ქართველ მეწარმეებს თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობა მსოფლიოს მოსახლეობის ნახევართან ექნება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, გარდა ევროკავშირთან DCFTA-ის ამოქმედებისა, ბოლო 3 წლის განმავლობაში თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები გაფორმდა:
- ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA- 2017 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა ნორვეგიასა და ისლანდიასთან, ხოლო 2018 წლიდან - შვეიცარიასა და ლიხტენშტეინთან)
- ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან (ამოქმედდა 2018 წლის 1 იანვრიდან)
ამას გარდა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე დასრულდა მოლაპარაკებები ჰონგ - კონგთან და დაწყებულია წინასწარი სამუშაოები ინდოეთის რესპუბლიკასთან თავისუფალი ვაჭრობის გასაფორმებლად. ამგვარად, ბაზრების დივერსიფიკაციის პოლიტიკის ეფექტურად განხორციელებით ქართველ მეწარმეებს მიეცემათ თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობა მსოფლიოს მოსახლეობის ნახევართან.
Eugeorgia.info დაინტერესდა თუ როგორ მუშაობს ვაჭრობის განვითარების ოთხი ახალი სამსახური, რომლებიც სამინისტროში გასულ წელს შეიქმნა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ვაჭრობის განვითარების სამსახურების ჩამოყალიბებისთანავე, განისაზღვრა ის პრიორიტეტული ქვეყნები, რომლებიც განიხილებიან საქართველოსთვის სამიზნე საექსპორტო ბაზრებად:
- ევროკავშირისა და ევროპის სხვა ქვეყნებთან ვაჭრობის განვითარების სამსახური - რომელიც ევროკავშირის 13 ქვეყანასა და თურქეთზეა ორიენტირებული;
- აზია-აფრიკის რეგიონსა და სხვა ქვეყნებთან ვაჭრობის განვითარების სამსახური - რომლის სამიზნე არეალია: ყურის არაბული სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭოს წევრი ქვეყნები (GCC-Gulf Cooperation Council – 6 ქვეყანა), ასევე, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, იაპონია, ინდოეთი, ირანი;
- ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ამერიკის კონტინენტის სხვა ქვეყნებთან ვაჭრობის განვითარების სამსახური - ორიენტირებულია ძირითადად, აშშ-სა და კანადაზე;
- მეზობელ და რეგიონის სხვა ქვეყნებთან ვაჭრობის განვითარების სამსახური, რომელიც ძირითადად დსთ-ს ქვეყნებზე მუშაობს.
ჩვენ დავინტერესდით თუ რა ტიპის კვლევები განახორციელა ვაჭრობის განვითარების ზემოთჩამოთვლილმა სამსახურებმა იმისთვის, რომ სხვადასხვა რეგიონები ბაზრების საექსპორტო პოტენციალი შეეფასებინა. სამინისტრომ წერილობით მოგვაწოდა მათ მიერ ჩატარებული აქტივობების ჩამონათვალი:
- საიმპორტო ბაზრის ადგილობრივი მოთხოვნის შესწავლა;
- სამიზნე ბაზრებზე არსებული და პოტენციური საექსპორტო პროდუქციის ძირითადი იმპორტიორი ქვეყნების გამოვლენა;
- ქართული პროდუქციის კონკურენტული უპირატესობის დადგენა (სხვადსხვა მეთოდების გამოყენებით, მათ შორის სამიზნე ბაზრის იმპორტიორ ქვეყანასთან მოქმედი სავაჭრო რეჟიმის, ამ ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით);
- საჭიროების შემთხვევაში ხდება სამიზნე ქვეყნის არა-სატარიფო რეგულაციების შესახებ ანალიტიკური მასალის მომზადება.
ამასთანავე, წერილში აღნიშნულია რომ სამსახურები ყოველთვიურად აანალიზებენ თუ რა ტენდენციებია საექსპორტო პროდუქტების ზრდის/კლების მიმართულებით. ეს ინფორმაცია შემდგომში გამოიყენება სსიპ აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს მიერ პრობლემებისა და საჭიროებების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის მიზნით.
ამ სამსახურების საქმიანობის გარდა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზრები რეგიონულ ჭრილში შეფასდა EBRD-ის მიერ ორგანიზებულ ტრენინგზე “ექსპორტის სტრატეგიის განვითარება”. დიდი ბრიტანეთიდან მოწვეულმა ტრენერმა ჯონ რიდმა (პროექტების დირექტორი, ექსპორტის ინსტიტუტი) განიხილა პოტენციური ბაზრები და წარმოადგინა მათი უპირატესობები და ნაკლოვანებები. ტრენინგის მონაწილე საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენლებმა სხვადასხვა რეგიონის ექსპორტის განვითარების სტრატეგიაზე იმუშავეს. ცხრილ #1-ში წარმოდგენილია რეგიონების მიხედვით საექსპორტო ბაზრების უპირატესობები და ნაკლოვანებები:
ჯონ რიდის რჩევით, კომპანიებმა რომელთაც სურთ ექსპორტზე თავიანთი პროდუქციის გატანა, პირველ რიგში უნდა შეაფასონ ბაზრის სამართლებრივი, ლოგისტიკური, მარეგულირებელი და მარკეტინგული მოთხოვნები. რიდი ქართულ, ექსპორტზე ორიენტირებულ კომპანიებს შემდეგ რეკომენდაციას თავაზობს:
“თუ პროდუქტი, რომლის ექსპორტირებასაც კომპანია გეგმავს, არ არის უნიკალური ან რაიმე ძალიან განსხვავებული, მას მოუწევს ბრძოლა, რომ გავლენა იქონიოს ბაზარზე. ექსპორტირების პირველი წესი ასეთია: კომპანიები დარწმუნებულები უნდა იყვნენ თავიანთი პროდუქტის მახასიათებლებსა და ხარისხში მიზნობრივ ბაზრებზე არსებულ კონკურენტ კომპანიებთან შედარებით. საერთაშორისო ბაზრებზე გასასვლელად კომპანიებმა უნდა განახორციელონ შემდეგი აქტივობები ანალიზი, კვლევა, დაგეგმვა და იმპლემენტაცია. მნიშვნელოვანია, რომ ექსპორტიორ კომპანიებს ჰქონდეთ გრძელვადიანი (მინიმუმ 5 წელზე გაწერილი) გეგმა”
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვაჭრობის განვითარების სამსახურის ინფორმაციით ზემოთხსენებულ რეგიონებთან ვაჭრობის განვითარების მიმართულებით საქართველოს მთავრობა ცდილობს ქვეყანაში მიმზიდველი ბიზნეს და საინვესტიციო გარემო შექმნას და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებით მოახდინოს სავაჭრო ნაკადების დივერსიფიცირება.
“სამინისტრო ითვალისწინებს რა ექსპორტის ერთ ქვეყანაზე და/ან რეგიონზე დამოკიდებულებიდან გამომდინარე რისკებს, კერძო სექტორის მხარდაჭერის, ქართული საექსპორტო პროდუქციის სტიმულირების, კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, სამინისტროში სისტემატურად მიმდინარეობს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების საგარეო ვაჭრობის რეჟიმების ანალიზი, შემდგომში საექსპორტო ბაზრებზე არსებული ტექნიკური ბარიერების შემცირების, არსებული პრეფერენციული რეჟიმების განვითარებისა და ახალი შეღავათიანი რეჟიმების დასამყარებლად.”- აღნიშნულია eugeorgia.info-სთვის გამოგზავნილ წერილში.