ქართული ტექსტილის კომპანია შვეიცარიელ პოლიციელებს უნიფორმებს, ჟავშანჟილეტებსა და სპეც-ჩანთებს უკერავს
ტექსტილის კომპანია ”ელსელემა” ამჟამად შვეიცარიულ შეკვეთაზე მუშაობს, რომელიც პოლიციის თანამშრომლებისთვის სპეც-ტანსაცმლისა და აქსესუარების- ჯავშანჟილელეტების, ჩანთებისა და საჭირო მოწყობილობებით აღჭურვილი ქამრების დამზადებას ითვალისწინებს. სამკერვალო კომპანიისთვის ეს შვეიცარიელებისგან მიღებული მესამე შეკვეთაა. შვეიცარიელი პარტნიორი “ელსელემას” მიერ მიწოდებული პროდუქციით კმაყოფილი დარჩა, შესაბამისად, ქართულმა კომპანიამ ცოტა ხნის წინ ახალი დაკვეთა მიიღო.
ევროპიდან მიღებულმა დაკვეთებმა ტექსტილის კომპანიას წარმოების გაფართოების საშუალება მისცა. ერთ თვეში კომპანია ახალ სამკერვალო ფაბრიკას ლანჩხუთში გახსნის. როგორც „ელსელემას” დამფუძნებელმა ელგუჯა მამასახლისმა EUGeorgia.info-ს განუცხადა, ამჟამად ფაბრიკაში გახსნილ სასწავლო უბანზე დასაქმების მსურველების გადამზადება მიმდინარეობს. ელგუჯა მამასახლისის თქმით, ახალ ფაბრიკაში 35-მდე ადგილობრივ მაცხოვრებელს დაასაქმებენ.
„შეკვეთა იმდენი გვაქვს, როგორ გავწვდეთ არ ვიცით. ახალი ფაბრიკის აშენებაც ამიტომ გადავწყვიტეთ. დედაქალაქში კადრების დეფიციტია, რეგიონში კი ახალი კადრების მოძიების მეტი პოტენციალია, ამიტომ ფაბრიკის ლანჩხუთში გახსნა ვამჯობინეთ. საქმე ბევრი გვაქვს, შვეიცარიის, თურქეთის დაკვეთებზე ვმუშაობთ. ასევე, გვაქვს მოლაპარაკებები გერმანულ და იტალიურ ფირმებთან. ამჟამად ხელშეკრულებებზე ვმუშაობთ და გადაწყვეტილებას 2-3 კვირაში მივიღებთ. ევროპელ პარტნიორებთან მოლაპარაკებების ძირითადი საგანი პარტიის მოცულობაა. 10 ათას ცალზე ნაკლებ შეკვეთას არ ვთანხმდებით. მათ ჩვენ ფასს ვთავაზობთ, თუ აწყობთ - კონტრაქტს გავაფორმებთ. ერთი არ იქნება, იქნება -მეორე. დამკვეთის პრობლემა არ გვაქვს”, - ამბობს „ელსელემას” დამფუძნებელი ელგუჯა მამასახლისი.
„ელსელემამ” შეღავათიანი სახელმწიფო პროგრამით თბილისში არსებული ფაბრიკა გადააიარაღა, რომელსაც ასევე ერთ თვეში გახსნის. ფაბრიკას სამი ახალი ხაზიც დაემატება და სულ კომპანიაში 400-მდე თანამშრომელი იქნება დასაქმებული.
„ელსელემამ“ თავისი პირველი ფაბრიკა თბილისში დაახლოებით 27 წლის წინ გახსნა. ტანსაცმელს ევროპული ბრენდებისთვის, მათ შორის, პრემიუმ სეგმენტის იტალიური „მონკლერისთვის“ კერავდა.