისაა) ტევადობის გემია, რაც ყველაზე მცირე მოცულობაა დღეს არსებულ გემებს შორის. თანამედროვე სტანდარტებით გემების მაქსიმალური მოცულობა 21 000 კონტეინერია. შავ ზღავში ამ მოცულობის გემები არ დაცურავენ, მაგრამ აქ არსებული გემების ნახევარზე მეტი 10 000 კონტეინერის ტევადობისაა. საქართველოში კი 7-8 ჯერ ნაკლები ტევადობის გემების მომსახურებაა შესაძლებელი.
"ფოთის პორტი წელიწადში საშუალოდ 3 თვე დახურულია ცუდი ამინდების გამო. მაგალითად, გასული წლის დეკემბერში საახალწლოდ პორტი 2-3 კვირა დახურული იყო, რადგან შტორმის შედეგად პორტი დაისილა და გემები ვეღარ შემოდიოდნენ. ჩვენი პორტების ინფრასტრუქტურა არ არის მორგებული საკონტეინერო ბიზნესზე, რადგან ისინი აშენდა იმ დროს როდესაც კონტეინერები არ გამოიყენებოდა, როგორც გადაზიდვის სტანდარტიზებული მექნიზმი. ჩვენი პორტები არის მოძველებული და ისეთ ქვეყანას, რომლსაც პრეტენზია აქვს იყოს ლოჯისტიკური ჰაბი, არსებული პორტები ვერ გაუძლებს კონკურენციას. თუმცა მიუხედავად დაბალი მომსახურებისა და მაღალი ფასებისა, მაინც ჩვენი გამტარუნარიანობის თითქმის მაქსიმუმზე ვართ. ანაკლია არ არის პროექტი, რომელიც "კარგი იქნებოდა რომ გამოსულიყო", ანაკლია არის პროქეტი, რომელიც სასიცოცხლოდ სჭირდება ქვეყანას, რომ გამოვიდეს", - განაცხადა eugeorgia.info-სთან საუბარში ანაკლია სითის ფინანსურმა დირექტომა გიორგი ჩუგოშვილმა.
გთქვაზობთ მასთან გასაუბრების მოკლე ჩანაწერს:
- საქართველოში ტვირთი გემით, რომ შემოვიდეს დიდი მოცულობის გემი ჯერ სტამბულში შედის, სადაც ტვირთი პატარა გემებზე გადანაწილდება და შემდეგ ეს პატარა გემები მოდიან ფოთის და ბათუმის პორტებში. ეს პროცედურა, რა თქმა უნდა, დროში იწელება და გადაზიდვის ღირებულებაც იზრდება, რაც ბიზნესს ხელს უშლის. ანაკლიის პორტის სიღრმე იქნება 16 მეტრი, რაც თითქმის 2-ჯერ მეტია ფოთის პორტზე და ჩვენ შეგვეძლება მოვემსახუროთ ნებისმიერ გემს, რომელიც შავ ზღვაში იმოძრავებს. ეს ქართულ სატრანსპორტო კომპანიებს მისცემს საშუალებას, რომ 30%-ით იაფად გადაზიდონ ერთი კონტეინერი (ერთ კონტეინერზე დანაზოგი 160 USD შეადგენს), რაც ნიშნავს რომ საქართველოს კორიდორით საზღვაო გადაზიდვები უფრო იაფი გახდება. ასევე მნიშვნელოვნად შემცირდება გადაზიდვის დრო.
- რა მოცულობის ტვირთის მიღება იქნება შესაძლებელი პორტში?
- 2016 წლის თებერვალში ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა ტენდერი მოიგო. საინვესტიოციო ხელშეკრულებებთან დაკავშირებით კონსორციუმი მოლაპარაკებებს აწარმოებდა მთავრობასთან 2016 წლის ოქტომბრამდე, 3 ოქტომბერს კი ხელი მოეწერა საინვესტიციო ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც კომპანიას აქვს ვალდებულება, რომ განავითაროს 100 მილიონი ტონიანი გამტარუნარიანობის პორტი. მეორეს მხრივ, მთავრობას მიწის გადმოცემის, ასევე გზის და რკინიგზის პორტამდე მიყვანის ვალდებულება აქვს. პორტის განვითარება დაგეგმილია 9 ფაზის განმავლობაში და ხელშეკრულება 52 წლიან პერიოდს მოიცავს. დღეს 100 მილიონი ტონა ტვირთი ქართული რეალობისთვის ძალიან მაღალი მაჩვენებელია, ამიტომ მშენებლობა ეტაპობრივად განვითარდება და პორტი ნელ-ნელა დაიტვირთება მოთხოვნის შესაბამისად. პირველი ფაზის დასრულების შემდეგ, 2020 წლისათვის პორტს შეეძლება წელიწადში 8 მილიონი ტონა მოცულობის ტვირთი გაატაროს, რაც დაახლობით 900 ათასი კონტეინერის მიღებას გულისხმობს წელიწადში. მეორე ფაზის განმავლობაში დაემატება 6 მილიონი ტონა და ა.შ. საბოლოოდ 100 მილიონ ტონას მიაღწევს.
- რომელი რეგიონებიდან და რა სახის ტვირთები შემოვა ანაკლიის პორტში?
- ისტორულად საქართველო კავკასიის რეგიონის, ცენტრალური აზიის და ჩრდილო დასავლეთ ირანის კარიბჭეა. რეგიონში მათთვის საქართველო ყველაზე ახლოს მდებარე ქვეყანაა, რომელსაც პორტი აქვს. შესაბამისად ჩვენ ვემსახურებით ამ რეგიონს. ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ზრდა გვქონდა ტვირთების შემოდინების მიმართულებით. რომ არა რეგიონალური კრიზისი, რომელიც დაახლოებით 2015 წელს დაიწყო (რაც გამოწვეული იყო ნავთობის ფასის ვარდნით, რუსეთის სანქციებით, უკრაინა-რუსეთის ომით და ა.შ), საქართველოს ორივე პორტი სრულად დაიტვირთებოდა უკვე მომავალი წლისთვის.
- რომელ საერთაშორისო რეგიონულ პორტებს გაუწევს კონკურენციას ანაკლიის პორტი და რა იქნება მისი კონურენტული უპირატესობა?
- პორტის კონკურენტუნარიანობა მხოლოდ პორტზე არ არის დამოკიდებული, მნიშვნელოვანია მთლიანად კორიდორი იყოს გამართული, ეფექტური, იაფი და გადაზიდვებს მცირე დრო დასჭირდეს. საქართველოს მთავრობის სტრატეგიაა საქართველო გახდეს ლოჯისტიკური ცენტრი, რაც მხოლოდ ერთ ქვეყანაზე არ არის დამოკიდებული და სხვა ქვეყნების მთავრობებთან კოორდინაციაა საჭირო. რკინიგზის პრობლემები, რაც ახლა არსებობს და სხვა ინფრასტრუქტურული გაუმართაობები აუცლიბლად აღმოსაფხვრელია. ამ მიზანს ემსახურება სხვადასხვა პროექტები (მაგალითად, TRACECA), რომ ეს კორიდორი გაიმართოს. ჩვენ რეალურად გვყავს ორი კონკურენტი. ერთია ჩრდილოეთის კორიდორი რომელიც გადის რუსეთში, მეორე არის სამხრეთით, რომელიც გადის თურქეთის მიმართულებით. შესაბამისად, ანაკლიის პორტი კონკურენციას გაუწევს ბალტიისპირეთის პორტებს, ნოვოროსიისკის პორტს და ნაწილობრივ სტამბულის პორტსაც. ჩვენი კორიდორი არის ყველაზე მოკლე და თუ ის ინფრასტრუქტურულად იქნება გამართული, წესით ყველაზე იაფი უნდა იყოს და ყველაზე სწრაფად უნდა ჩადიოდეს ტვირთი დანიშნულების ადგილამდე. თუმცა არსებობს ხელისშემშლელი ფაქტორები. მაგალითად, კასპიის ზღვაზე ბორანების გამტარუნარიანობა შეზღუდულია. არის რიგი პრობლემები, რომლებზეც მთავრობათაშორის მუშაობა მიმდინარეობს და ყოველი გადაჭრილი პრობლემა გააძლიერებს ანაკლიის პროექტს. ტვირთების გადაზიდვის მიმდინარე ზრდის ტემპიც რომ შენარჩუდეს, პროექტი მაინც მომგებიანია. ე.ი. იმისათვის რომ ეს პროექტი შესრულდეს და პორტმა იმუშაოს არ სჭირდება რაიმე რადიკალური ცვლილებები. პროექტი მომგებიანია მიმდინარე პირობების შენარჩუნების შემთხვევაშიც. ტვირთის მოზიდვასთან დაკავშირებულ საკითხებში შედარებით მშვიდად ვართ. ცენტრალურ აზიაში ვმუშაობთ ნაყარი ტვირთების მოზიდვაზე. იყო ბევრი ტვირთი, რომელიც ადრე საქართველოზე გადიოდა, მაგრამ გადამისამართდა სხვა მიმართულებებზე ინფრაასტრუქტურული გაუმართაობის და სიძვირის გამო. შესაბამისად თუ ჩვენ გავმართავთ ინფრასტრუქტურას და ფასი იქნება კონკურენტუნარიანი, შეიძლება ამ ტვირთების უკან დაბრუნება. სხვა ქვეყნებმა საპორტო და რკინიგზის ინფრასტრუქტურაში ჩადეს ინვესტიცია, განვითარდნენ და შესაბამისად გახდნენ კონკურენტუნარიანები.
- რამდენი ადამიანი დასაქმდება პორტის მშენებლობაზე და პორტის ფუნქციონირების დროს?
- პორტის მშენებლობა მომავალი წლის პირველ კვარტალში დაიწყება. აქამდე ჩატარდა მნიშვნელოვანი და მოცულობითი კვლევები, გარემოსდაცვითი, ზღვის, ნიადაგის, ქარის და ა.შ. ასევე დასრულდა პორტის დიზაინზე მუშაობა. პორტის დროის 95% უნდა ოპერირებდეს - თუ ძლიერი ქარიშხალი ან საგანგებო სიტუაცია არ იქნება. ამ ეტაპზე ასევე მიმდინარეობს დაფინანსების სრულად მოზიდვა, რაც წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს და შემდეგ დაიწყება მშენებლობა. მშენებლობის პროცესში დასაქმდება 3400 ადამიანი, ხოლო როდესაც პორტი სრული დატვირთვით იმუშავებს, აქ 6400 ადამიანი დასაქმედება.
- საქართველოში კვალიფიციური მუშახელის პრობლემაა, როგორ აპირებთ მოიზიდოთ ისინი?
- ჩვენ ვალდებულება გვაქვს, რომ გავაკეთოთ ტრენინგცენტრი, სადაც მუშახელის გადამზადება მოხდება. შედარებით მარტივი სამუშაოს შემთხვევაში ადგილზე გადავამზადებთ. ხოლო მეორე ნაწილს ჩვენი პარტინიორი ამერიკული ოპერატორი კომპანია SSA MARINE უზრუნველყოფს. მათ აქვთ მაღალი ექსპერტიზა. საწყის ეტაპზე მათი თანამშრომლები იმუშავებენ ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთად. მას შემდეგ რაც დავინახავთ, რომ ადგილობრივი მუშახელი შეითვისებს ყველა საჭირო უნარს და გამოცდილებას, ისინი უკვე დამოუკიდებლად იმუშავებენ. თუმცა ამას დიდი დრო დასჭირდება. ძალიან დიდი მუშაობა მოგვიწევს იმისთვის, რომ ადგილობრივი კვალიფიციური გუნდი ჩამოვაყალიბოთ, რადგან პორტის სამართავად რამდენიმე ათასი ადამიანია საჭირო.
- ვინ ახორციელებს ინვესტიციებს პორტის მშენებლობაში?
- ინვესტიცია ქართული და ამერიკულია. რაც შეეხება სესხებს მოლაპარაკებები მიმდინარეობს ევროპულ, აზიურ და ამერიკულ საინვესტიოციო ბანკებთან. როდესაც გაირკვევა, ვინ ჩადებს სესხის სახით ინვესტიციას პროექტში საზოგადოებას აუცილებლად გავაცნობთ. პორტის ჯამური ღირებულება არის 2,5 მილიარდი USD. პირველი ფაზის ღირებულება არის 560 მილიონი USD.
- ანაკლის პორტი ხომ არ გამოიწვევს ფოთის პორტის დასუსტებას?
- ნაწილობრივ შესაძლოა ასეც იყოს, მაგრამ ფოთი და ბათუმი საკმაოდ დიდ კონკურენციას გაუწევს ანაკლიას პატარა გემების ბაზარზე. რეგიონალური ტვირთები, რომლებიც აჭარისთვის და ბათუმისთვისაა განკუთვნილი, ადგილზე დარჩება. ქვეყანაში მიმდინარე ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის გათვალისწინებით, ტვირთების ბრუნვის ზრდაა მოსალოდნელი. ფოთსა და ბათუმზე ანაკლიასთან შედარებით შეიძლება წილობრივად ნაკლები ტვირთები მოვიდეს, მაგრამ აბსოლუტურ მაჩვენებლებში მათი ტვირთბრუნვის შემცირებას არ ველოდებით. ფოთის პორტის ტვირთბრუნვა წელიწადში დაახლოებით 280 000 კონტეინერია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ შემცირდება და 70%-იანი დატვირთულობის მონაცემზე დარჩება. იმის საფრთხე, რომ ფოთის პორტი გაჩერდეს და იქ დასაქმებულმა ხალხმა სამუშაო დაკარგოს არ არსებობს.
- იმისთვის რომ პორტი სრულფასოვნად ფუნქციონირებდეს სასაწყობე მეურნეობაში რა ინვესტიციის ჩადება იგეგმება?
- პორტის უკან იგეგმება მიმდებარე ტერიტორიის განვითარების პროექტი Anaklia City, სადაც პირველ რიგში უნდა გაშენდეს ლოჯისტიკური ცენტრები. მიმდინაროებს მოლაპარაკებები წამყვან ლოჯიტიკურ კომპანიებთან, გვქონდა შეხვედრები ჩინეთში და კორეაშიც. მსგავს ვიზიტებზე საერთაშორისო ლოჯისტიკურ კომპანიებს ვაცნობთ იმ პოტენციალს და შესაძლებლობებს რაც ანაკლიის პორტის უკან მიმდებარე ტერიტორიებზე არსებობს. იქ არის ლოჯისტიკური და ინდუსტრიული პარკის გაშენების შესაძლებლობა. საუბარია მსუბუქი მრეწველობის განვითარებაზე, რადგან საქართველო თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებით სარგებლობს არაერთ მხარესთან: თურქეთთან, ევროკავშირთან, ჩინეთთან და ა.შ. საქართველო სტრატეგიული მდებარეობით ხდება საწარმოების გადმოტანისათვის ხელსაყრელი ადგილი. თუ საზღვაო და სახმელეთო ინფრასტრუქტურა განვითარდება, შესაძლებელია აქედან მომარაგდეს როგორც კავკასია, ისე ცენტრალური აზია, რუსეთი, თურქეთი და შეიძლება აღმოსავლეთ ევროპაც. Anaklia City-ს პროექტი დაახლოებით 6 თვეა, რაც დაიწყო და ლოჯისტიკური და ინდუსტრიული პარკების მშენებლობის კონკრეტული პროექტები ჯერ არ არსებობს. ახლა მიმდინარეობს დაგეგმარების პროცესი, უნდა დავიქირაოთ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია, რომელიც დაგვეხმარება ურბანულ დაგეგმარებაში და მისი სტრატეგიის შემუშავებაში. ჩვენი მიზანია რომ 2020 წლის ბოლოსთვის, როდესაც პორტის პირველი ფაზა დასრულდება ლოჯისტიკური ცენტრიც მზად იყოს.