წლის ბოლოსთვის ევროკავშირში ექსპორტიორი ფირმები ესტონური მოდელის სარგებელს აფასებენ
მოგების გადასახადის ესტონური მოდელის ამოქმედებიდან ერთი წელი სრულდება. რეფორმის შედეგი ფირმებს სრულად ჯერ არ შეუფასებიათ, GALT&TAGGART-ის წინასწარი შეფასებით ბიზნესი ჯამში 650 მილიონი ლარს შეინარჩუნებს, რომელიც ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს.
სახელმწიფო ბიუჯეტში მოგების გადასახადის რეფორმის შედეგად მოგების გადასახადიდან მიღებული შემოსავლები შემცირებულია. 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით შემოსავლები მოგების გადასახადიდან 2017 წელს წინა წელთან შედარებით შემცირებულია 315 მილიონი ლარით, ხოლო 2018 წელს 110 მილიონი ლარით. მოგების გადასახადის შესაბამისი შემცირება კი კომპენსირდება ერთის მხრივ აქციზის გადასახადის ზრდით და მეორეს მხრივ ეკონომიკური სუბიექტების გაზრდილი აქტივობის შედეგად მეტი საშემოსავლოს და დღგ-ს გენერირებით.
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
საინტერესოა ვიცოდეთ რა შედეგები გამოიღო ანალოგიურმა რეფორმამ ესტონეთში, რომელიც 2000 წელს განხორციელდა და წლების განმავლობაში გაგრძელდა. ესტონური საგადასახადო რეფორმა ჯაან მასომ, ჯაანიკა მერკულიმ და პრიიტ ვაჰტერიმ 2013 წელს გამოქვეყნებული კვლევაში (მთლიანი მოგების გადასახადიდან განაწილებული მოგების გადასახადზე გადასვლა: არის თუ არა ეფექტები ფირმებზე?) შეაფასეს. კვლევის ავტორებმა 1996-2008 წლების ფირმების დონეზე პანელური მონაცემები გამოიყენეს, რათა მოგების გადასახადის რეფორმის ეფექტები შეესწავლათ. მათ ასევე შეაფასეს გავლენა რეფორმის ინვესტიციებზე, ლიკვიდურობასა და წარმოების პროდუქტიულობაზე. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მოგების გადასახადის რეფორმის შემდგომ აქტივების ლიკვიდურობა გაიზარდა განსაკუთრებით მცირე ზომის ფირმებისთვის, ინვესტიციებიდან უკუგება გაიზარდა 17%-ით, მთლიანი ფაქტორული პროდუქტიულობა(TFP) გაიზარდა 8%-ით და რეზერვებისა და გაუნაწილებელი მოგების წილი მთლიან კაპიტალში გაიზარდა 8.1%-ით.
საქართველოში სანამ მსგავსი მონაცემები გახდება ცნობილი, eugeorgia.info დაინტერესდა სხვადასხვა კომპანიების მიერ განხორციელებული ცვლილების შედეგად მიღებული რეალური სარგებლით. ჩვენ ვეცადეთ გამოგვერკვია ესტონური მოდელი რამდენად ეხმარება ექსპორტიორ ფირმებს საწარმოო პროცესის დახვეწასა და კონკურენტუნარიანობის ზრდაში.
ცხოველის ავეჯის ევროკავშირში ექსპორტიორი კომპანიის "ჯეორჯიან პროდაქტს" აღმასრულებელი დირექტორის ვახტანგ ბარდაველიძის შეფასებით: "ამ ცვლილების შედეგად გამოთავისუფლებული სახსრები გამოვიყენეთ კომპანიის განვითარებისთვის, შემდეგი წლისთვის რამდენიმე პროექტი გვაქვს დაგეგმილი, რის განხორციელებაშიც მნიშვნელოვნად გვიწყობს ხელს თავისუფალი კაპიტალი, რომელიც კომპანიას რჩება ესტონური რეფორმის შედეგად. მიმდინარე წარმოების მოცულობა ვერ აკმაყოფილებს გაზრდილ მოთხოვნას ევროპის ბაზარზე, ამიტომ ვფიქრობდით კრედიტი აგვეღო ან "აწარმოე საქართველოში" პროგრამით გვესარგებლა, რაც დაფინანსების კარგი საშუალებაა, თუმცა საკუთარი კაპიტალი უფრო იაფია. ეს გვაძლევს საშუალებას წარმოებაც გავაფართოოთ და დამატებითი სამუშაო ადგილებიც შევქმნათ. წელი ჯერ არ შეგვიჯამებია ფინანსურად, რომ ზუსტი თანხა განვსაზღვროთ თუმცა ველოდებით, რომ გამოთავისუფლებული სახსრები წარმოების გასაფართოებლად საჭირო ხარჯების დასაფარავად საკმარისი იქნება."
თხილის გადამამუშავებელი საწარმოს "ნათექსის" დამფუძნებელი მამუკა ბერიაშვილი ხაზს უსვამს, რომ რეინვესტირების და ბიზნესის განვითარების გარდა, ინიციატივა კომპანიაში ფულადი ნაკადების მიმოქცევას ამარტივებს: "ნებისმიერი მეწარმისთვის ეს ცვლილება სტიმულია, რომ სახსრები კომპანიის განვითარებისთვის გამოიყენოს. კომპანია ყოველწლიურად ვითარდება და მოგების გადასახადის გადახდის შემდეგ დარჩენილი მოგება მთლიანად კომპანიის განვითარებისთვის გამოიყენებოდა, მაგრამ წელს მოგების გადასახადს ფაქტიურად აღარ გადავიხდით და მთლიან მოგებას კვლავ ახალ დანადგარების შესაძენად გამოვიყენებთ. მანქანა-დანადგარების სრული სპექტრი ჯერ არ გვაქვს ათვისებული, გვჭირდება ლაბორატორიული მოწყობილობები, რომლებსაც შევიძენთ მას შემდეგ, რაც სრულად დავითვლით წლიურ მოგებას - წელს მინიმუმ 15%-ით მეტი თავისუფალი ფული დარჩება კომპანიაში. ეს ხელს შეუწყობს კომპანიის უფრო სწრაფად ზრდას. მოგების წინსწრებით დაბეგვრა აღარ ხდება, (წინსწრებით ვიხდიდით საავანსო თანხებს) რაც ფულადი ნაკადების მიმოქცევას ართულებდა, დღეს კი კომპანია ფულად ნაკადებს თავისუფლად განკარგავს და არსებულ რესურსს მაქსიმალურად ითვისებს." ეს თავისთავად ხელს შეუწყობს საწარმო პროცესის დახვეწას და კონკურენტუნარიანი თხილის მიღებას. მიუხედავად იმისა, რომ წელს თხილის სექტორში რიგი პირობების გამო პრობლემები წარმოიშვა, "ნათექსის" დირექტორის თქმით, კომპანიამ ახალი ტექნოლოგიების საშუალებით თავი გაართვა სირთულეებს და წარმოებაში წყვეტა არ ჰქონიათ.
მოგების გადასახადის სახით "კულა"-ს მთავარი ბუღალტერის ლუდმილა დავრილენკოს გათვლებით კომპანიაში წელს დაახლოებით 50 ათასი ლარი დარჩება: "ყოველ წელს ძირითადი დანადგარების განახლება ისედაც ხდებოდა, პროდუქციის ასორტიმენტს ყოველწლიურად ვანახლებთ, რასაც ახალი დანადგარები სჭირდება, რომელიც აქამდე წმინდა მოგებიდან ფინანსდებოდა. ახლა კი გვაქვს საშუალება დამატებითი სახსრებიც გამოვიყენოთ. აქამდე ფაქტობრივად ორმაგი დაბეგვრა ხდებოდა, ავანსები გვერიცხებოდა და წლიურად თითქმის 100 000 ლარს ვიხდიდით მოგების გადასახადის სახით. წელს გამოთავისუფლებული სახსრებით ხახვის და ნივრის საფრცქვნელი, სტაფილოს დასაჭრელი და სხვა დანადგარები იტალიიდან და გერმანიიდან უკვე გამოვიწერეთ, რომლებიც ერთი შეხედვით წვრილ ინვესტიციას ჰგავს, თუმცა ძვირადღირებული დანადგარებია, რომლებიც საწარმოო ეფექტიანობას ზრდის საჭირო დროს შემცირების საშუალებით."
სამკერვალო ფაბრიკა "ევროტექსი"-ის (რომელსაც წარმოებული პროდუქცია სრულად გააქვს ევროკავშირში) ბუღალტერის ანა ანდრონიკაშვილის თქმით კომპანია ახლად დაარსებულია და წარმოება მთლიანად ექსპორტზეა ორიენტირებული. მიმდინარე წლის ფინანსური მაჩვენებლები ჯერ არ აქვთ დაჯამებული, თუმცა მოლოდინები პოზიტიურია და ფაბრიკა სამომავლოდ გამოთავისუფლებული სახსრებით ეტაპობრივად რეგიონებში ახალი ფაბრიკების გახსნას გეგმავს.
ესტონური მოდელის რეალური შედეგებს და სხვადასხვა კომპანიბის განვითარებას კვლავ დავაკვირდებით და შედეგებს ეტაპობრივად შემოგთავაზებთ.
ავტორი: მარიამ ლუკაშვილი